luger
Parabellum

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 819
წევრი No.: 127096
რეგისტრ.: 7-February 11
|
#26867466 · 11 Aug 2011, 20:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Moor კარგი
საქართველოს რესპუბლიკა 2011-03-15 როცა ძალა აღმართს ხნავს! მოსკოვის ხელშეკრულება: 90 წლის წინათ, 16 მარტს ხელმოწერილი რუსეთ-თურქეთის შეთანხმებით საქართველოს ტერიტორიების ბედი საბოლოოდ გადაწყდა!
1921 წლის 16 მარტი. მოსკოვი. "კუზნეცკი მოსტზე" მდებარე რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის შენობაში ერთობ მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენა ხდება: დასასრულს უახლოვდება რუსეთ-თურქეთის კონფერენცია, რომელიც ჯერ კიდევ 26 თებერვალს დაიწყო, სულ მალე კი მოლაპარაკების ფინალი შედგება - ხელი მოეწერება მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებას... აი, სხდომათა ოთახში შემოდიან თურქეთის დელეგაციის წევრები, რომელსაც დიდი ეროვნული კრების მთავრობის ეკონომიკის მინისტრი იუსუფ ქემალ ტენგირშენკი ხელმძღვანელობს; აქვეა თურქეთის ელჩი, გენერალი ალი ფუად ჯებესოი და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რიზა ნური-ბეი... რუსეთის დელეგაციის მეთაური გიორგი ჩიჩერინი თურქ საპატიო სტუმრებს მაგიდასთან იწვევს, რომელზეც ხელშეკრულების უკვე პარაფირებული ტექსტი დევს. ოფიციალური რიტუალისა და საზეიმო მისალმების შემდეგ დგება მნიშვნელოვანი მომენტი: დოკუმენტს ხელს ჯერ გიორგი ჩიჩერინი და სრულიად რუსეთის ცაკ-ის წარმომადგენელი ჯელალ კორკმასოვი აწერენ, შემდეგ კი იუსუფ ქემალი, რიზა ნური და ალი ფუადი... მორჩა! ქართველთა დაუკითხავად, თბილისიდან შორს, მოსკოვში დადებული "რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა და ძმობის ხელშეკრულებით" გადაწყდა საქართველოს, მასთან ერთად კი სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ტერიტორიებისა და საზღვრების ბედი.... ოსმალეთის კავკასიური ინტერესები კავკასია მუდმივად იყო ოსმალეთის იმპერიის პოლიტიკური ინტერესების სფეროში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ამასიის 1555 წლის შეთანხმებით ოსმალეთმა და სპარსეთმა რეგიონი შუაზე გაიყვეს. მე-18 საუკუნეში კავკასიის სამხედრო "თეატრში" რუსეთი გამოჩნდა, რომელმაც თურქეთთან წარმოებული რამდენიმე ომის შედეგად, ყველაზე მეტად კი 1828-29 და 1877-78 წლებში, სულთნები - მაჰმუდ მეორე და აბდულჰამიდ მეორე დაამარცხა და კონტრიბუციის სახით მნიშვნელოვანი ტერიტორიები მიიღო: აჭარა (ბათუმის ოლქი), ართვინი, არტაანი (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიული მხარეები), აგრეთვე ყარსი, სარიყამიში და ყაგიზმანი. რასაკვირველია, ქართული საზოგადოება მხურვალედ მიესალმა რუსეთის იმპერიის ჯარების გამარჯვებას ოსმალეთზე. მართლაცდა, იმის მიუხედავად, რომ ტერიტორიები რუსეთის იმპერიას შეუერთდა, ამ ფაქტს ქართველი ერისათვის მაინც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა - ამიერიდან ყოველ ქართველს თავისუფლად შეეძლო საუკუნეების წინათ მტრის მიერ მიტაცებული და აწ უკვე დაბრუნებული მშობლიური მხარის მონახულება და იქ არსებული უძველესი კულტურის ძეგლების დათვალიერება, იქაური ქართველების გაცნობა და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მათი ინტეგრირების ხელშეწყობა მთლიან ქართულ ორგანიზმთან, ქართულ კულტურასთან. ქართველმა მეცნიერებმა და საზოგადო მოღვაწეებმა 1880-იან წლებშივე დაიწყეს ტაო-კლარჯეთში არსებული ეკლესია-მონასტრების