პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა
[ნინო მიქიაშვილი]
პრესა.გე–მ როინ შავაძის ცხედრის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ორი დასკვნა – N1739/1–111 და N2963/1 მოიპოვა, რომელთა თანახმად, აგვისტოს ომიდან სახლში ორი დღის დაბრუნებული უფროსი სერჟანტი როინ შავაძე ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ, ზემოხსენებულ დასკვნებთან დაკავშირებით, პრესა.გე გთავაზობთ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორი“–ს ხელმძღვანელის, ალექსანდრე გეჯაძის პოზიციას, რომელსაც სასამართლო მედიცინაში მუშაობის 32–წლიანი სტაჟი აქვს.
როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე N170080069 წინასწარი გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა (ნარკოტიკული დანაშაული) და სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს, რის შესახებაც მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კითხვებით 12 მარტს მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
ტელეფონით ვესაუბრეთ როინ შავაძის ოჯახის ინტერესების დამცველ ადვოკატს, რამინ პაპიძეს, რომელსაც საქმის მასალების გაცნობის საშუალებას ისევ არ აძლევენ. პრესა.გე როინ შავაძის ქვრივს, ციცინო შავაძესაც შეხვდა და ესაუბრა, რომელიც დაზარალებულად დღემდე არ უცვნიათ.
ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული როინ (რომა) შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ბათუმის ცენტრში, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს – ”ძირს დაგდებულ ქართველ ჯარისკაცს დაახლოებით 20 ნიღბიანი სპეცრაზმელი, რომ ურტყამდა, გვეგონა მტერი შემოვიდა და ჩვენი ოქროულობის ჩალაგება დავიწყეთ, პანიკაში ჩავვარდით; ისიც კი ვიფიქრეთ, ტყვედ არ აგვიყვანონ–თქო. ძალიან დაუნდობლად და საცოდავად აიყვანეს”, – ეს ამბავი მომხდარიდან სამი კვირის შემდეგ, ბათუმში ყოფნისას, თვითმხილველებმა გვიამბეს.
ჯარისკაცის დაკავების ამბავი მის მეუღლეს ტელეფონით შეატყობინეს. მას ოჯახი სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა. გვიან საღამოს, უბნის პოლიციის თანამშრომლებმა სახლში მყოფ შავაძეებს ქუჩიდან შესძახეს – “რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცავებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს. მათზე ზეწოლა რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა; შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ხოლო ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო. ტერორი შეწყდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მკვლელობის წინა დღეს როინ შავაძეს კუდ–ის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიქოვანმა, მეტსახელად “მაიმუნამ“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელმა) მიაკითხა, აჭარის კუდ–ის შენობაში მიიყვანა და ნახევარ საათში უკან დააბრუნა – “რა ხდება-მეთქი, - ვკითხე მეუღლეს. “მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. “მოვიყვანე და კითხეო”, - უთხრა მას “მაიმუნამ”. “მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?!”, - ხელები გაშალა იმ კაცმა”. გზაში “მაიმუნას” უკითხავს - “თუ იცი რამდენია მკვდარიო?” ამის გამო რომა აღელვებული იყო - “მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ სათვალავად ვყავდი გაშვებული? ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?!” რომამ მითხრა - “უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლანო?!” რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო: “მე არაფერი არ ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო”.
როინ შავაძის დაკრძალვამდე მისი ცხედარი ოჯახის ახლობელმა ექიმმა დაათვალიერა. ჩვენ მას როინ შავაძის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ შევხვდით და ვესაუბრეთ. გთავაზობთ მის ნაამბობს, მაგრამ ვინაობას, როინ შავაძის ოჯახის თხოვნით ვერ ვასახელებთ:
“წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში “დუბინკა”, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით. მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხრილული”.
ჯარისკაცის ქვრივი, ციცინო შავაძე ამბობს, რომ ცხედარზე მთლიანობაში 84 ნატყვიარი დათვალეს. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე გეჯაძე განმარტავს, რომ ოჯახის წევრების და ექიმის მიერ დათვლილ ნატყვიარებზე ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს – “მე მხოლოდ და მხოლოდ იმ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემიძლია ვისაუბრო, რომელიც თქვენ მომაწოდეთ“.
აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურში, როინ შავაძის ცხედრის ექსპერტიზა (N1739/1–111) პირველად 2008 წლის 16 აგვისტოს დაიწყო და იმავე წლის 21 ოქტომბერს დამთავრდა. დამატებითი ექსპერტიზა 2008 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა და ორ თვეში – 2009 წლის 18 თებერვალს დასრულდა (N2963/1). ექსპერტიზა ორივე შემთხვევაში მამუკა მეტრეველმა ჩაატარა, რომელსაც სასამართლო მედიცინაში 21–წლიანი სტაჟი აქვს.
ექსპერტიზის პირველი დასკვნის აღწერილობითი ნაწილის შესწავლის შემდეგ, ალექსანდრე გეჯაძე ცალსახად ამბობს, რომ ცეცხლნასროლი დაზიანებების რაოდენობაზე, სროლის მანძილსა და სროლის მიმართულებაზე (ანუ ცეცხლნასროლი დაზიანებები წინიდან უკან განვითარდა, უკნიდან წინ თუ როგორ), არამც თუ კატეგორიული, არამედ, სავარაუდო დასკვნების გამოტანაც კი შეუძლებელია, მარტივი მიზეზის გამო – ცეცხლნასროლ დაზიანებებთან დაკავშირებით, ექსპერტს ადეკვატური, სრულყოფილი პასუხი გაცემული არ აქვს; სათანადოდ არ არის აღწერილი და დასაბუთებული ცეცხლნასროლი დაზიანებების ყველა ის დამახასიათებელი ნიშანი, რაც ექსპერტს საშუალებას მისცემდა დაედგინა, რამდენი ცეცხლნასროლი დაზიანება იყო, სად იყო განლაგებული ტყვიის შესავალი ხვრელი, სად გამოსავალი.
პრესა.გე–ს კითხვაზე – ეს უვიცობის შედეგია, თუ შეგნებულადაა გაკეთებული? დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი პასუხობს – “ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტის სამუშაო სტაჟი არის 21 წელი და დანარჩენი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდვია“.
როინ შავაძის მკვლელობის საკითხზე კომენტირებისას, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციაში, მათ შორის ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ “თითქოს ეჭვი მიიტანეს, რომ შავაძე მოწინააღმდეგესთან თანამშრომლობდა. ის დააპატიმრეს და თბილისში გადაყვანის დროს, გაქცევის მცდელობისას დაიღუპა”. როინ შავაძის მკვლელობის ადგილად ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, ქობულეთი–ოზურგეთის საავტომობილო გზასთან არსებული აჭარა–გურიის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლი. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გავრცელებული არაოფიციალური ვერსია 3 მიზეზის გამოა არადამაჯერებელი:
1. თუ როინ შავაძე მოწინააღმდეგესთან მართლაც თანამშრომლობდა, მაშინ წაგებული ომის მთავარსარდლებმა სამაგალითოდ რატომ არ გაასამართლეს და დასაჯეს, როგორც მოღალატე? რა შუაშია იყო მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ნარკოტიკული დანაშაულის მუხლით?!
2. გზიდან როგორ უნდა გაქცეოდათ ადამიანი, რომელსაც ოქროს ბირჟასთან, დაკავების დროს, ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა ლამის სული ამოხადეს, ისე ცემეს?!
3. დავუშვათ, მართლაც გაექცათ – მაშინ რატომ არ არის ექსპერტიზის დასკვნაში ტყვიის მიმართულება დაფიქსირებული?! თუ გაქცევის ვერსია უტყუარია, მაშინ ჯარისკაცს ტყვიებიც უკნიდან უნდა ჰქონდეს მოხვედრილი, რაც ექსპერტიზის დასკვნაში არ წერია. გამომძიებელს ექსპერტიზის წინაშე არც პირველად დაუსვამს კითხვა სროლის მიმართულების შესახებ და ეს არც დამატებითი ექსპერტიზის დროს გაუკეთებია.
დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის აზრით, შავაძის ცხედარზე არსებულ “სხვა სახის დაზიანებებზე“ დასკვნაში სრულფასოვანი პასუხია გაცემული:
“ექსპერტს ადეკვატურად უწერია, რომ ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები არის სხეულის ბლაგვი ტრავმა. გამომძიებელი ექსპერტს, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ ეკითხება, თუ რითია ეს დაზიანებები მიყენებული, მაგრამ ექსპერტი ადეკვატურად პასუხობს, რომ ეს დაზიანებები რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნების მოქმედებითაა მიყენებული. ამ დაზიანების მიღება დაცემით შეეძლო, თუ მაგალითად ცემის დროს, ამას გამომძიებელი არ ეკითხება. და თუ არ ეკითხება, ამ შემთხვევაში ექსპერტი ვალდებული არ იყო ამ ორ შეკითხვაზე პასუხი გაეცა. რადგან ახლა თქვენ მეკითხებით, გპასუხობთ – ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს და ნებისმიერ სხვა რეჟიმში, მაგრამ ცალსახაა, რომ ამ დაზიანებებს შავაძე საკუთარი სხეულის სიმაღლიდან ერთჯერადი დაცემით ვერ მიიღებდა“.
ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რასაც გამოძიება ექსპერტს უსვამს, როინ შავაძის გარდაცვალების მიზეზის დადგენაა. ექსპერტიზის პირველ დასკვნაში, ჩამოთვლილ 11 კითხვას შორის რიგით მესამეა – “რა არის როინ შავაძის სიკვდილის უშუალო მიზეზი?“
ალექსანდრე გეჯაძე: “პირველი ექსპერტიზის გაფორმებისას ექსპერტს არ დაუფიქსირებია შავაძე რისგან გარდაიცვალა, რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი, რასაც გამოძიებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. თუ რატომ მოხდა ეს, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, მაგრამ ეს არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც პროზექტურაში გვამი სასამართლო მედიკური წესით იკვეთება. კი, ყველამ იცოდა, რომ დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული, რომ ის გულის ინფარქტით არ მოკვდებოდა, მაგრამ ამ 4 თვის მანძილზე გამოძიებას არ გააჩნდა სიკვდილის მიზეზზე ოფიციალური წერილობითი ინფორმაცია – ექსპერტის დასკვნა; გამოძიებამ დოკუმენტალურად არ იცოდა რისგან მოკვდა შავაძე. ეს იურიდიული ნონსენსია და არა სასამართლო მედიკური. ამას გეუბნებით, როგორც იურისპრუდენციასთან მოსაზღვრე სპეციალობის მქონე პირი“.
დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის დროს გამომძიებელმა 4 კითხვა დასვა, რაზეც პირველ ექსპერტიზაში პასუხი ვერ მიიღო – რა იყო სიკვდილის უშუალო მიზეზი? რამდენ ხანში დადგებოდა სიკვდილი? შეეძლო თუ არა როინ შავაძეს დაზიანებების მიღების შემდეგ ემოძრავა, ან შეესრულებინა რაიმე მოქმედება, ეყვირა, ან ელაპარაკა? აღნიშნული დაზიანების არსებობისას შეეძლო თუ არა როინ შავაძეს გონზე მოსვლა და რამდენი ხნით?
“გამოძიებისთვის ალბათ, ღირებული იყო ეს შეკითხვები, რამეთუ 4 თვის შემდეგ ისევ დაისვა, რაზეც ექსპერტი პასუხობს, რომ გარკვეული დროის მანძილზე, შავაძეს შეეძლო გადაადგილება, გარკვეული მოქმედებების შესრულება; მოქმედებების შესრულებაში ექსპერტი გულისხმობს ყვირილსაც, ლაპარაკსაც, რასაც მე კატეგორიულად გამოვრიცხავ. იმაზე, შეეძლო თუ არა შავაძეს გონზე მოსვლა, პირველ ექსპერტიზაში არაფერია ნათქვამი, ხოლო მეორე ექსპერტიზის წარმოების დროს, ექსპერტი პასუხობს, რომ ამ საკითხის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია.
გვამის გამოკვლევის მონაცემებიდან და იმ დაზიანებებიდან გამომდინარე, რა დაზიანებებიც ამ პიროვნებას ჰქონდა მიღებული (გულის, ფილტვების, ღვიძლის, ნაწლავების), მე შემიძლია ცალსახად გიპასუხოთ, რომ შავაძეს გონზე მოსვლის არანაირი შანსი არ ჰქონდა, რადგან ეს დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო“, – ამბობს ალექსანდრე გეჯაძე.
როინ შავაძის სიკვდილის მიზეზად, ექსპერტიზის დასკვნაში N2963/1 მითითებულია: “როინ შავაძის სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული შინაგანი ორგანოების (გული, ფილტვები, ღვიძლი, ნაწლავები) დაზიანებებით, მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად“.
ალტერნატიული სასამართლო სამედიცინო ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განმარტებით, შავაძის სხეულზე ცეცხლნასროლი დაზიანებების რაოდენობის განსაზღვრა ტანსაცმლის ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზით სავსებით შესაძლებელია, მაგრამ არც ოჯახმა, არც ადვოკატმა არ იცის, ჩატარებულია თუ არა როინ შავაძის ტანსაცმელზე ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა; მეტიც – მათ არც პრესა.გე–ს მიერ მოპოვებული ექსპერტიზის დასკვნები უნახავთ.
