რამდენიმე დღეა ფეისბუქში ჩემი გაკრიტიკებისა და გალანძღვის მსურველები, უკვე კარგად აპრობირებულ მეთოდს ხმარობენ. ეს ტენდეცია დღეს არ დაწყებულა. ამ საქმის პიონერი სამთავრობო ცოლების ლიდერი გახლდათ. აქამდე ვცდილობდი პასუხი არ გამეცა, მაგრამ ახლა უკვე საყოველთაო ფორმა მიიღო და ვფიქრობ უმჯობესია მოკლედ მოგახსენოთ.
ზოგი პირდაპირ ლაპარაკს მიკრძალავს და ზოგიც პასუხს ითხოვს ჩემგან. პრეტენზია ასეთია, რა უფლება აქვს ნინია კაკაბაძეს ვინმე გააკრიტიკოს, როდესაც რეციდივისტი შვილი ყავს. შეკითხვა ასეთია - გვაინტერესებს რას ფიქრობს ნინია თავის რეციდივისტ შვილზე.?! ეს ადამიანები მე მდებენ ბრალს მორალისტობაში და ვერ ხვდებიან რომ თავად მკარნახობენ მორალს. მესმის, როდესაც გსურს ადამიანს ატკინო, მოკლა - მაშინ უკიდურეს ფორმას მიმართავ. ერთ-ერთი უფლებადამცველი ზუკას (ჩემს შვილს) შეუმდგარ მკვლელს უწოდებს და სამწუხაროდ ვერ ხვდება, რომ არა მხოლოდ ფიზიკური მკვლელობა არსებობს და ხანდახან სიტყვიერი მკვლელობა უფრო მტკინვეულია, ვიდრე ფიზიკური. ამიტომ იცოდეთ, რომ მკლავთ და იქნებ ამან შვება მოგცეთ და დაისვენოთ.
ახლა მოკლედ მოგახსენებთ. ჩემმა შვილმა პირველი დანაშაული 16 წლის ასაკში ჩაიდინა. ვერც ერთ დანაშაულს ვერასდროს გავამართლებ და ამიტომ არც ზუკას საქციელი გამიმართლებია. დაზარალებული ბიჭის და მისი ოჯახის წინაშე დღესაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ბოდიში მოვიხადე და ვუთხარი, რომ ეს ჩემი პასუხისმგებლობაც იყო და მათ მიმართ დანაშაულის ეს გრძნობა ყოველთჳის მექნება. (მაგრამ მათ მიმართ და არა თქვენს მიმართ ჩემო კრიტიკოსებო). ზუკა მაშინ თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში, აღიარა თავისი და სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულიც და ჩაჯდა არასრულწლოვანთა ციხეში.
იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებაში, გადაწყვეტილების მიმღებთა შორის რამდენიმე მეგობარი მყავს, მეც იმ ჯგუფში მოვხვდი, რომელსაც შეღავათი გაუკეთდა, (მერწმუნეთ აქ მხოლოდ მე არ ვარ), და ის 8 თვეში შეიწყალეს. დღესაც ვფიქრობ, რომ არასრულწლოვანი არ უნდა ისჯებოდეს და არ უნდა ხვდებოდეს იმ დაწესებულებაში, სადაც მერწმუნეთ ქურდული და “კაი ბიჭური” მენტალიტეტი ისევე მძაფრად არის, როგორც ადრეულ დროს. ჯერ ჩამოუყალიბებელი ადამიანი კი ამ მავნე გავლენის ქვეშ გაცილებით მარტივად ექცევა. დღესაც არსებობს არასრულწლოვანთა ციხეში ქურდი, განსხვავებული სახელწოდებით მაყურებელი, რომელიც ციხის ადმინისტრაციასა და დანარჩენ პატიმრებს შორის ურთიერთობას არეგულირებს და ამისთჳის მას, ადმინისტრაციის მხრიდან პროვილეგიები აქვს. დაბეჯითებით ვერ გეტყვით რა მდგომარეობაა ამ მხრივ “რეფორმირებულ”, სრულწლოვანთა ციხესა თუ კოლონიებში, მაგრამ არასრულწლოვანებთან ჯერ არაფერი შეცვლილა. ამიტომ იქ შესული არასრულწლოვანი პატიმარი, იქიდან გარანტირებულად ჩამოყალიბებული დამნაშავე გამოდის. სწორედ ამიტომ, მე ყველაფერი გავაკეთე და ვცადე, ჩემი შვილისთჳის სწორ გზაზე დადგომის შანსი მიმეცა. და როდესაც მუხლებზე დამდგარი ამ შანსს ვითხოვდი, ზუსტად ვიცოდი ეს თქვენს ხელში, ჩემს წინააღმდეგ მთავარი იარაღი იქნებოდა, ჩემო კრიტიკოსებო.
