merk13
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5457
წევრი No.: 126841
რეგისტრ.: 1-February 11
|
#30135646 · 10 Mar 2012, 20:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რას ნიშნავს ივანიშვილის განცხადება "ერთი ან მაქსიმუმ ორი მინისტრის დაჭერაზე" - "თუ ამ ყველაფერზე პასუხი არ გაიცა, მაშინ ჩვენ სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ და ნებისმიერ შემდეგ ხელისუფალს ექნება იმის განცდა, რომ მასაც ეპატიება" - თინა ხიდაშელი
"გარანტიას გაძლევთ - არავისთვის ასეთი გარანტია მანამდე არ მიმიცია - რომ ერთ წელიწადში მე აქ ნამდვილ დემოკრატიასა და დამოუკიდებელ სასამართლოს ავაშენებ ძალიან იოლად. უნდა დაიჭიროთ ერთი მინისტრი ან მაქსიმუმ ორი, რათა დავანახვოთ ყველას, რომ პატიება არ იქნება", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ "ფორბსისთვის" მიცემულ ინტერვიუში. მისივე განმარტებით, როცა "ზევით" პოლიტიკური ნება არსებობს, ყველაფერი თავის ადგილას დალაგდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რას ნიშნავს ივანიშვილის განცხადება "ერთი ან მაქსიმუმ ორი მინისტრის დაჭერაზე".
"საერთოდ, სიმკაცრე ყოველთვის საჭიროა, მით უმეტეს თუ ეს სწორი მიმართულებით არის წაყვანილი. იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე დაისჯება და ამის სამართლებრივი საფუძველი იარსებებს, ეს იქნება განსაზღვრული პრევენცია. მაგრამ თუკი იმავეს დაუშვებს ახალი ხელისუფლება, მაშინ ისევ მივიღებთ დიქტატურას. ამიტომ საჭიროა სწორი გზით წასვლა და არა მხოლოდ საჩვენებელი დასჯა", - მიიჩნევს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე. "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფის წევრი, იურისტი არჩილ კბილაშვილი კი ამბობს, რომ პირადად არ არის ინფორმირებული, რომ რომელიმე მინისტრზე ან თანამდებობის პირზე რამე მასალების შეგროვება იყოს დაწყებული, თუმცა როგორც აცხადებს, ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე არ მიდის მუშაობა და სხვა იურისტები არ აგროვებენ ამ მასალებს. ივანიშვილის კოალიციის წევრის, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელის განმარტებით, ამის მთავარი იდეა ის არის, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე უნდა იყოს თანაბარი და დანაშაულის ჩადენისას რამე პრივილეგიები არ უნდა არსებობდეს თანამდებობის პირებისთვის", - აღნიშნავს გამოცემა.
"დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და მორჩა. შესაბამისად, თუ დადასტურდება დღევანდელი ან მომავალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედება, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე. საუბარია იმაზე, რომ არ უნდა არსებობდეს თანამდებობრივი ხელშეუხებლობა. ახლა მე რომ იმაზე დავიწყო საუბარი, რომელმა მინისტრმა რომელი კანონი რომელ რიცხვში დაარღვია, ასევე ხელისუფლებაში რომ მოვალ, ამის გამო ვინმეს ციხეში ჩავსვამ, ერთი რომ არასერიოზული ვიქნები და მეორე, - ნამდვილად არ მინდა, მიხეილ სააკაშვილს დავემსგავსო. ამ ქვეყანაში მთავარი ამოსავალი არის სამართლიანი სასამართლო და კანონის უზენაესობის დამკვიდრება. კანონის უზენაესობა და სამართლიანი სასამართლო დაადგენს, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი და ამის შესაბამისად, დაისმება ან არ დაისმება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
"ჩემი სუბიექტური აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც იურისტის, შემიძლია გითხრათ იქიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ სამართალდამცავი უწყების ნებისმიერი ხელმძღვანელი პოტენციურად შესაძლებელია წარდგეს სასამართლოს წინაშე, რადგან მათ ხელი დააფარეს დანაშაულებრივ ქმედებებს. მაგალითად, ბუტა რობაქიძის მკვლელობა შეგვიძლია მოვიყვანოთ. ყველაზე მარტივი მაგალითია, როდესაც იყო პოლიციელი, რომელმაც მისცა ჩვენება, როგორც მოწმე, ისე იყო საქმეში ჩარეული, თუმცა შემდეგ შეცვალა ჩვენება და დააპატიმრეს, ისიც საზოგადოების ზეწოლის გამო. ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ბატონი ბაშალეიშვილი ჩაესვა ციხეში, ოღონდ ამით დაამთავრეს ყველაფერი - არავის არ მოუკითხავს, იქ იარაღი ვინ ჩაყარა ბუტას მანქანაში, ამაზე პასუხი არავის უგია. შესაბამისად, თამამად და ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს საქმე გამოსაძიებელია, აქ თანამდებობის პირების ბრალეულობა სახეზეა, ოღონდ მე ვერ გეტყვით ამ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რადგამ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვინ დააფარა კონკრეტულად ამ დანაშაულს ხელი და ვინ - არა", - დასძენს რესპოდენტი.
"თანამდებობის პირების მიმართ გამოძიების დაწყების წინააღმდეგი ვარ მე პირადად. იმ იურისტების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებზე იწყებენ გამოძიებას. საქმე უნდა აღიძრას კონკრეტულ ფაქტებზე, ხილულ დანაშაულებზე - მაგალითად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, 26 მაისის სპეცოპერაცია, ციხის ბუნტი, ახლა სულ ბოლოს ხაშურში მომხდარი ამბავი, ძალიან ბევრი ფაქტია, რაც ხდებოდა 2006 წლის და 2007 წლის გაზაფხულზე, როცა ერთმანეთის მიყოლებით ანგრევდნენ სახლებს. ასევე საკუთრების ხელყოფის უამრავი ფაქტი არსებობს, უამრავი გამწარებული ადამიანი. ამას ყველაფერს სჭირდება გამოძიება. თუ ამ ყველაფერზე პასუხი არ გაიცა, მაშინ ჩვენ სულ ამ წრეზე ვიტრიალებთ და ნებისმიერ შემდეგ ხელისუფალს ექნება განცდა, რომ მასაც ეპატიება. როგორც კი ეს განცდა ჩნდება, მაშინ უკვე გარდაუვალია სახელმწიფოს მიერ იმ პრივილეგიის გამოყენება, რომელიც მას ბუნებრივად აქვს და ეს არ უნდა დავუშვათ", - დაასკვნის თინა ხიდაშელი.
|