SPLIYVI
СЭР - Свобода Это Рай

        
ჯგუფი: Members
წერილები: 57445
წევრი No.: 311
რეგისტრ.: 15-September 01
|
#26462252 · 14 Jul 2011, 19:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | კაცი, რომელიც არ დაჰხარბებია დედაქალაქში ცხოვრებას და მისი ცხოვრებიდ იდი ნაწილი საკუთარ სოფელში და მხარეში გაატარა! |
ო.ი. რა და, უნდა ვიფიქროთ... ერთი და ორი შტერი ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ სხვა უბედურება გვჭირს - ეროვნული გამოთაყვანება დაგვემართა! რომ იყოს გზა ხსნისა, ვხედავდეთ მაგ გზას, რა გვიჭირდა! ახლა გაზაფხულია, ხვნის და თესვის დრო. ყველა უნდა მუშაობდეს... ვინაა პატრონი? მოდით, ნახეთ, რამდენი მიწაა დაუმუშავებელი. ის ქვეყანა რა ქვეყანაა, პურის და ჭადის ნატეხი რომ სამათხოვრო გაუხდება კაცს.
- ვჩხუბობთ, ახალგაზრდობა არ გვივარგა-თქო! რას ჰქვია, არ გვივარგა? როგორც გაზარდე, იმნაირია, რას ერჩი ახალგაზრდობას?! კეთილი გენება და დაგეყენებინა გზაზე. ისინი ჩვენგან გაუბედურებული ახალგაზრდები არიან და ახლა არ მოგწონს? "ცემა გმართებს გამზრდელისა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილი!.." იმისთანა წყალწაღებული ერი ვართ, ყოველ გაზეთს აიღებ თუ ჟურნალს, დაუბეჭდე შიგ ილიას "ბედნიერი ერი" და დაინახავ, რაცა ვართ!.. ვივიწყებთ ამას ჩვენ. "ბაკულას ღორები" გაიხსენე, დავით კლდიაშვილის მოთხრობები. თუ არ წაიკითხავ არაფერს, არ გააცნობიერებ - ვერაფერს გაიგებ... გაუნათლებელია ერი და ქვეყანა - ამაშია საქმე! განათლება გასართობად კი არაა - აზროვნებისთვის არის!..
გაზაფხული გავიდა, ყანა დაუთესავია, აღარც მჭადი გვაქვს საკუთარი და აღარც - ყანა. რავარც კი გუნებაში ჩაიდებ - ვინცხას შევეფარები და მომიტეხავს პურსო, - მათხოვარი ხარ! მათხოვარს კი ზნეობა არა აქვს, მათხოვრები ქვეყანას არ აშენებენ, ისინი - მათხოვრობენ. მაგას ვტირი და ვჩივი - ეს დაგვღუპავს
ცხოვრებისეული ეპიზოდი. გთავაზობთ ერთ-ერთ ჩანაწერს.
ეს ამბავი მაინცდამაინც "ვნების კვირაში" და მაინცდამაინც "წითელ პარასკევს" მოხდა!.. ოტია და მე ჩემს მშობლიურ თერჯოლაში ვართ. დაგვირეკეს და გვითხრეს, რაიონის გამგებლის თაოსნობით, ახალგაზრდობის შეხვედრა დაუთქვამთ ოტია იოსელიანთანო. ვითომ, ორივე მწერალს გვიმართავდნენ შეხვედრას, სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, თავიდათავი, ოტია გახლდათ!..
ამიტომ, როცა მისალმების შემდეგ, გამოსვლამ მეც მომიწია, ვთქვი: მართალია, მეგობრებო, მეც გამრიეს მარაქაში, მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, მწერლობა ჯარივითაა, უმეტესწილად, რიგითი ჯარისკაცები შედიან მასში, შესაბამისად, წვრილფეხა ოფიცრობაც, მაიორ-პოლკოვნიკებიც და, რასაკვირველია, გენერლებიც. მე, მაგალითად, რიგით ჯარისკაცად ვთვლი თავს, ოტია კი გენერალია-მეთქი.
