მასალები ”ყინწვისის ამბოხების” საქმეზე
თა
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოხატავს შეშფოთებას და აპროტესტებს 2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებული ადამიანების კონსტიტუციური უფლებების შელახვას, რაც, უფლებადამცველების მოსაზრებით, აშკარად იკვეთება მათ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მასალების შესწავლისას.
არასამთავრობო ორგანიზციების მიერ დღეს, 14 მარტს, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია დაკავებულთა გაუჩინარების, წამებისა და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევები, როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიების ეტაპზე.
2011 წლის 26 მაისს, დილით ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს თანამშრომლებმა 24-კაციანი დაჯგუფება დააკავეს. დაკავების მიზეზად დასახელდა შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად. სპეცოპერაცია ფართოდ გაშუქდა ტელევიზიებით და გავრცელდა თითქოსდა სპეცოპერაციის დროს ამოღებული იარაღის ვიდეოკადრები. შსს-ს მაღალჩინოსნები სიუჟეტებში აცხადებდნენ, რომ დაკავებულები ამზადებდნენ შეიარაღებულ სახელმწიფო გადატრიალებას.
”შეშფოთებას იწვევს „ყინწვისის საქმის“ შემდგომი განვითარება. კერძოდ, ყინწვისის სპეცოპერაციის შესახებ შსს-ს საიტზე - www.police.ge თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2011 წლის 26 მაისს შსს-ს თანამშრომლებმა ყინწვისში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით და ბრალდებულებმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს... დღეისათვის ასეთი შინაარსის ინფორმაცია შსს-ს საიტზე აღარ დევს, ხოლო პროკურატურა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ უარყოფს ყინწვისის სპეცოპერაციას. სასამართლო პროცესზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყინწვისში არავითარი სპეცოპერაცია არ ყოფილა და ბრალდებულებიც არა ყინწვისში, არამედ თბილისში დააკავეს,” - აცხადებენ არასამთავრობოები. [ადამიანის უფლებათა ცენტრი; კონსტიტუციის 42-ე მუხლი; საზოგადოების კვლევის ცენტრი; ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი; ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის; საზოგადოებრივი დამცველი; „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“; „კანონი ხალხისათვის“; კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი; სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“; მიგრანტთა უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის ცენტრი და „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის“].
ზემოაღნიშნული ორგანიზაციების ცნობით, სისხლის სამართლის საქმის მასალებში „ეროვნულ -სარწმუნოებრივი მოძრაობის“ ლიდერის, ნიკოლოზ გოგუაძისა და სხვა ბრალდებულების დაკავების ვადის ათვლა დაწყებულია არა ყინწვისში დაკავების მომენტიდან, არამედ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მიყვანიდან.
როგორც უფლებადამცველები ამტკიცებენ, მასალების შესწავლისას იკვეთება ის ფაქტი, რომ სინამდვილეში ნიკოლოზ გოგუაძე და სხვა ბრალდებულები მართლაც ყინწვისში დააკავეს, ოღონდ სპეცოპერაცია სერიოზული დარღვევებით ჩატარდა - ისე, რომ ადგილზე არც შესაბამისი ოქმი და სხვა დოკუმენტაცია არ შეუდგენიათ. ეს საბუთები პოლიციამ მეორე დღეს - 27 მაისს, თბილისში შეადგინა და სიტუაცია ისე წარმოაჩინა, თითქოს მათი დაკავება მოხდა ამ დროს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ 24 ადამიანი ყინწვისიდან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იძულებით კი არ მიიყვანეს, არამედ საკუთარი სურვილით მივიდა „მოწმის სტატუსით“.
არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს იარაღის მთელი არსენალი ჰქონდათ და შეიარაღებულ გადატრიალებას ამზადებდნენ. სასამართლოზე წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით კი, 24 დაკავებულს შორის იარაღი მხოლოდ ერთს, ამჟამად უკვე გასამართლებულ ყოფილ პოლიციელს, მიხეილ ცილიკაშვილს აღმოაჩნდა. იგი დაცვის სამსახურის წარმომადგენელი იყო და კანონმდებლობის თანახმად, ტაბელური იარაღის შენახვის უფლება ჰქონდა. სასამართლო პროცესზე საქმეში სხვა არანაირი იარაღი არ ფიგურირებდა.
ადვოკატების თქმით, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე პასუხი ვერ გასცა: თუკი ბრალდებულებს იარაღი არ ჰქონდათ, როგორ აპირებდნენ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას?
როგორც დაკავებულთა ადვოკატები აცხადებენ, დაკავებულებს აღენიშნებოდათ სხეულის მძიმე დაზიანებები, განსაკუთრებით - ნიკოლოზ გოგუაძეს, რომელიც იყო ნაცემი და ნაწამები. მათივე თქმით, ეს კარგად ჩანს იმ აღიარებით ვიდეოჩვენებაშიც, რომელიც ოპერატიულად გაავრცელეს ნაციონალურმა მაუწყებლებმა.
”აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ გოგუაძეს 26 მაისის ღამის 12 საათიდან 27 მაისის დილის 6:10 საათამდე ჰკითხავდნენ. 6:12 წუთზე კი გამომძიებელმა როგორც ბრალდებული, ისე დააკავა. მანამდე იმავე გამომძიებელმა თვითონვე დააფიქსირა, რომ დაკავებულს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები სახესა და სხეულზე, ასევე - მენჯის დაზიანება. სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ გოგუაძის ადვოკატმა ბესარიონ ქარცივაძემ გამომძიებელს ჰკითხა, რატომ დაკითხა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი. პასუხად მიიღო, რომ დაკითხვის პროცესში მას დაზიანებები არ ეტყობოდა. არადა, როგორც აღვნიშნეთ, დაკითხვამდე ოქმში თავად აქვს დაფიქსირებული ეს დაზიანებები. შემაშფოთებელია, რომ გოგუაძის გარდა, სხეულის დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდათ სხვებსაც. თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან ითანამშრომლეს და საპროცესო გარიგება გააფორმეს, ჩვენებაში დააფიქსირეს, რომ მათ თითქოს კი არ სცემეს, არამედ დაზიანებები ყინწვისში ყოფნისას ზოგმა ხეზე ფეხის წამოკვრით, ზოგმა მანქანაზე თავის ჩამორტყმით და ზოგმა წაქცევით მიიღო,” - აცხადებენ ყოინწვისში დაკავებულთა და გასამართლებულთა უფლებადამცველები.
საბოლოო ჯამში, გოგუაძისა და კეშელავას გარდა, ყველა დაკავებულმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. თუმცა, ამის მიუხედავად, ადვოკატების თქმით, განსაკუთრებული შეღავათი არც ერთს არ უგრძვნია. დამატებით სასჯელად პირობითი მსჯავრი ყველას შეეფარდა, ერთს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, უმრავლესობას კი 4, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2011 წლის 12 აგვისტოს ნიკოლოზ გოგუაძისა და ოლეგ კეშელავას სასამართლო პროცესიც დასრულდა. ნიკა გოგუაძეს ორი ბრალდების - შეთქმულების მოწყობისა და იარაღის უკანონოდ ტარების საფუძველზე, 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, ოლეგ კეშელავას კი - 8 წლით. ნიკოლოზ გოგუაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.
როგორც უფლებადამცველები ამტკიცებენ, პატიმრების დიდი ნაწილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ძირითადად, დუმილს ამჯობინებს.
