"ვედომოსტი" - რუსეთიდან პოლიტიკაში
12:06 11-10-2011
რუსეთიდან პოლიტიკაში, - ამ სათაურით რუსული გამოცემა "ვედომოსტი" ბიძინა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს და მის საქმიანობას მიმოიხილავს.
"არ მეგონა, რომ მილიარდერი გავხდებოდი", - "ვედომოსტის" ცნობით, ეს ივანიშვილმა 2005 წელს, თავის პირველ ინტერვიუში თქვა.
"ვედომოსტი" წერს, რომ ივანიშვილი მილიარდერად რუსეთმა აქცია, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა პირველი ბიზნესი – კომპიუტერებით ვაჭრობა, თბილისში დაიწყო.
"1990 წელს ივანიშვილი და მისი ნაცნობი ვიტალი მალკინი რუსეთში ელექტროსაქონლით უმსხვილეს მოვაჭრეთა რიცხვში შევიდნენ და შექმნეს ბანკი "რუსული კრედიტი". ივანიშვილის თქმით, ბანკის პირველი ოფისი საბავშვო ბაღის შენობაში გაიხსნა, სადაც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც ამ დროს ივანიშვილთან კონტაქტობდა, ამბობს, რომ ივანიშვილი ამბიციური სოფლელი ყმაწვილი იყო, რომელიც ქართულადაც კი აქცენტით საუბრობდა. ძველი ნაცნობი მას ნებისყოფიან, ენერგიულ და მკაცრ პიროვნებად ახასიათებს, რომელმაც ყველაფერი ე.წ "ფარცოვშიკობიდან" დაიწყო. ის მალკინთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ამ საქმიანობით ერთობლივად იყვნენ დაკავებულნი. მოგვიანებით კი პარტნიორები გახდნენ. საზოგადოებაში ივანიშვილი მალკინს მკაცრად ექცეოდა და ამცირებდა. ადამიანები, რომლებიც "რუსულ კრედიტში" მუშაობდნენ, ყვებოდნენ, რომ ივანიშვილი ყოველი განყოფილების ხელმძღვანელს თავის ნათესავს უნიშნავდა. ასეთია ქართველი კომისარი", - წერს "ვედომოსტი".
გამოცემის ცნობით, ბანკის დაარსების შემდგომი ნაბიჯი ივანიშვილის საქმიან კარიერაში, პრივატიზაციაში მისი მონაწილეობა გახდა - მან მსხვილი სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი კომბინატების აქციები შეიძინა.
"ჩვენთან ინტერვიუში ივანიშვილი ამობდა, რომ არასოდეს ჰქონდა პრეტენზია იმ აქტივებზე, რომელსაც, შესაძლოა, კრიმინალური ომი გამოეწვია. მისი ძველი ნაცნობის თქმით, ივანიშვილი ეკონომიკურ საკითხებში ნაკლებად განსწავლული ადამიანია. ბიზნესის მართვის მისეული სტილი იყო აგრესიული, შედიოდა კონტაქტში, აშინებდა, მაგრამ რუსეთის ბიზნესის აქტიური ფაზიდან ის 10 წლის წინ წავიდა. ბიზნესის გაყიდვა ივანიშვილმა 1998 წლის დეფოლტის შემდეგ დაიწყო – "რუსული კრედიტის" რესტრუქტურიზაციისა და მეანაბრეების გასასტუმრებლად. ბანკის აქტივები "იმპექსბანკის" ხელში გადავიდა. 2005 წელს ივანიშვილმა მიხაილოვის სამთომომპოვებელი კომბინატი 2 მილიარდ დოლარად გაყიდა. რუსეთში დარჩენილ აქტივებს მაშინ ის 1,5-2 მილიარდ დოლარად აფასებდა", - აღნიშნავს "ვედომოსტი".
გამოცემის ცნობითვე, 2006 წელს "იმპექსბანკი" 550 მილიონ დოლარად Raiffeisen ჯგუფს გადაეცა.