გვარიანი ტაში დავიმსახურე, კაი თავმდაბალი კაცი დამდგარხარო!.. წამოიჭრა მკვირცხლად ოტია, ასავსავებს ხელებს: მაგი კაციშვილმა არ იცის წინასწარ - ვინ შერჩება მწერლობას და ვინ - არა! ბალზაკმა, მოგეხსენებათ, ოცი ტომი სისულელეები წერა, ამას თავადაც აღიარებდა, მაგრამ საბოლოოდ, "შაგრენის ტყავი" დაუდო კაცობრიობასო!
ასე რომ, ნუ ვიქნებით ნამეტნავად სულსწრაფნი და ნუ ვეცდებით ცოცხალი მწერლების დახარისხებასო!.. დაინგრა ტაშით დარბაზი - ეს რა ტაქტიანი კაცი ყოფილა, "ზემლიაკი" არ დაგვიჩრდილაო!..
რასაკვირველია, ეგრეთ წოდებული "მეორე განყოფილებაც" გაეთვალისწინებინათ და, შეხვედრის შემდეგ (ბევრი ვიუარეთ, მაგრამ ვინ გათხოვა ყური!), ციმციმ წაგვიყვანეს სანაქებო მომცრო ოდაში, თურმე, მხოლოდ სასტუმროდ რომ აეგოთ.
სუფრას, რომ იტყვიან, ჩიტის რძეც არ აკლდა: ეს პირში წითელბოლოკგაჩრილი შებრაწული გოჭი ვარო, ეს ცივად მოხარშული მწიფე-მწიფე დედლებიო... ყაურმა, "ოსტრი", ნაირ-ნაირი თევზეულობა, ღლავიდან დაწყებული და ღორჯოებით დამთავრებული... ხიზილალა, ხაჭაპურები.
დასაბმელი გახდა ოტია: ეს რა გიქნიათ, ხალხო, დღეს წითელი პარასკევია, უმძიმესი მარხვა! რა დროს ღრეობა და ღვინის სმაა! კუჭატნელმა თუ იცოდა ეს, თქვენ რა ღმერთი გაგწყრომიათო!..
ლობიო რომ ლობიოა, ისიც არ ჰქონდათ სამარხვოდ! შეშფოთდა თამადა-გამგებელი, აფრინა ბიჭები რესტორან-სასაუზმეებში, მაგრამ, გაგიგონიათ? - არც ერთში არ აღმოჩენილა ლობიო! მივემარჯვეთ ოტია და მე მჭადსა და მწვანილეულს, ვიღოღნებით და ვაყოლებთ მსხლის ლიმონათს, ფერით რომ მაინც ჰგავდა ღვინოს.
უჭირს თამადას, იხტიბარი აქვს გატეხილი, ბოდიშობს, გვაპატიეთო! - არაფერი, არაფერი... მჭადია, რაც მთავარია, პურია, პრასიც ბლომადაა. საკმარისია! - გულწრფელობს ოტია, მაგრამ, ემჩნევა, ეკლებივით ესობა მისი სიტყვები გულზე თამადას.
- აგერ, პატივცემულო, კარტოფილი მიირთვით! - ეუბნება სახეშეჭარხლული ქალბატონი, - ეტყობოდა, შინაური გახლდათ, ადგილობრივი. - კაი დაგემართოთ, მარა ზეთშია ხომ შემწვარი! გვიკრძალავს.
ჩვენს პირდაპირ ახალგაზრდები სხედან. მე მგონი, დაირცხვინეს და იმათაც უარი თქვეს სახსნილო კერძებზე, დაეძალნენ პრასსა და მჭადს, იჭყიპებიან ლიმონათით. ოტიას ცა გაეხსნა - არ ყოფილა მთლად დაღუპული ქვეყანაო! მაგრამ კითხვით მაინც იკითხა:
- რავა, ბოვშებო, ხორცეულს არც თქვენ მიირთმევთ?! პირველი: დიახ, ბატონო ოტია, მე მარხვას ვიჭერ.