მდგომარეობის შესწავლა, ეს ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა 1900-იანი წლების დასაწყისში, როცა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა სპეციალურ ექსპედიციას უხელმძღვანელა, თითქმის ყველა უძველესი ქართული ეკლესია-მონასტერი აღწერა და ფოტოსურათები გადაუღო. ბუნებრივია, ოსმალეთის სულთანი არასოდეს ივიწყებდა ჩრდილოელი მეზობლის მიერ წართმეულ ტერიტორიებს და როცა პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, კავკასიაშიც გაჩაღდა საომარი მოქმედებები - სამხედრო ბლოკ "ოთხთა კავშირის" წევრმა თურქეთმა, გერმანიასთან შეთანხმებით, გემებიდან დაბომბა რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქები. სულთან მეჰმედ მეხუთე იმედოვნებდა, რომ ომში ჩაბმით "უკანონოდ მიტაცებულ" მიწებს დაიბრუნებდა და "ანტანტის" ბლოკის წევრ რუსეთს სამაგიეროს გადაუხდიდა. კავკასიის სამხედრო "თეატრში" სამხედრო მოქმედებები გარდამავალი უპირატესობით ვითარდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც რუსეთმა იმძლავრა - დაიკავა შავიზღვისპირა მნიშვნელოვანი ნავსადგური ტრაპიზონი... 1916 წლისათვის რუსული ჩექმის ქვეშ მოექცა ვანი, ბითლისი, ერზინჯანი და ანატოლიის სიღრმეში მდებარე ქალაქი ერზერუმიც კი... რომ არა 1917 წლის გადატრიალება პეტროგრადში, ალბათ, კავკასიის პოლიტიკური მდგომარეობა, დღევანდელთან შედარებით, სულ სხვაგვარი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია: ბოლშევიკთა მოწოდებით კავკასიის ფრონტზე ჯარისკაცთა სამხედრო დისციპლინა მოიშალა და საბოლოო ჯამში შექმნილი მდგომარეობით თურქებმა ისარგებლეს, შეტევაზე გადმოვიდნენ, კვლავ დაიკავეს ყარსი, ბათუმი, ართვინი და არტაანი...
"ახალი თურქეთი": მტერია თუ მოყვარე. 1917-18 წლები კავკასიისათვის ძალზე მძიმე პერიოდი იყო - პოლიტიკური და სამხედრო კრიზისი... მისი თანმდევი სოციალურ-ეკონომიკური კრახი... თუმცა, იმავდროულად მიმდინარეობდა ეროვნული თვითშეგნების ზრდა, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, რაც საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაგვირგვინდა. სამწუხაროდ, პირველმა ქართულმა რესპუბლიკამ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო - ოსმალეთმა ბათუმში 4 ივნისს დადებული და ჩვენთვის იძულებით თავსმოხვეული კაბალური შეთანხმებით (ბრესტის ზავის პირობების თანახმად) დაკავებული ტერიტორიების მიერთება იურიდიულად გაიფორმა. თუმცაღა, როგორც ამბობენ ხოლმე, ბედმა საბოლოოდ არ გაგვწირა: პირველ მსოფლიო ომში "ოთხთა კავშირი" "ანტანტამ" დაამარცხა და თურქები კავკასიიდან გავიდნენ. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და ევროპის გარკვეულმა ხელშეწყობამ თავისი დადებითი შედეგი გამოიღო: აღსრულდა მრავალი თაობის ოცნება - 1919-20 წლებში აჭარა და ტაო-კლარჯეთი საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციაში დაბრუნდა. შეიძლება ითქვას: 1920 წლის ზაფხულისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი ისეთი საკმაოდ დიდი წარმატებით მიმდინარეობდა, რომ გამოიკვეთა "დიდი საქართველოს" აღდგენის კონტურებიც... რა ხდება ამ დროს ყოფილ ოსმალეთის იმპერიაში. გამარჯვებული ანტანტის მიერ ჯერ სან-რემოს კონფერენციის (1920 წლის 19-26 აპრილი), შემდეგ სევრში 10 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების შედეგად დამარცხებული ოსმალეთი გამარჯვებულებმა - საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ გავლენის სფეროებად გადაინაწილეს, გარკვეული