მოკლედ, ამას წინათ გადავეყარე ინტერნეტში ძაან საინტერესო ნაწერს. აგერ ნაკადული:
http://makharia.wordpress.com/2011/05/14/%...83%9C%EF%BF%BD/ აქ ატეხილმა აურზაურმა გამახსენა და კიდევ იმ გარემოეამ, რომ ამ სრულიად არაპოლიტიკურ თემას ბჭობთ პოლიტგანყში, და თან როგორც ვატყობ უმრავლესობა მეგრელია

)
ვავა ჩქინ ცოდა!
აგერ, თავად ნაწერი:
ძუკუსტანის (მარგალისტანის) გაჭირვება
May 14, 2011 by Makharia
3 Votes
ალბათ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი გაგება არსებობს მეობისა, იმდენი წარმოდგენა სკაუთარ მდგომარეობაზე, ღირსებებზე და ნაკლზე. ამ მხრივ ჩვენც (მეგრელობა) არ ვართ გამონაკლისი. ვიცი, ჩემი აზრი უფრო უცმირესობის აზრი იქნება, ვინემ უმრავლესობისა, მაგრამ მაინც მინდა მკითხველს ამ პატარა სტატიაში შევთავაზო ჩემი შეხედულებები მეგრელი კაცის ხასიათის მანკიერ ასპექტებზე და თუ რა გავლენა აქვს ამას მეგრული ენის აწმყოსა და მომავალზე და საერთოდ ჩვენი (მეგრელობის) ყოფაზე.
ენა, როგორც საზოგადოებაში მდგომარეობის ინდიკატორი
სამეგრელოში სამოქალაქო ცხოვრების მარეგულირებელი ნორმები თუ მორალი, შელახულია. გვინდა არ გვინდა, ეს უნდა ვაღიაროთ. სამეგრელო სავსეა ცოცხალ-მკვდრებით, ადამიანის მაგვარი ზომბი არსებებით. რეგიონში არ არსებობს ან თითქმის არ არსებობს ინტელექტუალური ცხოვრება. რა თმქა უნდა, აქ არ იგულისხმება ის, რომ სამეგრელოში მცხოვრები მეგრელები წიგნებს არ კითხულობენ ან ხალხი რომ განათლებას არ იღებს. არა ბატონებო, აქ ვგულისხმობ ცოტა სხვა რამეს: ერთია, როცა ადამიანი სათავისდო ვითარდება, და მეორე, როცა საზოგადეობა ვითარდება. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოების განვითარება აუცილებლად მოსდევს ცალკეული ინდივიდების განვითარებას. რა–ღა თქმა უნდა, ინდივიდების გარეშე არ არსებობს საზოგადოება და მათი განვითარების გარეშეც საზოგადოება წინ ვერ წავა, მაგრამ არის ერთი მნიშნველოვანი ასპექტი, რომელიც აუცილებლად უნდა დავნიხახოთ და შევაფასოთ: საზოგადოება უფრო მეტია ვიდრე ინდივიდების მექანიკური ჯამი და სწორედ აქ იჩენს თავს სამეგრელოს ჭირი: ჩვენ, როგორც საზოგადოება, უბრალოდ დისფუნქციური ვართ; არანაირი ძალა არ შეგვწევს ვმართოთ საკუთარი თავი და ამ ამოცანას ვანდობთ სხვას (ცენტრალურ ხელისუფლებას). შედეგი სახეზეა – მუდამ განუვითარებელი და ჩამორჩენილი სამეგრელო.
სამწუხაროდ, სამეგრელოს რჩეული შვილები განათლების მისაღებად რომ ტოვებენ მშობლიურ მხარეს, მერე უკან აღარ ბრუნდებიან. შესაბამისად ვერ ყალიბდება ადგილზე ის სოციალური ფენა, რომელმაც ინტელექტუალური ცხოვრების ტვირთი უნდა იკისროს, უფრო სწორედ ინტელეტუალის თვალით შეხედოს რეალობას და არა „ზვიადისტის“ ან „ქართველი მართლმადიდებლის“ ან „ვინმეთ მადიდებლის“. რომელიმე პირის ან რაიმე საგნის მადიდებლობას, რაც ჩვენ ასე ღრმად გაგვიჯდა ხასიათში, უამრავი უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ ახლა ამ მიმართულებით არ განვვითარდები. ამ სტატიის მიზანია მკითხველს შესთავაზოს ავტორის დაკვირვება და ნაფიქრი, თუ რანი ვართ რეალურად და რა ადგილი გვიჭირავს სამყაროში: ვართ კი ის, რაც ჩვენს უმრავლესობას ჰგონია?