ოტიამ წამიერად შეათვალიერა ახალგაზრდა, გაზარმაცებული თვალის კუთხიდან ჭინკამ გამოჰყო თავი: - პოლიციელი ხარ?! მალულად ვიღიმები, ავანსად. ვატყობ, სიცილი იფეთქებს.
პირველი: არა, ბატონო, ბროკერად ვმუშაობ ქუთაისში. - რად ვმუშაობო?! - მომხედა თვალმოჭუტულმა და მუნდშტუკი მოიმარჯვა. - მაკლერი ყოფილა. - შენც კარგადა ხარ! - ჯიბეებს იჩხრეკს, სიგარეტს ეძებს, - ეგ რაღა დარდუბალაა?! - ვთქვათ, მავანი და მავანი სასწრაფოდ ყიდის ბინას. მიადგება ამას და ეს მუშტარს მოუძებნის, რისთვისაც გასამრჯელოს მიიღებს. ოტია: ქართულად თუ ვიტყვით, შუამავალი ნამყოფარა, ხომ? - აგრეა, კი. - აპა, მარხვას ვიჭერო, რატომ მითხარი?! - მიუბრუნდა ისევ იმ პირველს. უკვე თავის სტიქიაშია, - რა დაგიშავა, რომ იჭერ!
აქა-იქ ფხუკუნი გაისმა. შერცხვა ახალგაზრდას. თავი ჩაღუნა. - შენ რატომ? - ახლა მეორეს ეკითხება. მეორეს ეტყობოდა, კაი ხნის მომზადებული ჰქონდა პასუხი. - მე, ბატონო, მარხვას ვიცავ!
ოტია ისევ მე მომმართავს: გადამრევს ეს ხალხი! ერთი იჭერს, მეორე - იცავს! უკვე ყველას სიცილი წასკდა. - შენ? - შედის ნელ-ნელა აზარტში, - ბოლოს მესამესაც მიაპყრო მზერა. შეყოვნდა ოდნავ მესამე ახალგაზრდა. ეტყობოდა, პასუხს ირჩევდა გულში. - მე, ოტია ბატონო, მარხვაზე ვარ, - ცოტა გაუბედავად წაიბუტბუტა. - ხმამაღლა თქვი, გამაგონე, რას ამბობ! - მე მარხვაზე ვარ, ბატონო! - აჰა! შენ სულაც ზეიდან შეჯექი?!
საერთო ხარხარში ვერ გავარჩიე, რომელმა იკითხა: კი მარა, საინტერესოა, თვითონ ოტია იოსელიანი რატომ არ მიირთმევს ხორცს?! - მე, ჩემო ბატონო, ვმარხულობ, მარხული გახლავართ! არც აცივა, არც აცხელა და პირველი ახალგაზრდა მე მეკითხება: აკი იოსელიანიაო! მივუხვდი, "ქურხულის" მსგავსად "მარხულიც" მთიური გვარი ეგონა და ლამის გადავფიჩინდი სიცილით.
- რა მოხდა, რა გულამომჯდარი ხითხითდებდი წეღან?! - მკითხა ოტიამ, როცა მის "ნივაში" ჩავსხედით და გეზი დედაქალაქისაკენ ავიღეთ. მეც სიტყვასიტყვით გავუმეორე, რაც იმ პირველმა ახალგაზრდამ წამიჩურჩულა. - ეუჰ! ეგ სულ დაჩოჩებული ყოფილა, ეგ უბედური! - რა ეშველება ამ ხალხს! - ჩაილაპარაკა ყრუდ, უმატა გაზს და კარგა ხანს ხმა აღარ ამოუღია.
This post has been edited by SPLIYVI on 14 Jul 2011, 19:34
--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!
დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!
ციალა ვარ ბუღალტერი...
|