პოლიტიკა
07:00 / 29-10-2011
"საქართველოს მოსახლეობამ ივანიშვილი, როგორც გადარჩენის შანსი, ხელიდან არ უნდა გაუშვას"
ქვეყანაში ბოლო ხანს განვითარებულ პროცესებზე ხუთგზის მსოფლიოს და მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი გვესაუბრება:
- ეს ხელისუფლება ებღაუჭება სკამებს და ამ ბღაუჭში უბედურებას უბედურებაზე სჩადის... ვერც ერთი ქართველის მეხსიერებიდან ვერ ამოშლიან სისხლიან 26 მაისს, სხვა დანარჩენზე რომ აღარაფერი ვთქვათ. 26 მაისს უამრავი ადამიანი დაიღუპა, მაგრამ გარდაცვლილთა ოჯახები დაშინებული არიან და დუმან.
26 მაისის შემდეგ ხელისუფლებამ კანონები დაამძიმა, რომ მანიფესტაციები ნაკლები იყოს, საპატრიარქოსაც შეუტიეს. გარემოვაჭრეებს ებრძვიან, ლუკმაპურის საშოვნელი ჯიხურები წაართვეს და მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა, ხალხს ეუბნებიან, ჯიხურებს დაგიდგამთ, ოღონდ წინასწარ გადაიხადეთ ფულიო. ხუთლარიანი სამგზავრო ვაუჩერები ხომ ანეკდოტია. და, აი, როდესაც ხალხი სასოწარკვეთილი იყო, გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. უკეთესზე ვერც ვიოცნებებდით.
ეს კაცი წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, სახელმწიფოს ცვლის, იმდენ კარგ საქმეს აკეთებს. უამრავ ქართულ ოჯახს ეხმარება, ეკლესიები ააგო, ამდენი თეატრისა და მუზეუმის რემონტი და ის ყველაფერი, რასაც სააკაშვილი წითელი ლენტის გაჭრით ხსნიდა, რეალურად ივანიშვილის გაკეთებულია. ივანიშვილის გამოჩენამ დაბეჩავებულ ხალხს დიდი იმედი ჩაუსახა.
- ქალბატონო ნონა, თქვენ ბოლო ხანს ხშირად გამოდიოდით არჩევნების წინააღმდეგ...
- ამ რეჟიმის ხელში არჩევნების ახლაც არ მწამს. მაგრამ დღეს საქართველოში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან მდიდარია, ამავდროულად არის ძალიან პოპულარული და დიდი ქველმოქმედი. ბოლო წლებში იმდენი სიკეთე აკეთა, რომ რაც უნდა შავი პიარი აუგორონ, ვერაფერს დააკლებენ. პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენა ხელისუფლებისთვის მეხის გავარდნა იყო მოწმენდილ ცაზე. გაოგნებული არიან და სკამების დაკარგვის შიშით, რას სჩადიან, თვითონაც არ იციან.
- განსაკუთრებით რამ მოგხიბლათ ივანიშვილის დაპირებებიდან?
- ის, რომ, პირველ რიგში, საქართველოში აღადგენს სამართალს და კანონს. თუ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვექნა, რაც უნდა კეთილი საქმე აკეთო, შედეგს არ გამოიღებს. "სახალხო კრების" წევრებმა გადავწყვიტეთ, საქართველოში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფაქტები აღვწეროთ, შევკრიბოთ და ერთ დიდ დოკუმენტად ვაქციოთ, რომელსაც "შიშიდან თავისუფლებამდე" დავარქმევთ.
- ბიძინა ივანიშვილს ბევრი ბარიერი აღუმართესო...
- განსხვავებით ბადრი პატარკაციშვილისგან, მას ყველაფერზე ნაფიქრი და გააზრებული აქვს. ამ ხელისუფლებამ ბადრი პოლიტიკაში ისე ჩაითრია, რომ მისი ოჯახის წევრებმაც არაფერი იცოდნენ. ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილმა ეს ნაბიჯი იმიტომ კი არ გადადგა, რომ პოლიტიკაში მოსვლის ამბიცია ჰქონდა, არამედ მას ქვეყნის გადარჩენა სურს. ის ადამიანებიც კი, ვინც ბიძინა ივანიშვილმა მეორე ღია წერილში გააკრიტიკა, მასთან შეხვედრის შემდეგ გაოცებული და აღფრთოვანებული არიან. ასევე გამოჩნდა, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყოლია. ბერას კლიპიც ძალიან მომეწონა, ნიშანდობლივი იყო.
საქართველოს მოსახლეობამ კი ივანიშვილი, როგორც გადარჩენის შანსი, ხელიდან არ უნდა გაუშვას.
- ბევრი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი თავის მრჩეველთა საბჭოში თქვენც მიგიწვევთ...
- ჩემთვის მთავარია, ქვეყანა გადარჩეს. მთავარია, ის გეგმები, რაც გაჟღერდა, შესრულდეს. ჩვენი ქვეყანა ხელახლაა ასაშენებელი. რაიონებში, სადაც მხოლოდ სახელისუფლებო არხებს უყურებენ, მოსახლეობამ ისიც კი არ იცის, რომ 2008 წელს ომში დავმარცხდით. საკმარისია, ვინმემ ამ ხელისუფლების საწინააღმდეგო ფრაზა წარმოთქვას, რომ რუსეთის მონას ეძახიან. რეალურად ვინ არის რუსეთის მონა, კარგად ჩანს.
სწორედ ამ ხელისუფლებამ დაუთმო რუსეთს ჩვენი ტერიტორიები და ყველა სტრატეგიული ობიექტი მათ მიჰყიდა. ისე, ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს მალე დაერევიან. მათ იციან, როგორ დაარბიონ მშვიდობიანი მომიტინგეები, მაგრამ არ სცოდნიათ მშვიდ გარემოში ცივილიზებული მეთოდებით ბრძოლა. ისინი ვერაფერს დააკლებენ ბიძინა ივანიშვილს. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, რადგან უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს.
P.S. ნონა გაფრინდაშვილთან ინტერვიუ ჩაწერილია 22 ოქტომბერს, 25 ოქტომბერს კი ქალბატონი ნონა ბიძიIნა ივანიშვილს შეხვდა.
ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/43394-qsaqar...l#ixzz1c9PTo1NO