| niktagva Super Crazy Member +++
 
  
 
          ჯგუფი: Members
 წერილები: 30928
 წევრი No.: 93747
 რეგისტრ.: 16-June 09
 
 
   | #26825637 · 8 Aug 2011, 18:27  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  Zichiდავდებ, მაგრამ ახლა ახალგაზრდა შეყვარებულებისთვის დავდებ ერთ მოთხრობას:
 
 ალექსანდრე დესნა
 
 საკონტროლო ფსიქოლოგიაში
 
 ხანდახან რა არ ხდება ამ ქვეყნად! ცხოვრობდა თავისთვის ადამიანი, მშვიდად, წყნარად, უნივერსიტეტში სწავლობდა, ლექციებს უსმენდა, გამოცდებს აბარებდა, კურსიდან კურსზე გადადიოდა, აწყობდა მომავლის სასიამოვნო გეგმებს... უცებ - მზერა, გაღიმება, ოქროსფერი კულული, წყვილი ფეხი მინის ქვეშ, - და ყველაფერი ყირამალა დატრიალდა: უნივერსიტეტი ყელში ამოუვიდა, ლექციები შეზიზღდა, ძველი მშვიდი და მოზომილი ცხოვრება კი სულელური და მოსაწყენი გახდა.
 ამისტანა  რა მოხდაო? არაფერი განსაკუთრებული! უბრალოდ გაზაფხული მოვიდა,  და როგორც ყოველთვის, მისი დადგომისთანავე,  უცებ  წარმოუდგენელი ძალით ყველას ვიღაცისკენ გაუწია გულმა:  კატებს - კატებისკენ, ქმრებს- ცოლებისკენ (უფრო ხშირად სხვების), ცოლებს ქმრებისკენ (როგორც წესი, ისევ სხვისი), ლიტერატურული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტ ვიქტორ ცაპლინს კი მომხიბვლელ და ცისფერთვალება თანაკურსელ ოლია მოროზოვასკენ.
 ვიქტორი მოულოდნელ სიყვარულს უფრო მწარედ და მძიმედ იტანდა, ვიდრე ყველაზე საშიშ და საშინელ გამოცდისთვის მზადებას. ურთიერთობა ყველასთან გაწყვიტა, არაფერი ახარებდა, დღე და ღამე ოლიას სურათს მიშტერებოდა და უაზრო ლექსებს წერდა, ღამით უძილობა სტანჯავდა, იჯდა სამზარეულოში, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და დაუოკებელ ვნებას ღვინით იქარვებდა...
 ვიქტორი უნივერსიტეტში ოლიას გარდა ვერავის ხედავდა და არავისი ესმოდა. შინ და გარეთ კი საერთოდ ვერავის ამჩნევდა და ესმოდა, რის გამოც ხშირად ვარდებოდა სხვადასხვა უსიმოვნო სიტუაციაში. თუმცა უსიამოვნებები ნაკლებად აღელვებდა: ვიქტორის აზრები მხოლოდ ოლიას გარეშე ტრიალებდა -  მისი ნათელი ცისფერი თვალების, მომხიბვლელი ღიმილის, ოქროსფერი კულულების, ულამაზესი, მაღალი ფეხების და საერთოდ ყველაფრის....
 ოლია კი თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. არადა, როგორ უნდა შეემჩნია, როცა ვიქტორი არათუ სიტყვიერად, მზერითაც კი ვერ ბედავდა საკუთარი გრძნობა გაემხილა?მშიშარა არ იყო, არც გამოცდების, არც მკაცრი გამომცდელების, არც მოჭრიალე ლიფტების, არც მთვრალი მოზარდების არ ეშინოდა. თავისი გაუმართავმუხრუჭებიანი მოტოციკლიც არ აშინებდა, არც მეზობლის ავ ბულდოგს უფრთხოდა! აი, ქალების კი ეშინოდა. განსაკუთრებით ახალგაზრდების. და განსაკუთრებით ძალიან ლამაზების...
