არ ვიცი წაიკითხეთ თუ არა ან თუ გაქვთ სურვილი წაკითხვის, მაგრამ სიტყვა სიტყვაა და გავაგრძელებ

თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ ან გაუგებარია რაიმე, გთხოვთ მკითხოთ, დიდი მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის
31-What to do, if life continuous night. also there is no time to understand it plainly...(თავი 31, IV ნაწილი)
გვიანი ნაშუადღევს ჟულიენს ვთხოვე ქალაქში გაგვეყვანა პატარები, მანამდე თავად პატარებთან მოვამზადე საამისო ნიადაგი, რომ სასწრაფო სურვილი გამოეთქვათ „პაპას“* დიდი ავტოთი გამგზავრებულიყვნენ (* ფრანგულად - მამა). მიუხედავად ჟულეინის უკმაყოფილებისა, ჩვენი სამივეს საწყალმა გამოხედვამ მაინც მოტეხა მძღოლი და მეორე ავტომობილით გავემგზავრეთ პარიზში: როგორც სესილი უწოდებდა - „მცირე ტურის ჩასატარებლად“.
მოსაღამოვებულზე დავბრუნდით უკან. გადმოვსვი პატარები მანქანიდან და ჩემი პატარა ხელჩანთა შეუმჩნევლად დავტოვე მანქანის უკანა სალონში.
იმავე საღამოს, როდესაც ბავშვებმა დაიძინეს, მე და ჟულეინმა საღამო ჩვეულად ერთად გავატარეთ. ვახშმის შემდეგ, რომელსაც მუდამ სპორტული გადაცემის დაწყებამდე მიირთმევდა, პატარა, მისთვის დასასვენებლად განკუთვნილ ოთახში სასურველი გადაცემის საყურებლად განთავსდა, მე კი დავემშვიდობე და ჩემს ოთახს მივაშურე. 20 წუთის შემდეგ, სწორედ მაშინ, როდესაც ეს გადაცემა ის ისაა დაიწყო, უკანვე მოვბრუნდი მასთან და ძალიან შეწუხებულმა ვაცნობე, რომ სამწუხაროდ ჩემი ხელჩანთა დამრჩა მანქანაში, ქალის ტუალეტისთვის საჭირო ნივთები სწორედ იქ გამაჩნდა და ძალიან მჭირდებოდა. ჟულეინმა მისებური კეთილი ღიმილით გამიღიმა, მოემზადა გარაჟში ჩასასვლელად, მაგრამ დავასწარი და მივუგე:
- ჟულიენ, მე თვითონ ჩავალ, არ მინდა მოცდე მაგ გადაცემას, ვიცი მთელი დღეა ელოდებოდი... არაუშავს, ჩავალ მე...
ოდნავ შეყოყმანდა, კიდევ გამიღიმა, მომცა გასაღები და ამიხსნა ამავე შენობიდან როგორ ჩავაღწევდი გარაჟამდე...
გარაჟი კი არა, რაღაც საცხოვრებელი ოთახის მაგვარი იყო: ირგვლივ ნოხები დაფენილი, სასმელების ბარი კედელთან, პატარა თეკა და სკამები. გაოცების და ბევრი თვალიერების დრო არ მქონდა, სავარაუდოდ არსებული კამერებიც უნდა გამეთვალისწინებინა, ჩემი მანქანის ქვეშ უმიზეზო შეძრომა საბედისწირო რომ არ აღმოჩენილიყო. გამოვიღე რა სალონიდან ჩანთა, იქვე გავხსენი და თითქოს მოუხერხებლობის გამო შიგთავსი გადმოცვივდა - ტუჩსაცხი და რამდენიმე კოსმეტიკური ნივთი. დავიხარე მათ ასაკრეფად, პომადა შეუმჩნევლად შევაგორე მანქანის ქვეშ და მისი უკან გამოტანის პროცესი სწორედ ჩემი დავალება ნომერი 2-ის წარმატებულ აღსრულებად ჩაითვალა...
მადლიერებით დავუბრუნე ჟულეინს გასაღები, მისი თხოვნა, ცოტა ხანი მისთვის კომპანია გამეწია, სიამოვნებით მივიღე, თუმცა ნახევარი საათის შემდეგ დავემშვიდობე, ძილი ნებისა ვუსურვე და ჩემს საძინებელში ავედი... ვიწექი ლოგინზე და საშინელი სინდისის ქეჯნა მიტევდა: ჩემი წარმოდგენებით, ამ ღვთისნიერი, უაღრესად სათნო და კეთილი მამაკაცის ნდობა რომ ასე ბოროტად გამოვიყენე. ბალიში ჩავკუჭე და ისტერიული კივილის ჩასაკლავად შიგ ჩავრგე სახე... ყველაფერი მეწვოდა და მტკიოდა, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი და რაც იძულებული ვიყავი გამეკეთებინა...