მეგრელი კაცის მდგომარეობა კი არცთუ ისეთი სახარბიელოა საზოგადოებაში. მეგრელობა, მეგრულად საუბარი, ავტომატურად ნიშნავს, დაბალის სოციალურ წარმოშობას. ხშირად მეგრელს უწევს დაჯახება ზიზღის კედელთან, რომელსაც საზოგადოება აღუმართავს ცხვირწინ.
მსგავსი რამეების გამო, ბევრი მეგრელი სრულიად უარს ამბობს თავის წამომავლობაზე – ასეთი მეგრელები წყვეტენ მეგრულად საუბარს და რამდენადაც შეუძლიათ ისე დისტანცია უჭირავთ სამეგრელოსგან. ამ კატეგორიის მეგრელობა არ მიმაჩნია ღირსეულად. მიზეზსაც გეტყვით, რატომაც ვფიქრობ ასე: პირველ რიგში ასეთი პოზიციის დაჭერა მიმაჩნია ბრძოლაზე უარის თქმად, კონფორმიზმად. რა თქმა უნდა, ბრძოლაში არ ვგულისხმობ იარაღით ბრძოლას. ვგულისხმობ, სამოქალაქო ბრძოლასა და აქტიურობას. მაგრამ ძუკუს ბრძოლას ზამზარეულ მაგიდასთან მიჯდომა ურჩევნია, თუნდაც მონად, მოსამსახურედ, მეორეხარისხოვნად (რაც გინდათ დაარქვით), მაგრამ მაინც მაგიდა და სკამი ურჩევნია ბრძოლის ველს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ სტატუსში მისი მაგიდასთან მიჯდომას არ აღიარებს და იჩემებს იმ სახელსა და სტატუსს, რომელიც მას არა აქვს.
მეორეც, რატომღაც ძუკუს ჰგონია, რომ საკმარისია ქართულად ისაუბრო, რომ გონება გაგეხსნას. არა ბატონო ძუკუ: გონებას ხსნის ბევრი მუშაობა (გონების მუშაობა), ცოდნის დაგროვება, ყოველდღიური წვალება და დაკვირვება, ანალიზი, მძიმე ფიქრების არ მორიდება, სიმართლისათვის (რეალობისათვის) თვალის გასწორება და არა უბრალოდ საუბარი (ლაყბობა). შეიძლება ფრანგულად ისაუბრო, მაგრამ ფრანგული კულტურის მადლი არ გადმოვიდეს შენზე, თუ რა თქმა უნდა, საკუთარ სულში არ გაატარე რაღაც ღირებულებები, თუ საკუთარი თავისგან არ გამოძერწე ადამიანი. მოკლედ, ეს არის რთული პროცესი, რომელიც დიდ შინაგან, სულიერ მუშაობას მოითხოვს. მაგრამ ძუკუს მუშაობა არ უყვარს, მას „კაცურ კაცობით“ (ვაი კაცობით), სხვისი ხარჯით, ნათესაობით, დ.ა.შ. უნდა კაი ცხოვერება და ღირსება სულ არ ახსენდება ამ დროს. არ ფიქრობს იმაზე, რომ კაცის კაცობით მიღწეულით დაკმაყოფილება, ნიშნავს არსებულ დამამცირებელ რეალობასთან შეგუებას, კედლის იმ ნაწილად გახდომას, რომელიც საკუთარ თანამოძმეებს აღემართებათ წინ, რომელიც უღელივით აწვება სხვებს და აუტანელს ხდის ცხოვრებას სამეგრელოში.
ბაქიაობა, ნაცარქექიობა
ძუკუს გამორჩეული თვისებაა სხვისი ინტელექტის და მიღწევების არ დანახვაა. იშვიათად, რომ ძუკუმ იოლად არ შეხედოს სხვისი გარჯის შედეგებს. სპეციალურად სიტყვაც კი არსებობს მეგრულში ამ თვისების თუ ქმედების აღსანიშნავად: „მოეფაფა“. ღმერთო, რაოდენ ზუსტად განსაზღვრავს ეს სიტყვა ძუკუს ხასიათს!