ადვოკატმა რამინ პაპიძემ საქართველოს მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას მარტში თხოვნით მიმართა, ზომები მიეღოთ, იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალების გაცნობის საშუალებას კვლავ არ აძლევენ და რომ ციცინო შავაძე დღემდე არ არის ცნობილი დაზარალებულად. აპრილში ადვოკატს აჭარის პროკურატურიდან უპასუხეს, რომ საქმეზე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს და ვინმეს ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ გაირკვევა, ადვოკატის მიერ დასმული საკითხები.
http://presa.ge/index.php?text=news&i=10923 * * *
სახალხო დამცველის შენიშვნები „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით
25 10 2011
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლს ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს წარუდგინა შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანას.
მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა წახალისებისათვის დამატებით საშუალებებს, კერძოდ პატიმრებისათვის ერთის მაგივრად წელიწადში ორ დამატებით ხანგრძლივ პაემანსა და თვეში ერთ დამატებით სატელეფონო საუბარს.
თუმცა, სამწუხაროდ კანონპროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია არა პატიმართა მიმართ არსებული ნორმების ლიბერალიზაციისაკენ, არამედ გამკაცრებისაკენ. კანონპროექტით გათვალისწინებულია მსჯავრდებულთათვის ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად უნდა შეფასდეს.
კერძოდ, კანონპროექტის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის მიხედვით, პატიმრობის კოდექსის მე–17 მუხლს ემატება მე–71 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს დისციპლინური სახდელის ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ბრალდებულისთვის /მსჯავრდებულისთვის ხანმოკლე პაემნის აკრძალვას 3–დან 6 თვემდე ვადით.
ამგვარმა ცვლილებამ შესაძლებელია პატიმრობის კოდექსის სხვა ნორმებთან ერთობლიობაში ხანგრძლივი პერიოდით პატიმარს ოჯახთან კონტაქტი სრულად აუკრძალოს.
სახალხო დამცველის აზრით, კანონპროექტის პირველი მუხლის მეორე პუნქტი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, ვერ უზრუნველყოფს განმარტებით ბარათში მოცემული მიზნების მიღწევას და შესაბამისად მიაჩნია, რომ მისი ამ შინაარსით მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ არ უნდა განხორცელდეს.
http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1425 * * *
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართავს
26 09 2011
,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგიმ ტუღუშმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
2011 წლის 11 სექტემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ ქუთაისის N2 დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს (დაახლოებით 100 პატიმარი), რომელთა უმეტესობა საუბრისას აღნიშნავდა, რომ 2011 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, #2 დაწესებულებაში შევიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი, პატიმრების გარკვეული ნაწილი გამოიყვანეს საკნებიდან (ძირითადად C და D კორპუსში განთავსებული პატიმრები), მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ზოგი დააბრუნეს საკანში, ზოგი კი გადაიყვანეს სამარტოო საკანში. ოთხმა მსჯავრდებულმა წერილობითაც დაადასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი.
2011 წლის აგვისტოს თვეში სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გეგმური მონიტორინგი ჩაატარა ქუთაისის #2 დაწესებულებაში. მონიტორინგის დროს მონახულებული პატიმრები აღნიშნავდნენ, რომ უკანასკნელ პერიოდში კვლავ თავი იჩინა მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ ხშირად უხეშად და დამამცირებლად ექცეოდნენ, რაც განსაკუთრებით დისციპლინურ პასუხისმგებლობადაკისრებულ და კარანტინში განთავსებულ პატიმრებს შეეხებოდა. პატიმართა თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, სამარტოო საკანში გადაყვანის ნაცვლად, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს, პატიმართა უმეტესობა ჯერ დაწესებულების „ბოქსში“ გადაჰყავდათ და იქ ფეხშიშველა, საცვლებისამარა ათავსებდნენ 3–დან 24 საათამდე. ზოგიერთმა მსჯავრდებულმა ისიც აღნიშნა, რომ ისინი „ბოქსში“ ჩაყვანის შემდეგ სცემეს, თუმცა აღნიშნული ფაქტების წერილობით დაფიქსირებისგან თავი შეიკავეს.
ქუთაისის #2 დაწესებულებაში ზემოაღნიშნული პრაქტიკის არსებობა დაადასტურა მონახულებული პატიმრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ (დაახლოებით 600 პატიმარი), რაც განსაკუთრებით დამაჯერებელს ხდის აღნიშნულ ფაქტებს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისის დაწესებულება არის დახურული ტიპის, სადაც სხვადასხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებს არანაირი კონტაქტი არ აქვთ ერთმანეთთან.