უფლებადამცველები ასევე აღნიშნავენ იმასაც, რომ ტელევიზიებით გავრცელებულ ინფორმაციებში სახელმწიფო გადატრიალების დამკვეთებად სახელდებოდნენ მოსკოვში მცხოვრები ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც თითქოსდა ამ ჯგუფთან დანაშაულებრივ კავშირი ჰქონდათ. შსს-მ ისე წარმოაჩინა, რომ 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციების დროს რუსეთის სპეცსამსახურები ამ ჯგუფის დახმარებით გეგმავდნენ შეიარაღებულ გადატრიალებას. გავრცელებულ ინფორმაციებში ყინწვისში დაპატიმრებულთა ხელმძღვანელებად ფიგურირებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების ყოფილი მინისტრები - თემურ ხაჩიშვილი და იგორ გიორგაძე, „რუსი და ქართველო ხალხების ერთობის“ ფონდის პრეზიდენტი, ვლადიმერ ხომერიკი, ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი, რომელიც იმ დროს სულ სხვა საქმეზე იძებნებოდა და რუსეთს აფარებდა თავს. არც ერთი ეს პირი შემდგომში სისხლის სამართლის საქმის მასალებში აღარ ფიგურირებს. მათი სახელების გამოყენება შსს-ს მხოლოდ პიარისთვის დაჭირდა. მათზე არც ძებნაა გამოცხადებული და ცალკე წარმოებად არც სხვა საქმეა გამოყოფილი.
”საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ, კერძოდ - 2012 წლის 20 თებერვალს შსს-მ დააკავა ვალერი გელბახიანი 2008 წლის ბრალდებასთან დაკავშირებით, რაზეც იგი იძებნებოდა. თუმცა ამ საქმეს ყინწვისის სპეცოპერაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს. გელბახიანი კი გირაოს წესით სასამართლო დარბაზიდან მალევე გაათავისუფლეს ისე, რომ ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით მისთვის ბრალიც არ წაუყენებიათ. აქედან გამომდინარე, საქმის მასალებიდან არ მტკიცდება მოსკოვში გადახვეწილი ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირი ყინწვისში დაკავებულ ადამიანებთან. შესაბამისად, არ არსებობს „შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების“ დამკვეთი და სავსებით შესაძლებელია, მსგავსი რამ არც იგეგმებოდა. უბრალოდ, ხელისუფლების მიზანი იყო პოლიტიკურად აქტიური ჯგუფის განეიტრალება და მათი დისკრედიტაცია,” - აცხადებს ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა ძირითადი მოვალეობა საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვაა.
ყინწვისის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების გარდა, არასამთავრობოები ხელისუფლებისგან მოითხოვენ:
”2011 წლის 26 მაისს ყინწვისში დაკავებული 24 ადამიანის მიმართ გამოტანილი განაჩენი ჩაითვალოს დაუსაბუთებლად და უკანონო პატიმრები გათავისულდნენ საპატიმროებიდან.
დაისაჯონ ამ ძალადობრივი აქციის ინიციატორები და შემსრულებლები, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას და ყინწვისის მონასტრიდან უსაფუძვლოდ გაიტაცეს ადამიანები - ისე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო;
ობიექტურად გაირკვეს, რა ვითარებაში მიიღეს სხეულის დაზიანებები ბრალდებულებმა და დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც ისინი აწამეს.
დაისაჯონ ის პირები, რომლებმაც პროცესუალური ნორმების დარღვევით მიიღეს ე. წ. აღიარებითი ჩვენებები და შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება.
დაისვას იმ მოსამართლის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე განაჩენი გამოიტანა.
თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის თანამდებობის პირები, რომლებიც სამინისტროს ოფიციალური საიტისა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელეარხების საშუალებით გამიზნულად ავრცელებენ დეზინფორმაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.”
აღნიშნულ განცხადებას ორგანიზაციების სახელით ხელს აწერენ: უჩა ნანუაშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი, მარინა მუსხელიშვილი, ნანა კაკაბაძე, ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი, არნოლდ სტეპანიანი და სხვები.
http://netgazeti.ge/GE/96/News/8711/.htm
ორი კაციც და.. გავდივართ!
everyone gangsta til pasta storms in with vegetables.