რამდენი ძუკუა, სიგარეტის ფული რომ არ აქვს, 24 საათი „ბირჟაზე“ დგას და არჩევს მსოფლიო პოლიტიკის ამბებს. რაოდენ მტკივნეულია ამის ნახვა, როცა იცი რომ სამეგრელო პირველ ადგილზეა (თბილისის შემდეგ) პატიმრების, ნარკომანების და შიდსით თაავადებული ადამიანებით. მაგრამ, ძუკუსთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა, ის ჯიუტად ხუჭავს თვალებს რეალობაზე, და არჩევს მსოფლიო პოლიტიკის ამბებს, უწყვია ჯიბეში ხელი და ჭორაობს გეოპოლიტიკაზე, ქურდებზე, ბოზებზე, მეზობლებზე და საკუთარ თავზე. არც მეგრული ენის ბედი აღელვებს დიდად. „იცის“ რომ ის მრავალეფეროვანია, რომ „მაგარია“, რომ ძველია, მაგრამ თითის განძრევა არ უნდა, რომ გადაარჩინოს, შეინახოს, მომავალ თობებს გადასცეს.
დაკარგული დრო, უქმად გატარებული საუკუნეები, სიბნელეში გატარებული ათწლეულები, კიდევ უფრო ბნელ და უღირსი ყოფის მომავალ ათწლეულებს რომ უდებენ საფუძველს – ეს არის ის, რასაც ასეთი ხასიათი უდებს სათავეს.
ძუკუს ხასიათის ყველაზე მავნე თვისება მაინც თავისი მსგავსი აზროვენბის გენერირებაა. ძუკუ ვერ იტანს განსხვავებულ აზრს, ვერ იტანს თავის რეალურ მდგომარეობაზე შეხსენებას. მას უნდა, რომ ამაყად ეჭიროს თავი და ამისათვის დინჯად აქვს მიწაში ჩარჭობილი სააზროვნოდ ღვთისგან ბოძებული ორგანო და დგას სირაქლემას პოზაში.
ერთ-ერთი ადგილი, სადაც ძუკუს ხახიათი კარგად დემონსტრირდება არის თბილისის ფორუმი. ვიღაცაც გადაუწყვეტია ბჭობა მეგრულის დიალექტობაზე. ბევრი გვერდი დალეულა ამ თემაზე დავაში. ბევრი ძუკუ შემოვარდნილა თავქუდმოგლეჯილი და, რა თქმა უნდა, ცხარედ ჩართულა კამათში. ამდენ კამათში მონაწილე ძუკუს რომ რამე დაეწერა, მცირეოდენი მაინც მეგრულად, ვინ იცის რამდენი სიტყვა დროებით მაინც გაცოცხლდებოდა ინტერნეტში, რამდენი გაშლიდა ფრთებს და იქნებ ახალი სიტყვაც კი შემატებოდა დაბეჩავებულ მეგრულ ენას. მაგრამ ამ მსოფლმხედველობას საქმის კეთების სუნი უდის. ძუკუ არ არის „მოხანდე,“ ძუკუ უფრო უფრო „ალმახანდეა“ ბუნებით, და ხშირად მხოლოდ „ალმაძიგვინე“. მართლაც რომ „ალმაძიგვინე“, წურბელასავით მიტმასნული სხვის საქმეებს, სხვის მიღწევებს, რომ მისი შედეგები მოიმკოს ვითომ თავისი აქტიური მონაწილეობით.
მეგრული ენის მცოდნეებიდან, რომლებიც აქ კამათში ატარებენ დღეს და ღამეს, რამეს ქმნის მეგრულისთვის? ამდენს რომ წერთ, რამე თარგმნეთ ან რამე ორიგინალური დაწერეთ?! რა თქმა უნდა არა! ეს ხომ ძუკუს ხასიათს არ შეეფერება?! ამას ხომ ძუკუ ვერ გააკეთებს?! ის კამათისთვის (ამ სიტყვის ძუკუსეული გაგებით), ბირჟაობისთვის და ბაქიაობისთვის არის გაჩენილი. მას არ შეუძლია მშვიდად დაჯდეს, მოიფიქროს, დაგეგმოს და განახორციელოს. ვიმეორებ, ძუკუში მოშლილია შრომის მოყვარეობა, სწრაფვა ამაღლებულისაკენ, შორეული, არა ამწუთიერი სარგებლისათვის შრომა. ძუკუს აკლია თვდადება ისეთი რამისთვის, რაც იმწუთიერად არ მოუტანს შედეგს, მითუმეტეს ისეთი საქმისთვის თავის გადადება, რომელიც მხოლოდ მომავალ თობებს თუ გამოადგებათ. არა, ძუკუს ასეთი საქმის კეთება არ შეუძლია. მას შეუძლია მხოლოდ ბაქიაობა, ლანძღვა, გინება, „კამათი.“
ქედმაღლობა
ძუკუს ენ რაოდენობის მანკიერებიდან გამოირჩევა სიბრიყვით გაჯერებული ქედმაღლობა.
