გაზეთ „პრაიმ თაიმის“ ჟურნალისტი მამუკა ნოზაძე ადასტურებს, რომ ცნობილ რუს დისიდენტს ვალერია ნოვოდვორსკაიას მისთვის ბიძინა ივანიშვილის პუტინთან კავშირის შესახებ ინტერვიუ არ მიუცია. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას ნოვოდვორსკაიასთან მხოლოდ მცირე სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რომლის აუდიოჩანაწერი მას არ გააჩნია.
„ნოვოდვორსკაიას ტელეფონზე გასული კვირის ბოლოს დავურეკე. ამ ნომერზე, სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვუკავშირდები. სულ რამდენიმე ფრაზა მითხრა. ეს ინტერვიუ არ იყო. თავიდანვე მითხრა, რომ ეჩქარებოდა და არც ჩამირთავს დიქტოფონი. როგორ მოვიქცე ახლა, როგორ დავამტკიცო? თუ ნოვოდვორსკაია უარყოფს, პრაქტიკულად შეუძლებელია, დავამტკიცო. მე უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე და რა კომენტარი გავაკეთო.
თქვენ ჩემი თუ არ გჯერათ, ვერაფრით დაგარწმუნებთ. თუ ის ადამიანი ამბობს, რომ ინტერვიუ არ მოუცია, გიდასტურებთ, რომ ინტერვიუ არ მოუცია. ეს იყო სულ რამდენიმე ფრაზა,“– განმარტავს „პრაიმ თაიმის“ ჟურნალისტი.
„ტრიბუნა.ge“–ს კითხვაზე, აპირებს თუ არა „პრაიმ თაიმი“ ნოვოდვორსკაიას კომენტარის სახით გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფას, მამუკა ნოზაძემ ასე უპასუხა: „ახლა თურქეთში მივდივარ და რომ დავბრუნდები საქართველოში, შევიკრიბებით და მოვიფიქრებთ, რას გავაკეთებთ.“
ცნობისათვის: „პრიამ თაიმმა“ 24 ოქტომბერს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც ვალერია ნოვოდვორსკაია ამბობს:
„ივანიშვილის პუტინისგან დამოუკიდებლობა? ეს ხომ, უბრალოდ, სასაცილოა. პუტინმა ხოდორკოვსკი ციხეში ჩასვა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი მორჩილი არ იყო. 150 წელსაც მიუსჯიდა, შესაძლებელი რომ იყოს. რომელ ბიზნესმენთა დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობთ? „კგბ“-ს საცეცები თუ ვინმეს ჩაეჭიდება, აღარასოდეს აღარ გაუშვებს. ყოფილი „კგბ“-ს აგენტები კი არ არსებობენ... გამორიცხულია, ადამიანს რუსეთში მილიარდები ჰქონდეს და პუტინისგან დამოუკიდებლობას ინარჩუნებდეს. ზღაპარია, რომ ვინმეს მისცემენ უფლებას, ქონება გაყიდოს, თუ კრემლის ნებართვა არ იქნება, არავინიყიდის. მაშასადამე, თუ აძლევენ ნებას, გაყიდოს, ის ფული სხვა მიზნებით უნდა დაიხარჯოს და ეს წინასწარ არის შეთანხმებული.“
ნოვოდვორსკაიამ „ტრიბუნა.ge“–სთან საუბრისას გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო: „შოკში ვარ. არ ვიცი და ვერ ვხვდები, რატომ მოხდა ეს. შესაძლებელია, ეს არის რეაქცია ჩემი და ბოროვოის ვიდეორგოლზე , რომელიც „ფეისბუქში“ ჩემს კედელზეა განთავსებული და რომელშიც ჩვენ გამოვთქვით ფრთხილი ვარაუდი, რომ საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა, თუკი მის პოლიტიკურ გარემოში კრემლისგან დამოუკიდებელი ბიზნესმენები გამოჩნდებოდნენ, მაგალითად, როგორიც ივანიშვილია. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ივანიშვილს, ჩვენ სააკაშვილის მხარდამჭერები ვართ, მაგრამ გვაშინებს რეაქცია, რომელიც ივანიშვილის შესახებ არის ქართულ პრესასა და პოლიტიკურ წრეებში,“– განაცახადა ნოვოდვორსკაიამ.
