დღეიდან თბილისში მიკროვტობუსით მგზავრობა შესაძლოა ისევ 50 თეთრი გახდეს
იაგო ნაცვლიშვილი
(26.07.2011)
თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ პირობა დადო, რომ დღეს დილიდან დაელაპარაკება ყველა სამარშრუტო ხაზის ხელმძღვანელს და მათ რეკომენდაციითაც მიმართავს, რომ ძველ მიკროავტობუსებზე მგზავრობის ძველი ტარიფი - 50 თეთრი აღდგეს.
ამის შესახებ პარტია "მომავალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ლაღიძემ განაცხადა, რომელიც გუშინ მერიაში პირადად შეხვდა ჯოხაძეს. მანამდე კი მერიასთან "მომავალი საქართველოს" ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც მიკროავტობუსებით მგზავრობის 50-დან 80 თეთრამდე გაზრდა გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორებმა მიკრო-ავტობუსებზე გაზრდილი ტარიფები გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ფასების 50 თეთრიდან 80 თეთრამდე გაზრდა თბილისელებისთვის მიუღებელია. ლაღიძე თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვდა, მოგვიანებით მას.მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსთან შეხვედრაზე ჟურნალისტები არ შეუშვეს, მერიის კარი მხოლოდ ნაციონალური ტელევიზიებისთვის გაიღო. ჟურნალიტებმა სიტუაციის გარკვევის მიზნით საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა პატრული არ გამოცხადდა, მედიის წარმომადგენლებს პატრულის ოპერატორი დაუკავშირდა და განუმარტა, რომ მათ მერიაში სიტუაციის გაკონტროლების უფლება არ აქვთ და რომ მერიასთან სიტუაციას მერიის დაცვის თანამშრომლები აწესრიგებენ.
"პარტია "მომავალი საქართველომ" "მარშრუტკების" გაძვირება გააპროტესტა. ჩვენ გამაფრთხილებელი აქცია გავმართეთ, მოვითხოვეთ დედაქალაქის მერთან შეხვედრა, საბოლოოდ დედაქალაქის ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელს შევხვდით. საბოლოოდ შევჯერდით, რომ მერია სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებს დაურეკავს მათ ტრანსპორტზე ფასის გაიაფების შესახებ რეკომენდაციით მიმართავს.
"საღამოს 6 საათამდე მე მერიიდან საბოლოო პასუხს მივიღებ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მერიას იმ კერძო კომპანიებზე, რომლებმაც ტენდერში გაიმარჯვეს, უზარმაზარი გავლენა აქვს და იმ შემთხვევაში თუ მერია ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს, მაშინ ჩვენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს გავმართავთ. საღამოს დამიკავშირდით, მაშინ უკვე თქვენს შეკითხვებზე პასუხი მექნება და დეტალებს მაშინ გეტყვით.
"მერიის დაცვამ შენობაში მედიის წარმომადგენლები არ შემოუშვა, მხოლოდ ნაციონალური არხების - "რუსთავი 2"-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები შემოუშვეს. ჟურნალისტებმა პატრულიც გამოიძახეს, მაგრამ შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ მოვიდა", განაცხადა "რეზონანსთან" გიორგი ლაღიძემ.
"რეზონანსი" მერიის პრესცენტსაც დაუკავშირდა, პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა გიორგი ლაღიძეს მერიის კომპეტენციის ფრაგლებში მიკრო-ავტობუსების ფასების მატების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდა:
"რაც შეეხება იმას, რომ მერიდიან პასუხს ეტყვიან, ეს აბსურდია, მერია ტრანსპორტის ფასებს არ არეგულირებს. ჩვენ სატრანსპორტო კომპანიას გაიაფების შესახებ ვერ მივმართავდით ვერანაირად და არც მიგვიმართავს. მერიას ამის უფლება არ აქვს, სატრანსპორტო კომპანიამ ფასების მატების შესახებ რეკომენდაციით უკვე მოგვმართა. ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტია, რომ კომპანია გვიგზავნის რეკომენდაციას შეტყობინების სახით. თუმცა შეტყობინება დაგვიანებით შემოვიდა, რის გამოც ის კანონის შესაბამისად დაისაჯა, დაჯარიმდა 100 ლარის ოდენობით".
მოგვანებით "რეზონანსი" ლაღიძეს კვლავ დაუკავშირდა, ამ დროს მას პასუხი მერიდიან უკვე უნდა სცოდნოდა, თუმცა სიტუაცია კვლავაც გაურკვევლი იყო:
"აკაკი ჯოხაძემ მითხრა, რომ ტელეფონით ამ საკითხს ვერ აგვარებს, ხვალ დილიდან მერიის წარმომადგენლები სამარშრუტო ხაზებს შემოივლიან და ამის შემდეგ ხაზების ხელმძღვანელებს სამარშრუტო ტაქსებზე ფასების შემცირების თაობაზე მიმართავენ. საუბარია მათ შორის ახალ "მარშრუტკებზეც". ჯოხაძემ მთხოვა, რომ "თბილისის მიკრო-ავტობუსების" ხელმძღვანელობას ტარიფების შემცირების რეკომენდაციით პარტიამაც მიმართოს.