ახლავე მოგახსენებთ რატომ მგონია ძუკუ ქედმაღალი: ფაქტია, რომ ის რაც მხოლოდ ძუკუს იმედზე იყო, მაგალითდ „ძუკუსტანი“, ან მეგრული ენა, სავალოლო მდგომარეობაშია. გნებავთ კოლხეთი, გნებავთ ეგრისი, აღიგვა პირისაგან მიწისა და დარჩა დიდი კულტურული სიცარიელე, რომელიც შავსო და მომავალსიც შეივსება სხვა კულტურით. ამ ოდესღაც რეგიონის დონეზე ვრცელ სახელმწიფოს ადგილზე დარჩა ერთი ჩია პროვინცია. მეგრული ენა კი ამოძირკვის საფრთხის წინაშე დადგა. მიუხედავად ამისა, ძუკუ სხვა ხალხებს უყურებს ზევიდან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მართლაც ასეა. მაგალითად, ძუკუ ზემოდან უყურებს სომხებს. ზოგადად, არ მიყვარს ამპარტავნობა, არც ძუკუსი და არც სომხისა. ვიცი სომხების დიდი ნაწილის მიდრეკილება ისტორიული ბაქიაობისკენ, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ბევრი რამეც აქვთ გაკეთებული. თუნდაც ის რომ ანბანი აქვთ, თუნდაც ის რომ ლიტერატურა, და თავიანთი ეკლესია აქვთ, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ძუკუს კიდევ დგას ამაყად და ზემოდან უყურებს სომეხს. ვიღაცეები აუცილებლად იკითხავენ, განა ქართული ანბანი არ არის ძუკუსი, განა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა არ არის ძუკუს ეკლესიის დამოუკიდებლობა?
უკიდურესი მატერიალიზმი
ვიღაცა იტყვის ალბათ, ძუკუ კი არა, მთელი ქვეყანაა ამ ავადმყოფობით დაავადებულიო. ამაშიც დავეთანხმები მკითხველს, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ძუკუს მატერიალიზმს ეწირება ენა, გაურკვეველი ვადით ხდება ღირსეული ყოფის გადადება.
ხვდება ძუკუ, რომ თუ მან მეგრულის ენობა დაიჩემა, თუ მან მისდამი სიყვარული საჯაროდ გამოამჟღავნა, იგი დაკარგავს თავის სოციალურ მდგომარეობას, კავშირებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში წარმატების მისაღწევად. ხოდა, ნაცვლად იმისა, რომ მისდამი ასეთ ცუდ დამოკიდებულებას სამოქალაქო აქტივობადაუპირისპიროს, იგი თმობს ენას – საბოლოო ჯამში მატერიალური კეთილდღეობისათვის. ამაზრზენია ასეთი ძუკუს ნახვა – მეგრული აქცენტით ქართულად მოსაუბრე ძუკუ, რომელიც დასცინის სხვა ძუკუს მეგრულად საუბრისთვის. მსგავსი სოციალური მუტანტები ბლომად არიან ჩვენში. ადამიანები, რომლებიც არანაირ სოციალურ პასუხისმგებლობას არ ატარებენ თავიანთი მშობლიური მხარის წინაშე, თავიანთი მშობლიურ ენასთნ მიმამრთებაში. ბევრი გაქართებული, იმის შიშით, რომ „სასტავიდან“ არ ამოვარდეს, ან იმის შიშით, რომ „სასტავში“ არ მიიღონ, საერთოდ უარყოფს მეგრულის ცოდნას, თუმცა მშვენივრად იცის და ესმის.
