სოციალიზმი და პატრიოტიზმი
http://european.ge/?id=226ამ სტატიაში მინდა ვილაპარაკო ერთ უცნაურ ფენომენზე. ფენომენზე, რომელიც 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ძალიან მყარად „ჩაჯდა“ ქართულ მასობრივ ცნობიერებაში და რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა თანამედროვე ქართული სტერეოტიპების ჩამოყალიბებაში.
ეს ფენომენი კი მდგომარეობს „მოსაზრებაში“, თითქოს სოციალიზმი (ნებისმიერი ფორმით თუ ინტერპრეტაციით) წინააღმდეგობაში მოდიოდეს ეროვნულ, პატრიოტულ სულისკვეთებასთან და თითქოს იგი მხოლოდ „კუჭის იდეოლოგია“ იყოს.
ეროვნულისა და ზოგადსაკაცობრიოს, მატერიალურისა და სულიერის ასეთმა პრიმიტიულმა შეპირისპირებამ ჩვენს ქვეყანას უკვე მოუტანა კატასტროფული შედეგები, მაგრამ დღეს მოვიდა დრო გავიაზროთ, თუ კონკრეტულად სად იქნა დაშვებული მთავრი შეცდომა და „სად მოატყუეს ხალხი“.
მაშ ასე, მართლაც არის თუ არა სოციალიზმი ანტიეროვნული იდეოლოგია, როგორც ამას 80-იანი წლების ბოლოდან გვიმტკიცებენ სხვადასხვა „კალიბრის“ ნაციონალისტები თუ უბრალოდ ფსიქიური პრობლემების მქონე ინდივიდები?
პირველ რიგში აუცილებელია შევთანხმდეთ ტერმინებზე. მაგალითად - როცა ჩვენ დღეს ვიყენებთ ტერმინს „პატრიოტიზმი“ - ჩვენ, რასაკვირველია, ვგულისხმობთ დაბადებისა და სოციალიზაციის ადგილის, საკუთარი ქვეყნისა და ერის მიმართ ადამიანის განსაკუთრებულ ემოციურ კავშირს და არა იმ ანტიჰუმანურ ქსენოფობიას, რომელსაც ჯანსაღ პატრიოტიზმთან საერთო არაფერი აქვს.
ერთადერთი, რასაც სოციალიზმი ეწინააღმდეგება ნაციონალურ კონტექსტში, ეს არის ქსენოფობია. შესაბამისად, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სოციალიზმი ანტიპატრიოტული იდეოლოგიაა, მაშინ მისი „პატრიოტიზმი“ სინამდვილეში პატრიოტიზმი კი არა, ბანალური ქსენოფობია ყოფილა.
არც ერთ სოციალისტს არასდროს უთქვამს, თითქოს ადამიანს არ უნდა უყვარდეს საკუთარი სამშობლო ან საკუთარი ეთნოსი. უფრო მეტიც - არც ერთ მათგანს არ უთქვამს ის, თითქოს საკუთარ სამშობლოსთან, ენასთან ან თუნდაც ეთნოსთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი რამე არაბუნებრივი ან „დანაშაულებრივი შეგრძნება“ იყოს. ეს ყოველივე ჩვენი ნაციონალისტების მიერ გამოგონილი მითებია, რომლებიც საბოლოოდ თვითონვე დაიჯერეს.
მაგრამ დღეს მოვიდა დრო გავიგოთ სიმართლე.
მოვიდა, რადგან ამ ყველაფრის გააზრების გარეშე ჩვენ არა მხოლოდ ვერ გავიგებთ საკუთარ ისტორიას, არამედ ვერასდროს მივალთ ჯანსაღ პატრიოტიზმამდეც.
პოსტსაბჭოთა ქვეყნების (და განსაკუთრებით ჩვენი) ნაციონალიზმი უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში აგებული იყო (და არის) არა საკუთარი ქვეყნის ან ხალხის სიყვარულზე, არამედ სხვა ქვეყნების და ხალხების სიძულვილზე. სიძულვილზე დამყარებული იდეოლოგია კი საბოლოოდ აუცილებლად და ყოველთვის მარცხდება.
