Grigali მაგ ნაშრომების ელექტრონული ვერსია არ არსებობს და ფიზიკურად მთელ წიგნებს ვერ გადმოვბეჭდავ ფორუმზე ,
Grigali თუ მოვიძიე მაგ თემაზე რაღაც ნაწილი ელექტრონული ვერსიის ფორუმზე დავდებ აუცილებლად ! ეს ბმული დაგაენტერესებთ . საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1-ლი ტომი
http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/00...00053/1tomi.pdfGrigali მაგ ნაშრომების სრულად სანახავად შეგიძლიათ მიბრძანდეთ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ნახოთ მაგ მეცნიერებების ნაშრომები სრულად !
ბიბლიოთეკის მისამართი : თბილისი გუდიაშვილის ქ. N 7 ( რუსთაველის გამზირის პარარელური ქუჩა ) .
* * *
ნათია ფიფია დასავლეთ საქართველოში წელთაღრიცხვების მიჯნაზე მომხდარ ეთნიკურ ცვლილებებთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს ისტორიოგრაფიაში. ეს მოსაზრებები ეხება ახალი ეთნიკური ელემენტების (აფშილები, აბაზგები, სანიგები) როგორც იდენტიფიკაციის, ასევე განსახლების საკითხსაც. ჩვენი აზრით, ის, რაც მოხდა დასავლეთ საქართველოში ახ. წ. I-II სს-ში, არ შეიძლება რომ განვიხილოთ, როგორც მხოლოდ ერთი ეთნიკური ელემენტის მიერ მეორის საცხოვრისზე გადასვლა ამ უკანასკნელის ტერიტორიიდან განდევნის და შევიწროების გზით.
დასავლეთ საქართველოში I_II სს_ში განხორციელდა მთიელთა receptio, რათა მომხდარიყო ქვეყნის ფეოდალიზაციისთვის აუცილებელი არისტოკრატიული ფენების შევსება. რას ნიშნავს receptio-ს სისტემა?
IV ს-ის ბოლოდან რომაელებმა ჯარისთვის ახალი მასების რეკრუტირების მიზნით გადაწყვიტეს, განეხორციელებინათ უცხოელთა receptio _ იმიგრანტთა, ანუ არარომაელთა, არა რომის მოქალაქეთა მიღება რომაულ ჯარში. თავდაპირველად არმიაში ჩარიცხვა ხდებოდა მხოლოდ დამარცხებული ბარბაროსებისა. ისინი სახელმწიფოსთან დებდნენ შეთანხმებას (foedus). მოგვიანებით ვიზიგოტებმა თავიანთ ლიდერ ალავივუსთან ერთად გადმოლახეს დუნაი და რომაელთა ნებართვით დასახლდნენ მდინარის სამხრეთით. ამის შემდეგ რომაულ ჯარში სამსახური შესაძლებელი გახდა ყველა უცხოელისათვის, წარმოშობის მიუხედავად. გარდა ამისა, ამიერიდან ოფიცრებად ახალგაზრდა ბარბაროსებსაც ნიშნავდნენ. ადრე რომაელები მაინც ერიდებოდნენ ბარბაროსების მაღალ სამოხელეო თანამდებობებზე დანიშვნას. ჩვენთვის ცნობილია რამდენიმე მაღალი რანგის მოხელე ბარბაროსული წარმოშობისა: სტილიხონი, ალარიხი, ფრავიტა და გაინა, რომლებიც მოგვიანებით აღზევდნენ.
რომაელები საზღვრების დასაცავად თავისუფალ მიწებზე ასახლებდნენ ბარბაროსებს, რომლებიც, ამისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეულ ხელფასს და “საჩუქრებსაც” იღებდნენ.