გასაგებია, რომ ჩვენ ისტორიის ქარტეხილების, საკუთარი სიბნელის (დიახ, სიბნელის!!!) და თუ სხვა გარემოებების გამო ვერ თუ არ შევქმენით ჩვენი მწერლობა, გასაგებია, რომ შესაბამისად, მეგრულს აქვს დაბალი სოციალური პრესტიჟი, მაგრამ თუ მეგრელების იმ ნაწილმა, რომლებიც ინტელექტუალურად აქტიურები არიან, გაემიჯნენ ყოველგვარ მეგრულს, მაშინ, ენის პრესტიჟი დაცემა გაგრძელდება. ენის პრესტიჟზე ძაან ბევრი რამ არის დამოკიდებული და განსაკუთრბით კი ენის მომავალი. ვფიქრობ, ენის გადარჩენისთვის ეს არსებითია. ასევე მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი იმ დამოკიდებულების განსაზღვრაში, რომელსაც დანარჩენი ქართველობა აირჩევს მეგრულისადმი. თუ განათლებულმა ხალხმა არ გაბედა (!) და არ ისაუბრა მეგრულად, მაშინ მეგრულს „გაუნათლებელი“ ხალხის თუ დაბალი სოციალური ფენის ენის იარლიყი მიეკვრებვა (უკვე აქვს ჩემი აზრით), რაც კიდევ უფრო გაამძაფრებს მის მიმართ უარყოფით განწყობას და საზოგადოების მიერ იმ ადამიანების „გატისკვას“, ვისაც მეგრული წამოშობა და ენისადმი სიყვარული აქვს. თუ ვინმეს ნანახი ჰყავს რომელიმე ქართულ ორგანიზაციაში მომუშვე საშუალო ან დაბალი რგოლის მეგრელი თანამშრომელი, რომლის თანამშრომლების უმრავლესობა არამეგრელია, მიმიხვდება რასაც ვგულისხმობ.
როგორ წყდება ეს საკითხები? როგორ უნდა გაუმჯობესდეს მდგომარეობა?
იმ ქვეყნებში, რომელსაც სხვათშორის ძუკუები დასცინიან, და ის ხალხები, რომლებსაც ძუკუ ზემოდან უყურებს, მსგავსი საკითხები, მშვიდად, სამოქალაქო აქტივობით წყდება. ჩვენთან კი რა ხდება? რამდენადაც სამოქალაქო აქტივობას სამოქალაქო ცნობიერება სჭირდება, ასეთი ცნობიერება კი ძუკუებს არა აქვთ (ჯერ კიდევ შუა საუკუნეების დროინდელი, ან უფრო ადრინდელი, აზროვნება გვაქვს ბევრ რამესთან მიმართებაში), მისი აქტივობა ორ რამეში ვლინდება: ერთი, მეგრულისგან სრულ დისტანცირებაში და ქართულ საზოგადოებაში ათქვეფაში, მეორე რუსეთში ან სხვა ქვეყნებში გახიზნული კრიმინალი ძუკუების პროტესტში. ამ უკანსკნელებზე ერთი ორი სიტყვა რომ არ ვთქვა არ შემიძლია. უბრალოდ ამის ნებას ვერ მივცემ საკუთრ თავს:
სიბნელის განსაკუთრებული ერთეულს წარმოადგენს კრიმინალი ძუკუ, რომელიც მხოლოდ ორ ფერს ხედავს: წითელს და შავს. მზგავსი დესტრუქციული ელემენტების მყოლე ძუკუსტანი, ვერასოდეს დადგება ფეხზე, ვერასოდეს დაიკავებს ღირსეულ ადგილს საქართველოში.
სამწუხაროდ, მეგრული ენის ყველაზე აქტიური მატარებლები, სწორედ შავი ძუკუები არიან და შეიძლება სწორედ ისინი დარჩნენ. სამწუხაროდ იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში მეგრულად პრაქტიკულად რაიმე ამაღლებულის შექმნა გამორიცხულია.
უკიდურესობა
მეგობრებო, გადახედეთ მეგრულ საიტებს. პირველ რიგში თვალში რაც მოგხვდებათ არის უკიდურესობები, რომელშიც ძუკუ ვარდება. „სამეგრელო საქართველოს ულამაზესი კუთხეა“ – ეს ამოვიკითხე ერთ-ერთ საიტზე. „სამეგრელოში უნიჭიერესი ხალხი ცხოვრობს“, „მეგრული ენა უმდიდრესი ენაა“ – ასეთი ფრაზებით არის გადაჭედილი მეგრელის კაცის „ნააზრევი“ რაც წამიკითხავს ინტერნეტში. ძუკუ დარწმუნებულია, რომ მეგრული მდიდარია არა რომელიმე ენასთან შედარებით, არა თუნდაც მდიდარი ზოგადი სტანდარტებიდან გამომდინარე, არამედ „უმდიდრესი“. და ეს იმ ენაზეა საუბარი, რომელიც სულს ღაფავს, რომელზეც საუბარი უკვე ადამიანისათვის სოციალური სტატუსი განმსაზღვრელია, მისდამი უარყოფითი დამოკიდებულების უცილებელი გარანტი.