 გადიოდა კვირები. ვიქტორი ჩუმად იყო, ოლიას დანახვაზე თავს ხრიდა და მზერას არიდებდა.სულ უფრო მძიმე სანახავი იყო ვიქტორის ოხვრის მოსმენა.
 დედა გაკვირვებული იყო შვილის საქციელით და არ იცოდა რა ეფიქრა. კარგად ხედავდა ღამეებს რომ ათენებდა და საერთოდ არ ჭამდა არაფერს. პედაგოგებიც ხელებს შლიდნენ: სად გაქრა ის ბეჯითი ვიქტორი, რატომ არის ასეთი გაფანტული ლექციებზე? ვიქტორი კი თავს იქექავდა იმის იმედით, რომ ამ გზით იპოვიდა პასუხს კითხვაზე - ახლა რა ვქნა?
 ბოლოს, როცა ტანჯვა აუტანელი გახდა, ვიქტორმა გადაწყვიტა ბედი ეცადა.
 "რაც იქნება იქნება! - გაიფიქრა მან. - საპასუხო გრძნობაზე ფიქრიც კი  სისულელეა, სასაცილოდ ამიგდებს, მაგრამ...მაგრამ, დაე ასე მოხდეს, ვიდრე გაურკვევლობა!"
 და ერთხელ, საღამოს, გამოპრანჭული, შოკოლადის კოლოფით  და არჩვეულებრივი ვარდებით ხელში, ოლიას სახლისკენ გაემართა. თან საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ დღესვე გაუმხელდა თავის გრძნობას.
 ოლია შორს, ქალაქის მეორე ბოლოში ცხოვრობდა. სანამ მის სახლამდე მიაღწევდა შემართებიდან თითქმის აღარაფერი დარჩა და ოლიას სადარბაზოში შესულს ვიღაცის წრიპინა, მშიშარა ხმამ ჩასძახა:  "ვიტია, ეს საშიშია! სანამ დროა მოკურცხლე აქედან!"
 "არა! - შეეწინააღმდეგა უფრო მტკიცე ხმა. - შენი შიში უნდა დასძლიო. ვერ დაძლევ და გაიქცევი  - სარკეში საკუთარ ტავს როგორ შეხედავ? წინ, ვიტია! მხოლოდ წინ! მოიქეცი ისე, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება!!"
 _ კარგი, - ამოიოხრა ვიქტორმა - ვცდი.
 და ოლიას ბინის კარს თითის წვერებით მიუახლოვდა.
 საჩვენებელი თითი ზარისკენ გაემართა, რამდენიმე წამით გაშეშდა - და უცებ შარვლის ჯიბეში გაუჩინარდა.
 ვიქტორი კიბეებზე დაეშვა.
 "ყოჩაღ!" - გახარებულმა ჩასძახა წრიპინა ხმამ.
 "უკან, ბედოვლათო!!" - უყვირა მეტალისებურმა მტკიცე ხმამ.
 _ ნუ ნერვიულობთ, აუცილებლად დავბრუნდები, - დაარწმუნა თავისი მამაკაცური სიამაყის ახლაგამოზრდილი ყლორტები, - უბრალოდ ... უხერხულია, პირველად ვეწვიე სტუმრად და უკვე ყვავილებით....
 ნაგავსაყრელთან დაამუხრუჭა და ჯერ ყვავილები გადაუძახა, მერე, კამფეტებიც მიაყოლა.
 _ ჯანდაბას.... მე მგონი, ხელცარიელი მისვლაც უხერხულია..
 "რასაკვირველის უხერხულია! -დაეთანხმა წრიპინა ხმა. - სხვა გზა არ გაქვს, სახლისკენ უნდა მოუსვა!.."
 " აბა, ერთი გაბედე!!" - დაემუქრა მეტალისებური ხმა.
 ვიქტორმა ვარცხნილობა გაისწორა, ღრმად ჩაისუნთქა და კიბეს აუყვა.
 " ნუ კანკალებ! - ელაპარაკებოდა საკუთარ თავს. - გამოიჩინე მამაკაცობა! გამოიჩენ?"
 _ გამოვიჩენ! - დარწმუნებით თქვა და თითით ზარის ღილაკი  კინაღამ გახვრიტა.
 კარი ისე ჩქარა გაიღო, რომ ვიქტორს გაქცევაც რომ სდომებოდა, ვერ მოასწრებდა. კარის ზღურბლზე აბრეშუმის კაბაში გამოწყობილი ოლია იდგა და თვალებს გაკვირვებისგან ახამხამებდა.