გარდა ამისა, 2011 წლის ზაფხულის მანძილზე, სახალხო დამცველს არაერთი კოლექტიური განცხადებით მიმართეს ქუთაისის #2 დაწესებულებაში განთავსებულმა პატიმრებმა. ისინი საუბრობენ მათი უფლებების უხეშ დარღვევაზე და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. ორ ფაქტზე, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა).
სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებული გეგმური მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოუწოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასწრაფოდ გაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება ქუთაისის #2 დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე დაეყენებინა ყველა იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც გამოირჩევიან პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობით. მიუხედავად აღნიშნული მოწოდებისა, ქუთაისის #2 დაწესებულებაში პატიმართა მიმართ მოპყრობა არანაირად არ გაუმჯობესებულა. ასევე, სახალხო დამცველისთვის უცნობია, გატარდა თუ არა რაიმე სახის ღონისძიება ქუთაისის დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და დამნაშავეთა დასჯის მიზნით.
სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს ქუთაისის #2 დაწესებულებაში არსებული მდგომარეობით, მით უმეტეს, რომ უკანასკნელ ხანებში არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დაწესებულებების სისტემურ პრობლემას, რა მოსაზრებაც, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, თუ არანაირი ზომა არ იქნა გატარებული არასათანადო მოპყრობის აღმოფხვრისთვის და დამნაშავეების გამოვლენისა და დასჯისთვის.
* * *
http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1421 * * *
მსჯავრდებულ ივანე ძაგნიძის საქმის თაობაზე
15 09 2011
2011 წლის 9 სექტემბერს, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებმა რუსთავის #17 დაწესებულებაში მოინახულეს მსჯავრდებული ივანე ძაგნიძე, მისივე 2011 წლის 8 სექტემბრის სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე. შეხვედრისას ი.ძაგნიძემ სახალხო დამცველის რწმუნებულს გადასცა განცხადება, სადაც აღწერილი იყო მის მიმართ დაწესებულებაში განხორციელებული ზეწოლა, რაც მსჯავრდებულის მიერ სამედიცინო გამოკვლევების მოთხოვნას მოჰყვა და წელიწადზე მეტია გრძელდება.
2011 წლის 12 სექტემბერს ი.ძაგნიძის განცხადება რეაგირებისათვის გადაეგზავნა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. იმავე დღეს გაიგზავნა მიმართვა რუსთავის #17 დაწესებულებაში ი.ძაგნიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
2011 წლის 15 სექტემბერს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლებმა კვლავ მოინახულეს მსჯავრდებული ი.ძაგნიძე, რა დროსაც მან განაცხადა, რომ აწუხებდა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა. კითხვაზე, განიცდიდა თუ არა კვლავ ზეწოლას ადმინისტრაციის მხრიდან, ი.ძაგნიძემ განაცხადა, რომ უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე მის მიმართ უკანონო ქმედება არ განხორციელებულა.
რუსთავის #17 დაწესებულებაში სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის თანამშრომლები ვიზიტებს ახორციელებენ რეგულარულად, სულ მცირე, კვირაში ერთხელ მაინც, ვინაიდან აღნიშნული დაწესებულება ითვლის 3000–ზე მეტ მსჯავრდებულს, რომელთაგან ბევრს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. გარდა ამისა, რუსთავის #17 დაწესებულების სრული მონიტორინგი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, განხორციელდა 2011 წლის აგვისტოს თვეში. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ზოგიერთი სხვა დაწესებულებისგან განსხვავებით, რუსთავის #17 დაწესებულებაში განთავსებული ყველა მსჯავრდებულის თქმით, მათ მიმართ დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან არასათანადო ან შეურაცხმყოფელი მოპყრობა არ განხორციელებულა. პირიქით, მსჯავრდებულების თქმით, მათ რეგულარული დიალოგი აქვთ დაწესებულების ადმინისტრაციასთან, მათ შორის, უშუალოდ დირექტორთან და შეუძლიათ, მას მიმართონ ნებისმიერი საკითხის გარკვევის მიზნით.