როგორც ჩანს, რომაელთათვის მოსახლეობის ადგილმონაცვლეობა, ჩვეულებრივად მიღებული ღონისძიება ყოფილა, რაზეც მიუთითებს თუნდაც არიანეს ცნობა სანებთან დაკავშირებით: “[სანები] კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველთაგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ, ამის შემდეგ, თუ ღვთის ნება იქნება, აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან”. აქედან ჩანს, რომ რომაელთათვის II საუკუნეშიც ჩვეულებრივი ფორმა ყოფილა არასასურველი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება, რომაელებმა როგორც ჩანს, ხელი შეუწყვეს აფშილების, აბაზგების, სანიგების და ლაზების იძულებით გადასახლებას კოლხეთში. რომაელები არა მხოლოდ თვითონ იღებდნენ ზედმეტ მოსახლეობას, არამედ მათდამი დაქვემდებარებულ მხარეშიც მოახდინეს მოსახლეობის გადანაცვლება.
ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავია მ. ინაძის მოსაზრება, რომ აფსილთა და აბაზგთა გაძლიერება განპირობებული იყო რომის მცდელობით ზურგიდან საფრთხე შეექმნა და ხელი შეეშალა პოლიტიკურად მზარდი სანიგთა, განსაკუთრებით კი ლაზთა სამეფოების შემდგომი გაძლიერებისთვის. ამასთან, როგორც ჩანს, ლაზთა ჩამოსახლებასაც რომაელებმა შეუწყვეს ხელი, ან სულაც, თავად მოახდინეს მისი პროვოცირება. მაგრამ მთიელთა receptio_ს კოლხეთისთვის სრულიად სხვა შედეგი მოჰყვა_განხორციელდა ქვეყნის ფეოდალიზაცია.
ეკონომიკური კრიზისის, რაც კოლხეთში ძვ. წ. II საუკუნიდან იწყება, ასევე მძაფრი პოლიტიკური კატაკლიზმების გამო, წელთაღრიცხვების მიჯნაზე მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით საქალაქო ცხოვრება უკიდურესად კნინდება. იწყება ეკონომიკური დეპრესია, რომელიც გამოიხატა როგორც უცხოური ფულების შემოტანის შემცირებით, ასევე მინაბაძების გაჩენით. საერთოდ არ ჩანს უცხოელების შეხება დასავლურქართულ ეთნოკულტურასთან, შესაბამისად აქ არის აგრარული თვითკმარი საზოგადოება. მითრიდატე ევპატორის დროს იგრძნობა ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება, მაგრამ მისგან შემომავალი ფულით ის ნედლეული მოიპოვებოდა, რაც ომისთვის სჭირდებოდა პონტოს მეფეს. ამ დროს მოხდა მხოლოდ დროებითი აღორძინება. დასავლეთ საქართველო წყვეტს საკუთარ ნუმიზმატიკურ აქტიურობას I ს-ის შუა ხანებისთვის.
მთიელთა დიდი ჩამოსახლების შემდეგ ჩანს მეურნეობის აღმავლობა, ლაზიკის ტერიტორიაზე დაიწყო ფეოდალიზმი.
ფეოდალიზმის გენეზისისთვის საჭირო არისტოკრატიის სოციალური ბაზის გაფართოების ორი გზა არსებობს: “საძმოს” წევრებიდან ანუ მენაპირე საერისთავოების მეომარი-მიწათმოქმედებიდან ფეოდალთა კლასის გამრავლება. რადგან პროტოფეოდალური არისტოკრატია რაოდენობის თვალსაზრისით (1-1,5%) საკმარისი არ არის ქვეყნის ფეოდალიზაციისთვის, ფეოდალთა კლასი უნდა გაიზარდოს 2-3%-მდე. მიწათმოქმედი-გლეხი შეუძლებელია მაღალი რანგის მენეჯერის სახით ფეოდალთა კლასში გადავიდეს, ეს უნდა განხორციელდეს “საძმოების” მეშვეობით. საძმოს წევრებს მიწა კოლექტიურ საკუთრებაში აქვთ, შესაბამისად, ისინი გაცილებით მეტად იღებენ საორგანიზაციო საქმის შესახებ ინფორმაციას, ვიდრე გლეხები_მიწათმოქმედები.E”საძმო” _ ეს არის სტრაბონის “მესამე გენე” იბერიაში, რომელმაც შესაძლებელი გახადა მოგვიანებით აქ განხორციელებულიყო პროტოფეოდალიზმიდან ფეოდალიზმზე გადასვლა.