ტერიტორიები კი საბერძნეთის ჯარებმაც დაიკავეს. თურქებში უკმაყოფილება მატულობდა, რაც საბოლოოდ დამოუკიდებლობის დამცავ წინააღმდეგობის მოძრაობად ჩამოყალიბდა. მოძრაობას სათავეში გენერალი მუსტაფა ქემალი ჩაუდგა. ყველა ხალხს თავისი ბელადები, გმირები და გამორჩეული პიროვნებები ჰყავს, რომლებიც კრიტიკულ პერიოდში საკუთარ სამშობლოს უმნიშვნელოვანეს, ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ხოლმე. თუმცა აქვე უნდა ისიც ვთქვათ: ისტორიაში ხშირად ხდება ხოლმე, რომ ერთი ხალხის ბელადი მეორე ხალხისათვის მტრად თუ არა, არაკეთილმოსურნედ მაინც იქცევა ხოლმე. ასე მოხდა მუსტაფა ქემალის შემთხვევაშიც. გენერალმა მიზნად დაისახა ოსმალეთის (თურქეთის) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ქალაქ სივასში და ერზერუმში ჩატარებულ ეროვნული მოძრაობის კონგრესებზე გამოცხადდა, რომ აღმოსავლეთი ვილაიეთები თურქეთის უცილობელი ტერიტორიაა და ისინი ადრე თუ გვიან "დედა-სამშობლოს" უნდა დაუბრუნდნენ. დავაზუსტებთ: აღმოსავლეთ ვილაიეთებში ბათუმი, ართვინი, არტაანი და ყარსი იგულისხმებოდა. ქემალისტების ზეწოლით კონსტანტინეპოლში ფორმალურად არსებულმა ოსმალეთის პარლამენტმაც იგივე დადგენილება მიიღო, რომელიც ისტორიაში "ეროვნული აღთქმის" სახელითაა ცნობილი, თავისი არსით დღემდე არ დაუკარგავს იურიდიული მნიშვნელობა და თურქები ამ დოკუმენტით ძალიან ამაყობენ. 1920 წლის მარტში მუსტაფა ქემალმა ქალაქ ანგორაში (ანკარაში) თურქეთის პარლამენტი ჩამოაყალიბა და მთავრობა შექმნა. სწორედ "ეროვნული აღთქმის" საფუძველზე განუცხადა ანგორის მთავრობამ პროტესტი საქართველოს მთავრობას 1920 წლის ივლისში, როცა დიდმა ბრიტანეთმა აჭარა (ბათუმი და ართვინი) გადმოგვცა. თურქები მიიჩნევდნენ, რომ აჭარა საქართველომ უკანონოდ მიითვისა, რადგან ეს ტერიტორია ოსმალეთის კუთვნილება იყო. იმ ხანებში ქემალისტების პროტესტისათვის ნოე ჟორდანიას მთავრობას მაინც და მაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევია: ანკარა თბილისიდან ძალზე შორს იყო და ანატოლიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საქართველოში საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურებოდა. სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა 1920 წლის შემოდგომაზე: მომძლავრებულმა ქემალისტებმა დაშნაკურ სომხეთს ჯერ ყარსი წაართვეს, შემდეგ კი ალექსანდროპოლიც (ყოფილი ლენინაკანი, დღევანდელი გიუმრი). საქართველო უკვე რეალური საფრთხის წინაშე დადგა: ქემალისტებმა მზერა ართვინ-არტაანსაც მიაპყრეს... პირველი დიპლომატიური კონტაქტები საქართველოსა და "ახალ თურქეთს" შორის 1920 წლის სექტემბერს დამყარდა: თბილისში, ართვინისა და ახალციხის გავლით, ქემალისტთა დიპლომატიური წარმომადგენელი ქიაზიმ-ბეი ჩამოვიდა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში დაარწმუნა. თუმცა იმავე ხანებშივე აქტიურდება თურქეთ-საბჭოთა რუსეთის კონტაქტებიც: რადგან ანგორაც და მოსკოვიც დასავლეთს მტრად მიიჩნევდნენ, შესაბამისად, მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - ვლადიმერ ლენინმა და მუსტაფა ქემალმა საერთო ენა გამონახეს. რუსეთმა ქემალისტებისადმი მასირებული დახმარების პროცესი დაიწყო - შავი ზღვით ანგორის მთავრობას მიეწოდებოდა ოქრო, იარაღი, სხვა სამხედრო ამუნიცია... აქვე შევნიშნავთ, რომ ქემალისტთა ხელისუფლებაში ერთმანეთს ორი პოლიტიკური დაჯგუფება ებრძოდა: პროდასავლური, რომლის ლიდერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბექირ სამი ბეი (წარმოშობით კავკასიელი) იყო და პრორუსული - იუნუს ქემალის ლიდერობით. კონფრონტაცია გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა - ბექირ სამი ბეი ლონდონში კავშირებს ეძებდა და თურქეთის დაშლის თავიდან აცილებას ისევ დასავლეთის დახმარებით ცდილობდა (თუმცა იგი მუსტაფა ქემალის დავალებით მოსკოვშიც იმყოფებოდა ვლადიმერ ლენინთან მოსალაპარაკებლად. 