ოპოზიციურად განწყობილ იუზერებს მივმართავ: ამ კაცის მაინც ხომ გჯერათ? (ბოლოში კანონში შეტანილი ცვლილებებიც არის მოყვანილი)
ახლადმიღებული კანონი საქართველოს ხელისუფლებას რელიგიური კონფესიებისთვის ქონების გადაცემის უფლებას არ აძლევს 12:36 - 08.07.2011
საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი რელიგიური კონფესიებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის უფლება არც სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე ჰქონდა და არც ამ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ეძლევა.
კერძოდ, თუ ცვლილებების მიღებამდე კანონი ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების არასამეწარმეო პირთათვის გადაცემას პირდაპირ უკრძალავდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის კანონი ქონების გადაცემას უშვებს, თუმცა სამოქალაქო კოდექსში ჩაიწერა, რომ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი არ ვრცელდება" და შესაბამისად, რელიგიურ გაერთიანებებს ქონება ვერ გადაეცემა.
აქედან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საეკლესიო ქონება სხვა კონფესიების საკუთრებაში შეიძლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდეს, თუ ხელისუფლება ახლადმიღებულ კანონს დაარღვევს, ან ახალ კანონს მიიღებს.
ამ თემაზე "პირWელი" კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
"დღემდე, სანამ სამოქალაქო კოდექსში ცვლილება შევიდოდა, რელიგიურ გაერთიანებებს არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით დარეგისტრირება შეეძლოთ, ახლა კი მათ სურვილის შემთხვევაში უფლება აქვთ, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი დარეგისტრირდნენ. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა განსხვავებულ უფლებებსა და პრივილეგიებს ანიჭებს ეს სტატუსი ამ გაერთიანებებს? თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ კანონს გადავხედავთ, იქ არის ნორმა ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული სსიპ-თვის ქონების გადაცემის შესახებ, თუმცა სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებებში წერია, რომ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი არ ვრცელდება". ანუ, თუ რაიმე პრივილეგიაა გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, ეს რელიგიურ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ამჟამად არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო ქონების რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემის საკითხი არ დგას, თუ, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ცალკე კანონი არ იქნა მიღებული", - განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ხმალაძის თქმით, მასაც სსიპ სტატუსი აქვს, თუმცა მისი უფლებები კონსტიტუციური შეთანხმებითაა განსაზღვურლი, მათ შორის - ქონების შესახებ. შესაბამისად, ის სრულიად განსხვავებული უფლებების მქონეა და სხვა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა მას არ შეეხება, ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმება ყველა სხვა კანონზე მაღლა დგას.
"რაც შეეხება სხვა რელიგიურ გაერთიანებებს, რომლებიც მომავალში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირდებიან, ისევე, როგორც ადრე სამოქალაქო კოდექსით იყო განსაზღვურლი, მათი უფლებები ახლაც არასამეწარმეო ორგანიზაციის უფლებებით შემოიფარგლება. ასე, რომ ორივესთვის ერთი და იგივე წესები იმოქმედებს" – განმარტა ექსპერტმა.
ამასთან, მისი აზრით, არის ერთი საფრთხე, რომელზეც დაფიქრება გვმართებს.
"საზოგადოდ (არა ამ კონკრეტული ცვლილებებით), სსიპ-ს, NGO-სთან შედარებით, პრივილეგიური უფლება აქვს, სახელმწიფოსგან ქონება მიიღოს. ალბათ, სწორედ ამის გამო შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიები საქართველოში მიღებულ კანონს კმაყოფილებით და მოსალოდნელია, რომ მათი მხრიდან გაჩნდეს მოთხოვნა, "თუ სსიპ ვართ, ჩვენც მოვითხოვთ, სახელმწიფომ გარკვეული ქონება გადმოგვცესო". კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონში მიღებული ცვლილებები სახელმწიფოს მათთვის ქონების გადაცემის უფლებამოსილებას არ აკისრებს, თუმცა ვინ იცის, რა ახალი მუხლი შეიძლება, ჩაიწეროს კანონში სამომავლოდ?!",- განაცხადა ხმალაძემ.
მისივე აზრით, ამ თვალსაზრისით სხვა სახელმწიფოებში არსებული პრაქტიკის შესწავლაა მნიშვნელოვანი.
"მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ყველა რელიგია, გარდა ანგლიკანურისა, საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსით მოქმედებს. ეს რომ ქართულ რეალობაში გადმოვიტანოთ, მივიღებთ არასამთავრობო ორგანზიაციას, რომელსაც გარკვეული საქველმოქედო პროფილის არჩევის შედეგად შეღავათები და პრივილეგიები ენიჭება. ბევრ ქვეყანაში "რელიგიური გაერთიანებების შესახებ" ცალკე კანონი მოქმედებს და ასეთ გაერთიანებებს, შესაბამისად, რელიგიური სტატუსი აქვთ" – აღნიშნა ექსპერტმა.
რაც შეეხება იმას, მომავალში რამდენად შეუძლია სახელმწიფოს მის მიერ მიღებული ცვლილებების გაუქმება, ვახტანგ ხმალაძის თქმით, მმართველ ძალას ეს "ისევე ადვილად შეუძლია, როგორც კანონი მიიღო, ხოლო უკვე მიღებული კანონის გაუქმება თავისთავად ახალი კანონის მიღებას ნიშნავს".
"ის, რაც გაკეთდა, განსაკუთრებით - იმის გამო, როგორც გაკეთდა, გარკვეულ დაძაბულობას ქმნის და ეს დაძაბულობა შესაძლოა, გაძლიერდეს. იმის მიხედვით, რა რეაქცია ექნება მიღებულ კანონზე საზოგადოებას, მისი შეცვლა-არშეცვლის გადაწყვეტილება განისაზღვრება. დღეს ვერ ვხედავ ხელისუფლების სურვილს, საზოგადოებისა და საპატრიარქოს აზრი გაითვალისწინოს", - დასძინა ხმალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 5 ივლისს მიიღო. პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საბოლოო ვარიანტს "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, #31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 1509-ე მუხლის
ა) პირველი ნაწილის "ვ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ვ) კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესია".
ბ) 1509-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ზ" ქვეპუნქტი:
ზ) ამ კოდექსის 15091 მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 15091 მუხლი:
"მუხლი 15091. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესი
1. რელიგიური გაერთიანებები შეიძლება, დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.
3. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა, ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის მე-2 თავით.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=74244&Itemid=1