 _ ამას ვის ვხედავ? ვიტია? რა ქარმა გადმოგაგდო?
 _ აი.. ის... როგორ გითხრა... მოკლედ... - ვიქტორმა იგრძნო, რომ მთელი სხეულით კანკალებდა, თვალები დახარა, სახეზე ალმური მოედო, მოიხარა, თავი მხრებში ჩარგო, უკან დაიწია, მაგრამ უცებ შეჩერდა, თავი აწია და წამოიძახა:
 " მოვედი. უნდა დაგელაპარაკო"
 _ კარგი. ვილაპარაკოთ. - თავი დაუქნია ოლიამ. - შემოდი. შემოდი, შემოდი, ნუ გერიდება! - დაინახა, რომ ვიქტორი ყოყმანობდა, ხელი ჩასჭიდა და შინ შეიყვანა.
 _ გაიხადე და სამზარეულოში შემოდი. ჩაიდანს დავადგამ...
 _ რას დალევ? - გამოსძახა სამზარეულოდან. - ჩაის თუ ყავას?
 _ რამეს...  - ჩაილუღლუღა ვიქტორმა.
 _ რამეში მაგარს გულისხმობ? კონიაკი მაქვს. დალევ?
 _ დავლევ...ცოტას.
 ვიქტორი სამზარეულოში შევიდა.
 ოლია გაზქურასთან იდგა და დაბრაწულ ლორის ნაჭრებს დასტრიალებდა.
 ისე, რომ მისი ზურგისთვის თვალი არ მოუშორებია, ქურდული მოძრაობით სტაცა ხელი მაგიდაზე მდგარ ბოთლს, და იმ იმედით გამბედაობას მომმატებსო,  ჭიქა ბოლომდე გაავსო და სულისმოუთქმელად გადაჰკრა.
 _ რას აკეთებს?! - წამოიძახა შემობრუნებულმა ოლიამ.
 _ მაპატიე, რა... - ვიქტორმა არ იცოდა სირცხვილისგან სად წაეღო თვალები და ხელები. - პატიოსან სიტყვას გაძლევ... ლოთი არ ვარ! უბრალოდ... - ენა დაება, საცოდავად მიმოიხედა და სკამზე დაეშვა. - მაპატიე. დღესვე გიყიდი ახალ ბოთლს.
 _ რას ამბობ ვიტია, კი არ მენანება! - ეწყინა ოლიას. - მაგრამ .... ვერ მიხვდი?
 ვერაფერი იგრძენი?.. შენ ხომ კონიაკი არ დაგილევია.
 სამზარეულოს კარადის კარი გამოაღო და მაგიდაზე კონიაკის ბოთლი დადგა. ის ბოთლი კი, საიდანაც ვიქტორმა დალია, სასწრაფოდ კარადაში შეინახა.
 ვიქტორი სერიოზულად აფორიაქდა.
 _ მისმინე, ოლია! შემთხვევით რამე შხამიანი ხომ არ დავლიე?
 _ დაწყნარდი, არა, ჩვეულებრივი ზეთია, რაფინირებული...
 ოლია სიცილს ძლივს იკავებდა , თან სუფრას შლიდა. კიბორჩხალასავით გაწითლებული  თავჩაქინდრული ვიქტორი მოწყენილი სახით იჯდა.
 _ მე მგონი, არაფერი დამვიწყებია, - თქვა ოლიამ და სტუმრის წინ დაჯდა. - კონიაკი დაგისხა? იქნებ ჯერ საქმეზე გველაპარაკა? შენ ხომ რაღაცაზე გინდოდა საუბარი, - შეახსება ოლიამ.
 _ საუბარი? - შეშინდა ვიქტორი. - ჰოო.. მინდოდა.
 _ რის შესახებ?
 _ აი.. - დაიწყო ვიქტორმა და დადუმდა.
 მის აჭარხლებულ შუბლზე ოფლის წვეთები გამოჩნდა, ყურები უფრო გაუწითლდა, მაგიდის ქვეშ დამალული ხელები აუკანკალდა.
 _ იქნებ სწავლაში გაქვს პრობლემები? - ჰკითხა ოლიამ და თან ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა.