საოცარია, რომ მეგრელისა და მეგრულისადმი უკიდურესად აშკარად უარყოფითი, დამცინავი, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი დამოკიდებულებისა, ძუკუ მაინც იძახის მეგრული უმდიდრესი არისო, მეგრული ულამაზესი არისო, მეგრული ჰაეროვანი არისო და რომ მეგრელები „უნიჭიერესები“ არიანო. თუმცა, ამის სადემონსტრაციოდ, ერთ მეგრულენოვან წიგნსა თუ ნაშრომს ვერ დადებს.
საკუთარი ადგილის ვერ გაგება
თავმოყავრეობის დაჩლუნგებული გრძნობა და აქედან გამომდინარე ყველა მანკიერი მხარე, განსაკუთრებით კი საკუთარი თავის მოტყუება თავისივე მდგომარეობასთან დაკავშირებით არის ძუკუს კიდევ ერთი „ღირსება“.
სიბრიყვემდე მისული ზედაპირულობა
ძუკუს კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისება, რომელიც გონებაში ამომიტივტივდა დაფიქრებისთანავე, არის, რაღა თქმა უნდა, უკიდურესი ზედაპირულობა! სიბრიყვის ზღვარს მიღწეული გულუბრყვილობა არის ძუკუს გამორჩეული თვისება. ამ თვისების, რომელზეც საუბარი მსურს, ბევრი სახელის მოძებნა შეიძლება, რომელიც ძუკუს ხასიათის ამ ნაწილის (თვისების) ცალკეულ შტრიხებზე დასვავდა აქცენტს. თუმცა, მკითხველის ყურადღებას დავზოგავ და ერთ ზოგად ტერმინს, ინფანტილიზმს გამოვიყენებ ქვემოთ.
ძუკუს ინფანტილიზმის დასასაბუთებლად ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება. მაგ. ძუკუს ჰგონია, რომ მეგრული არის ენათა ენა. მეტიც, დარწმუნებულია (მეგრული ენის გულშემატკივართა სამწუხაროდ), რომ რაღაც მანქანებით (ყველგვარი გარჯის გარეშე!!!) მეგრული მუდამ იარსებებს, ან რომ „დიდოუ ნანას“ ან „აშო ჩელას“ სიმღერებით შეიძლება გაზომო სამეგრელოს, თუ მეგრელების განვითრება. ალბათ, გაზომვა კი შეიძლება, მაგრამ ამ გაზომვის შედეგად თუ კაცი მიხვედი დასკვანმდე, რომ ჩვენ პროგრესს ვუდგავართ სათავეში, რომ მეგრული ენა ყვავის და ლამისაა მალე მასზე შედევრები შეიქმნება, ეს სხვა არაფერია თუ არა გულუბრყვილობა და ინფანტილიზმი.
ძუკუს ინფანტილიზმის კიდევ ერთი დემონსტრაცია: ძუკუს ჰგონია, რომ მეგრულზე უნდა იზრუნოს დანარჩენმა ქართველობამ. და ზოგი ძუკუ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბრაზდება კიდეც, რომ ამას დანარჩენი ქართველობა არ აკეთებს. ხომ არის ეს ინფანტილიზმი?!
ძუკუს გონია, რომ მეგრულ ენას დიდი პოტენცია აქვს. ეს უაღრესად დიდი ინფანტილიზმია. განა დავიწყების საფრთხის წინ არ დგას მეგრული? განა სულ უფროდაუფრო ცოტა ადამიანი არ საუბრობს მეგრულად? განა ვინც საუბრობს იმათში სულ უფროდაუფრო მეტი არ იყენებს ქართულ/რუსულ სიტყვებს, მაშინაც კი როცა შესატყვისი მეგრული არსებობს?
თვალი გავახილოთ, შევხედოთ სიმართლეს თვალებში, დავინახოთ ჩვენი რეალური მდგომარეობა და ღვთის წყალობით იქნებ ძალაც მოგვეცეს და გავმიართოთ წელში, და დავიცვათ ჩვენი ღირსსება – მშობლიური ენა და ღირსეული მომავალი!