სარკოზის დასახვედრად ფოთიდან ოთხი ავტობუსი გაემგზავრა
ფოთის მერი: „ეს ადამიანები გახარებულები არიან, თან ექსკურსიაც იქნება“
ავტორი- TS თარიღი: 2011/10/07 | 10:17 | Print

ამ დროისათვის ფოთიდან საჯარო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული „ექსკურსია“ თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე შესაკრებად მიდიან.
მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტებისა და მათ მიერ წინასწარ შერჩეული მოქალაქეები მერიის ადმინისტრაციული შენობიდან თბილისის მიმართულებით ორი ავტობუსით უკვე გაემგზავრნენ.
მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. მე-5 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მე-12 კლასელის თქმით, სკოლის გაცდენა მშობელთან და პედაგოგებთან შეათანხმა. როგორც ამბობს, მასზე პასუხისმგებლობა კუნძულის უბნის მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, ლევან სიჭინავას ეკისრება. სიჭინავა მის მიერ მიყვანილებს კომენტარის გაკეთებას უკრძალავდა და, მუნიციპალიტეტების სხვა ხელმძღვანელების მსგავსად, Tspress.ge- სთან ყველას ნაცვლად თავად საუბრობდა და წამსვლელთა შორის სკოლის მოსწავლეების ყოფნას უარყოფდა.
ცენტრის უბნის მუნიციპალიტეტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ლალი ფაილოძე, რომელსაც ხელში სია ეკავა, ყველას პირადად ურეკავდა და მისვლას ახსენებდა.
თბილისში გამგზავრების მიზანზე საუბრისას საჯარო მეხელეები და ახალგაზრდები მხოლოდ სარკოზის დიდ პოლიტიკოსობას აღნიშნავდნენ.
საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძეს განცხადებით, თავისუფლების მოედანზე მოსახლეობის ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან, მისი თქმით, “გაჟღერდება ის ფაქტები, რომ რუსეთმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები”.
საღინაძის მტკიცებით, ყველა საკუთარი ნებით მიდის და სარკოზის დახვედრის გარდა, ფოთელების ჩასვლა თბილისობის დღესასწაულსაც უკავშირდება.
– „ეს ადამიანები გახარებულები არიან, თან ექსკურსიაც იქნება“, – განაცხადა საღინაძემ.
მისივე თქმით, ფოთიდან დედაქალაქში სულ ოთხი ავტობუსი წავა.
########თ ზეიმი