დასავლეთ საქართველოში ამ გზით ვერ განხორციელდა ქვეყნის ფეოდალიზაცია, ეკონომიკური დეპრესია კი, რომელიც იმის ინდიკატორია, რომ საზოგადოება სოციალურ რეორგანიზაციას ცდილობს, დიდხანს გაგრძელდა. სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება შესაძლებელი გახდა ბარში მოსახლეობის გამრავლების გზით: დასავლეთ საქართველოში ამისთვის ბაზა არსებობდა როგორც ჩრდილო-დასავლეთში, ასევე სამხრეთში. სწორედ ამ მთიელი ტომების receptio მოხდა: ჩამოსახლებული ლაზების დიდი ნაწილი შეერწყა ძველ არისტოკრატიას, ნაწილი კი მიწათმოქმედი გახდა. დაახლოებით იგივე მოხდა სებასტოპოლის-დიოსკურიის მიდამოებში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ოღონდ იქ ჩამოსახლდა ხალხი, რომელიც სრულიად სხვა ენაზე საუბრობდა (აფხაზურ_ადიღეურზე ალბათ), მაგრამ ვინაიდან მათ საკუთარი სტილი არქეოლოგიაში შესამჩნევად არ დაუტოვებიათ, ეს ნიშნავს, რომ მათი ასიმილაცია ძალიან სწრაფად განხორციელდა. აფსილეთის და აბაზგიის ტერიტორიაზე ალბათ შერეული მოსახლეობა იყო: ძველი კოლხებისა და აფხაზურ-ადიღეური ტომებისა, რომელთა საშუალებით არისტოკრატიის გაძლიერება მოხდა, სწორედ აფხაზური არისტოკრატიით იყო მეტწილად დაკომპლექტებული, როგორც ჩანს, აფშილეთი და აბაზგეთი (უფრო მეტად აფშილეთი), მხარეებსაც სახელი სწორედ მათ მიხედვით ეწოდა. ამ მთიელი ტომების მიერ მთლიანად დასავლურ-ქართული (მეგრულ-ჭანური) მოსახლეობის ჩანაცვლება არ მომხდარა, ეს ტომებიც განაგრძობდნენ ჩამოსახლებულებთან ერთად ბინადრობას. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ფლავიუს არიანეს (IIს.) მიერ დასახელებული პუნქტი “ძველი ლაზიკა” (დღევ. ნიკოფსია). შესაძლოა, ტერიტორია საკუთრივ ლაზიკის სამეფოდან ამ პუნქტამდე ერთიან ეკონომიკურ სივრცედ აღიქმებოდა უახლოეს წარსულში, რადგან საუბარია “ძველ ლაზიკაზე” და არა თანადროულ ვითარებაზე. ჩანს, ლაზთა სოციალურ-ეკონომიკური გავლენა ერთ დროს “ძველ ლაზიკამდე” ანუ ნიკოფსიამდე ვრცელდებოდა, შემდეგში შესაძლოა, მათი გავრცელების არეალი შეიკვეცა და სწორედ ამ ვითარებას ასახავს პუნქტის წარსულ დროში მოხსენიება. მ.ინაძის აზრით, ქართული საისტორიო ტრადიცია თითქოს იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ მეგრულ-ზანური(ლაზური) სატომო ბირთვის პოლიტიკური გავლენა ახ.წ._ის II საუკუნისთვის შორს ვრცელდებოდა და შესაძლოა, მართლაც კავკასიონის დასავლეთ კალთებს აღწევდა. სწორედ წარსული ეკონომიკური გავლენის ასახვაა “ძველი ლაზიკა”, ამასთან, ჩვენი აზრით, არც აფშილ-აბაზგთა receptio-ს შემდეგ შემწყდარა აქ ლაზების გავლენა.
დ. მუსხელიშვილის აზრით, პტოლემაიოსის ცნობა ასახავს იმას, რომ ლაზიკამ უშუალოდ შემოიერთა ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორია, რომელზედაც უფრო ადრე მოსახლეობდნენ აფშილები და აბასკები და ნაწილობრივ სანიგებიც (დიოსკურიის ჩათვლით). ეს II ს-ის შუა ხანებში უნდა მომხდარიყო. პტოლემაიოსის ლაზებს პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეთ. Eე. ი. ამ ცნებაში იგულისხმებოდნენ არა მხოლოდ საკუთრივ ლაზები, არამედ სხვა ტომებიც, რომლებზედაც ამჯერად ვრცელდება ლაზთა პოლიტიკური ძალაუფლება.