მარცხდება თუნდაც იმიტომ, რომ ეს იდეოლოგია საფუძველშივე დესტრუქციულია. იგი საკუთარი ქვეყნის აშენებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ სხვა („მტერი“) ქვეყნების დანგრევას. იგი საკუთარი მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესებისკენ კი არ მიისწრაფვის, არამედ სხვა („მტერი“) ხალხებისთვის პრობლემების შექმნით სულდგმულობს და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ქმნის იმ ჩაკეტილ წრეს, როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში დღეს გამარჯვებად არა საკუთარი წინსვლა, არამედ მოწინააღმდეგის უკანსვლა ითვლება.
ბევრს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ეს „სტრატეგიულად“ ერთი და იგივეა, მაგრამ სინამდვილეში ზუსტადაც რომ არ არის ერთი და იგივე. თუ ერთა ჯანსაღი თანაცხოვრებისა და პატრიოტიზმის პირობებში ეროვნული გრძნობები (ეროვნული თვითშეფასება და ა.შ.) ხელს უწყობს თითოეული ერის, თითოეული ქვეყნის პროგრესსა და განვითარებას, ქსენოფობიური ეთნოშოვინიზმის პირობებში წინსვლის იმპულსი უკვე აღარ არსებობს - აქ ნაციონალური მომენტი მხოლოდ აგრესიული, დესტრუქციული ფორმით ვლინდება და ასეთი გრძნობით გაჟღენთილი საზოგადოება მზადაა უზარმაზარი რეგრესი განიცადოს, თუკი ამით მოწინააღმდეგე ქვეყანას კიდევ უფრო დიდ რეგრესს განაცდევინებს.
სწორედ ამის შედეგად მივიღეთ ჩვენ ზემოხსენებული რეგრესული და ჩაკეტილი წრე, როცა თითოეული ეთნოსი იბრძვის არა საკუთარი ბედნიერებისთვის, არამედ სხვისი უბედურებისთვის.
ასეთ „პატრიოტიზმს“ სოციალიზმი ნამდვილად ეწინააღმდეგება.
უფრო მეტიც - ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პატრიოტიზმთან. არ აქვს თუნდაც მარტო იმიტომ, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს იგივე საკუთარი ერის პროგრესი ან საკუთრი ხალხის მდგომარეობა.
ასეთი „პატრიოტიზმი“ სინამდვილეში გავს გაბოროტებული, იმედგადაწურული ადამიანის უკანასკნელ რეაქციას, როცა მას სურს რაც შეიძლება მეტი მოწინააღმდეგე „ჩაიყოლოს საფლავში“.
ეს არის მომაკვდავი და რეგრესული სოციუმის დამახასიათებელი თვისება.
მაგრამ დესტრუქციული და რეგრესული ეთნოშოვინიზმის გვერდით არსებობს პროგრესული, ჯანსაღი პატრიოტიზმიც. ეს პატრიოტიზმი ემყარება არა სხვა ხალხების სიძულვილს, არამედ საკუთარი ხალხის (და ზოგადად ადამიანის) სიყვარულს.
ჯანსაღი პატრიოტიზმი სხვა ერების „ჩაძირვის“ ხარჯზე კი არ ცდილობს საკუთარი ერის „გამოჩენას“, არამედ პირველ რიგში სწორედ საკუთრი ერის განვითარებაზე ზრუნავს.
ასეთი პატრიოტიზმი კი არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგება სოციალიზმს, არამედ პირიქით, მოითხოვს კიდეც მას!
ადამიანები ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიხვდნენ, რომ სოციალური სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობის გარეშე შეუძლებელია საზოგადოებაში არსებობდეს ჯანსაღი პატრიოტიზმი.
მაგალითად - რა პატრიოტიზმზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ საზოგადოებაში, სადაც მოსახლეობის (ერთი და იგივე ერის) ერთი ნაწილი საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავს სხეულიდან ზედმეტი ცხიმის მოცილებაში მაშინ, როცა იმავე საზოგადოების მეორე ნაწილი ფაქტიურად შიმშილობს?
რა პატრიოტიზმზე შიძლება ვილაპარაკოთ საზოგადოებაში, სადაც მოსახლეობის ერთი ნაწილი ფულს არ ზოგავს პლასტიკური თუ სხა „საკორექციო“ ქირურგიისთვის მაშინ, როცა იმავე საზოგადოების მეორე ნაწილი შიშისგან გაფართოებული თვალებით უყურებს ყველა საავადმყოფოს, რადგან იქ მოხვედრის შემთხვევაში უკან ცოცხლად გამოსვლის შანსი უსახსრობის გამო ფაქტიურად არ აქვთ?
