აბა, ამდენ ბლაღოჩინ ხალხში მე რა დავწერო?!:
დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში.....
ქუთაისი მაშინ სხვა იყო.....
ქუჩებში დადიოდნენ წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლეები, უკვე მოხუცები, მაგრამ სხვანაირად წელგამართულები.....განუყრელი რედიკულებით, მაქმანის შავი ხელთათმანებითა და კეფაზე ჭაღარა, დაწვრილებულ ნაწნავებში გაყრილი კუს ბაკნის სარჭებით. მკაცრი ქვედატანი და პიჯაკი შემოდგომასა და ზამთრში ვერცხლისფერ-ნისლისფერი ნორკის საყელოთი....
მათი სახლები.... მთის ბროლის ლოლუებით დამშვენებული ჭაღებითა და კედლებზე შლაპიანი პორტრეტებით...ოქრომკედით ნაქარგი გასიებული მუთაქებითა და ყურთბალიშებით...პაპიროსებით გაბურული სახლები, წიგნებით გამოტენილი დაკილული წითელი ხის კარადებით......ასეთ სახლში წამიკითხავს ქართულად ნათარგმნი "დემონი"...."მაშ, ვინა ხარ შენ?!" ეუბნება დემონს თამარი...."ვეღარ ვლოცულობ დიდი ხანია, ".....და ასე შემდეგ.....გიორგი წერეთლის კრებული წამიკითხავს....ამ სახლების სუნი.....ვერცხლის საკანფეტეები და ქვიშნის მურაბა მუზარადიან ბროლის თასებში, ჩაი......სურნელოვანი ჩაი შაქრის ნატეხით.......საკმევლის და დარიჩინის, ვანილისა და ნაფტალინის შერეული სუნი....სასტუმროდ შენახული შაქარყინული და ნუში....და ვერცხლით მოჭედილი ხატები.....რიშელიეთი ნაქარგი დასაფენები და გადასაფარებლები ყველგან...... მატადორის ლამპები ვენეციური ფაიფურის ქუდებით, ზოგი გრავიურებიანი ღიპებით.....და ყველგან, ყველგან ძმები ტონეტების ავეჯი, თითქოს მხოლოდ იმისთვის მუშაობდნენ, რომ ქუთაისის სახლები თავიანთი რკალივით მოხრილი სკამებითა და სოფებით აევსოთ.
ალბათ ათი ან თერთმეტი წლის ვიყავი მაშინ. ჩემი აღგზნებული გონება წაკითხულის გამო ვერ ისვენებდა. აქეთ "დემონი", იქეთ "ორნი ქალაქში"....დაბნეული გავცქეროდი სამხრეთის ბნელ ღამეს და დემონს ვეძებდი ვარსკვლავებს შორის....
"ოჰ, ვინა ხარ შენ?
საშიშარმა ხმამ
უცებ დამაფრთხო, გონს ვერ მოვედი,
მოგზავნილი ხარ ჯოჯოხეთიდამ,
თუ სამოთხიდან ჩემთვის მოხვედი?"
გული უცნაურად მიკვნესოდა, ვერ ვგუობდი ჩემს სხეულში გაყურსულ რაღაცას, რომელმაც რამდენიმე ხნის შემდეგ ფესვის გადგმა დაიწყო და მთლად დამაბნია....
თითქოს დემონი ხედავდა, რომ რაღაც მწიფდებოდა ჩემ შიგნით....
"ვინა ვარ? ვაჰმე?
მე ის ვარ, ვისაც შენ ყურს უგდებდი
შუა ღამისა იდუმლობაში,
ის ვარ, ვინც შენს აზრს ვუჩურჩუებდი,
ვის დარდებს ბნელათ შენ გამოსცნობდი,
ვისიც სახესა სჭვრეტდი სიზმარში.
მე ის ვარ, ვინცა იმედსა ჰღუპავს,
რა რომ იმედი აღყვავილდება,
მე ის ვარ, ვინც არავის უყვარს
და ყველა სწყევლის, რაც კი იზრდება!
რაა ჩემთვის სვლა საუკუნების
მე ვჟლეტ მიწიერს ჩემსა მონებსა,
მეფე ვარ ცოდნის და თვითუფლების,
მტერი ქვეყნის და ზეცის გუნდების,
მაგრამ მჭვრეტ _ ვკოცნი შენსა ფეხებსა,
მე მოგიძღვენ შენ შესაბრალები
ლოცვა პირვლის სიყვარულისა,
მსოფლიო ჩემის გრძნობის ტანჯვები,
ოხვრა პირველი ჩემის სულისა."......
მეორე დღეს ლაზის ავტობუსში შევეტენებოდი დიდი გაჭირვებით და ჭეჭყვითა და ვაივაგლახით ვაღწევდი მესამე სკოლამდე....
არავინ იცოდა ჩემი საიდუმლო.....გულით ვატარებდი და ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფრად მეჩვენებოდა....ვიღაც ბიჭები, რომლებიც ჩემს კლასელებს უყვარდათ, მასწავლებლები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მე ნიჭიერი ვარ, მაგრამ ცაში დავფრინავ, დამრიგებელი, რომელმაც დაცინვით ფეხზე მძინარე მზეთუნახავი შემარქვა....სკოლის შემდეგ დავუყვებოდი წერეთლის ქუჩას, ორივე მხრიდან გოლიათი ჭადრები ყვითელ ფოთლებს ყრიდნენ და მე შარიშურით მივიკვლევდი გზას ამ ნაირფერ ფოთლებში. ვაგროვებდი და სახლში მიმქონდა. მერე ფაქიზად, ისე, რომ არ გახვრეტილიყო, ზედ ვაწერდი ლექსებს და კედლებზე ვკიდებდი....
შემდეგ კი ისევ ღამდებოდა, უხეირო დეკორაციასავით ერთბაშად ჩამოვარდებოდა
სიშავე და მეც კანკალით ვხსნიდი წიგნს:
"განვედი ჩემგან, სულო შემცდარო!
დაჩუმდი, არ მწამს მე სიტყვა მტრისა,
ვეღარ ვლოცულობ, ოჰ, მაცხოვარო,
რაღაც მომწყვლელის საწამლავითა
ჩემი სუსტი ჭკვა მრთლად აღვსილია,
მისმინე, მღუპავ! ეს ნამდვილია, _
შენი სიტყვები ღვივა ალითა,
მითხარ, თუ რისთვის შეგყვარებივარ?
ყველაფერი ერთმანეთში მერეოდა...ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა იმ ფილმში, აი, "ორნი ქალაქში" რომ ვნახე.....ვერ მივხვდი, რა იყო გილიოტინა, ამ ორმა ჩემზე საოცრად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა....აღარ ვიცოდი, რომელი უფრო ღრმა იყო, ჩემი დემონი, თუ ეს.....
ყველაზე მეტად კი ის ცვლილებები მაძრწუნებდა, რომლებიც ჩემს სხეულში ხდებოდა....
განვაგრძო?