solci
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 468
წევრი No.: 65551
რეგისტრ.: 24-June 08
|
#28166207 · 5 Nov 2011, 00:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მთელი საქართველო მხოლოდ იმაზე ლაპარაკობს, თუ რა მოხდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ქართული პოლიტიკური ზასტოი ააბობოქრა და მღელვარე ტალღად გადააქცია, რომელიც როგორც ეტყობა დიდ ცუნამით გადაიქცევა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამიტომ აინტერესებს ყველას - ვის წალეკავს ეს ცუნამი? არსებულ ხელისუფლებას თუ ახლადგამოცენილ პოლიტიკოსს, რომელიც პოლიტიკაში მოსვლას საკუთარი გამოუცდელობის აღიარებით იწყებს? როგორც საქართველოში გვჩვევია, საზოგადოება უმალ დაიყო ორ ნაწილად, სააკაშვილის და ივანიშვილის მომხრეებად. ”პუტინის უკანასკნელი პროექტი!” დუჟით პირზე ყვირიან ერთნი, ” საქართველოს მხსნელი!” ასევე დუჟით გაჰკივიან მეორენი. ალბათ, 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ ყველას გვეგონა, რომ პოლიტიკაში ერთეულები წყვეტენ საკითხებს, ვიღაცის პირად სურვილზეა დამიკიდებული მოვა ის თუ წავა ხელისუფლებიდან. მაგრამ ჩვენც გავიარეთ ამასობაში მასტერკლასი, ჩვენც ვისწავლეთ, დანარჩენმა ადამიანებმა, რომ ხელისუფლებაში თვითონ არავინ არ მოდის და ხელისუფლებიდან თვითონ არავინ არ მიდის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში მაინც. ვარდების რევოლუცია რომ ამერიკული პროექტი იყო, რომელიც როგორც სახედრო ოპერაცია დაიგეგმა და ჩატარდა, ეს ყველამ ვიცით და არავის არ აქვს ილუზია სხვა ვარიანტზე. მაშ რა ხდება მომავალ წელს? ვის მიერ დაიგეგმა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ არენაზე? არ ვიდაოთ, იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს, ’’ფორბსის’’ უმდიდრეს ადამიანთა სიის 184-ე ადამიანს, ნამდვილად ეყოფოდა გონება და ინტუიცია, რომ კავკასიურ ურთულეს გეოპოლიტიკაში საკუთარი ახირებით არ მოსულიყო. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი ოჯახისთვის საფრთხე არ შეექმნა და ის იდილია არ დაერღვია, რაც მილიარდებს მოაქვს. მეტიც, ივანიშვილი ხშირად იმეორებს, რომ მისთვის ’’ეს იყო ძალიან ძნელი და ტრაგედიის ტოლფასი გადაწყვეტილება” და რომ მისი ნატურა, ეწინააღმდეგება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. თავისებურად უნიკალური შემთხვევაა. ყველა პოლიტიკოსი ხომ სიხარულით აღიქვამს მედიის თუ ხალხის ყურადღებას, ჩვენი მილიარდერი კი, დღესაც წერილობით ჟანრს ირჩევს, მოკლე პასუხებს სჯერდება და პაბლიქ-პერსონობაზე უარს ამბობს. მართლაც რომ უნიკალური შემთხვევაა. და ამითი კიდევ უფრო საინტერესო. ვინ, რა ძალა დგას ამ კაცის უკან? სწორედ ამის გაგებას ვცდილობთ, გვინდა გავაანალიზოთ უახლოესი მოვლენები. რაც მეტს ვფიქრობ ამ თემაზე, მით მეტად მგონია, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებულ შემთხვევასთან. ვარიანტი 1-ლი: მან საკუთარი სურვილით გადაწყვიტა სამართლიანი რობინ ჰუდის თამაში. ეს ვარიანტი არ მუშაობს, ვინაიდან რობინ ჰუდებს პოლიტიკაში უმალ უკეთებენ გამოსაფხიზლებელს და ისინი ისე მიდიან, როგორც მოდიან. ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკური ბეცი, რომ მხოლოდ ფულის იმედად წამოეწყო ასეთი სერიოზული თამაში. ვარიანტი მე-2-ე: ის რუსეთის გამოგზავნილი კაცია, რომელმაც საქართველო კვლავ ჩრდილოელი მეზობლის ვასალი უნდა გახადოს. ამას გაჰყვირიან სახელისუფლო რუპორები და არა მხოლოდ ისინი, ბევრია დარწმუნებული საქართველოში რომ ეს ასეა. მოდით განვიხილოთ რა ეხმარება ან უშლის ამ თეორიის არსებობას?! ეხმარება ის, რომ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი ძირითადად რუსული წარმომავლობისაა. რომ ის მხარს უჭერდა ელცინის არჩევნებს ლებედის ზურგის გამაგრებით. ანუ ბატონი ივანიშვილი რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინათ. აქედან გამომდინარე, მას არ შეიძლება არ ჰქონდეს მჭიდრო კავშირები რუსეთის ახლანდელ დირექტორატთან. და თუ მას ეს კავშირები აქვს, რასაკვირველია, ის პუტინის გამოგზავნილია იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეუცვალოს, რუსეთის გავლენაში მოაქციოს და სსრკ-ში დააბრუნოს. იმ სსრკ-ში, რომლის აღდგენასაც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი სულ მალე აპირებს. მას შემდეგ, როგორც კი თავის კაბინეტში დაბრუნდება, საიდანაც შესვენებაზე იყო გასული... ბიძინა ივანიშვილის რუსული კვალი იდეალურია ხელისუფლებისათვის როგორც ანტირეკლამისათვის, ასევე კონკრეტული ზომების გასატარებლად. მეტიც, ბადრი პატარკაციშვილის იმქვეყნად წასვლის შემდეგ, ხელისუფლებამ ყველას მიახვედრა -აი, რა ბედი ეწევა მოსკოვის ყველა აგენტს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წავაო... ამ შემთხვევაშიც იმუშევაბდა ასეთი ვარიანტი, მაგრამ აშკარად რაღაც სხვა ხდება. ანუ მოსკოვის პროექტი აშკარად არ არის ბიძინა ივანიშვილი და ამას ნელ-ნელა ყველა ხვდება. რატომ? იქნებ ავხსნათ. #1. ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ პუტინის წაქეზებით რომ მოსულიყო ქართულ პოლიტიკაში, თვითმკვლელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ის ნამდვილად არ ჰგავს. თვითმკვლელი იმიტომ, რომ ქვეყანაში არსებული ანტირუსული განწყობა იმდენად ძლიერია, რომ ვერანაირი ფულით ვერ შესძლებს ვერავინ ეს აზრი შეცვალოს საზოგადოებაში. მითუმეტეს 2008 ომის შემდეგ. ყველაზე ცუდი მიშაც კი, ურჩევნია ქართველს ვიდრე პუტინთან დამცირებულად უკან მიბრუნდეს და ჩვენ, ყველანი, ამით ძალიან ვამაყობთ. #2. საეჭვოდ ემთხვევა სარკოზის ვიზიტი და ივანიშვილის პირველ პოლიტიკურ განცხადებას. საეჭვოდ ემთხვევა ამას ისიც, რომ საქართველოს რუსული ტანკებისგან გადამრჩენელი, საფრანგეთის პრეზიდენტი პატარა, დაუცველი საქართველოს პრეზიდენტმა აეროპორტშიც კი არ გააცილა. ორი დღე არ გასულა და თბილისში ჩამოდის აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ბევრს ლაპარაკობს დემოკრტაიული არჩევნების მნიშვნელობაზე. კიდევ სამი დღე არ გასულა და ჩამოდის ნატოდან ბატონი აპატურაი, რომელიც იგივეს იმეორებს და ამზადებს რასმუსენის ვიზიტს, რომელიც რამოდენიმე დღეში უნდა ჩამოვიდეს. იქვე, იმავე კვირაში, ბიზნესმენის მრგვალ მაგიდასთან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის მობილიზაცია ხდება. იმავე დღეებში, პროდასავლურად განწყობილი და წინდახედული ირაკლი ალასანია, ივანიშვილის აზრების ყველა პუნქტს ეთანხმება და თანამშრომლობას თანხმდება. რა ხდება, რატომ ჩამოდიან ასე მწყობრად უცხოელი დიპლომატები თბილისში? ხინკალი მოენატრათ? ვიღაც დამაჯერებლად იტყვის ტყუილს და დაწყებს მტკიცებას, რომ ეს ’’მსოფლიო სამუშაო რეჟიმია’’. მაგრამ, ყველა ხვდება, რომ ამ რანგის სტუმრები ასეთ აქტიურ სამუშაო