1920 წლის დეკემბერში ბექირ სამი თბილისშიც ჩამოვიდა და საქართველოს როგორც ევროპული ორიენტაციის მქონე სახელმწიფოს ხელმძღვანელებს შეხვდა). რაც შეეხება თვით მუსტაფა ქემალს, იგი ჯერ თვალს ადევნებდა ლონდონის მოლაპარაკებებს, მაგრამ როცა ევროპამ უარი თქვა სევრის კაბალური ხელშეკრულების გადასინჯვაზე, მან საბოლოოდ იმედის თვალი კრემლს მიაპყრო, მედასავლეთე ბექირ სამი ბეი მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა, მოსკოვში კი ახალი დელეგაცია იუნუს ქემალის ხელმძღვანელობით გაგზავნა. საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთში მიმავალი იუნუს ქემალის გზამ თბილისზე გაიარა: 1921 წლის 4 თებერვალს (საქართველოზე რუსეთის თავდასხმამდე ოთხი დღით ადრე!) იგი ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი პატივით მიიღო. შეხვედრისას თურქთა დელეგაციის მეთაურმა დაადასტურა ახლო მომავალში საქართველოსთან მეგობრობის ხელშეკრულების დადების სურვილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ამ დროისათვის თურქეთმა და საქართველომ ერთმანეთი უკვე იურიდიულად აღიარეს. ანკარაში უკვე ქართული დიპლომატიური მისია გაემგზავრა ელჩ სიმონ მდივნის ხელმძღვანელობით. საქართველოს ცაზე ავის მომასწავებელი შავი ღრუბლები ნელ-ნელა იკრიბება, თუმცა გარეგნულად პოლიტიკური სიმშვიდეა...
თურქების პრეტენზიები: ბათუმი და ართვინ-არტაანი თურქეთის ტერიტორიაა! ქემალისტთა დელეგაცია მოსკოვში 19 თებერვალს ჩავიდა. მაღალი დონის დიპლომატიური მისიის ასეთი დაგვიანება ბაქოში თურმე მათი ვაგონის რომელიღაც მეორეხარისხოვანი ეშელონისათვის შეცდომით ჩაბმას გამოუწვევია. განაწყენებული იუნუს ქემალი ყოველი ქალაქიდან ჩიჩერინს დეპეშას დეპეშაზე უგზავნიდა და ჩიოდა - ძალიან ვაგვიანებთ, სპეციალური ორთქლმავალი გვჭირდებაო. ასე იყო თუ ისე, თურქეთ-რუსეთის კონფერენციამ, რომლის მიზანი ძმობისა და მეგობრობის ხელშეკრულების პროექტის შემუშავება იყო, მუშაობა 26 თებერვალს დაიწყო. აქვე შევნიშნავთ, რომ დოკუმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიისა და საზღვრების აღიარება რუსეთის მიერ. გავიხსენოთ, რომ საქართველოში ამ დროს დრამატული მოვლენები ვითარდება: თბილისი უკვე რუსეთის ჯარებმა დაიკავეს, ქართული არმია უკან იხევს... თურქები ჯერ სიტუაციას აკვირდებიან, შემდეგ კი მოლაპარაკებისას პრიორიტეტს საკუთარ ინტერესებს ანიჭებენ: მარტის დასაწყისში ანკარიდან მიღებული დირექტივების საფუძველზე იუნუს ქემალმა რუსეთის მთავრობას ბათუმის, ართვინისა და არტაანის, აგრეთვე ყარსის თურქეთის შემადგენლობაში აღიარება მოსთხოვა. ამით მან ოფიციალურად განაცხადა, რომ აღნიშნული ტერიტორიები მხოლოდ და მხოლოდ თურქეთს ეკუთვნის. როგორც თურქული, რუსული და სომხური წყაროებიდან ირკვევა, მოლაპარაკების დროს გიორგი ჩიჩერინი ძალზე წინააღმდეგი ყოფილა იმისა, რომ თურქეთს ყარსის ოლქი გადასცემოდა. სამეცნიერო ლიტერატურაში "სომეხთა ლობისტად" წოდებული საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი მართლაცდა კბილებით იცავდა ერევნის ინტერესებს, კატეგორიულად მოითხოვდა თურქებს ალექსანდროპოლი და ყარსი სომხებისათვის დაებრუნებინა.
