ამათი პრობლემები მოგვცა (post #26369448)ხმაური ნელ-ნელა გვიახლოვდებოდა. ლევანმა ჩამჩურჩულა, ჯერ არ ისროლოო. არ გავნძრეულვარ. 50 მეტრში ხეებში რამდენიმე ლანდი შევნიშნე. სწრაფად გადაადგილდებოდნენ, ხეებს ეფარებოდნენ. აშკარად გვხედავდნენ. ხმაური გაიშალა - წრეს გვარტყამდნენ. გაკრვევით ვერავის ვხედავდი - სროლას აზრი არ ჰქონდა. უკან მივიხედე - ლევანს თავი ჰქონდა მოტრიალებული, მშვიდად იყო, ტყეს უყურადებდა. ოდნავ წინ გავიწიე - ისევ ჩავიმუხლე. ხმაური გაჩერდა. იარაღის გადატენვის ხმა გავიგე, დავიძაბე, იმ ადგილს დავუმიზნე, სადაც მოწინააღმდეგე მეგულებოდა. მოულოდნელად, რუსულად გაისმა:
- ქართველებო, დაგვნებდით. არ მოგკლავთ.
არ გვიპასუხია. ისევ განმეორდა.
- დაგვნებდით-თქო. მაგ ნაღმსაც გავთიშავთ.
ლევანს გავხედე, ურეაქციოდ იდგა. ჩემთვის არც შემოუხედავს. კვლავ რუსული საუბარი:
- უიარაღოდ გამოვდივარ საფარიდან, არ ისროლოთ. დაგელაპარაკებით. თანახმა ხართ?
ზურგსუკან ლევანის ხმა გამესმა:
- ხო, გამოდი, არ გესვრით.
ლევანმა ჩამილაპარაკა:
- ჰა, რა ვქნათ? დავნებდეთ?
- მაინც მოგვკლავენ ეს ჩემისები.
- ხუი ეგო ზნაეტ. არ ესროლო. ვნახოთ ერთი, რა უნდა.
- ჰო.
30 მეტრში ფიგურა გამოჩნდა. ხელები გვერდებზე გაეწია, იარაღი არ ჰქონდა. ნელა მოძრაობდა, თვალს არ გვაშორებდა. სახე საღებავით ჰქონდა მოთხუპნული. კისერზე და მოტეხილ ყურებზე ეტყობოდა, რომ ერთ დროს მოჭიდავე იყო. დაახლოებით 10 მეტრში გაჩერდა და დაგვიძახა:
- ქართველებო, დაყარეთ იარაღი და სიტყვას გაძლევთ, არ დაგხვრეტთ, არ გაწამებთ.
ლევანმა გაძახა:
- აქცენტი გაქვს ნაცნობი. ჩეჩენი ხარ?
- ჰო.
- მერე, აქ, აფხაზეთში რა გინდა? ქართველებს ეომები?
- ჩემს მუსულმანურ ვალს ვასრულებ.
- რა ვალს? აფხაზების ნახევარზე მეტი ქრისტიანია.
- მუსულმანი უფრო მეტია. თურქეთში გაყრილი.
- ჰო, რუსებმა გაყარეს და ახლა მაგათთან ერთად ქართველებს ეომები?
- ქართველებმა შემოიყვანეთ რუსები კავკასიაში. შამილის დამარცხებაში ქართველებმა ითამაშეს უდიდესი როლი. აფხაზ-ჩერქეზებიც მაშინ დაამარცხეს რუსებმა, ქართველებმა ზურგიდან რომ უღალატეს.
- რა გქვია.
- სულეიმანი.
- სულეიმან, სირობას ლაპარაკობ. წადი, წიგნები წაიკითხე და მერე მოდი. ხო, რა გინდა?
- დაგვნებდით, მაგ ნაღმსაც გავთიშავთ.
- თქვენი დადებულია?
- ხო.
- სულეიმან, საიდან ხარ?
- ხომ გითხარი, ჩეჩნეთიდან-თქო.
- კერძოდ?
- შატოიდან.
- ვის იცნობ შატოიში?
- შენ ვინ გაინტერესებს?
- ასლანას იცნობ?
- რომელს?
- რიჟას?
- არა.
- მუსა 7 თითას?
- არა.
- კარგი. 5 წუთი მოგვეცი, დავილაპარაკებთ ერთმანეთში.
- კარგი.
სულეიმანმა რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა, თავისიანებისკენ მიბრუნდა. დავინახე, ხელით როგორ გააკეთა რაღაც მოძრაობა - არ მომეწონა. ლევანმა ჩამჩურჩულა:
- გერეუშნიკია.
- რა იცი?
- იმისთანა ხალხის სახელები ვუხსენე, შატოიში ყველა ჩეჩენმა იცის.
- მერე? საიდან დაასკვენი რომ გერეუშნიკია?
- მარტო ისეთს არ ეცოდინებოდა ეს ხალხი, ვინც ჩეჩნებთან არაა, რუსების მხარეზეა.
- აუ, მოსტ...იათ დედის ტრ...ი! მითხარი და მივასიკვდილებ მაგ ჩემისას.
- ვატყობ, მოუწევს. შენ იარაღი დადე, არა მგონია ჩემი ლიმონკები დაენახათ. რამოდენიმე გამოვიყვანოთ და მერე დავცხოთ. ლაშა, ბოლოჯერ გეკითხები. მზად ხარ?
- რისთვის?
- რაც მოხდება, იმისთვის.
- მზად რომ არ ვყოფილიყავი, არ დავრჩებოდი.
- საიდა გიყვარს?
- კი, მიყვარს. რა შემეცი ამ საიდათი?
- არაფერი, მაინტერესებდა.
ლევანმა სულეიმანს გაძახა:
- ძმა. მოიწი ახლოს.
