სამხრეთ აფრიკელმა ფერმერებმა სახლები და მიწები, ძირითადად, თბილისსა და ბათუმში იყიდეს
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...shi-iyides.htmlსასტუმრო "რედისონში" სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა (ბურების) პირველი კონგრესი მიმდინარეობს, რომელსაც 60-მდე ფერმერი ესწრება. კონგრესი დიასპორის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ გახსნა. მინისტრის განცხადებით, სამხრეთ აფრიკელ ფერმერთა კავშირსა და საქართველოს მხარეს შორის საქმიანი ურთიერთობები დაახლოებით ორი წელია დაიწყო და წარმატებით ვითარდება, რამაც საქართველოს ეკონომიკას უკვე რამდენიმე მილიონი ლარი მოუტანა.
"სამხრეთ აფრიკა წარმატებული ქვეყანაა სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, ისინი ჩვენ გამოცდილებას გვიზიარებენ. გარდა ამისა, რამდენიმე მილიონი ინვესტიცია უკვე შემოიტანეს საქართველოში, დასაქმდა საქართველოს უამრავი მოქალაქე და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. დღეს 25 სამხრეთ აფრიკელი ფერმერი უკვე საქართველოში მუშაობს", - განაცხადა პაპუნა დავითაიამ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილემ, ნიკა ავალიანმა განუცხადა, სამხრეთ აფრიკელმა ფერმერებმა აუქციონებზე და კერძო პირებისგან მიწები უკვე შეისყიდეს და მალე დიდი აგრომეურნეობის დაწყებასაც აპირებენ.
"მათ მიწები და საცხოვრებელი სახლები თბილისსა და ბათუმში იყიდეს, რაც შეეხება სამეურნეო საქმიანობას, დიდ ინტერესი აქვთ, რომ საქმიანობა ძირითადად კახეთში განავითარონ", - განაცხადა ნიკა ავალიანმა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ფერმერმა პიტ კემსმა განაცხადა, ორი წლის წინ საქართველოს შესახებ არაფერი იცოდა, თუმცა მისმა კოლეგებმა, რომლებიც საქართველოში იყვნენ ჩამოსულები აგროსიტუაციის გასაცნობად, უამბეს, რომ ფერმერული ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში ხელსაყრელი პირობები არსებობს. პიტ კემსი სართიჭალაში ოთხ ჰექტარ მიწაზე სათბურების მშენებლობას აპირებს. უკვე მზადყოფნაშია საირიგაციო სისტემაც.
"ძალიან მომწონს საქართველოს კლიმატი, მიწა და საერთოდ ქართველი ხალხი. ჩემი კოლეგების ნაამბობმა დამაინტერესა და უკვე წელიწადია შეუჩერებლად ვმუშაობ საქართველოში", - განაცხადა სამხრეთ აფრიკელმა ფერმერმა.
სამხრეთ აფრიკის სოფლის მეურნეობის კავშირის გენერალური მენეჯერი ბენ ვანზალი სამხრეთ აფრიკელ ფერმერებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებულ ურთიერთობებს უწევს კოორდინაციას. მისი თქმით, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და სამხრეთ აფრიკელი ფერმერები საქართველოს აგროკულტურასა და ფერმერულ ბიზენსს მნიშვნელოვნად განავითარებენ. მისივე თქმით, ქართული და სამხრეთ აფრიკული ურთიერთობები მხოლოდ აგროსექტორით არ შემოიფარგლება და შესაძლოა, საქართველოში მყოფმა უცხოელებმა თავიანთი შესაძლებლობები მშენებლობასა და სხვა დარგებშიც მოსინჯონ, რაც უცხოურ ინვესტიციებს გაზრდის საქართველოში.
დღევანდელი შეხვედრის მიზანს საქართველოში სამხრეთ აფრიკული ინვესტიციების მოზიდვა და სამხრეთ აფრიკელი ფერმერების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. პირველად მსგავსი კონგრესი ტრანსვაალის სასოფლო-სამეურნეო კავშირის ორგანიზებით, 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა.
კონგრესზე საქართველოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ სამხრეთ აფრიკელებს საქართველოს ბიზნესგარემო და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო კლიმატი გააცნო, სწორედ ამის შემდეგ მოხდა სამხრეთ აფრიკული მხარის საქართველოთი დაინტერესება და გადაწყდა, რომ სამომავლოდ მსგავსი კონგრესი საქართველოშიც გამართულიყო. სამხრეთ აფრიკის ეროვნულ აგრარულ კავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია წარმოადგენდა, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მას შემდეგ პროექტის ფარგლებში, რომელიც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ხორციელდება, საქართველოს 120-მდე ფერმერი სტუმრობდა, მათ შორის რამდენიმემ უკვე დაარეგისტრირა საქართველოში ბიზნესი, რამდენიმე ფერმერმა კი უკვე მსხვილი ინცვესიტიციების განსახორციელებლად კონსორციუმი შექმნა.
This post has been edited by Chakotay on 23 Apr 2012, 17:28