ამ ფაქტს კი თურქებში დიდი უკმაყოფილება გამოუწვევია და მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარიც კი უთქვამთ. რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, ჩვენი პატრონი არც ანკარაში და არც მოსკოვში არავინ იყო: ჩვენი მოსკოველი ელჩი გერასიმე მახარაძე ჩეკამ დააპატიმრა, ხოლო ანკარაში საქართველოს ელჩს სიმონ მდივანს მუსტაფა ქემალი სიტყვით დახმარებას პირდებოდა, საქმით კი პირიქით აკეთებდა - თურქებმა ულტიმატუმი წამოგვიყენეს, რათა ჩვენს ჯარს ართვინი და არტაანი დაეცალა და ბათუმიდანაც გასულიყო. აი, საქართველოსთვის ასეთ დრამატულ ჟამს მოლაპარაკების არენაზე კავკასიის საქმეთა მცოდნე, ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი იოსებ სტალინი გამოჩნდა....
"კობა, მიდი ერთი თურქებს დაელაპარაკე..." რუსეთის მთავრობის (სახკომსაბჭოს) თავმჯდომარეს ვლადიმერ ლენინს სულაც არ სურდა თავისი თურქი კოლეგის მუსტაფა ქემალის განაწყენება, რადგან კრემლი თურქეთს აზიაში თავის მნიშვნელოვან მოკავშირედ მიიჩნევდა და შესაბამისად, მოსკოვს შორს მიმავალი მიზნები ჰქონდა. როგორც თურქი მკვლევარები ამტკიცებენ, მოლაპარაკების დროს წარმოქმნილი ღრმა უთანხმოების გადაჭრაში დადებითი როლი სწორედ იოსებ სტალინს შეუსრულებია. ამასვე ადასტურებენ სომეხი მეცნიერ-ისტორიკოსებიც. მივყვეთ მოვლენების განვითარებას: 9 მარტს გვიან ღამით ვლადიმერ ლენინმა თურქებთან საკითხის გარკვევა იოსებ სტალინს დაავალა. 10 მარტს იუნუს ქემალმა თავისი მოთხოვნები ბათუმის თურქეთის შემადგენლობაში აღიარებაზე უკან წაიღო, ორიოდე დღის შემდეგ კი ხელშეკრულების პროექტზე საზეიმო ხელმოწერისათვის 16 მარტი დაინიშნა. მაინც რა მოხდა 9 მარტის ღამეს ისეთი, რამაც თურქების პრეტენზიები დააცხრო. ზუსტად თქმა ძნელია, მაგრამ შედეგები გვაფიქრებინებს, რომ იოსებ სტალინმა პრიორიტეტი ბათუმის, როგორც შავი ზღვის უმნიშვნელოვანესი ნავსადგურისა და ბაქოს ნავთობსადენის საბოლოო მონაკვეთის შენარჩუნებას მიანიჭა, დანარჩენი ქართული მიწები კი, სომხურთან ერთად, თურქებს დაუთმო. თუმცაღა, ბათუმის შენარჩუნებაც საეჭვოდ კომპრომისულად გამოიყურება: თურქებს თითქოსდა უთქვამთ, "ბათუმი ჩვენია, მისი სიუზერენები ჩვენ ვართ, მაგრამ კარგით, მაინც გითმობთ, ოღონდ აჭარას ავტონომიის სტატუსი უნდა მიანიჭოთო". შესაძლოა, სტალინი იმ დროს ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითი ხასიათისაა, ტერიტორიების გადაცემა მხოლოდ გარკვეული ვადით მოხდა, ამას პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს, თურქეთთან რუსეთის მეგობრობა აუცილებელია და მომავალში საქმე გამოსწორდებაო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: საქართველომ თავისი ისტორიული ტერიტორიის თითქმის მესამედი დაკარგა. ობიექტურები უნდა ვიყოთ და თუ მოვლენებს წინ გავუსწრებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სტალინმა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს, საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიები გაიხსენა და თურქეთს მათი დაბრუნება ოფიციალურად მოსთხოვა. ალბათ, მას საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვა 1921 წლის 9 მარტის ღამეს გამოჩენილი კომპრომისი თურქების მიმართ...