***
თავად მუსიე ლედო ამ ერთი კვირის მანძილზე მხოლოდ ორჯერ ვნახე: ერთხელ ჩემი ვილაში მოსვლის დღეს და მეორედ , როდესაც ოთხ დღიანი შვებულებიდან დაბრუნდა, რომელიც შვეიცარიის სანკტ მორიცში გაატარა. ლედო 50 წლისა იყო, საშუალო სიმაღლის, მკაცრი შეხედულების და მეტად სიტყვაძუნწი, თუმცა ძალიან თავაზიანი. მუსიე ლედოს ჩვენთვის სასურველი შეხვედრის დრო ჯერ ზუსტად არ ვიცოდი, ეს უნდა მომხდარიყო უახლოეს მომავალში, დანამდვილებით კი თარიღის შესახებ არაფერს ვუწყოდით.
ჩემი ვარაუდით, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ ვარაუდზე მეტი იყო, ბატონი ლედო ჩემს მიერ ავტომობილების დაქსელვის შემდეგ მესამე დღეს გაემგზავრა ჩვენთვის საინტერესო შეხვედრაზე. ამას იქიდან ვადასტურებდი, რომ ლედო ჟულიენს არ წაუყვანია მანქანით, არამედ სხვა , ჩემთვის აქამდე უცნობი მძღოლი მოვიდა და ლედო სამსახურებრივი დანიშნულების მანქანით წაიყვანა. ლედო იმავე დღეს გვიან საღამოს დაბრუნდა. ფანჯრიდან დავინახე როგორ გადმოვიდა მანქანიდან ხელში აქტების პორტმანით, რომელიც მას წასვლისას თან არ ქონდა. ამით შემეძლო დარწმუნებით მეფიქრა, რომ ჩვენთვის სასურველი დოკუმენტაცია უკვე ლედოების ვილაში იმყოფებოდა.
ვილაში ტელეფონით სარგებლობა და ნებისმიერი კონტაქტი ჩემს მეწყვილეებთან ცხადია სრულიად წარმოუდგენელი იყო, რის გამოც ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება თავად უნდა მიმეღო.
მეორე დღესვე ბატონი ლედო ჟულიენმა მანქანით პარიზში ჩაიყვანა, როგორც საღამოს ჟულიენთან საუბრისას „შემთხვევით“ გავიგე, ერთი კვირით საქმიან მივლინებაში წავიდა, თუმცა სად, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა რომ არ გამომსვლოდა, ვერ დავადგინე.
რამდენადაც ანგელიკა სიკორსკა რამდენიმე დღეში დაუბრუნდებოდა თავის სამუშაო ადგილს, რაც ჩემი „სამსახურის“ ავტომატურ დასრულებას ნიშნავდა, დარჩენილი დრო უნდა გამომეყენებინა ჩემი დავალების ყველაზე რთული საფეხურის შესასრულებლად, რაც მუსიე ლედოს სამუშაო კაბინეტში შეღწევა და სასურველი დოკუმენტაციის ფოტოგრაფირება ან ვიდეო გადაღება იყო.
ერთადერთი, ვისი გულიც ნამდვილად ვერ მოვინადირე, ლედოს ასისტენტი ქალი ვივიენ ბელია იყო. მეტად თავაზიანად მექცეოდა, მაგრამ აშკარად ვამჩნევდი მის ჩემდამი ანტიპათიურ განწყობას, რაც არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას მიქმნიდა. დაკვირვებების შედეგად ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ლედოს კაბინეტის და სეიფის გასაღების ასლი ვივიენსაც გააჩნდა. როგორმე უნდა მომეხერხებინა გასაღების ხელში ჩაგდება. ვივიენის ჩემდამი დისტანცია ამ საქმეს ძლიერ მირთულებდა და უნდა გამომეყენებინა უფრო ძალისმიერი ხერხი.
საღამოს, როდესაც ბავშვებმა დაიძინეს, ჩვეულებრივ ეს საღამოს ცხრის ნახევარზე ხდებოდა, როგორც წესი, ჩავედი სამზარეულოში ჟულიენთან ერთად ჩაის დასალევად. ის უკვე მაგიდასთან იჯდა და მელოდებოდა. თბილად გავუღიმე, ჩაი ჩამოვისხი, ოდნავ მოვსვი, მრავალმნიშვნელოვნად შევხედე და მივმართე:
- ჟულიენ, თუ შენც სურვილი გექნება, იქნებ ამ საღამოს ქალაქში გავსულიყავით მე და შენ, ბავშვების გარეშე გაგვესეირნა, თუნდაც დაგველია რაიმე... რა ვიცი, თუ ამის უფლება გვაქვს, მე სიამოვნებით გავატარებდი შენთან ერთად საღამოს რომელიმე ბარში...
