საზოგადოება
07:14 / 17-09-2011
რა ხდება ანაკლიასა და განმუხურში
"წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოოო"... - კმაყოფილი ხმით ჩაიღიღინა "დაზაგრულმა" კაცმა, რომელიც ჩვენსავით დიდხანს ეძებდა ანაკლიის სანაპიროზე მანქანის გასაჩერებელ ადგილს. მერე საბარგულიდან უზარმაზარი საზამთრო გადმოაგორა და ხალხით გადავსებულ პლაჟზე დიდხანს ეძება ახლობლები, რომლებმაც საორიენტაციოდ სასტუმრო "ოქროს საწმისი" მიასწავლეს და საზამთროიანი კაცი ჩვენი თვალსაწიერიდან მიიმალა...
ბულვარზე რამდენიმე ტრაქტორი გამალებით მუშაობდა. ადგილობრივებმა სიამაყით მითხრეს - ახალი სასტუმროები და გასართობი კლუბები შენდებაო... გრძელი პალმების ხეივანს თეთრი სავარძლები ამშვენებდა. თვალს ევროპულ და აზიურ სტილში აშენებული სასტუმროებიც მოხვდა, რომლებსაც აივნებზე გაფენილი პირსახოცების რაოდენობაზე ეტყობოდა, კლიენტის ნაკლებობას არ განიცდიდა...
- გოგონა, ნაგვის ურნა თქვენგან ორ ნაბიჯზეა, აქ რატომ ყრით ნაგავს? დედა, სად გაიზარდა ეს ხალხი? - გაიოცა ქალბატონმა.
- ბოდიში, ვერ დავინახე, - დაიმორცხვა გოგონამ.
- "ოი, კაკ ხარაშო ზდეს... მნე ოჩენ ნრავიტსია"! - ამ სიტყვების ავტორი მეტად "გულახდილად" ჩაცმული, გრძელფეხება, ქერა გოგონა იყო, სავარაუდოდ - უკრაინული წარმოშობის. მის სიახლოვეს პლაჟზე განსაკუთრებული სივიწროვე იგრძნობოდა. ზღვაში ჩასვლას არავინ ჩქარობდა...
- ე, ბიჭო, ჩადი წყალში, თორემ ამ გოგონების ცქერაში კი აგივიდა დამწვრის სუნი, - ხელი წაჰკრა ერთმა მეორეს, თან გოგონებისთვის თვალი არ მოუცილებია...
- სიმინდიი, სიმინდიიიიი! - ჩამოიარა ჭილოფისქუდიანმა ქალმა.
- რა ამბავია, ქალო, ერთი ტარო ორი ლარი? უკვდავებისაა?
- უკვდავებისაა, აბა, რა არის, ვერ ხედავ? შეჭმულია ყანები ამერიკული პეპლისგან, - არ ჩამორჩა ქალი და სავსე ჩანთაზე მიგვითითა, - ცხელი ხაჭაპური და ცივი "კოკა-კოლა" მიდევსო.
კაფე-ბარები და რესტორნები სავსე იყო მშიერი და დაუსრულებელი ლოდინისგან ნერვებდაწყვეტილი კლიენტებით. ჩვენ წინ, ორკაციან მაგიდასთან ქერა წყვილი იჯდა და მოუთმენლად ცმუკავდა.
- ორი საათის წინ შევუკვეთ ელარჯი და მას შემდეგ ველოდებით. ელიჩკამ მითხრა, სახლიდან კონსერვი წამოვიღოთ და ელარჯის მოტანამდე ის ვჭამოთო, მაგრამ ვიფიქრე, კონსერვის მერე ელარჯს ვეღარ შევჭამდი და არ წამოვიღე.
- ელიჩკამ რა იცოდა, ელარჯს რომ დაგიგვიანებდნენ?
- არ ვიცი, მაგრამ ახლა ამაზეც ვერ ვფიქრობ, ისე მშია. სიმინდის ბურბუშელა მაინც მეყიდა, ცოტას დავნაყრდებოდით, - შემომჩივლა ლატვიელმა ვოვამ. კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ამ დროს ლოყაწითელმა ქალბატონმა ლანგარზე დალაგებული მეგრული ხაჭაპური და ორი თეფში ელარჯი დაუდგა წინ და ვოვას და მის "პოდრუშკას" ნერვიული ღიმილი სილაზე დარჩენილი ფეხის ნაკვალევივით წაეშალათ სახეებიდან.
- ოოო! - აღმოხდა ვოვას და ჩანგალზე წამოცმული ყველიანი ღომით ჰაერში უცნაური მოძრაობა გააკეთა.
- რას გვიშვრებით, კაცო, ჩვენი წიწილი როდის იქნება?! ან რა ფასებია, სან-ფრანცისკოს რესტორნის ფასები მიმიქარავს. დროზე მაინც მოგვიტანეთ, რა! - მიადევნეს დარბაზიდან გამქრალ მიმტანს.
- ბუჯო, ზღვა იცოცხლე, კია წანწკლა, მარა "ტვალეტებს" რომ ვერ ვხედავ, "პამპერსებით" უნდა ვიაროთ? - ეს შეკითხვა უკვე პლაჟზე დაბრუნებულს მომესმა.
- რა ვიცი, რა გითხრა, არც ბათუმში იყო მაი "ფუფუნება", მარა ისვენებდა ხალხი... დაბრუნდი იმ ოჯახში... ისე, სანამ სახლიდან გამოხვალ, ასეთი რაღაცები უნდა მოისტუმრო. და კიდევ, საზამთრო ჩანგლით ჭამე, არ დაგავიწყდეს, რომ ქალაქში ხარ! - "დაარიგა" მეგობარი ბიჭმა და აღელვებულ ზღვაში შორტებით შევარდა.