 _ ოო... არა, სწავლის მხრივ არა...  უფრო სწორად, სულ სხვა... - ვიქტორმა თავბრუსხვევა იგრძნო და თავაუწევლად გაბედა ერთი ხელის მაგიდაზე დადება და ამიტომაც ხელი ჩაყო  სამურაბეში, თუმცა ვერც შეამჩნია. ოლიამ კი ისევ შეიკავა თავი. - ჩემი პრობლემა უფრო სხვა სახისაა..
 _ უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვი?
 _ აი.. როგორ გითხრა...
 "არარნაირად არ უთხრა! - უყვიროდა შიგნიდან წრიპინა ხმა. - ბოდიში მოიხადე, დაემშვიდობე და სახლისაკენ გაეშურე!"
 "მე შენ მოგიბოდიშებ! - ემუქრებოდა მეტალის ხმა - მე შენ დაგამშვიდობებ! პირდაპირ უთხარი: მე შენ მიყვარხარ! - და მორჩა! ნუთუ ასე ძნელია?"
 " უთხარი რომ ხვალ უნივერსიტეტში დაელაპარაკები!"
 " ახლავე აუხსენი სიყვარული! ბოლოს და ბოლოს  მამაკაცი ხარ თუ არა!"
 _ მოდი ჯერ თითო ჭიქა დავლიოთ, - შესთავაზა ოლიამ.
 _ მოდი! - სიხარულით დაეთანხმა ვიქტორი, მაგრამ მაშინვე გაუფუჭდა ხასიათი.ჭიქების შევსება ხომ მას მოუწევდა აკანკალებული ხელებით და გაშეშებული თითებით.
 _ არა, - თავი გაიქნია. - რაღაც არ მინდა...
 _ რა, ზეთი გირჩევნია? - გაეცინა ოლიას. - არ გეწყინოს, ვიხუმრე.
 " რაც იქნება, იქნება! - გაიფიქრა ვიქტორმა. ვცდი დასხმას! შეიძლება გამომივიდეს... ალბათ გადამესხმება, მაგრამ.. ერთი-ორი ჭიქის შემდეგ იქნებ სითამამე მომემატოს!"
 როგორც იქნა თავი აწია, მაგიდაზე მარჯვენა ხელი მოძებნა და აღმოაჩინა სამურაბეში.
 _ არაუშავს! - დააწყნარა ოლიამ. - მთავარია პერანგი არ დაგესვარა.
 ხელსახოცი გაუწოდა და სანამ ლამის ატირებული ვიქტორი ხელს იწმენდდა კონიაკი ჩამოასხა- იქნებ დალევ ჩემთან ერთად? - გაუღიმა ოლიამ.
 ვიქტორმა თავი დაუქნია და მოწყურებულივით გადაკრა. ოლიამ მაშინვე მეორე დაუსხა.
 _ ჭიქის მოჭახუნება ვერ მოვასწარი, - და ჭიქა ასწია.
 ვიქტორს შეეშინდა აკანკალებული ხელით ლამაზ კაბაზე კონიაკი არ გადავასხაო და გვერდზეგაიწია.
 _ მადლობა.. მაგრამ... მეტი აღარ მინდა, - უთხრა მან. -თან.. ჩემი წასვლის დროც მოვიდა....
 _ როგორ? უკვე მიდიხარ? - გაუკვირდა ოლიას. - ჯერ ხომ ისიც არ გითქვამს თუ  ერისთვის  მოხვედი..
 _ რა, არ გითხარი?
 " ან ახლა, ან არასდროს!- შესძახა მეტალის ხმამ.
 "არასოდეს"_ შეევედრა წრიპინა.
 " მშიშარა! ბოთე! ბრიყვო!"
 "არაუშავს!"
 "სირცხვილია"
 " გადავიტანთ როგორმე! მთავარია ხმა არ ამოიღო, თორემ უკვე მეშინია!"
 "ბურბურბურ!" - მოულოდნელად მესამე ხმამ ისე შემოსძახა, რომ ოლიამაც კი გაიგო.
 ვიქტორი მთელი სხეულით შეხტა.
 ეს, ზეთით უხვად "მორწყული"  მისი შინაგანი ორგანოების ხმა იყო. ძალიან ხმამაღალი...
 _ უნდა გავიქცე! - აჩქარდა ვიქტორი. - არ ვიცი. სულ ამომივარდა თავიდან.. სერიოზული შეხვედრა მაქვს!
 _ მესმის, - ამოიოხრა ოლიამ. - მაგრამ იქნებ მაინც მითხრა რატომ მოხვედი?
 _ ო, რასაკვირველია... - ვიქტორი უკვე შემოსასვლელში იყო და ოლიას დაჟინებული მზერა უფრო აწითლებდა. - იცი,...შენთვის მინდოდა მეთხოვნა... ფსიქოლოგიის საკონტროლოს გადაწერა.