"მე არ ვიცი მერიის პრესსამსახურში რას აცხადებენ, მე გეუბნებით იმას, რაც მითხრა ქალაქის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა. შეგიძლიათ ინფორმაცია პირადად მასთან გადაამოწმოთ".
"რეზონანსი" ჯოხაძესთან დაკავშირებასაც შეეცადა, მაგრამ ის მობილურ ტელეფონს არ პასუხობდა.
მოგვიანებით ლაღიძე თავად დაგვიკავშირდა, ის ჯოხაძის კომენტარით დაინტერესდა... მან ბოლოს დასძინა: "არ ვიცი, რა ხდება რეალურად. მე იმას გეუბნებით, რასაც ჯოხაძე ჩემთან საუბარში აცხადებს. თუ შედეგი არ იქნება მიღწეული, პირობას ვდებ, რომ ფართომასშტაბიან აქციებს წამოვიწყებ."
"რეზონანსი" სატრანსპორტო პროფ. კავშირის ხელმძღვანელს ლავრენტი ალანიასაც დაუკავშირდა. მას მივმართეთ კითხვით, მერიის შუამდგომლობის შემთხვევაში რამდენად რეალურია მიკროავტობუსებით მგზავრობის გაიაფება.
"მე აქციის შესახებ სიუჟეტებს ტელევიზიის საშუალებით ვუყურე, სადაც მერიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კერძო სტრუქტურაში ჩვენ არ ვერევითო. მე ისიც კი ვერ გავიგე, ვის უნდა მიმართოს მერიამ ან ლაღიძემ. სამარშრუტო ტაქსებზე #4-ზე, #195-ზე და #7-ზე ფასების გაზრდა კომპანის ხელშეწყობით მოხდა, შემდეგ სხვა "მარშრუტკებმაც" გაზარდეს ფასი. ფასების მომატება ან დაკლება იმ ადამიანების გუნება-განწყობილებაზეა დამოკიდებული, ვინც "მარშრუტკების" მფლობელები არიან. რაღაც ეჭვი მეპარება, რომ შედეგი მიღწეული იქნას, ჩვენ ის მოვახერხეთ, რომ ზოგიერთ მარშრუტზე დროებით შევაჩერეთ ფასების გაზრდა. მძღოლებს ვთხოვდით, რომ გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის მოთხოვნები. ღმერთმა ქნას, რომ ფასები შემცირდეს, მაგრამ ამ საკითხს მე სკეპტიკურად ვუყურებ", - აღნიშნავს "რეზონანსთან" საუბრისას ლავრენტი ალანია.
შეგახსენებთ, რომ მიკროავტობისებით მგზავრობის გაძვირების გამო აქცია კვირასაც გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა სპეციალურად შემუშავებული რეზოლუცია გუშინ პრეზიდენტის, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე შეადგინეს და შესაბამის უწყებებში შეიტანეს.
"მარშრუტკებზე" ფასების მატება მოხდა როგორც მორალური, ასევე იურიდიული კანონების დარღვევით. თბილისის ვიცე-მერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ სამარშრუტო ტაქსების ღირებულება არ მოიმატებსო, სიცრუე აღმოჩნდა. საჯარო პირი საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს, სიცრუე კი დანაშაულია.
"მერი იმისთვის არის არჩეული, რომ მოქალაქეების მოთხოვნები გაითვალისწინოს, რომ მისმა უწყებამ ხალხზე იზრუნოს და არა კერძო კომპანიების ინტერესებზე. ტენდერის პირობებს მე დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამარშრუტო ბაზარი ერთი კომპანიის ხელში აღმოჩნდა ეს ტენდერის ჩატარების პირობებში გარკვეულ ეჭვებს იწვევს და მონოპლიზმის ნიშნებს აჩენს.
"მთავარი ის არის, რომ სამარშრუტო ტაქსებზე ფასების მატების შესახებ ხალხმა აქტიურად გამოთქვას პროტესტი და საკუთარი პრობლემები გააპროტესტოს. მოახლეობამ თუ არ გაითავისა, რომ ეს მათი პრობლემაა, მაშინ ამ ქვეყანაში არავის არაფერი ეშველება", - აცხადებს კვირას გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა რამიშვლი.
http://www.resonancedaily.com/index.php?id...=2&id_artc=7058