ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (დ. 14 ივლისი, 1888, მატანი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია; გ. 1930, 27 ივლისი ლევილი, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მიიჩნევა საქართველოს ეროვნულ გმირად.
ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთ-ერთი ცნობილი ქართული გვარის — ჩოლოყაშვილების წარმომადგენელი იყო. იგი იყო უაღრესად დიდი ქართველის ბიძინა ჩოლოყაშვილის შთამომავალი.
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. ის იბრძოდა აღმოსავლეთის, კერძოდ - ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ფრონტზე, სადაც ხელმძღვანელობდა ესკადრონს. 1914 წელს იგი მძიმედ დაიჭრა და თავისივე სურვილით კავკასიის ფრონტზე არიერგარდის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. ჩოლოყაშვილმა თავი გამოიჩინა სარაყამიშის ბრძოლაში. ციხე-სიმაგრე "არწივის ბუდეზე", რომელსაც ქაქუცა იცავდა, თურქების შეტევის შემდეგ ის კვლავ დაიჭრა. ამ ბრძოლაში ჩადენილი გმირობისთვის ის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს.
1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და შევიდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჩოლოყაშვილი საქართველოს არმიის პოლკოვნიკი გახდა და მონაწილეობდა ქართული კავალერიის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს გახდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. სომხეთ-საქართველოს ომის და რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელმძღვანელობდა ქართულ კავალერიას. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ თბილისის აღების შემდეგ საქართველოს მთავრობასთან და არმიასთან ერთად დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი.
პარტიზანულ მოძრაობაში [რედაქტირება]
შეფიცულთა რაზმი
1921 წლის 17 მარტს ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მაგრამ ქაქუცა ჩოლოყაშვილი მათ არ გაჰყოლია. იგი იმ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იყო მივლენილი ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. 1922 წლის 12 მარტს ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა ერთმანეთს საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად იბრძოლებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. ამ ფიცის გამო მათ შეფიცულთა რაზმი ეწოდათ.
1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა, რომ ერთადერთი გამოსავალი აჯანყება იყო.
შეფიცულთა რაზმმა აჯანყება იმავე წლის ივნისში დაიწყო. პირველი შეტაკება სიღნაღთან მოხდა. ამას მოჰყვა გლეხთა აჯაყება ხევსურეთში. თავდაპირველად დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, იძულებული გახდა, ალყა გაერღვია და თავი კახეთისთვის შეეფარებინა. საბჭოთა ხელისუფლებამ ხევსურეთს წითელი არმია შეუსია და ააოხრა.
პირველი პარტიზანული კამპანიის წარუმატებლობის შემდეგ ჩოლოყაშვილი ჩეჩნეთში გაიქცა. ჩოლოყაშვილს სურდა, ჩეჩნებთან გაერთიანებულიყო და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ. მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, ერთიანი ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა
ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ბრძოლები განაახლა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა მისი ძმა, სიმონ ჩოლოყაშვილი. საბჭოთა ხელისუფლება განაგრძობდა ქაქუცას დევნას. მისი ოჯახის წევრები დააპატიმრეს. დააპატიმრეს ასევე "დამკომის" წევრები და მათ დახვრეტა მიუსაჯეს.
1923 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმი რამდენჯერმე დაესხა თავს წითელ არმიას. ამასობაში "დამკომმა" გადაწყვიტა 1924 წლის თებერვალში აჯანყება დაწყებულიყო, მოგვიანებით თარიღმა აგვისტოთვის გადაიწია. ქაქუცა აქტიურად მონაწილეობდა აჯანყების მომზადებაში. მან თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა.
აჯანყება 1924 წლის 29 აგვისტოს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიათურაში აჯანყება 28 აგვისტოს დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ხელისუფლებას გაუადვილა მისი ჩახშობა. მიუხედავა ამისა, 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა აიღო მანგლისი, მაგრამ მისი შეტევა იქ განლაგებულ სამხედრო ყაზარმებზე უშედეგოდ დასრულდა. ამიტომ ქაქუცა გადავიდა აღმოსაველთ საქართველოს მთიანეთში და დალაშქრა დუშეთი, რომელიც მალე დატოვა, რადგან დახმარება ვერ მიიღო. ამის შემდეგ, 3 სექტემბერს, მან სვიმონიანთ ხევთან დაამარცხა წითელი არმია.
4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში დააპატიმეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს. ამის მიუხედავად ჩოლოყაშვილი აგრძელებდა ბრძოლას და 6 სექტემბერს, ხევ-გძელასთან,კახეთში კიდევ დაამარცხა წითელი არმია. ქაქუცა ჩოლოყაშვილმა რამდენიმე დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ დარწმუდა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში. ოქტომბრის ბოლოს 26 თანამებრძოლთან ერთად თურქეთის გავლით საფრანგეთში გადაიხვეწა. საქართველოში დარჩენილი მისი სიმამრი ილია მეღვინეთუხუცესი დახვრიტეს, მეუღლე ნინოს ასევე დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ქალიშვილებთან, 7 წლის თამართან და 3 წლის ქეთევანთან ერთად, გადაასახლეს.
სამშობლოში გადმოსვენებამდე ქაქუცა დაკრძალული იყო ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2005 წლის 21 ნოემბერს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი თბილისში გადაასვენეს. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი 23 ნოემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს....
უბრალოდ გავიხსენოთ
ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოდ რისადა? სიკვდილი თვითონ უფალსა გაუჩენია მტრისადა!
---------
მე მთელი ჩემი ცხოვრება შევალიე გარუსების პოლიტიკასთან ბრძოლას.