ღლონტმა არაო
მამუკა ღლონტი – ჩვენ "მაესტროს" საკონტროლო პაკეტს არ ვყიდით
10:08 07-10-2011
ჩვენ "მაესტროს" საკონტროლო პაკეტს არ ვყიდით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განუცხადა. მისი თქმით, ეს პოზიცია "მაესტროს" ხელმძღვანელობას" კარგა ხანია გაცხადებული აქვს .
"შესაბამისად, რა დღესაც ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, იმ დღიდან ნათელია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ "მაესტროს" გაყიდვას. არ არსებობს არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ გალაქტიკასა და სამყაროში ფასი, რომლის სანაცვლოდაც ჩვენ გავყიდით "მაესტროს", სანამ მიხეილ სააკაშვილია ქვეყნის პრეზიდენტი", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინადადებაც არ განიხილება.
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის შეძენის შესახებ განცხადება გააკეთა.
"შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს:
1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.
2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად _ 1 (ერთ) ლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.
3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), შეინარჩუნოს საეთერო დროის 50 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ "მაესტროს" და "კავკასიის" დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები (ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50 პროცენტითაც კი არ არის დატვირთული).
თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ განცხადებაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს ეხება, ბიზნესმენმა "მაესტროსა" და "კავკასიას" სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციური მედიასაშუალებები უწოდა.
"სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი.
რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა საინფორმაციო საშუალებების ტოტალური კონტროლის გარეშე. ყველა ტელევიზიას, მათ შორის "მაესტროს" და "კავკასიას", სააკაშვილი აკონტროლებს. დასახელებული ტელეარხები სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზოციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ", - აცხადებს ივანიშვილი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...ar-vyidith.html