ჩვენი აზრით, პტოლემაიოსის ცნობა ასახავს ლაზების ეკონომიკურ (შესაძლოა პოლიტიკურსაც) გავლენას აფშილებსა და აბაზგებზე. პტოლემაიოსი არიანეს უმცროსი თანამედროვეა, შეუძლებელია, მან არ იცოდეს ამ ტომთა სახელი, “ლაზების” ქვეშ ის ამ ტომებსაც გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ V საუკუნის ანონიმი სებასტოპოლიდან პიტიუნტამდე არ იცნობს სხვა ეთნოსს, გარდა სანიგებისა, რომლებიც მისივე გადმოცემით V ს-ში მოქცეული იყვნენ კოლხეთის ანუ ლაზიკის სამეფოში.
ეს ცნობა ასახავს იმას, რომ ეს მხარე მთლიანად აღიქმებოდა, როგორც ერთიანი ეკონომიკურ-გეოგრაფიული რეგიონი, რომელიც ლაზთა პრიმატის ნიშნით ვითარდებოდა.
ს. ჯანაშიას აზრით, არიანესდროინდელი მთავრების ხელისუფლება ადრინდელი ფეოდალური დიფერენციაციის ნიადაგზეა წარმოშობილი, თვით მთავრები სათანადო ტრანსფორმაციაქმნილი ძველი ტომის ბელადები არიან, რომელთაც თავიანთი საზოგადოების განვითარების გარკვეულ საფეხურზე უზურპაცია მოახდინეს მათთვის ჩაბარებულ უფლებებისა და თემის დელეგირებული მსახურებიდან თემისავე ბატონებად იქცნენ: ეს ფეოდალური წყობა მკვლევრის აზრით, ამ დროს ჯერ სავსებით პრიმიტიული ფორმისაა და მის საბოლოო გამარჯვებამდე, აღებულ ქვეყანაში კიდევ გრძელი და ძნელი გზა დევს.
ჰენიოხთა მიერ პიტიუნტის დაცარიელება შესაძლოა ნიშნავს ქალაქების დაკნინებას და ფეოდალიზაციის ჩასახვას. უკვე აღარ არსებობს ილუზია ბერძნულ ეკონომიკურ სისტემასთან შერწყმისა, ამიტომ მოსახლეობა ქალაქებს თავს ანებებს და მიწის დამუშავებას მიჰყოფს ხელს, თანდათან ბატონყმური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად სწორედ რომ აუცილებელი იყო მთიელთა receptio.
წელთაღრიცხვების მიჯნაზე დასავლეთ საქართველოში აფშილთა, ასევე აბაზგთა მთიელი ტომის ჩამოსახლებამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკურ ცვლილებებს, მოსახლეობის სოციალური რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა იმით, რომ ლაზიკის ტერიტორიაზე განხორციელდა ფეოდალიზმის გენეზისი. აფშილების და აბაზგების ძირითადი მასისგან დაკომპლექტდა არისტოკრატია, რომელიც შემდგომ მწარმოებელი მოსახლეობის, ანუ მეგრელ-ჭანების ენაზე ალაპარაკდა. ზუსტად იმგვარად, როგორც გერმანიკული წარმოშობის ფრანკები ალაპარაკდნენ რომანულ ენაზე. ჩამოსახლებული მთიელი ტომები აფშილ-აბაზგები ეკუთვნოდნენ აფხაზურ-ადიღეური მოდგმის ტომებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი სოციალური ენა გახდა მეგრულ-ჭანური. გვიანშუასაუკუნეებში აფხაზთა შემდგომი მიგრაციის წინ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობდა მხოლოდ მეგრულ ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა.