- გისმენ.
- მაშ სიტყვას იძლევი, რომ არ დაგვხოცავთ?
- ხო.
- და ამ ნაღმსაც გაანეიტრალებთ?
- ნაღმზე რა გითხრა, სანახავია.
ლევანმა ჩაილაპარაკა:
- ხედავ, უკვე გატეხა სიტყვა. წეღან იძახდა, ნაღმსაც გავთიშავთო.
- ჰო.
- ჰოდა, მოე...ება გამჩენი. შენ არ ისროლო ჯერ.
ისევ სულეიმანს გასძახა.
- კარგი, მზად ვართ ჩაგბარდეთ. აგერ, ჩემი ძმა იარაღს დადებს, მე არაფერი მაქვს რომ დავდო.
- ხო, დადოს და ხელები აწიოს.
ავტომატი გადატენილი დავტოვე, მიწაზე დავდე, ოდნავ მივკარი ხელი. სულეიმანმა თავი დამიკრა. ხელები კეფაზე შემოვიწყე. ჩეჩენმა დამიყვირა:
- ფეხზე არ ადგე. მასევე იყავი.
არ გავნძრეულვარ. რამდენიმე წამში ხმაური ატყდა. ხეებს ამოფარებული 12-მდე მებრძოლი გამოჩნდა. გაღიმებულები იყვნენ, თამამად მოდიოდნენ. ლევანმა მკითხა:
- რამდენნი არიან?
- 11-12 დავინახე.
- ცოტა ახლოს რომ მოვლენ და შეჯგუფდებიან, მითხარი.
მებრძოლების ნაწილი სულეიმანის გარშემო დადგა. ჩუმად საუბრობდნენ, თან ჩვენსკენ იყურებოდნენ. ზოგიერთნი ჩამოჯდა, სიგარეტი გააბოლა. ლევანმა კვლავ გადამილაპარაკა:
- ჰა, რა ხდება?
- არ ვიცი, რაღაცას საუბრობენ.
- ოდნავ უკან დაიწიე, მომიახლოვდი. ერთ ლიმონკას ჩაგიგორებ ხელში. რომ გეტყვი, ერთდროულად ვისროლოთ.
- ბიჭო, ზურგით როგორ უნდა ისროლო?
- მოვახერხებ რამეს.
- კაი, ოღონდ თავში არ გამარტყა.
ორივეს ჩაგვეცინა. სულეიმანს შეუმჩნეველი არ დარჩენია. გამოგვძახა:
- რა გაცინებთ?
ლევანმა უპასუხა:
- არაფერი, მეფსია და მაინტერესებს, რომ მოვფსა, ავფეთქდებით?
- ხო, არ შეიძლება ზედმეტი მოძრაობა.
- ააა. კარგი. მაშინ არ მოვფსავ.
ქართულად მომმართა:
- ბიჭო, რა დებილია ეს ჩემისაა. ამას როგორ უნდა ჩავბარდეთ?!
- მე არ ვაპირებ ჩაბარებას.
- არც მე. მზად ხარ?
- კი.
ნელ-ნელა უკან გავფოფხდი. ლევანის სხეულს მივუახლოვდი. ფრთხილად ჩამიგორა ხელში ლიმონკა. გავემზადე. ლევანმა ჩაილაპარაკა - სამზე ვისვრითო - ერთი, ორი, სამი... ორი აფეთქების ხმა ერთმანეთის მიყოლებით გაისმა. იქ, სადაც სულეიმანი იდგა, მხოლოდ კვამლი იყო, არაფერი ჩანდა. მიწაზე დაგდებული ავტომატი ავიღე და დანარჩენებისკენ დავიწყე სროლა. ფეხზე წამოვდექი. ზურგით ლევანს ვფარავდი. გაუაზრებლად ვისროდი - არც ვუმიზნებდი. მოულოდნელად, ზურგში მძლავრი დარტყმა ვიგრძენი, აფეთქების ხმაც გაისმა, ტალღამ ხევში გადამისროლა. ვგრძნობდი, რომ სხეული დამძიმებულიყო. ყველაფერი წამებში მოხდა, მაგრამ საუკუნედ მომეჩვენა. ხეს შევასკდი, გონება მაშინვე დავკარგე - უფრო სწორედ, თითქოს ვიღაცამ სხვა არხზე გადართო: უცბად ყველაფერი გაჩუმდა, ჩამოთბა. თეთრი სინათლე გამოჩნდა. თავისუფლად ვმოძრაობდი. გარშემო უამრავი ადამიანი ირეოდა. ყველა ერთმანეთში საუბრობდა, მაგრამ მაინც სიჩუმე იდგა. სინათლეს მივყვებოდი. უცბად რაღაცამ გამაჩერა, ხელში ჩამავლო. მოვტრიალდი - ლევანი იყო. თავი გააქნია, გამიღიმა, წინ წავიდა. მივყევი. სინათლის ფონზე ორი სხეული გამოჩნდა. ახლოს მივედით კახა და გიო იყვნენ. ისევ ისეთები, როგორიც მახსოვდა. ლევანს გადაეხვიენ, მხარზე ხელი გადადეს და ზურგი შემაქციეს. რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს - გავყევი. გაბრაზებული სახეები შემომხედეს. ლევანი ახლოს მოვიდა, ხელი მკრა. ოდნავ უკან გადამაგდო. ისევ მომიახლოვდა, ხელი მკრა - ყველაფერი გაქრა, სინათლეც, ბიჭებიც, ლანდებიც. სრული სიბნელე დადგა...
თვალი ნესტიან ოთახში გავახილე - მოშავებული ჭერი და ხის კარიდან შემომავალი მზის სხივი დავინახე მხოლოდ. ისევ სიბნელე ჩამოწვა.