ძმობა-მეგობრობა უვადოდ 1921 წლის 16 მარტს, უკვე ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ხელი მოეწერა რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებას, რომლის უმთავრესი დებულებებია: დე იურედ ერთმანეთის სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარება (პრეამბულა), თურქეთის სახელმწიფო ტერიტორიისა და საზღვრების დადგენა კავკასიაში - საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან (პირველი მუხლი), აჭარისა და ნახჭევანისათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭება (მეორე და მესამე მუხლი), აგრეთვე რუსეთის ვალდებულებას - გადაედგა ნაბიჯები ამიერკავკასიის რესპუბლიკების მიმართ, რათა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც დაემყარებინათ მეგობრული ურთიერთობები თურქეთთან, შესაბამისი შეთანხმებების დადებით (მეთხუთმეტე მუხლი). ხელშეკრულების დანარჩენი დებულებები ეხება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას (ვაჭრობა, სატელეგრაფო და სატრანსპორტო კომუნიკაციები), საკონსულო კონვენციის შემუშავებას, აგრეთვე სამხედრო ტყვეების გაცვლასა და მოქალაქეთა ოპტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს (სულ 16 მუხლი). ხელშეკრულებას თან ახლავს დანართები, რომლებშიც თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრის აღწერილობაა მოცემული. დოკუმენტში მითითებული არაა მოქმედების კონკრეტული ვადა, შესაბამისად, ხელშეკრულება უვადოა. 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულება თანამედროვე რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობების ქვაკუთხედს წარმოადგენს, მხარეები დღემდე პერიოდულად საზეიმოდ აღნიშნავენ საიუბილეო თარიღებს. ანკარისა და მოსკოვის ოფიციალური პოზიციით, 90 წლის წინათ ხელმოწერილი დოკუმენტი ამჟამადაც ძალაშია და რუსი და თურქი ხალხები მეგობრობის საფუძველს წარმოადგენს. თუმცა ქართველები ასე ვერ ვიტყვით რამდენიმე მიზეზის გამო: ხელშეკრულება უსამართლოა, რადგან ის დაიდო საქართველოს კანონიერი, ლეგიტიმური მთავრობის ზურგს უკან. ამ დოკუმენტით რუსეთმა და თურქეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება მოახდინეს, რაც უკანონოა იმდროინდელი საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვითაც. დოკუმენტი საქართველოს საზღვრებს ეხება და რადგანაც მასზე არ არის საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენლის ხელმოწერა, ის გარეშე ძალების მიერ თავსმოხვეული პირობების შემცველია... სხვათა შორის, უკვე გასაბჭოებულ-ოკუპირებული საქართველოს პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და საზოგადოებაში რუსეთ-თურქეთის შეთანხმებამ ძალზე უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. გაზეთი "სოციალ-ფედერალისტი", აკრიტიკებდა რა ქართველ ბოლშევიკებს შემრიგებლური პოლიტიკის გამო, წერდა: "საქართველოს საზღვრები არის სიმბოლო საქართველოს სუვერენობისა... და ის, ვინც ამ კარდინალურ საკითხში ნებისყოფის სისუსტესა და უაზრო მორჩილებას იჩენს, ის ვერ მოიმკის ქართველი ხალხის სიყვარულს". თუმცა, როგორც იტყვიან ხოლმე ასეთ დროს, "ძალამ აღმართი მოხნა". რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულების საეჭვო სამართლიანობის საკითხს ვერც იმ ფაქტმა ვერ უშველა, რომ მოგვიანებით, 1921 წლის ოქტომბერში