-------------------------------
Carl Darling Buck. The Greek Dialects. Chicago. 1955. გვ. 181
Fl.Arr, PPE, 10, 11; ნ. კეჭაღმაძე, ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავიზღვის გარშემო, თბილისი, 1961. გვ. 42
მ. ინაძე, ძველი აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური ისტორიის საკითხები, მაცნე, #2, 1992. გვ. 53
თ. დუნდუა. ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. თბ. 1997. გვ. 44-51
მ. ინაძე, ძველი აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური ისტორიის საკითხები, მაცნე, #2, 1992. გვ. 47
დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. I. თბ. 1977. გვ. 85-86
ს. ჯანაშია. შავიზღვისპირეთის საისტორიო გეოგრაფია. შრომები. ტ. VI. თბ. 1988. გვ. 212
* * *
აფშილ-აბაზგთა ეთნიკური კუთვნილების საკითხისათვის ნათია ფიფია აფხაზეთში ეთნიკური ცვლილებები დაიწყო ჯერ კიდევ ძვ. წ. II-I სს-ში ჰენიოხების დასავლეთით ჯიქების (ბერძ. ძიქები) ჩამოსვლა-დამკვიდრებით. ძვ. წ. II-I სს. წყაროებით დღევანდელი აფხაზეთის მთიანი ზონა ძირითადად სარმატული ტომებით დასახლებული მოჩანს. სარმატებში კი იგულისხმებიან სხვა ჩრდილოკავკასიურ მთის ტომებთან ერთად ჩერქეზულ-ადიღეული ტომებიც. სტრაბონის ჩვენებით, სვანების მეზობლად, მათ დასავლეთით, ცხოვრობდა მრავალი წვრილი ტომი, რომელთა დიდ ნაწილს სარმატები შეადგენდნენ, ხოლო ყველანი ერთად კავკასიელებად იწოდებოდნენ. დღევანდელი აფხაზეთის მთებში პლინიუსიც იხსენიებს სარმატულ ტომებს _ ეპაგერიტებს. პლინიუსის ეპაგერიტები, სტრაბონის კავკასიელი სარმატული (ჩერქეზულ-ადიღეური) ტომია. მოგვიანებით ხდება გარკვეული ეთნიკური ცვლილებები, რასაც უკავშირდება ის ტოპონიმიკური ცვლილება, რასაც V საუკუნის ანონიმი ადასტურებს.
აფშილები აფშილებს პირველად პლინიუსი (ახ. წ. I ს.) იხსენიებს დაახლოებით მდინარე ასტელეფთან (კოდორი) დიოსკურიასთან ახლოს. შემდეგ აფშილებს იხსენიებს არიანე (ახ. წ. II ს). V საუკუნის ანონიმისთვის აფსილები ლაზების ზემოთ ცხოვრობდნენ, მათ ზემოთ აბაზგები არიან.
აფშილები ტომაშეკის (RE) განსაზღვრით კოდორის ჩრდილოეთით მობინადრე აფხაზთა ტომი იყო, ბერძენთა უძველეს გეოგრაფებს ამიტომ აფშილები “კორაქსოს” სახელითა ჰყავთ მოხსენიებული, მათ ქვეყანას კი აფსილია, აბსილია, ქართულად აფშილეთი ეწოდებოდა. თვით სახელი ტომაშეკს აფხაზურ “აბჟიბ” _ “შუაგულისგან” ნაწარმოებად მიაჩნია.
აფშილებს ძირითადად, ისევე, როგორც აბაზგებს აფხაზურ-ადიღეურ ეთნიკურ წრეს მიაკუთვნებენ.
შ. ინალ-იფა აფშილების, რომლებიც მდ. კორაქსთან (დღ. კოდორი) ცხოვრობდნენ, ადრინდელი ავტორების კორაქსებთან იდენტიფიცირებას ახდენს, ხოლო თავად მდინარეს იხსენიებს, როგორც მოგვიანო ხანის ანტიკური წყაროების აფსილისს. მაგრამ ასეთი სახელწოდების მდინარე ჩვენთვის წყაროებიდან უცნობია. ეთნიკურად აფშილები, ისევე, როგორც აბაზგები, მისიმიანები და სანიგები აფხაზების უშუალო წინაპრები არიან, ხოლო ეთნონიმი აფსილი უკავშირდება აფხაზთა თვითსახელწოდებას “აფსუა”-ს. აფხაზთა თვითსახელწოდებასთან დაკავშირებით ს. ჯანაშიაც მიიჩნევს, რომ აფსილ-აფსუა-აფსარს ერთი და იგივე ძირი აქვს.