როგორ შეიძლება ასეთმა საზოგადოებამ უზრუნველყოს ადამიანთა ერთიანობა თუნდაც ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ?
ეროვნული მოძრაობა თავის დროზე დიდი ხალისით დასცინოდა გამოთქმას - „პროლეტარს არა აქვს სამშობლო“. ეს გამოთქმა XX საუკუნის 80-იანი წლების საქართველოში მართლაც გაუგებარი იყო, მაგრამ როგორც ჩანს იგი გაუგებარი იყო სწორედ იმიტომ, რომ ამ დროს საქართველოში არ არსებობდნენ პროლეტარები.
მაშინ, როცა საზოგადოების ეკონომიკური დიფერენციაცია უმნიშვნელო იყო, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს მართლაც გრძნობდა ერთი ერის, როგორც გარკვეული მაკროოჯახის წევრად.
მაგრამ დღეს, როცა კლასობრივი დიფერენციაცია კვლავ გამოჩნდა, გამოჩნდნენ ადამიანებიც, რომლებსაც აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო თავიანთ „წარმატებულ“ თანამემამულეებთან.
ასეთი ადამიანი საერთო-ეროვნული პრობლემების მიმართაც კი ინდეფერენტულია. მისთვის არ არსებობს ცნება „სამშობლო“, როგორც ასეთი. იგი ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი არ ახდენს საკუთარი თავის ასოცირებას ერთან, როგორც მაკროოჯახთან, რადგან დღევანდელი ქართველი ერი უკვე ნამდვილად აღარ არის „ოჯახი“ (ოჯახი სოლიდარობის გარეშე წარმოუდგენელია).
ასეთი ადამიანი საკუთარი სურვილით სამშობლოს არც კი დაიცავს და ეს არ უნდა გაგვიკვირდეს - პირიქით - როცა მისგან პატრიოტულ თავგანწირვას მოითხოვენ, მას უჩნდება ერთგვარი აგრესია ყოველგვარი პატრიოტული მოვალეობის მიმართ და დაახლოებით ასე მიმართავს თავის თანამემამულეებს:
- „გახსოვდათ ვინმეს ჩემი ქართველობა მაშინ, როცა ჩემი ცოლი (ან შვილი) საავადმყოფოში, უფულობის გამო, მოსაცდელ დერეფანში უყურადღებობით მოკლეს ისევ ჩემნაერმა ქართველებმა?
- გახსოვდათ ვინმეს ჩემი ქართველობა მაშინ, როცა მიმტკიცებდით, რომ განათლება „ძვირი სიამოვნებაა“ და ყველას არ უნდა ქონდეს მისი მიღების პრეტენზია?
- გახსოვდათ ვინმეს ჩემი ქართველობა მაშინ, როცა მიმტკიცებდით, რომ „შიმშილი უნდა მოვითმინოთ და კუჭს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ“, მაგრამ ამავე დროს, რატომღაც არასდროს გითქვიათ უარი თქვენი კუჭის ყველაზე ახირებულ მოთხოვნებზე?
არა!
მაშინ თქვენ ჩემი ქართველობა არ გახსოვდათ.
მაშინ ჩვენ არ ვიყავით ქართველები. მაშინ თქვენ ჩემში არათუ თანამემამულეს, არამედ ადამიანსაც კი არ ხედავდით. მაშინ თქვენთვის საზოგადოება „წარმატებულ ადამიანებად“ და „ლუზერებად“ იყოფოდა.
ახლა კი მე არ მაქვს არავითარი განსაკუთრებული სურვილი ვიბრძოლო იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ჩემი ადამიანობა მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა ჩემი სხეული საზარბაზნე ხორცად ჭირდება.
დაე იბრძოლონ და მაგალითი მოგვცენ იმათ, ვისაც წარმატებული მოქალაქის „ნიმუშებად“ გვისახავენ.
ჩემთვის კი ყველაფერი სულერთია!“
და ეს არ არის ერთი გაღატაკებული და გაბოროტებული ინდივიდის „უცნაური“ აზრი.
ეს მთელი სოციალური ფენის შეგნებული პოზიციაა!
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სოციალური სოლიდარობის გარეშე საზოგადოება ვერ მოახერხებს შინაგან გაერთიანებას თუნდაც ყველაზე კრიტიკულ, ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში.
