პოლიტიკა
UP Down
ბიძინა ივანიშვილი ქართულ მედიას ბრძანებებისგან გათავისუფლებას ურჩევს
16:53 01-11-2011
ბიძინა ივანიშვილი ქართულ მედიას ბრძანებებისგან გათავისუფლებას ურჩევს ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქართულ მედიას გულწრფელობასა და ბრძანებებისგან გათავისუფლებას ურჩევს.
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე პირველი შეკითხვა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენელმა დასვა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს "მედიაზე თავდასხმისთვის" უსაყვედურა; ასევე უსაყვედურა პრესკონფერენციაზე შესვლისას ჟურნალისტების შემოწმებისთვის და დაინტერესდა, ხომ არ აპირებს ამ მეთოდით ივანიშვილი მომავალშიც ჟურნალისტებთან ურთიერთობას და არის თუ არა ეს ის დემოკრატია, რითაც ივანიშვილს ევროპის გაოცება სურს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ”საზოგადოებრივ მაუწყებელს” უპასუხა, მისი სურვილია, ჟურნალისტი "ასე არ დაიძაბოს", პრესკონფერენციაზე ასეთი "მომზადებული" არ მივიდეს, თავისუფალი იყოს და დასვას ის კითხვები, რაც პირადად მას აინტერესებს და არა - რაც დაუკვეთეს.
"ჩემი მიზანია ნამდვილი დემოკრატიული გარემოს შექმნა, ნამდვილი მედია და არა ის, რასაც წარმოადგენს "პირველი არხი", "რუსთავი 2" და "იმედი". თავი დავანებოთ ერთმანეთის მოტყუებას, თვალებში შევხედოთ ერთმანეთს, გავუღიმოთ და სიმართლე ვთქვათ", – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მედიამ უარი უნდა თქვას შეკვეთილი კითხვების დასმაზე.
რაც შეეხება "მაესტროს" და "კავკასიას", ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მათ მცირე შენიშვნები მისცა, რადგან მიაჩნია, რომ თუ ისინი ოპოზიციურები და ობიექტურები არიან, ობიექტურები უნდა იყვნენ და არა ნახევრად ობიექტურები.
ბიძინა ივანიშვილმა ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ მისმა პრესამდივანმა ირაკლი ტრიპოლსკიმ "წონაშიც კი დაიკლო", ისე ანერვიულა ამ არხმა და თუ რამე "თამაშები" იყო, ეს მოდიოდა არხის მხრიდან.
"მე ვიქნები გულწრფელი თქვენ შეკითხვებზე და თქვენც შეეცადეთ, იქნებ დღეს რაღაც ახალს მივაღწიოთ და თქვენც შეეცადეთ, იყოთ გულწრფელი. მე მოვედი არა ვინმეს დასამარცხებლად, არამედ საქართველოს გასამარჯვებლად. მე მოვალე ვარ, ყველას ვუთხრა, რა ხდება", – დასძინა ივანიშვილმა.
მიმაგრებული სურათი