ზ. ანჩაბაძის აზრით, აფშილები, ანუ წებელდის I-V სს-ის კულტურის მატარებელი ტომი გენეტიკურად დაკავშირებულია წინამორბედ კოლხურ და ყობანურ ძვ. წ. I ათასწლეულის კულტურასთან. ეს მემკვიდრეობითობა ეთნიკურ მემკვიდრეობითობასაც გულისხმობს, ამასთან მიიჩნევს, რომ აფშილები, ისევე, როგორც აბასგები, კორაქსები, კოლები და სანიგები აფხაზთა უშუალო წინაპრები არიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს თ. თოდუას: წებელდური კულტურის ელემენტები გენეტიკურად უკავშირდებიან წინამორბედი ხანის კოლხურ-ყობანურ კულტურისას, რაც ძველი კოლხური მოსახლეობის ეთნოკულტურული ტრადიციების გაგრძელებაზე მიუთითებს, ხოლო რადგან მოსახლეობის დომინანტს აქ აფსილ-აბაზგები წარმოადგენდნენ, ისინი ეთნოკულტურულად ძველკოლხური მოსახლეობის უშუალო ჩამომავლებად უნდა ჩაითვალონ.
თ. გამყრელიძემ “აფსილ” _ აფშილები თანამედროვე “აფსუა-აფხაზებს” გენეტიკურად და ენობრივად დაუკავშირა და მათ შესაძლო წინაპრად მიიჩნია. მისი აზრით, ძველი “აბაზგ _ აფხაზები” თავდაპირველად ამათგან რაღაც განსხვავებულ ეთნოსს წარმოადგენდნენ, რომელთა სახელწოდება დროთა განმავლობაში გარკვეული სემანტიკური ცვალებადობის შემდეგ, საბოლოოდ გადატანილ იქნა ქართულ ენობრივ სამყაროში საკუთრივ “აფსუა _ აფშილებზე”, როგორც ისტორიული დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მკვიდრ ეთნოსზე.
ნ. აფხაზავამ აფშილები მეგრულ ეთნიკურ წრეს დაუკავშირა: “ალან-ოსებმა სუბსტრატული ტიპის მეგრელიზმები აფსილებთან (აფშილებთან) კონტაქტის შედეგად მიიღეს (ისინი VI-VII სს. კოდორის ხეობაში, სათავეებთან, ცხოვრობდნენ), რის მიხედვითაც ვასკვნით, რომ აფსილები ქართველური, მეგრულენოვანი ტომია, რაზეც მიუთითებს თვით ეთნონიმის წარმოების ქართული ფორმა აფს-ილ-ი, რომლის ქართველურობას თვით ყველაზე არაობიექტურად (ქართული მასალის მიმართ) განწყობილი მკვლევარნიც კი აღიარებენ. საფიქრებელია, რომ ეს ეთნონიმი ასეთი წარმოებით გაფორმებული ჩანს უკვე ძვ.წ. XII ს-ში ტიგლათფილესერ I-ის წარწერებში ნახსენებ სატომო სახელ აბეშ-ლაში”.
ამასთან დაკავშირებით აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ, ჩვენი აზრით, რადგან აფშილეთში შერეული მოსახლეობა იყო აფხაზური და მეგრული ეთნიკური ელემენტებისა, შესაბამისად ალან-ოსებსაც სუბსტრატული ტიპის მეგრელიზმები სწორედ აფშილეთში მოსახლე მეგრელებისგან უნდა მიეღოთ.
ქ. ლომთათიძის აზრით, აფშილი ქართულად გაფორმებული სახელწოდებაა და მიემართება იმ აფხაზებს, რომელთა ენაშიც იყო სისინ_შიშინა “ს”, ე. ი. დასავლეთის (ბზიფური) შტოს აფხაზებს. რაც შეეხება აფსილ სახეობას, იგი ქართული აფშილ-ის ბერძნულად გადაღებული ვარიანტია, ხოლო “ქართლის ცხოვრებაში” მოხსენიებული ტერმინი “აფსარი” მიემართება აღმოსავლურ-აფხაზურ ტომებს.
