ლატავრა ფოჩიანი - "მე ვადანაშაულებ“
ძალადობა, მუქარა, დაშინება"ერთგულად ვმონაწილეობდი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ, სისხლიანი ხუნტის საწინააღმდეგო, მშვიდობიან, ხალხმრავალ საპროტესტო გამოსვლებში. ეს იყო და არს ჩემი, როგორც ქართველის, მოქალაქის, ამომრჩევლის შეგნებული ქმედება მიმართული ძალადობის, კანონის უხეში დარღვევის წინააღმდეგ. შეკრება-გამოსვლებში მონაწილეობას არ ვერიდებოდი მაშინაც კი, როდესაც უდანაშაულო მოქალაქეებს ტყვიებით უმასპინძლდებოდნენ. 1922 წლის 7 მარტის შემდეგ, ზუსტად თარიღს ვერ ვიხსენებ, ღამის საათებში საშინელი ხმაურით ავტომატიანმა პირებმა შემოამტვრიეს სახლის სადარბაზოს კარი და გვაუწყეს, რომ ქალაქის კომენდატურიდან (კომენდანტი გია ყარყარაშვილი) იყვნენ. ვიცოდი რა, სამართლებრივი ეროვნული ხელისუფლების მომხრეთა დარბევა - დაპატიმრებები ღამის საათებში დიდი ხნის დაწყებული იყო, მოვახერხე დამალვა.
ამ დღემდე და მის შემდეგაც, ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობდა სატელეფონო ძალადობა, მუქარა, დაშინება...
მპირდებოდნენ, რომ თუ კვლავ მივიღებდი მონაწილეობას ეროვნული ხელისუფლების მხარდამჭერ შეკრება-მსვლელობებში, გადამიწვავდნენ სახლს, ცოცხლედ გამატყავებდნენ მოხუცი მამის თვალწინ და ა.შ. მიუხედავად საშიშროებისა, წინააღმდეგობის შეკრება-მსვლელობებში კვლავ ვღებულობდი მონაწილეობას. ამიტომ ჯალათებმა ძალადობის სხვა საშუალებებს მიმართეს.
ჩემს 82 წლის მამას საგარეჯოში, საკუთარ სახლში მიუვარდნენ ავტომატიანები, ხელბორკილები დაადეს ჩემს ბიძაშვილს რობინზონ ფოჩიანს, ნათესავს ნინა კვირიკაშვილს და მთელი სახლი, იარაღის ძებნის მომიზეზებით უნებართვოდ გაჩხრიკეს. რამდენიმე დღის შემდეგ, ღამის 10 საათზე მეორედ მიადგნენ მამაჩემის სახლს, რომელიც შიგნიდან (მოსალოდნელი თავდასხმის მოლოდინში, მამას) საგულდაგულოდ ჰქონდა ჩარაზული. ავტომატიანებმა კარები შეამტვრიეს, სახლში შეცვივდნენ და სროლა ატეხეს. ტყვია მამაჩემს ასცდა და მოხვდა იქვე მდგომ ნინა კვირიკაშვილს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.
ასე დაუნდობლად მებრძოდა ძალადობით მოსული ხელისუფლება ჩემი მრწამსის გამო". ლატავრა ფოჩიანი - წიგნიდან "მე ვადანაშაულებ“
***
გარდაიცვალა ქართული ცეკვის დედოფალი, საქართველოს სახალხო არტისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ლატავრა ფოჩიანი. "ჯეონიუსი" გთავაზობთ ლატავრა ფოჩიანის ავტობიოგრაფიულ წერილს, რომელიც რამდენიმე წლის წინ დასტამბულ წიგნში გამოქვეყნდა. დაიბადა 1939 წლის 16 ივლისს ლენტეხის რაიონის სოფელ ლექსურაში. 1957 წელს თბილისის პირველი საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. 1978 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიტატის ხარისხი.
ლატავრა ფოჩიანი ქართული ცეკვის ხელოვნებას პირველად ეზიარა 7 წლის ასაკში. 1956 წლიდან 1961 წლამდე იყო თვითმომქმედი გუნდის წამყვანი მოცეკვავეა. ხსენებულ გუნდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა (მოსკოვი, 1957 წ.) და ვენის (1959 წ.) მე-6 და მე-7 საერთაშორისო ზეიმებში და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ამ ზეიმების გამარჯვებულის წოდება, ვერცხლის და ოქროს მედლები და პირველი ხარისხის აღიარება-მოწმობით.
1965 წლიდან 1982 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული გუნდის წამყვანი მოცეკვავე.
შემდგომში ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართულ ხალხურ ცეკვის გუნდში გაიშალა მისი შემოქმედებითი შესაძლებლობანი. შესრულებული აქვს შემდეგი პირადი ცეკვები:
"ქართული", "მთიულური", ყარაჩოხული", ნესტან-დარეჯანის ცეკვა ("ქაჯეთის ციხის აღება" შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით), "სიმდი", "აჭარული", "ცეკვა დაირით".
აგრეთვე შესრულებული აქვს ქართული ხალხური ცეკვებში არსებული ქალის ყველა ცეკვა. ლატავრა ფოჩიანის პირადი ცეკვა, გადაღებულია ფილმებში:
"შეხვედრა მთაში", "ტრიუმფი ლა-სკალაში", "საქართველოს ლეგენდები და სინამდვილე", "ძველი თბილისის მელოდიები", "კორნელი სანაძე", "რუსთაველი-800", "ცეკვავს ლატავრა ფოჩიანი" და სხვა. ლატავრას საცეკვაო სახეები ასახულია სახვით ხელოვნებაში (კორნელი სანაძე - "ცისფერი ლატავრა", "ლატავრა დაირით", ტრიპტიქი - "შოთა რუსთაველი", ესმა ონიანი - "ლატავრა" და სხვა).
ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნების განვითარების საქმეში ხანგძლივი და ნაყოფიერი მუშაობისათვის იგი დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო მოწმობით (1967), მინიჭებული აქვს საქართველოს სსრ დამსახურებული მოღვაწის (1971 წელი) და საქართველოს სახალხო მოღვაწის (1980 წ.) საპატიო წოდებები.