* * *
რაც შეეხება სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ რეგულარული მონიტორინგის წარმოებას, მოგახსენებთ, რომ 2011 წლის ზაფხულში განხორციელდა გეგმიური მონიტორინგი, რა დროსაც მონახულებული იქნა ყველა დაწესებულება და იქ განთავსებული პატიმრების დიდი ნაწილი. სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული გეგმური მონიტორინგის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებითაც. გარდა ზემოთქმულისა, 2011 წლის სექტემბრამდე, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელდა 222 არაგეგმური ვიზიტი (ნანახი იქნა 597 პატიმარი). დასავლეთ საქართველოს ს/ა დაწესებულებებში 2011 წლის პირველ ნახევარში განხორციელდა 65 არაგეგმური ვიზიტი. ეს უკანასკნელი გულისხმობს განცხადებებზე, შეტყობინებებზე რეაგირებას, ასევე, საინფორმაციო ან სხვა ნებისმიერი საშუალებით სასჯელაღსრულების სისტემასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას. ვიზიტების სტატისტიკის მიხედვით ნათელია, რომ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არათუ რეგულარული, არამედ ყოველდღიურია.
როდესაც სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის დანამდვილებით ხდება ცნობილი რომელიმე პატიმრის ან პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ან ნებისმიერი სხვა უფლებადარღვევის შესახებ, ყველა ასეთ ფაქტზე ხდება შესაბამისი უწყებებისადმი მიმართვა და გაიცემა რეკომენდაცია დამნაშავეების დასჯისა და დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც სახალხო დამცველს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმს განსაკუთრებით საყურადღებოდ მიაჩნია, რეგულარულად ქვეყნდება სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის პრეს–რელიზები, რომელთა მიხედვით, ნებისმიერ დაინტერესებულ და ობიექტურ მხარეს შეუძლია, გარკვეული წარმოდგენა მაინც იქონიოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და სხვა თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში.
http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1412 * * *
ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების თაობაზე
09 09 2011
2011 წლის 9 სექტემბერს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს და გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს ილია ჭიჭიბოშვილს, იმედა დვალიშვილს და ნუგზარ ხმალაძეს. სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას მსჯავრდებულებმა დაადასტურეს მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი. 2011 წლის 3 სექტემბერს ისინი ქსნის #15 დაწესებულებაში რუსთავის N6 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. ქსნის #15 დაწესებულებაში შესვლისას, მათ დახვდნენ დაწესებულების თანამშრომლები, რომელთა შორის იყვნენ ლევან ლეჟავა და ბაჩო რუხაია. მსჯავრდებულთა თქმით, თანამშრომლებმა მათ დაუწყეს ცემა და გინება. მომხდარის გამჟღავნების შემთხვევაში ლევან ლეჟავა და ბაჩო რუხაია მათ სასჯელის დამატებით დაემუქრნენ.
სახალხო დამცველი პატიმრებისგან მიღებულ ახსნა-განმარტებებს რეაგირებისთვის მთავარ პროკურატურას გადაუგზავნის.
ქსნის #15 დაწესებულება დიდი ხანი იყო სახალხო დამცველის საგანგებო ყურადღების საგანი, ვინაიდან აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები რეგულარულად ხდებოდნენ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. თუმცა პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის ვიზიტებისას, ისევე, როგორც 2011 წლის ზაფხულის გეგმური მონიტორინგის დროს, მსჯავრდებულებთან გასაუბრებისა და ზოგადად მონიტორინგის შედეგად აშკარა იყო, რომ მოპყრობის მხრივ დაწესებულებაში მდგომარეობა რადიკალურად იყო შეცვლილი და გაუმჯობესებული. მსჯავრდებულთა თქმით, მათ აღარც კარცერში ათავსებდნენ უმიზეზოდ, როგორც ეს გასულ წლებში ხდებოდა. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, ქსნის დაწესებულებიდან გათავისუფლებული იქნა რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშში მოხვდნენ, თუმცა ლევან ლეჟავა, რომელსაც პატიმრები ასევე სდებდნენ ბრალს არასათანადო მოპყრობაში და რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშშიც ნახსენები იყო, კვლავ განაგრძობს საქმიანობას აღნიშნულ დაწესებულებაში. აღნიშნულის ფონზე სამწუხაროა, რომ ქსნის დაწესებულებაში კვლავ დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობის ფაქტი.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მთავარი პროკურატურის მხრიდან მის მიმართვას სათანადო რეაგირება მოყვება, ზემოაღნიშნული ფაქტების გამოძიება სწრაფი და ეფექტური იქნება, რის შედეგადაც დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ბრალი მიუძღვით მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სასჯელაღსრულ
This post has been edited by NAOKI on 13 Nov 2011, 20:27
ორი კაციც და.. გავდივართ!
everyone gangsta til pasta storms in with vegetables.