ევროპაში ყველაზე გრძელ (როგორც პრეზიდენტმა გვაუწყა) ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდს მივადექით. რამდენიმე დღით ადრე დიდი ამბები იყო ატეხილი - ხიდი უკვე ჩატეხილიაო და მისი ბედი მაინტერესებდა. ხიდის შესასვლელში პატრულის თანამშრომლები "საპატიო ყარაულში" იდგნენ და ჩემსავით დაინტერესებულ დამთვალიერებლებს ეუბნებოდნენ, მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის და იქ შესვლის ნებას ვერ მოგცემთო. ხიდის ჩატეხაზე შეკითხვის დასმას ისეთი აღშფოთებით შეხვდნენ, ორი ნაბიჯით უკან დავიხიე - მთელია, ბატონო, მთელი! რა გჭირთ ამ ჟურნალისტებს, სულ გლახა ამბებს რომ ავრცელებთ?.. უბრალოდ, შუაში რაღაცები ბოლომდე არ არის დასრულებული, თორემ ისეთი მყარია, ტანკი გაივლის ზედ - დაგვამშვიდა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.
ტურისტების დიდი ნაწილი ერთხმად აღიარებდა, რომ საკმაოდ სუფთა ზღვა და ცხელი ამინდები იყო, მაგრამ ინფრასტრუქტურა მოიკოჭლებდა და ევროპის დონის ფასები იყო. სასტუმროს ბინადარმა, 57 წლის ინგლისელმა ჯენიმ გვიამბო, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო კონკურსისთვის, პოსტსაბჭოთა საქართველოზე დოკუმენტურ ფილმს იღებდა და ამიტომაც ეწვია ანაკლიას.
- ერთი კვირა ანაკლიაში დავრჩები, რამდენიმე დღით განმუხურსაც ვესტუმრები. შესანიშნავი ბუნებრივი კლიმატია, უბრალოდ, ეტყობა, რომ ეს ადგილი კურორტად ახლა იქმნება... სასტუმროში ყველაფერი მოწესრიგებულია, ბოულინგ-კლუბიც კი გვაქვს, სავარჯიშო დარბაზებიც და ფიტნესიც. აი, გარეთ ცოტა პრობლემები გვაქვს. მაოცებს თქვენი ხალხის უცხოელებისადმი დამოკიდებულება - ისე თბილად გვექცევიან, თითქოს დიდი ხნის ახლობლები ვიყოთ. საქართველოში საბჭოთა წლებშიც ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები განსხვავებას. მენტალიტეტი ძალიან შეცვლილია. პლაჟზე ყველა ასაკისა და სოციალური წრის წარმომადგენლებს ვხედავ და ძალიან მომწონს.
ნანა, 32 წლის, თბილისელი დამსვენებელი:
- ანაკლიაში ინტერესის გამო ჩამოვედით. ყველანაირად მომზადებული ვიყავით, მაგრამ წვრილმანი პრობლემები მაინც შეგვექმნა. ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს და ვიფიქრე, სუფთა წყალი და ჰაერი მათთვის სასარგებლო იქნებოდა... ზღვასთან ახლოს, ერთ-ერთ ოჯახში ვართ დაბინავებული. ცოტათი მოუწესრიგებელი ბინაა, მაგრამ რამდენიმე დღე შეიძლება დარჩენა.
კარგი იქნება, თუ ფასებს დაარეგულირებენ. არ შეიძლება, 30-თეთრიანი, ერთჯერადი ცხვირსახოცი 1 ლარად მოგყიდონ. ეს უბრალოდ, უსინდისობაა.
იქიდან განხმურისკენ წავედით. არ შეიძლება, სახელდახელოდ გალამაზებულ ანაკლიას სანაპიროსა და დანარჩენ, ამერიკული პეპლისგან მუსრგავლებულ დაბას შორის საოცრად დიდი განსხვავება ვერ დაინახო...
გზადაგზა კეთილი სახით მოღიმარი პატრულის თანამშრომლები იდგნენ. განმუხურის გადასახვევთან გაგვაჩერეს და თავაზიანად გვითხრეს, - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვის წინა სავარძელში ჯდომა გარკვეული თანხით ჯარიმდება და შემდეგისთვის გაითვალისწინეთო...
არც კონფლიქტის ზონაში მოქცეულ განმუხურს აკლდა ამერიკული პეპელა და გართობას მოწყურებული, შოკოლადისფერი ტურისტები. მართალი გითხრათ, ფიცრისიატაკიანი სანაპირო პირველად ვნახე, მაგრამ ეგ არაფერი, - "ზატო", ბატუტი, ფერადი შადრევნები და "სკუტერები" გვაქვსო, - მითხრეს. ბატუტს მართლაც უამრავი კლიენტი ჰყავდა. - ურეკში ამას არავინ ეკარება, აქ კი ვაკეთებ კაი ფულსო, - ჩაიცინა ბიჭმა და რეზინის ზონრებით მორიგი კლიენტი "ჩამოკიდა"... სანაპიროზე გაშლილი პატარები ფერად კენჭებსა და ნიჟარებს აგროვებდნენ.
განმუხურის ტურისტებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ, რაც ანაკლიაში ჩამოსულებს - უწყლობა, ანტისანიტარია, მომსახურების დაბალი დონე და მაღალი ფასები... და კიდევ, ყველასგან მოისმენდით, რომ აქედან ერთი ხელის გაწვდენაზე იყო მონატრებული აფხაზეთი, თეთრი თოლიებით, სუფთა ზღვითა და მტრად ქცეული, აფხაზი მოყვრებით...
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/41416-ra-...l#ixzz1YBtZOx5I