პოლიტიკა
07:11 / 10-08-2011
"აჭარის ზღვისპირეთი სააკაშვილის გრიალ-გულავ-კოტრიალისთვის გააკეთეს"
დასვენება რომ ყველასთვის საჭიროა, ახალი ამბავი არ არის, მაგრამ პოლიტიკოსებს რომ ჰკითხოთ, ამისთვის სად სცხელათ, მით უფრო მაშინ, როცა ქვეყანას "აღმშენებლობა და განვითარება სჭირდება". ამიტომ ამ საკითხზე საუბარი განსაკუთრებით მმართველი გუნდის წევრებთან გამიჭირდა. ყველამ თავი შორს დაიჭირა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს რამე შეურაცხმყოფელი მეკითხოს... ამაზე რამდენიმე ოპოზიციონერმა ერთხმად განაცხადა, მათ დასასვენებლად სეზონი რად უნდათ, ყოველთვის დასვენებული არიანო.
ერთი სიტყვით, საზაფხულო დასვენებაზე იმ რამდენიმე ოპოზიციონერის მოსაზრებას გთავაზობთ, ვინც, "შიგადაშიგ გაძრომას ახერხებს", ან უკვე დაგეგმილი აქვს, ან სულაც ოცნებობს სად და როგორ გაატაროს ცხელი და მხიარული ზაფხული.
მაგდა ანიკაშვილი, პარლამენტარი:
- ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ წელს არ მაქვს გადაწყვეტილი სად დავისვენებ და საერთოდ დავისვენებ თუ არა... შარშან ლიკანში წავედი და ტბის პირას ძალიან სასიამოვნო, კოხტა სასტუმროში ვისვენებდი.
- ზღვასთან დაკავშირებით ყველას რაღაც რომანტიკული მოსაგონარი აქვს...
- ჩემთვის მზის ჩასვლის ყურება უკვე რომანტიკაა.
- საკურორტო თავგადასავლებზე რას გვეტყვით?
- სულ მიკვირს, როცა ვიღაცები მუდმივად საკურორტო რომანზე ჰყვებიან, მე და ჩემს მეგობრებს საკურორტო რომანი ან ფლირტი არასდროს გვქონია.
გიორგი გუგავა, "ლეიბორისტული პარტიის" წევრი:
- არც კი მახსოვს, ბოლოს შვებულება როდის ავიღე. მერამდენე წელია, "ლეიბორისტულ პარტიას" არ დაუსვენია, რადგან, როგორც კი ქვეყანაში ზაფხულის ხვატი დაისადგურებს, ჩვენი ხელისუფლება თავის საცეცებს კიდევ უფრო დაიგრძელებს და შავ-ბნელი საქმეების კეთებას შეუდგება. ჩვენ კარგა ხანია ამაზე დადარაჯებული ვართ და არც მისი ხრიკები არ გამოგვეპარება. ყველანაირი ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, არაადამიანური და რეპრესიული საქმეები მაშინ კეთდება, როცა ხალხი დასასვენებლად გაიკრიფება და რაღა დროს დასვენებაა?!. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, ქვეყანა ამ უბედურებას ავარიდოთ და თუ ვერ ავარიდეთ, მისი ზრახვები მაინც გამოვამზეუროთ. რახან ამ ხელისუფლების აღვირახსნილი ბოროტმოქმედებების კონტროლის ფუნქცია შევითავსეთ, ბოლომდე უნდა მივყვეთ.
- ბატონო გიორგი, განწყობა რომ გქონდეთ, სად დაისვენებდით?
- დასვენებისთვის განწყობასთან ერთად დრო და საშუალება უნდა გვქონდეს... იცით, ალბათ, რომ საქართველოს კურორტებზე მომსახურების ხარისხი ევროპაში ყველაზე დაბალია, ფასები კი ყველაზე მაღალი. მეგობრებისგან ვიცი, რომ იმ თანხით, რაც ბათუმში 10 დღით დასასვენებლად გვჭირდება, თურქეთში ორი კვირა დაისვენებს ადამიანი. მოსახლეობის უმრავლესობას კი დასვენების კი არა, სრულფასოვანი კვების საშუალება არ აქვს. მით უფრო, რომ ოჯახთან ერთად თუ წახვედი, ხარჯი სამმაგდება. "ნაციონალების" შვილების გრიალს შორიდან ხომ არ აყურებინებ?.. ბათუმი, ქობულეთი და აჭარის დანარჩენი ზღვისპირეთი სააკაშვილისა და მისი გარემოცვის აღვირახსნილი გრიალ-გულავ-კოტრიალისთვის არის განკუთვნილი და დანარჩენებს, ჩვენნაირ "უბრალო მოკვდავებს" ხელი არ მიგვიწვდება...
