იურისტი გიორგი მშვენიერაძე ორ საკითხს გამოყოფს, რის გამოც ის დაუშვებლად მიიჩნევს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციის “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” ხელმძღვანელის, მიხეილ დევდარიანის სარჩელის მიღებას არჩევნების მაისში ჩატარებასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონი განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, ვისაც შეუძლია მიმართოს აღნიშნული ტიპის შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. ამ წრეში კი არასამთავრობო ორგანიზაციები, ფიზიკური პირები, მოქალაქეები არ შედიან.
კერძოდ, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის 36-ე მუხლზე, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციორობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.
"ამ მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არჩენების საკითხზე ფიზიკურ პირს, მოქალაქეს ან არასამთავრობო ორგანიზაციას არ შეუძლია,” – აღნიშნავს “ნეტაზეთთან” საუბარში გიორგი მშვენიერაძე და იქვე აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს შეუძლია მიმართოს მხოლოდ იმ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი ის მიიჩნევს, რომ კანონით, კანონქვემდებარე აქტით ირღვევა მისი კონსტიტუციის მე–2 თავით აღიარებული უფლება და თავისუფლება.
http://netgazeti.ge/GE/93/News/8316/%E1%83...91%E1%83%98.htm