ჩვეულებრივ მიიჩნევენ, რომ II საუკუნეში ლაზებმა აფშილები ჩრდილოეთით განდევნეს, III-IV სს-ში კი აფშილები იკევებენ ოჩამჩირის, ოხურის, ზაგანის, ტამიშის, წებელდის, აზანთის და სხვა რაიონებს. IV-V სს-ში ისინი მდ. გუმისთის შუა დინების რაიონში (კამან I) იჭრებიან და თავიანთ საზღვარს თანამედროვე ახალ ათონამდე (ძველი ანაკოფია) განავრცობენ.
V-VI ს-ისთვის შეიმჩნევა აფსილ-აბაზგთა გადადგილება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, რასაც ძირითადათ ლაზური ტომების მოწოლით ხსნიან. ამ დროისთვის მათ უკვე ეკავათ ტერიტორია დაახლოებით მდ. კოდორიდან მდ. ფსოუმდე, თუმცა აფსილთა ნაწილი ზ. პაპასქირის აზრით, შესაძლოა, ჩარჩა მდ. კოდორის აღმოსავლეთითაც.
ახ. წ. VI ს-ისთვის, მ. ინაძის აზრით, დღევანდელი აფხაზეთის მიწა-წყალზე იქმნება, ერთი მხრივ, სამეურნეო და კულტურული განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომი აფსილთა ეთნოპოლიტიკური ერთეული, რომლის სამხრეთ მხარე გაქართველებულია (გალაზებულია), ჩრდილო-აღმოსავლეთით კი სვანთა გავლენის სფეროშია მოქცეული, ხოლო მეორეს მხრივ იქმნება აბაზგთა გაერთიანება. VII ს-ში საზოგადოებრივი განვითარების მხრივ აფხაზეთის მოსახლეობა ორი სვადასხვა სახეობისაა: პირველი ბარი, ეგრისწყლის (ღალიძგა) “ქვემოთი” ანუ მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სანაპირო ზოლის მკვიდრნი _ მეგრულ-ზანური და სვანური წარმომავლობის სანიგები და გალაზებული აფსილები, მეორე _ მთიანი ზოლის მოსახლეობა, რომელსაც შედარებით ნაკლებ განვითარებული მეტწილად აფხაზურ-ადიღეური ტომები შეადგენდნენ ანუ ლაზ-აფსილთა შერწყმის პროცესი, მ. ინაძის აზრით, გამოიხატა აფსილთა გალაზებაში. რაც შეეხება აფხაზეთის მთიანი რეგიონების მცხოვრებთ, სადაც მეზობელ და მონათესავე მთიელ აფსილებთან შერწყმის თანმხლები ეთნოპროცესები მიმიდინარეობს, ისინი მაინც ინარჩუნებენ თავიანთ განსხვავებულ აფხაზურ-ადიღეურ ეთნიკურ სახეს და ენას.
ჩვენი აზრით, აფსილთა გალაზება გამოიწვია არა ლაზებთან უშუალო მეზობლობამ, არამედ იმან, რომ თავიდანვე აფშილეთში მოსახლეობა შერეული (მეგრულ_ჭანური და აფხაზური) იყო. ამრიგად, ისტორიოგრაფიაში არსებული მოსაზრება, რომ აფსილთა სალაპარაკო ენას მეგრული (ლაზური) წარმოადგენდა (პ. ინგოროყვა, ნ. აფხაზავა და სხვ.), საფუძველს მოკლებული არ არის. ჩვენი აზრით, სალაპარაკო ენა აფშილეთში (უმეტესწილად ბარში) თანდათანობით მეგრული (ლაზური) გახდა, მას შემდეგ რაც ეს ორი ეთნოსი ერთმანეთს შეერწყა.
აბაზგები
აბასგები პირველად არიანესთან იხსენიებიან. არიანეს მიხედვით, აბასკები ზღვის სანაპიროზე არ მოსახლეობენ.
