დაუ
17 ოქტომბერს თბილისში ასეთი ამბავი მოხდა: 53-ე სკოლის ერთ-ერთი მეათეკლასელი, როგორც ჩანს, ცუდად მოიქცა, დირექტორმა ის სკოლიდან გარიცხა. გარიცხულ მოსწავლეს მეგობარი გამოესარჩლა და დირექტორმა ისიც მიაყოლა. მეტიც, დირექტორმა პატრული გამოიძახა და როგორც ტელევიზორიდან გვამცნეს, ამ ბავშვებზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ხულიგნობის მუხლით.
„საქართველოს სკოლებში არ ისწავლიან ძველბიჭური და ქურდული მენტალიტეტის მქონე ბავშვები“ - განაცხადა 53-ე სკოლის ახლადდანიშნულმა დირექტორმა ამ ინციდენტის შემდეგ. განათლების მინისტრმა შაშკინმა მაშინვე დაუკრა კვერი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქურუდლი მენტალიტეტი დავამარცხეთ.
მინისტრ შაშკინს და დირექტორ შავშიშვილს არ დაუკონკრეტებიათ, სად უნდა ისწავლონ ამგვარი მენტალიტეტის მქონე ბავშვებმა. ისინი სავარაუდოდ, არც სამტრედიის სპეცსკოლას გულისხმობდნენ, იმიტომ, რომ ესეც საქართველოს სკოლაა.
მინისტრი შაშკინი და დირექტორი შავშიშვილი ისე საუბრობდნენ, თითქოს ძველბიჭური და ქურდული მენტალიტეტის ბავშვებს ამ ქვეყნიდან გაქრობას უპირებენ. როგორ და სად უნდა გააქროს ასეთი ბავშვები, მინისტრმა შაშკინმა, ალბათ, კარგად, იცის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სიტყვათშეთანხმების „ქურდული მენტალიტეტი“ მოზარდებთან მიმართებაში გამოყენება, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია.
არც მინისტრი შაშკინი და არც სორბონის უნივერსიტეტდამთავრებული დირექტორი შავშიშვილი, როგორც ჩანს, არ დაფიქრდნენ მარტივ რამეზე - ბავშვს მენტალიტეტი სწორედ სასკოლო ასაკში უნდა ჩამოუყალიბდეს და ერთ-ერთი მთავარი ადგილი, სადაც ეს უნდა მოხდეს, სწორედ სკოლაა. პასუხიმგებლობაც, ოჯახთან ერთად, სკოლამაც უნდა გაინაწილოს.
მინისტრ შაშკინს ხანდახან ისიც ავიწყდება, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს აღებული და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ამის გამო გააკრიტიკებენ, მეტიც, მოთხოვენ პასუხს, მოახდენენ ზემოქმედებას და შეეცდებიან, პოლიტიკა შეაცვლევინონ, ისე, როგორც ეს მოხდა სამი წლის წინ, როცა საქართველოში შაშკინის სულისკვეთების ხალხმა გადაწყვიტა, 12 წლის ბავშვები დაესვათ განსასჯელის სკამზე. არ გაუვიდათ.
ყველაზე ცუდი ამ ამბავში მაინც ისაა, რომ სკოლის მასწავლებლებმაც თავიანთი დუმილით კვერი დაუკრეს მინისტრსა და დირექტორს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ მოსწავლეებს არ გამოესარჩლნენ.
სკოლის მასწავლებლებს ეშინიათ, ეშინიათ, რომ თუკი რაიმეს გააპროტესტებენ, ხვალ სამსახურს დაკარგავენ. ამიტომაც, ჩუმად არიან. ისედაც უამრავი მასწავლებელი გაუშვეს შინ, სავარაუდოდ, სახაზინო ფულის დაზოგვის მიზნით. გამოსავალიც მოიძებნა - წელს კლასები შეაერთეს (ამას „ოპტიმიზაციას“ ეძახიან) და ახლა თბილისის სკოლების უმეტესობაში თითო კლასში ორმოცი ან მეტი ბავშვი ზის.
არ გამოვრიცხავ, რომ ორი ბიჭი მართლაც, ცუდად მოიქცა. შეიძლება, ძალიან ცუდადაც. არც დასჯის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ იმისთვის, ბავშვმა სასჯელი რომ გაიგოს და მიიღოს, ორი რამ სჭირდება: უნდა იცოდეს, სასჯელი სამართლიანი და ადეკვატურია და უნდა გრძნობდეს, რომ უყვართ.
რამდენადაც პათეტიკურად არ უნდა ჟღერდეს, სიყვარული აქ ყველაზე მთავარია.
მგონია, რომ ბავშვებს ქართულ სკოლებში და ზოგადად, ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მეტად სიყვარული აკლიათ და უმეტეს შემთხვევაში, თუკი ცუდად იქცევიან, სწორედ ამიტომ. მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის, ბავშვები ვერც მასწავლებლების მხარდაჭერას გრძნობენ და მარტო, უმეგზუროდ დარჩენილები ცუდად იქცევიან.
დირექტორი და მინისტრი ჯერჯერობით იმუქრებიან. ცხადია, თუ გაუვიდათ, ამ მუქარას აასრულებენ კიდეც.
სასაცილოა, როცა მინისტრი შაშკინი უსაფრთხო სკოლაზე საუბრობს. საფრთხე, როგორც ჩანს, სწორედ სკოლაში და სკოლისგან ემუქრებათ ჩვენს შვილებს.
http://shokoladi.ge/content/saprtxeყლეების შანტრაბა