“მოწამეთას” დავით და კონსტანტინეს მამათა მონასტრის ღვთის მსახურის
მამა გიორგის (ბასილაძის)
მოძღვრებანი
საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს!
კითხვა: მამაო, ჩვენ პატარა ერი ვართ, მტერი და არაკეთილმოსურნე ბევრი გვყავს, გავუძლებთ?
პასუხი: ჯერ ერთი – სულაც არა ვართ პატარა ერი. მეორე კიდევ – ძალა სიმრავლესა და ტანკებში როდია! ძალა ჭეშმარიტებაშია! რიცხვით თორმეტნი იყვნენ მოციქულები, მერე–და განა დამარცხდნენ?!..
ჩვენ საზეპურო ერი ვართ. საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ქრისტეს არასოდეს მიუტოვებია საქართველო, მხოლოდ ჩვენ არ მივატოვოთ ქრისტე ღმერთი. ის რუსეთიცა და ის ამერიკაც ქრისტეს ხელშია. ვერც ერთი ვერაფერს დაგვაკლებს, გჯეროდეთ ეს! ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც ღმერთი ძალას გამოავლენს.
საქართველოს ისტორია ხილული და უხილავი ომების ისტორიაა! ხომ ხედავთ, ვერ ჩაკლეს ჩვენში ღმერთის სიყვარული, სწრაფვა თავისუფლებისა და სრულყოფილებისაკენ. დღეს ქართველობა ახალი ძალით დაიძრა ღმერთისკენ. იწყება დიდი გამოღვიძება! საქართველო მსოფლიო დონის სულიერი აღმოჩენების წინა პერიოდშია. გამაოგნებელი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საიდუმლოებები გამჟღავნდება საქართველოში. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველობის ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. ეს არ არის ლეგენდა – ეს სიმართლეა. ღმრთისაგან დაფარული უზარმაზარი ცოდნა, რომელიც საიდუმლოდ გადაეცემოდა წმ. ბერებს თაობიდან თაობაში და რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ, მალე გაგვეხსნება. ამიტომ ცოცხალი წმიდანები უნდა ვეძებოთ. ნურავინ გეტყვით, რომ დღეს არ არიან დიდი ძალის, მადლისა და ცოდნის მატარებელი ადამიანები, მით უმეტეს ჩვენთან, საქართველოში ისინი არიან და არიან საიდუმლოდ; ოღონდ საქმე ისაა, წმიდანის ამოცნობა თავად სიწმიდეს მოითხოვს. საქართველოს წმიდანთა სამჭედლოა! მთელი მსოფლიოს კეთილი სისტემა ელოდება ქართველთა გამოსვლას. ეს იცის ბოროტმა სისტემამაც, ამიტომაც არ გვანებებს თავს, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკურადაც. მაგრამ ფუჭია მათი შრომა, ვერ მოგვერევიან!… ის, რაც ღვთისგან დაიგეგმა და წინასწარმეტყველებით გვეუწყა, ყოველივე აღსრულდება. ოღონდ დიდი შრომაა საჭირო. ეს შრომა ქართველებისაგან უდიდეს ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. არც სხვათა მიბაძვით და არც სხვების იმედად არაფერი გამოვა. ძნელია ქართველობა, მაგრამ აუცილებელი!…
მთავარია სულიერი განწმენდა, ნამდვილი რწმენა და სიყვარული ღმრთისა. განწმენდა ეკლესიიდან დაიწყება. როცა ერს ღმერთთან შუამავლად ღირსეული და წმიდა ადამიანები ეყოლება, ერი მეტად განმტკიცდება რწმენასა და სიყვარულში და წარმატებაც არ დააყოვნებს!
ომის ბედი ცაში წყდება. ომს ჯერ ბერები (სულიერ ღვაწლში დაბრძენებული) იგებენ – სულიერ ომს, მერე კი ხილული (პოლიტიკური) გამარჯვება მიწაზე ხდება. ჯერ წმიდანები ამარცხებენ ცოდვებსა და ბროტებას, მერე კი ერი ღებულობს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და იწყებს აღორძინებას.
საქართველო ყველა დაკარგულ მიწა–წყალს დაიბრუნებს! დაიმახსოვრეთ ეს!
კითხვა: მამა გიორგი, ყველასათვის ცნობილია ბოლო საუკუნეების მანძილზე ქართულ ეკლესიაში შოთა რუსთველის “ვეფხისტყაოსანზე” ჩამოყალიბებული შეხედულება. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?