აბასკები ეთნიკური თვალსაზრისით, ისევე როგორც აფშილები, გ. მელიქიშვილის, შ. ინალ-იფას, მ. გუნბას, თ. გვანცელაძის და სხვათა აზრით აფხაზურ-ადიღეურ ტომებს მიეკუთვნებიან. ი. ვორონოვის აზრით, აბაზგები მოხსენიებამდე იყვნენ სანიგების შემადგენელი ნაწილი, ხოლო საკუთრივ სანიგებს მეცნიერი საძებს უკავშირებს და მათვე მიაკუთვნებს ტოპონიმს “გულრიფში”, აქედან გამომდინარე, აბაზგებს, აფხაზურ-ადიღეურ ეთნოსად მიიჩნევს.
კ. კუდრიავცევი აფშილებს, აბასკებს, დანდარიებს, კორაქსებს, ჰენიოხებს, ჯიქებს, აქეებს აფხაზურ-ადიღეურ ტომებად მიიჩნევს და თვლის, რომ ისინი უძველესი დროიდანვე დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ, ხოლო სტრაბონის მიერ აბაზგთა მოუხსენიებლობას მკვლევარი ავტორის ნაკლებად ინფორმირებულობით ხსნის, რაც ჩვენი აზრით, საფუძველს მოკლებულია, სტრაბონის “წვრილი ტომები” კავკასიონთან, სწორედ რომ აფშილ-აბაზგები არიან, რომლებიც ჯერ ბარში არ ჩამოსახლებულან.
მ. ინაძის აზრით, პლინიუსის აბზოე ტომები (აფხაზური) შესაძლოა აბაზგები არიან, რომლებიც შემდეგ ჩამოსახლდნენ. პლინიუსი აბაზებს შავიზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე არ იხსენიებს, ჩრდილო კავკასიაში მეოტიდისა და კასპიის ზღვებს შორის, ამ უკანასკნელის ახლოს აღნიშნავს “აბზოე” სახელწოდების მრავალრიცხოვან ტომებს, სხვა სარმატული ეთნიკური ჯგუფების გვერდით.
აბაზგთა წარმოშობის შესახებ არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც: პ. ინგოროყვა აბაზგებს, აფხაზებს _ ქართულ ეთნიკურ წრეს, კერძოდ კი მესხებს მიაკუთვნებს.
თ. გამყრელიძე აფხაზ-აბაზგებს დასავლურქართული წარმოშობის ტომებად მიიიჩნევს.
ო. კახაძის აზრით, ქართველებს ეთნონიმი აბხაზი < აბხაზა (<აბზახა < აბაზახა) ადიღეელთაგან (ჩერქეზთაგან) უსესხნიათ, რასაც “ხ” ელემენტი მოწმობს და მის მნიშვნელობაში იმთავითვე იგულისმებოდა ადიღეელები, კერძოდ აბაძახები და შესაძლებელია მათი მეზობელი აბაზა ტომიც. ხოლო ბერძნებს სწორედ ამ აბაზათაგან (და არა აფსართაგან) უნდა შეეთვისებინათ, რასაც გარდა კ (>ქ) ელემენტისა, ფუძე-ძირი αβασ (<აბაზ) მოწმობს და მისი მნიშვნელობა, უნდა ვიფიქროთ, იმთავითვე გულისხმობდა არა მარტო აფხაზურ ტომს, კერძოდ აბაზა-ს, არამედ მათ უშუალო მეზობელ და ახლო მონათესავე ადიღე ტომს, სახელდობრ, აბაძახებსაც.
* * *
ნათია ფიფია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. დაიბადა 1983 წელს. 2004 წელს წარჩინებით დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი (ბაკალავრიატი). 2006 წელს თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრატურა, იმავე წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი „მთიელთა ჩამოსახლება ანუ წელთაღრიცხვების მიჯნის receptio სისტემა დასავლეთ საქართველოში“. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ორი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოს ავტორი. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ანტიკური პერიოდის საქართველოს ისტორია; ისტორიის ფილოსოფია; ქართველთა ეთნოგენეზი. This post has been edited by Alpha on 29 Jul 2011, 05:56