მიუხედავად იმისა, რომ ზუკამ ეს შანსი არ გამოიყენა, არც დღეს ვნანობ, რადგან ეს შანსი მისთვის უნდა მიმეცა. 2010 წლის დეკემბერში მან ისევ იჩხუბა, ღამე ბარში შესულ, ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ კუდის თანამშრომელთან, რომელმაც თავად მოახდინა ჩხუბის ინსპირაცია. თავდაჯერებულ პოლიციელებს არ მოეწონათ რომ ბარში თავისუფალი მაგიდა არ დახვდათ და სხვისი მაგიდის დაკავება განიზრახეს. საბედნიეროდ სიცოცხლისთვის სახიფათო ზიანი მისთჳის არ მიუყენებია, მაგრამ ისევ იხმარა დანა. არც ამ დანაშაულში იყო მარტო და ისევ არა მხოლოდ მას უხმარია დანა, მაგრამ გამოძიება ამით არ დაინტერესებულა და ამას არც ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, რადგან არავითარი გარემოება მის დანაშაულს არ ამსუბუქებს და არ აქცევს მას უდანაშაულოდ. მეორე შემთხვევის პირობებში მე არაფერი გამიკეთებია და მხოლოდ განაჩენს ველოდი. როგორც რიგითი მოკვდავი, ადვოკატის მეშვეობით პროკურორს საპროცესო შეთანმხება, 10 წლიანი პატიმრობა და ფულადი გადასახადი შევთავაზე, რაზეც უარი მივიღე და სრულიად მიკერძოებული, წინასწარ გადაწყვეტილი განაჩენის შედეგად - ზუკას 19 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. ვფიქრობ ამ გადაწყვეტილებით თქვენი ეგოც დაკმაყოფილდება და თავს ბედნიერად იგრძნობთ. ნუ, გაშინებთ ის, რომ მალვაშია და ნუ მოსთხოვთ ამ განაჩენით თავისი ფეხით მივიდეს პოლიციაში. დამნაშავეც ადამიანია და მალვაში ყოფნა, არანაკლები სასჯელია, ვიდრე ციხეში ჯდომა. დღეს ზუკა სრულწლოვანია და მისი ცხოვრება ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად ვითარდება. არ ვიცი რა იქნება და როგორ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩემი შვილია და როგორიც არ უნდა იყოს, ყოველთვის მეყვარება და ყოველთვის მექნება იმედი, რომ მისგან ოდესმე ღირსეული, პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანი დადგება.