პასუხი: მე ასე გეტყოდით: “ვეფხისტყაოსანი” არის არა მხოლოდ მსოფლიო დონის ლიტერატურული შედევრი, როგორც მას კაცობრიობა აღიარებს, არამედ უაღრესად სასულიერო – საეკლესიო ნაწარმოებიც!.. უდიდესი პოეტური ხელოვნებით შაირებში შეფარულია დიდი სულიერი სიბრძნე, საიდუმლო და წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის საქართველოს გაბრწყინებაზე. “ვეფხისტყაოსანი” არის ქართული სულის უკიდეგანო სამყარო. სულიერების ისეთი სიმაღლე, რომელსაც დღემდე ვერ მიაღწია მსოფლიოში ვერც ერთმა ერმა და აწი – მით უმეტეს!…
ეს არის ქართული ეკლესიის წინასწარმეტყველების და იგავთმეტყველების საუკეთესო ნიმუში, რომლის გასაღები, სამწუხაროდ, ქართულმა ეკლესიამ დიდი ხნის წინათ დაკარგა (არ ვამბობ ცალკეულ წმიდანებზე, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ დრომდე და თაობიდან თაობებს გადასცემდნენ).
“ვეფხისტყაოსანი” არის სულიწმიდის ჩაგონებით შექმნილი ნაშრომი და შეუძლებელია მის სულიერ სამყაროში შეღწევა ქართულ–ქრისტიანული სულიერი ხედვისა და ცოდნის გარეშე.
კიდევ ვიმეორებ: ჩვენ ვართ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტი ღმერთის ჭვრეტის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. ასევე, სამყაროს შექმნისა და მართვის საიდუმლოებების ღვთაებრივი ცოდნა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ბოროტი არ გვეშვება. ვინ და რა ჯურის დამპყრობელი არ აღძრა მან ჩვენს წინააღმდეგ. ისინი აქ მხოლოდ ვაზის ასაჩეხად არ მოსულან, ისინი აქ დიდ საიდუმლოს ეძებდნენ!… მტრობა და შუღლი არც ერთმორწმუნე ერებმა დაგვაკლეს. მიწა–წყალ დაკარგულ ქართველებს რწმენაც შეგვირყიეს. განსაკუთრებული მზაკვრობით ებრძოდნენ ჩვენს სულიერ ცნობიერებასა და ხედვას, რასაც ისინი იმჟამად მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ. ბერძნულ–რუსულ–ებრაული ცნობიერებით სახეშეცვლილი ქართული ეკლესია და მთლიანად ერი თუ რა დღეში ჩააყენეს ურჯულო ბოლშევიკებმა, ეს ყველამ ვიცით. ერს ღმერთი დაავიწყეს, ხოლო ეკლესია (ოფიციალური) უმწეო, დამორჩილებულ მდგომარეობაში ამყოფეს. ამიტომ არც უნდა გიკვირდეთ, რომ ეკლესია და ერი ჯერჯერობით ვერ არის იმ სულიერ სიმაღლეზე. იმ დონეზე, რა დონეც შესაძლებელს გახდის “ვეფხისტყაოსნის” სულიერ წვდომას, ხედვასა და შეფასებას!.. ჩვენ ჯერჯერობით ახლად აღდგენილ ლაზარეს ვგავართ, რომელსაც ჯერ კიდევ თეთრი ბურუსი ედგა თვალწინ. აწი იწყება დიდი გამოღვიძება.
მიუხედავად იმისა, რაც ჩვენმა ერმა და ქართულმა ეკლესიამ ბოროტის მანქანებით განიცადა – ქართული ქრისტიანული სული სულ ცოცხლობდა! ცოცხლობდა ცალკეული წმიდანების სახით, რომლებიც მძიმე ტანჯვის ფასად, საიდუმლოდ ინახავდნენ ქართული სულის ჭეშმარიტ საგანძურს.
შოთა რუსთაველი დიდი წმიდანია, რომელიც დაჯილდოებული იყო არა მხოლოდ პოეზიის ნიჭით, არამედ მომავლის ჭვრეტის უნიკალური მადლითაც. ჟამი ახლოსაა და ჩვენ გაგვეხსნება ნამდვილი “ვეფხისტყაოსანი” იმ სახით, რა სახითაც შექმნა ის მისმა ავტორმა. მე არავის განვიკითხავ!… ვგულისხმობ თანამედროვე “რუსთველოლოგებს”, მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს ის არ არის!…
ღმერთის გარეშე “ვეფხისტყაოსანი” არ შეიძლება იყოს შოთა რუსთაველის შედევრი. მსოფლიო გაოგნდება, როცა მას ქართველები ჩაახედებენ ვეფხისტყაოსნის ჭეშმარიტ არსში!… ეს დრო მოდის. თქვენ კი მინდა გითხრათ: რომ ძალიან მომწონს ბატონ ზაურ ბიძინაშვილის კომენტარები. აქვს მას ასეთი ნაშრომი: “სიმართლე რუსთაველისა და თამარის შესახებ”. ეს ნაშრომი სხვა ხედვაა. წაიკითხეთ, ბევრ ახალს აღმოაჩენთ. ეს სამზადისია!… ასევე გირჩევთ, წაიკითხოთ ბატონ მერაბ ცინცაძის ნაშრომი რუსთაველის “ვეფხისტყაოსანის რიცხვითი მეტყველება”. ეს ნაშრომიც სულიერი ხედვის ნიმუშია.
გაზეთი “განმათავისუფლებელი” #27
http://iberiana.wordpress.com/ganmatavisuflebeli/basiladze/