"ივანიშვილის თქმით, ყიდდა აქტივებს იმიტომ, რომ მათ სამართავად ენერგია აღარ ჰყოფნიდა. თუმცა, მეწარმის ახლობლები ამბობდნენ, რომ მსხვილი აქტივების გაყიდვას მას რუსეთში არსებული მკაცრი პოლიტიკური სიტუაცია აიძულებდა. ყოფილი მეწარმე კახა ბენდუქიძე ივანიშვილის განცხადებას რუსეთში არსებული ბიზნესის მთლიანად გაყიდვის შესახებ პოლიტიკურ ჟესტად მიიჩნევს – იმისთვის, რომ მას მოსკოვთან კავშირში ბრალი არ დასდონ. ივანიშვილის ნაცნობი ამ აზრს იზიარებს და ამბობს, რომ ეს არის წმინდად პოლიტიკური განცხადება, რომელიც გამიზნულია საქართველოსთვის. იქ, მოსკოვთან კავშირი გაიგივებულია სამშობლოს ღალატთან", - აღნიშნულია სტატიაში.
"ვედომოსტი" წერს, რომ საქართველოში ივანიშვილი 2005 წელს დაბრუნდა და ოჯახთან ერთად მშობლიურ სოფელ ჭორვილაში დასახლდა.
"ის ძველებურად აქტიურად არ არის ჩართული რუსეთში არსებული ბიზნესის მართვაში, თუმცა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს ამ დრომდე თავად იღებს”, - ამბობს ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელი. რუსეთში არსებული აქტივების გაყიდვაზე ბიზნესმენის განცხადება კი მისთვის და მისი კოლეგებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ივანიშვილმა თქვა, რომ 2008 წლიდან ქართულ ოპოზიციურ ძალებს ეხმარება, მაგრამ დარწმუნდა, რომ მისი მონაწილეობის გარეშე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებულ ოპოზიციურ ძალებს შედეგის მიღწევა ძალიან გაუჭირდებოდათ. ივანიშვილის ნაცნობი მეწარმე ამბობს, რომ მის მიერ გაკეთებული პოლიტიკური განცხადება და აქტივების სასწრაფოდ გაყიდვა არ ნიშნავს იმას, რომ მათი ფასი დაეცემა", - წერს "ვედომოსტი".
ექსპერტების შეფასებით, ბანკ "რუსულ კრედიტს" ბევრი ფულის მოტანა აღარ შეუძლია.
"ურალსიბ კაპიტალის" ანალიტიკოსი ლეონიდ სლიპჩენკოს განცხადებით, ბანკის აქტივების 74% კაპიტალისგან შედგება – ანუ, ბანკი არ გამოიყენება როგორც ფულის გამომუშავების საშუალება.
"ინვესტორების ყველაზე დიდი ინტერესი შეიძლება აფთიაქების ქსელმა "დოქტორ სტოლეტოვმა" გამოიწვიოს – რომელიც რუსეთში გაყიდვების რაოდენობით მეათე ადგილზეა. სპეციალისტები მის ღირებულებას 100-150 მილიონ დოლარამდე აფასებენ. ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის თანამფლობელი ამბობს, რომ ახლა არსებობს მსხვილი მოთამაშეების გაერთიანების ტენდენცია და შესაძლოა, ივანიშვილის სააფთიაქო ბიზნესით დაინტერესდეს", - ნათქვამია სტატიაში.
თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველაზე ძვირი ივანიშვილის დეველოპერული პროექტებია.
"Praedium Oncor International"-ის მმართველი დირექტორი მიხაილ გეცი მხოლოდ "სადოვიე კვარტალს" მილიარდ დოლარზე მეტად აფასებს. დაახლოებით 300-350 მილიონი დოლარი ღირს Summit-ი. უძრავი ქონების ბაზრის ორი კონსულტანტი ამბობს, რომ Summit-ი უკვე გატანილია გასაყიდად. მმართველი კომპანია "უნიკორის" ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი კი ამ ინფორმაციას უარყოფს", - აღნიშნავს "ვედომოსტი".
"მმართველი კომპანია აქციონერის განცხადების კომენტირებაზე უფლებამოსილი არ არის. ჩვენ ჩვენი ბიზნესის ყველა სეგმენტში ვაგრძელებთ განზრახული ამოცანების რეალიზებას", - აცხადებს გამოცემასთან კომპანიის წარმომადგენელი.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...olitikashi.htmlრას ფიქრობთ ამ სტატიაზე?
This post has been edited by ხარონი on 11 Oct 2011, 12:46