 "უუუ, შე მამაძაღლო! და არ გრცხვენია?"
 " მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა?"
 " სიმართლე უთხარი!"
 "მეშინია!"
 " გეშინია? ღმერთო ჩემო, რისი გეშინია?! სასაცილო არ გამოჩნდე? მაგრამ მთელი საათი  შენი საქციელით სწორედაც რომ აცინებ! დამიჯერე, ვიტია, ამაზე სასაცილოს უკვე ვეღარაფერს გააკეთებ!"
 "მაინც არ შემიძლია"
 " გაბედე! სანამ გვიანი არ არის, გაბედე!"
 "უკვე გვიანია"
 "არა"
 "კი."
 _ ახლავე მოგიტან, უთხრა ოლიამ და თავისი ოთახისკენ გაემართა.
 დაბრუნებულმა ვიქტორს რვეული გაუწოდა და მორცხვი ღიმილით, რატომღაც ჩურჩულით უთხრა:
 _ იმედია, ხელნაწერს გაარჩევ?
 ვიქტორმა პირი გააღო სათქმელად "ვეცდები" და " დიდი მადლობაო" და კიდევ შეძლება რაღაც ეთქვა, მაგრამ შინაგანმა ხმამ დაასწრო.
 _ ბურბურბურ! - და სასოწარკვეთილი ვიქტორი გარეთ გავარდა.
 ... სადარბაზოდან გამოვარდნილი კინაღამ მეეზოვეს დაეჯახა. მეეზოვე კიბეებზე იჯდა და აღშფოთებული უყვებოდა მეზობლებს:
 _ წარმოგიდგენიათ, ეს ახალი რუსები როგორ გაღორდნენ! ხან ახალთახალ სოსისებს ყრიან, ხან მაგნიტოფონს და ტელევიზორს, ხან ტანსაცმელს, ჩასაცმელად რომ გამოდგება... დღეს კი, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, გამოვაგორე კონტეინერი და რას ვხედავ - შოკოლადის კოლოფი. სავსე. გაუხსნელი. მის ქვეშ კი ულამაზესი ვარდები, თან ძვირადღირებულ შეფუთვაში! წარმოგიდგენიათ?
 _ სკდებიან, ეს ღორები! - დაეთანხმა ერთ-ერთი.
 მეორე დაინტერესდა:
 _ სად წაიღე ის კანფეტები და ყვავილები?
 _ როგორ თუ სად? - გაუკვირდა მეეზოვეს. - ვარდები ცოლს მივართვი, კანფეტები ქალიშვილს.
 " ძალიანაც კარგი. ტყუილა არ მიყიდია" - გაიფიქრა ვიქტორმა და სახლისკენ მოქუსლა.
 შინ მისვლისთანავე, ყურებჩამოყრილმა პორტვეინი დაისხა და დალია. ნახევარ ბოთლამდე ჩაცალა, ბევრი სიგარეტიც მიაყოლა და  ოთახისკენ გაემართა. სარკეს რომ ჩაუარა თავის გამოსახულებას მუშტი მოუღერა.
 _ კარგად მისმინე ვიტია! არა, არ გაბედო გვერდზე გახედვა!. ნამდვილი დედალი ხარ! გაიგე? ახლა მისმინე. ან ხვალვე, დიახ, ხვალვე აუხსნი სიყვარულს, შე ბრიყვო და მხდალო, ან ზეგ ფანჯრიდან გისვრი!
 სარკეში სახემ საწყალი გამომეტყველება მიიღო, გვერდზე გაიხედა და ჩაისრუტუნა.
 _ ფანჯარაში.. - ამოიოხრა და სკამზე დაეშვა.
 გვერდით, მაგიდაზე ოლიას რვეული იდო.
 სათუთად, თითქოს უძვირფასესი ნივთიაო, ვიქტორმა აიღო და გადაშალა...
 რა ხდება? ეს რა არის?
 
 
 სუფთა ფურცლები და არავითარი საკონტროლო- არც ფსიქოლოგიაში და არც არაფერში..
 მხოლოდ პირველ გვერდზე იყო ნაჩქარევი ნაწერი:
 "ვიტია, მეც მომწონხარ, უკვე დიდი ხანია. თუ გინდა, ხვალ ლექციების შემდეგ სადმე წავიდეთ. ოლია."
 
 
 
 
 
 |