რის თუ არა რუსეთის აგენტი, ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, რატომ არ უყვარს ბეღურები - ეს ის კითხვებია, რომლებსაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ბიზნესცენტრში გამართულ პირველ პრეს-კონფერენციაზე უპასუხა.
პრეს-კონფერენცია, რომელსაც 200-მდე ჟურნალისტი ესწრებოდა დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა და უჩვეულო ხმაურით გამოირჩეოდა. ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე წუთში ერთხელ ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით “დამშვიდდით, ნუ ღელავთ,” - სიმშვიდისკენ მოუწოდებდა.
ჟურნალისტების პირველ კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შანსი, არ დაეწყო ომი და რუსეთის მხრიდან ლიახვის სოფლების დაბომბვაზე პასუხად საერთაშორისო საზოგადეობა ჩაერია. “ამის ნაცვლად სააკაშვილმა გაუაზრებლად ცხინვალის დაბომბვა დაიწყო. ახლა ცდილობენ ხალხი დააჯერონ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და გაიმარჯვა საქართველომ.”
ამის შემდეგ, ტელეკომპანია “პირველი კავკასიურის” ჟურნალისტმა, ივანიშვილს კითხვის დასმა რუსულად სთხოვა - “თუ შეგიძლიათ დასვით ქართულად, რუსულად არ გიპასუხებთ.” შესაძლებელია თუ არა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა - უკვე ქართულად დასმულ ამ კითხვას, ივანიშვილმა ასე უპასუხა - “რუსული ბაზარი სანტერესოა, მთელი მსოფლიო იღწვის რუსული ბაზრისკენ, სააკაშვილმა არადიპლომატიური განცხადებებით წყობიდან გამოიყვანა რუსეთის მთავრობა და ბაზარი საბოლოოდ დაიკეტა საქართველოსთვის. ეს მოხდა ომამდე და მინდა, რომ ეს კარგად დააფიქსიროთ. ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ ურთიერთობის აღდგენა.”
ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლის შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ადვილი არ იქნება, თუმცა გადაკვეთის წერტილები უნდა მოიძებნოს. “ეს გადაკვეთის წერტილი იქნება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხი, რომელიც არ არის სასარგებლო თავად რუსეთისვისაც, პირველ რიგში საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენი ინტერესების თანხვედრა მოხდება.”
კითხვას, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ, ივანიშვილმა უპასუხა, რომ რუსეთის მოწესრიგებულ გარემოში შესვლა ყველასთვის სასარგებლოა. “საქართველომ პირადად ახალი სიცრუის მეტი არაფერი მიიღო. ხელის მოწერა მონიტორინგის შესახებ შეთანხმებაზე იყო საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა და საქართველოს ინტერესი აქ არ დევს.”
ჟურნალისტის კითხვას, “მიგაჩნიათ თუ არა რომ ხართ კრემლის უკანასკნელი აგენტი საქართველოში” ბიზნესმენმა ასე უპასუხა:
“ამ კითხვას ველოდი. ამ კითხვის ქვეშ მოიაზრება ის, რომ ვითომ მე საქართველოს მტრობისთვის მოვდივარ. 9 წელიწადია რუსეთში არ ვყოფილვარ და ადამიანის შეფასება მისი ქმედების მიხედვით უნდა მოხდეს. ეს სააკაშილის ქმედება არის მტრული, ამის მაგალითი თუნდაც აგვისტოს ომია. სააკაშვილს ჰგონია, რომ ხალხი ბრიყვია, მრაგრმ ყველა ყველაფერს ხვდება. ორი კარგი მაგალითი მაქვს- ბენდუქიძე, რომელსაც ასევე ჰქონდა რუსეთში ბიზნესი, მინისტრად დაისვა, რატომ არ გაჩნდა ეს კითხვები მის მიმართ? ან გრიოლ ვაშაძე მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ახლა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია, რატომ მას არ ეკითხებიან არაფერს? რატომ ვრცელდება ჩემზე ასეთი კითხვები მხოლოდ?”
რუსეთის თემის გარდა ჟურნალისტებისთვის საინტერესო მოქალაქეობის არ ქონის გარეშე ბიძინა ივანიშვილის არჩევნებში მონაწილეობა იყო.
ბიზნესმენის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით ის მოახერხებს მოქალაქეობის აღდგენას, რაც აუცილებელი პირობაა პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. “ან თუ ეს არ მოხდება, მე მყავს წარმომადგენლები, ვისი მეშვეობითაც ხელისუფლებაში მოსვლას მოვახერხებ.”
“საარჩევნო სიების დაზუსტებას აპირებთ? თუ კი, როგორ?” - დაინტერესდნენ ჟურნალისტები.
“დიდი ალბათობაა, რომ ტოტალური გაყალბების მცდელობა იყოს, თუმცა, ეს არჩევნები იქნება განსხვავებული და ნუ ექნებათ განცდა, რომ რამე მსგავსი მოხდება. სააკაშვილს დღეს საკუთარი დედაც არ მისცემს ხმას, არც მისი ახლო გარემოცვა. ვიცით რა ქმედებებსაც ახორციეებს ახლო გარემოცვის მიმართ. ის ცოტა ხმას მიიღებს და ვერ მოახერხებს არჩევნების გაყალბებას.”
ბიზნემენს აზრი უმცირესობებთან დაკავშირებითაც ჰკითხეს, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ, როგორც სექსუალურ, ისე სხვა უმცირესობებს საზოგადოების ჩვეულებრივ წევრებად განიხილავს და მათ მიმართაც საზოგადოების სხვა წევრების მსგავსი დამოკიდებულება ექნება.
მხიარულება გამოიწვია პრეს-კონფერენციაზე ტელეკომპანია “რეალ-ტვ”-ს შეკითხვამ ბეღურების შესახებ.
”მე მაინტერესებს პასუხი ბეღურებთან დაკავშირებით, ბევრს საუბრობთ რის გამო არ გიყვართ ბეღურები, იმიტომ, რომ თქვენმა პინგვინმა შეჭამა და გარდაიცვალა თუ იმიტომ რომ მერცხლებს უნგრევს ბუდეს?”
”თქვენი ტელევიზია ძალიან არაორდინალურია. მე ჩემი პასუხებით მეშინია, რომ მკითხავებს არ წავართვა ადგილი და უხელფასოდ არ დავტოვო... სხვათა შორის ვანო მერაბიშვილზე უკეთესი წარმოდგენა მქონდა. ბეღურები, სხვათაშორის, სააკაშვილს მაგონებენ... ”- უპასუხა ჟურნალისტს ბიზნესმენმა.
პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების მხრიდან იყო ასეთი შეფასებებიც - “დღეს თქვენ 100:0 მოიგეთ.”
ბოლო კითხვა შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოში რომელიმე საწარმოს ფლობას, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, რადგან ვერ მოახერხა საქართველოში ბიზნესის ჩამოყალიბება. “პოლიტიკაში ყოფნის ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება სამუშაო ადგილების შექმნა, ყველანი უნდა დავსაქმდეთ,” აღნიშნა ბიზნესმენმა.
http://liberali.ge/kremlis-ukanaskneli-imedi-da-beg
Man is the measure of all things: of things which are, that they are, and of things which are not, that they are not...