ოდნავ დაიბნა, წამოწითლდა კიდეც, მაგრამ მაინც გამიღიმა და მომიგო:
- ასეთი პრაქტიკა მე ანგელიკასთან არ მქონია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გავიდეთ. ოღონდ მადამ ბელიას უნდა დავეკითხოთ, მისი გადასაწყვეტია... სავარაუდოდ, ამ საღამოს არავის დასჭირდება ავტომობილით მომსახურება.
თქვა და მისწვდა შიგა ხაზის ტელეფონს, მოახსენა ბელიას ჩვენი სურვილის შესახებ. რამდენიმე წუთი დისკუსიის შემდეგ ყურმილი დაკიდა და მითხრა:
- მადამ ბელია არ აღფრთოვანებულა ამით, მაგრამ შევძელი დამერწმუნებინა, რომ გამონაკლისის სახით არაფერი დაშავდებოდა, თუ თანხმობას მოგვცემდა, ასე რომ, გავდივართ...
ხელი ხელის გულში ჩამკრა და მანიშნა გავმზადებულიყავი. ჩავიცვი შესაბამისად და ჩემი ოთახიდან ის იყო გამოვედი, მადამ ბელია კიბის თავზე დამხვდა. სრულიად მტრული შემოხედვით მომმართა:
- ასეთი გასვლები წესით აკრძალულია, არათუ პერსონალს შორის რაიმე პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება. დაიმახსოვრეთ, თქვენ რამდენიმე დღეში ვილას დატოვებთ და ეს ნიშნავს იმასაც, რომ მძღოლთან მას შემდეგ არავითარი კავშირი აღარ გექნებათ, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ თვალი თუ გაქვთ დადგმული ჟულიენზე, როგორც მამაკაცზე, ამ დამოკიდებულებას მომავალი არ ექნება და ჯობს ახლავე უწყოდეთ ამას... ლამაზ საღამოს გისურვებთ!
დიდად არ გამკვირვებია ამ გოროზი ქალის ეს გამოსვლა, მადლობა გადავუხადე თანხმობისათვის და რამდენიმე წუთში ჟულიენის გვერდით მანქანაში ვიჯექი.
ათიოდე წუთში კი ფონტენბლოს ცენტრში კაფე-ბარ „ბიუროში“ ვისხედით. ჟულიენს მძღოლობის გამო ალკოჰოლის დალევა არ შეეძლო, მეც არ მქონია სურვილი და ორივენი ფრანგულ, რძის ქაფიან ყავაზე შევჩერდით, ვსაუბრობდით სხვასხვა თემებზე, ის თავისებურად კეთილ ღიმილს და ყურადღებას არ იცილებდა. ცოტა ხნის შემდეგ მოსაწესრიგებლად ტუალეტში შესვლა მოვიმიზეზე , ტუალეტისკენ მიმავალ პატარა კორიდორში სწორედ ხურდის ტელეფონი იდგა. სასურველი ნომერი ავკრიფე და ჩემთვის საჭირო ნივთები შევუკვეთე ოპერატორს, ასევე ადგილზეც შევთანმხდით სადაც მეორე დღეს ნივთები დატოვებული იქნებოდა. მოვბრუნდი უკან ჩემს მძღოლთან, ხალისიანად გავაგრძელეთ საუბარი და შუაღამე გადაცილებულზე ვილისკენ გავემგზავრეთ.
ჟულიენს ჩემს საძინებელში ასასვლელ კიბეებთან დავემშვიდობე. ისევ ლამაზად გამიღიმა, თუმცა ნაღვლიანად, ხელი გამომიწოდა დამშვიდობების დროს და ოდნავ მისკენ მიმწია, თითქმის ჩურჩულით მითხრა:
- დენი, მე ჯერ კიდევ არ გამაჩნია წარმოდგენა, რაოდენ დავმწუხრდები, შენ რომ აქედან წახვალ.
ოდნავ მომეღრუბლა სახე, მაგრამ მაინც შევინარჩუნე მხიარულება, გავუმეორე ნებიერი ღამის სურვილი, გამოვიხსენი ხელი და კიბეები ავირბინე...
( *** გავარგრძელებ შემდეგში, Эх, бросить все бы мне, да тонуть в глушь...

)