ერთფეროვნებამ რომ არ შეაწუხოთ, ხან ვინ ჩამოჰყავთ და ხან ვინ, რა ენაღვლებათ, გადასახადებს ისეთი ალოგიკური მიბმები გაუკეთეს, კაციშვილი ვერ მიხვდება, სინამდვილეში რა ხდება. სამაგიეროდ, ამათ იციან, როგორ უნდა გაერთონ. აგერ ბატონო, ახლა იგლესიასი ჩამოვიდა და ჩვენი პრეზიდენტი ყურმოჭრილ ყმასავით ეახლა. სად, რომელ ნორმალურ ქვეყანაში გინახავთ, ასეთ მომღერლებს პრეზიდენტი ხვდებოდეს, მაგრამ სააკაშვილი ყველგან მიდის, სადაც ტინგიცი ეგულება...
რაც შეეხება იმას, თუ სად დავისვენებდი, დრო და განწყობა რომ მქონდეს, მთაში ალბათ. მთა ჩემი სტიქიაა. ლენტეხის რაიონში მაქვს სოფელი, სადაც ჩემს ბავშვობაში ბებიასთან დავდიოდი. საოცარი გარემოა. გარშემო მაღალი მთები, კრიალა, ლურჯი ცა, მწვანე მინდორი და სუფთა ჰაერი. იქ ასული უფრო ახლოს გრძნობს, თუ რა დიდია სამყარო და ისეთი გარემოა, საკუთარ თავთან დარჩენილ ადამიანს ბევრ რამეზე დააფიქრებს. თან ღამეა განსაკუთრებული და სხვანაირი, თითქოს ვარსკვლავებით დახუნძლული ცა ერთი ხელის გაწვდენაზეა...
- ასეთი რომანტიკული "ლეიბორისტი" ალბათ არც ისე ხშირია...
- ამ პირსისხლიან რეჟიმს ვებრძვით და სხვანაირი მეთოდებით მუშაობა შეუძლებელია, თორემ რომანტიკაც ნაციონალებზე უკეთ ვიცით და სხვა დანარჩენიც...
დავით საგანელიძე, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი:
- რადგან ჩემი ვაჟკაცი ჯერ სულ რაღაც 10 თვის არის, შორს წასვლა ვერ გვიხერხდება, ამიტომაც იდეალური ვარიანტი ვიპოვეთ და გადავწყვიტეთ, ჩემს საყვარელ რაჭას, ონის რაიონს ვესტუმროთ, სადაც სოფელ წმენდაურში პატარა და ლამაზი სახლი რამდენიმე წლის წინ შევიძინე. არაჩვეულებრივი ბუნება და ჰაერია, გარშემო ყველაფერი ნატურალურია და რაც მთავარია, ძალიან გრილა. ასე რომ, მე, ჩემი მეუღლე და პატარა ნოდარიკო სექტემბრის ბოლომდე იქ დავრჩებით. შემდეგ კი, იქიდან ხონს, ჩემი მეუღლის რაიონს ვესტუმრებით, სადაც რამდენიმე დღე დავრჩებით...
აგვისტოს შუა რიცხვებში მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ, სამთო მარშრუტი მოვაწყოთ. ანუ შვილებთან ერთად სამეგრელოდან სვანეთში, მესტიაში ავალთ, იქიდან ლენტეხში გადმოვალთ, შემდეგ ცაგერში, საიდანაც ორბელის გადასასვლელამდე მივალთ და იქიდან რაჭაში გადავალთ. მას შემდეგ, რაც შქმერს, მრავალძალს, შაორის ტბასა და სხვა ულამაზეს ადგილებს მოვივლით, ჩემს მეგობრებს თბილისში გამოვაცილებთ და მე ისევ რაჭაში დავრჩები. რახან ჩემი ნოდარიკო ჯერ პატარაა, ასეთ გრძელ მარშრუტზე ვერ წავიყვან, მაგრამ როცა წამოიზრდება, ასე 10 წლის შემდეგ, ამ "ტურის" მონაწილე აუცილებლად გახდება. მიმაჩნია, რომ სანამ ჩემი შვილი უცხოეთის კულტურას გაეცნობა, ჯერ საკუთარი უნდა იცოდეს.
- ეს მეგობრული ტრადიციაა თუ წელს პირველად აპირებთ გასვლას?
- არა, პირველად ვაპირებთ. ჩემთან ერთად არიან ირაკლი იაშვილი, დათო გამყრელიძე და კიდევ რამდენიმე ჩემი მეგობარი... სხვათა შორის, დათო რამდენიმე დღის წინ ბაბუა გახდა და თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა, ჩემს მეგობარს პატარა დავითის შეძენა მივულოცო... ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, როცა პოლიტიკას თავს დავანებებ და პენსიაზე გავალ, მინდა, სიბერის წლები მოგზაურობაში გავატარო. კიდევ ერთხელ სიამოვნებით მოვივლიდი ევროპას, აზიას და არაბულ სამყაროს. თუმცა, თუ მანამდე აფხაზეთი ჩვენს იურისდიქციაში დაბრუნდა, დაფიცებული მაქვს, იმ წალკოტიდან ფეხი არ გავადგა და ჩემს ოჯახთან ერთად ყოველ წელს იქ დავისვენო.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/39960-qatcar...l#ixzz1Uek1ZyoL