მგონი იმ გესლიან კითხვებს, რომელიც უაკანასკნელ პერიოდში სამთავრობო ცოლების, უფლებადამცველების, უბრალოდ ნაცმოძრაობისგულშემატკივართა ჯგუფების მხრიდან ვისმენ და ვკითხულობ ამომწურავი პასუხი გავეცი. ეს კითხვები რადიკალური ოპოზიის წარმომადგენლებს თუ მათ გულშემატკივრებსაც უჩნდებათ და არც ისინი ერიდებიან ამაზე საუბარს. ამიტომ, თქვენის ნებართვით ერთ ჯგუფში მოგიაზრებთ და ეს პასუხი ყველამ მიიღეთ. ერთის მხრივ სასიამოვნოა, რომ ჩემს წინააღმდეგ სხვას ვერაფერს ნახულობთ, მაგრამ სამწუხაროა თუ რამდენად დიდია თქვენგან ჩემი მოკვლის სურვილი. იცოდეთ და რომ მკლავთ, ამდენი ბოროტების სმენა და კითხვა სიკვდილის ტოლფასია, მაგრამ ისიც გახსოვდეთ, რომ აქედან ჩემს სიჩუმეს და ჩირგვში ჯდომას ვერ მიიღებთ, განწირულები ხართ. მე პასუხს საკუთარ სიტყვებზე, ქმედებაზე და ცხოვრებაზე ვაგებ.
და ბოლოს, რადგან ჩემთვის მტკინვეულ თემებზე ლაპარაკი დავიწყე, ვიცი ერთერთი აქტიური უფლებადამცველი, არასამთავარობო ორგანიზაციის წევრი გამოვა და კიდევ ერთხელ დასვამს ამ კითხვას: “რულზე ვინ იჯდა როცა ავარია მოხდა, კითხე ერთი. საერთოდ როგორ ყოფენ თავს გარეთ მიკვირს...”
2002 წლის 4 სექტემბერს თბილისი ბათუმის გზაზე მოვყევი ავარიაში. საჭეს მე ვმარათავდი. მანქანაში ისხდნენ ჩემი უახლოესი, ბავშვობის მეგობრები და მათი შვილი, ასევე ჩემი შვილი. ჩემი ერთი მეგობარი გარდაიცვალა. მხოლოდ ბავშვები გარდარჩნენ ფაქტიურად უვნებლად. ამის გამო ციხეში არ ჩავმჯდარვარ და მართალი გითხრათ, მაშინ ციხეზე არ ვფიქრობდი და შესაძლებელია ეს შვებაც კი ყოფილიყო, რადგან იმედია მაქვს, ყველაზე გულქვა ადამიანსაც შეუძლია გაიგოს - რას შეიძლება განიცდიდე ამ დროს. თავად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი, მეწრმუნეთ არც საკუთარ სიცოცხელს ვდარდობდი. თუკი თქვენი სურვილია, რომ ციხეში ჩავჯდე, შეგიძლიათ დღესვე შეიტანოთ საჩივარი და პირობას გაძლევთ არც გამოძიებას დავემალები და არც უარს ვიტყვი სასჯელზე. ეს მე და ჩემს მეგობრებს, ვისთვისაც ეს ავარია ტრაგედია იყო შვებას არ მოგვიტანს, მაგრამ თუკი თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია - იმოქმედეთ მეგობრებო. ფეისბუქში წერაზე და ადამიანების პირადი ტრაგედიების (ეს მხოლოდ ჩემი ტრაგედია არ ყოფილა) გაფორმებაზე, დადანაშაულებაზე და ამ ისტორიისთვის ათასი ნაგვის მიწეპებაზე ნუ იხარჯებით.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ მზად ვარ ყველა თქვენს კითხვას ვუპასუხო, რომ თქვენს ნაგვით სავსე პოსტებში, ეს ფრაზა მაინც ამოვარდეს “ გვიპასუხოს ნინია კაკაბაძემ...!”
......................................
აი თურმე როგორი დასავლური ღირებულებებით ხელმძღვანელობს ჩვენი ხელისუფლება მართლმსაჯულების საკითხებში. და ესენი ებრძვიან საბჭოთა მეთოდებს და ქსენოფობიას?
და პლიუს კიდე ეს ქალი ითვლება ხელისუფლების მაკრიტიკებლად და ლიბერალად?
This post has been edited by lamazi gogo on 21 Aug 2011, 15:51