აქედან გამომდინარე ცხადია ისიც, რომ სოციალური სოლიდარობის გარეშე ყოველგვარი პატრიოტული რიტორიკა „წყლის ნაყვაა“ და მეტი არაფერი.
მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში საზოგადოების გაერთიანებაც არ არის ყველაფერი.
სინამდვილეში სოციალიზმის თუნდაც გარკვეული „დოზა“ აუცილებელია იმისთვისაც, რომ ერმა მოახერხოს საკუთარი თვითმყოფადი კულტურისა და ზოგადად სახის შენარჩუნება.
ეს განსაკუთრებით მართებულია სწორედ მცირერიცხოვანი ერების შემთხვევაში.
მაგალითად - ფაქტია რომ „აბსოლუტურად თავისუფალ“, საბაზრო საზოგადოებაში არა მხოლოდ ინდუსტრია, არამედ ხელოვნება, კულტურა, სპორტი და საერთოდ ყველაფერი, რაც ადამიანის საქმიანობასთან არის დაკავშირებული, ემორჩილება „ბაზრის უჩინარ ხელს“, რომელიც განსაზღვრავს კიდეც მის დონეს (ან საერთოდ არსებობა - არარსებობას).
შესაბამისად, აბსოლუტურად საბაზრო საზოგადოებაში ხელოვნება და კულტურა არსებობს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამას მოითხოვს ბაზარი. (ან არ არსებობს, თუ ბაზარი არასაკმარისია).
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა, ქართულ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების რიცხვი და ზოგადად ამ ქვეყნის პოტენციური ბაზარი აშკარად არ არის საკმარისი იმისთვის, რომ აქ სახელმწიფოს ჩარევისა და პატრონაჟის გარეშე შეიქმნას მეტ-ნაკლებად სერიოზული (მით უმეტეს - ძვირადღირებული) ხელოვნება.
სწორედ ამიტომ ვხედავთ დღეს ერთი შეხედვით უცნაურ მოვლენას - „კუჭზე დაფუძნებული“ და „ანტიეროვნული“ საბჭოთა სისტემის დროს საქართველოს გააჩნდა საკმაოდ სერიოზული ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი და ა.შ. ხოლო დღეს, „ეროვნული“ მმართველობის დროს მოსახლეობის უმრავლესობისთვის უმთავრესი საფიქრალი სწორედ კუჭის (და ზოგადად მატერიალური ხასიათის) პრობლემებია.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სინამდვილეში კუჭის იდეოლოგია სწორედ დღესაა, რადგან ადამიანი, რომელიც შიმშილით სიკვდილს თვალებში ჩახედავს, ვერაფერზე იფიქრებს კუჭის გარდა. მისთვის სამყარო სწორედ კუჭით იწყება და ამაში მას ვერ გაამტყუნებ. ბუნებრივია, რომ მხოლოდ ის სისტემა შეუქმნის ადამიანს რაღაც უფრო ამაღლებულზე ფიქრის საშუალებას, რომელიც კუჭის „გარანტირებულად ამოვსებას“ უზრუნველყოფს.
რა თქმა უნდა ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია. ამით უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ სოციალიზმის თუნდაც ის არასრულყოფილი, ყაზარმული და რადიკალური ფორმა, როგორიც საბჭოთა სისტემა იყო, გვაძლევს საშუალებას დავინახოთ სოციალიზმის ბევრი დადებითი მხარე და ეს დადებითი მხარეები ძალიან კარგად ჩანს არა
მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო ჰუმანიზმის, არამედ ჯანსაღი პატრიოტიზმის გადასახედიდანაც.
ჩვენ ამ პატარა მიმოხილვის დროს არ გვილაპარაკია დემოგრაფიულ და ზოგ სხვა ისეთ ნაციონალურ პრობლემაზე, რომელთა მოგვარებაც სოციალური სოლიდარობის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ რასაც კონკრეტულად შევეხეთ, ვფიქრობ ისიც საკმარისია რომ გამოვიტანოთ დასკვნა - სოციალიზმი არა მარტო არ ეწინააღმდეგება პატრიოტიზმს, არამედ ჯანსაღი პატრიოტიზმი საერთოდ წარმოუდგენელია სოციალიზმის იდეების გარეშე.