თურქეთმა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკებთან, მე-15 მუხლის შესაბამისად, თითქმის იგივე შინაარსის მქონე შეთანხმება გაფორმდა, დიპლომატიის ისტორიაში "ყარსის ხელშეკრულების" სახელით რომ არის შესული. ყარსში ხელმოწერილ დოკუმენტზეც რუსეთის პოლიტიკური გავლენა იგრძნობა, რასაც დოკუმენტზე რუსეთის წარმომადგენლის ხელმოწერა ადასტურებს. მართალია, ყარსის ხელშეკრულების მუხლთა უმეტესობა, გარდა საზღვრების საკითხისა, ფაქტიურად მოძველებული და ძალადაკარგულია, მაგრამ როცა საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე მსჯელობენ, აუცილებლად სწორედ "ყარსის ხელშეკრულებას" იხსენებენ და თურქეთისადმი გადაცემული მიწების გამო "ჯავრს მასზე იყრიან ხოლმე", არადა, ყარსის ხელშეკრულებას იმდენი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენიც მოსკოვში 16 მარტს ხელმოწერილ დოკუმენტს - სწორედ გიორგი ჩიჩერინისა და იუსუფ ქემალის მიერ ხელდასხმულმა დოკუმენტმა დაუდო სათავე კავკასიაში ტერიტორიების გადანაწილებას, რომელიც ფარული თუ ირიბი სახით დღემდე გრძელდება. ფაქტები მოწმობენ, რომ სწორედ 16 მარტის ხელშეკრულებით დაირღვა საქართველოს მთლიანობა, რომელიც ეროვნულმა მთავრობამ უდიდესი ენერგიის დახარჯვით, ნაწილ-ნაწილ, იარაღის ძალით თუ მშვიდობიანი დიპლომატიით, ერთ ორგანიზმად შეკრა 1918-20 წლებში. ანკარას ყოველთვის ახსოვს, რომ აჭარა და ბათუმი "მისი ტერიტორიებია". არავის არ გაუუქმებია "ეროვნული აღთქმაც". თურქი მეცნიერ-მკვლევარები მოსკოვის ხელშეკრულებას სწორედ ამ კუთხით განიხილავენ და ხაზს უსვამენ ტერიტორიულ კუთვნილებას. 90 წლის წინ დადებული ხელშეკრულება დრო და დრო თავს ტკბილ-მწარედ გვახსენებს ხოლმე - ასე იყო სულ ახლახანს, 2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთ-საქართველოს გაგანია ომის დროს ქართული ფესვების მქონე თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ერდოგანი მოსკოვში გაქანდა... ამბობენ, მისი მთავარი სადარდებელი ბათუმი ყოფილა - არიქა, მოსკოვისათვის დათმობილი აჭარა კვლავ რუსეთმა არ ჩაიგდოს ხელშიო და თურმე ჯარების შეყვანასაც არ გამორიცხავდა. სწორედ რუსეთ-თურქეთის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებამ განაპირობა ის, რომ საქართველოს საკუთარი ისტორიული ქრისტიანულ-მართლმადიდებლური ტაძრების მოვლა-პატრონობისათვის თურქეთის ნებართვა სჭირდება და უფრო მეტიც - მეტად არასასურველი პირობების შესრულება უხდება. გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიცია... რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგვეჩვენოს, თეორიულად საქართველოს შეუძლია პროტესტი განაცხადოს მოსკოვის ხელშეკრულების პირობების მიმართ და მხარეებს მისი გადასინჯვისაკენ მოუწოდოს. მოტივაცია სავსებით კანონიერი იქნება: როგორც ზემოთ ვთქვით, 16 მარტის დოკუმენტი უსამართლოა და ამჟამად მოქმედ ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, რუსეთი საქართველოს მტერია და ეს საკმაო საფუძველს გვაძლევს მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დოკუმენტის დენონსაცია მოვთხოვოთ. თუმცა... გასაგები მიზეზების გამო დღეს საქართველო ამგვარ დიპლომატიურ დემარშს არ განახორციელებს - ხელშეკრულების მეორე სუბიექტი ხომ თურქეთია, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა. ასე რომ, ყველაფერი ძველებურად დარჩება.
ავტორი: სიმონ კილაძე
|