რეჟიმში ბეღურებივით წინ და უკან არ დაფრინავენ... მაშ, რა ხდება? ჩემი პირადი აზრით, ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო - დასავლეთმა გადაწყვიტა ხელისუფლების შეცვლა საქართველოში. ეს დღე მომწიფდა. ბოლო დროს გააქტიურებულ დასავლეთის პოლიტელიტას, აშკარად მობეზრდა რუსეთთან მუდმივი გინების და დაპირისპირების რეჟიმში მყოფი საქართველო. მეტიც, მომავალ წელს აშშ-ში არჩევნებია, ყველამ იცის, რომ დემოკრატების მზე ჩაესვენა და მოდიან რესპუბლიკელები. ანუ მოდის ომის პარტია თავისი მაკკეინებით და მთელი ამბებით. ისიც კარგად იციან, როგორ ცეკვავდნენ მაკკეინი და სააკაშვილი სვანეთში ’’ხორუმს’’ და რაღა რჩება რუსეთთან ახალ დაპირისპირებამდე? ძალიან ცოტა. მაკკეინი რომ რუსებს და პუტინს ვერ იტანს, ეს მსოფლიომ იცის. ჰოდა, შეცბა ბებერი ევროპა, არ უნდა ევროპას ომი და დაპირისპირება კავკასიაში. ამერიკა შორსაა, იქამდე შესაძლო ტრაგედიის ტალღა ვერ მოწვდება, ევროპა კი აქვეა, ყურის ძირში. ღმერთმა დაიფაროს და კავკასია რომ აფეთქდეს, ევროპა ამას უმალ შეიგრძნობს მთელი ძალით. პუტინის და სააკაშვილის დაპირისპირება შესულია ისეთ ფაზაში, საიდანაც გამოსვლა უკვე შეუძლებელია. სანამ პუტინი იჯდება მოსკოვში და სააკაშვილი თბილისში, ეს ორი ქვეყანა მუდამ ახალი კონფლიქტის ზღვარზე იქნება. რა რჩებოდა ბებერ ევროპას, რომელიც თავს იცავს ამ შემთხვევაში? გამოსავალი მოეძებნა. პუტინს რომ ევროპა ვერ მოერევა, ეს ფაქტია, იმდენადაა გამჯდარი კაგებე რუსეთის მმართველობაში. ამიტომ დასავლეთში გადაწყდა - სააკაშვილი უნდა წავიდეს. თავისთავად, ამერიკა ევროპას დაეთანხმა. ხელისუფელბის გამოცვლა აუცილებელია, იმისათვის რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი აღდგეს, დაიწყოს აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება. ეს პრობლემები მოგვარებადია, ლტოლვლების დაბრუნებით, რუსეთთან სხვადასხვა მოლაპარაკებით, მაგრამ სააკაშვილს რუსეთის ფედერაცია მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაისვამს. ყველა ეს მომენტი დიდი ხანია გაცნობიერებული აქვთ დასავლეთში. ისინი აკვირდებოდნენ პოლიტიკურ პროცესებს და ეძებდნენ ისეთ ძლიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც არსებულს შეცვლიდა. მათ ასეთი ვერ იპოვეს. ვერც ერთი ქართული ოპოზიციური ძალა ვერ გაცდებოდა მომავალ არჩევნებზე 11--13% ბარიერს. საჭირო იყო რადიკალური ზომების მიღება და აი, აქ ამოტივტივდა ბიძინა ივანიშვილის სახელი. კაცს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში მეცენატის უდიდესი ავტორიტეტი აქვს. როგორც ეტყობა, მოხდა შეთავაზება. დასავლეთმა აღუთქვა ივანიშვილს, რომ მას მხარს გაუმაგრებენ დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფით. რომ სახელმწიფო რეპრესიული მანქანა ვერ ამუშავდება, ანუ მწვანე შუქია ანთებული. თუკი ივანიშვილი არ დათანხმდებოდა, ქვეყანა დიდი ხნით ისევ რუსეთთან დაპირისპირების და შესაძლო ომის რეჟიმში გადადიოდა. კარჩაკეტილი ივანიშვილი დათანხმდა. ამის შემდეგ, ამბობენ რომ, სარკოსა და სააკაშვილს შორის შედგა ძალიან, ძალიან რთული დიალოგი, თბილისში... სარკომ, ალბათ, უთხრა კოლეგას, რომ დემოკრატია და გაპრემიერება შეუთავსებელია, შენ უნდა წახვიდეო. რომ უნდა მოხდეს როტაცია, ახალი ხალხი უნდა მოვიდეს... მიშა გაბრაზდა და არ გააცილა საფრანგეთის პრეზიდენტი აეროპორტში. მაგრამ ამით, ლაბათ, არაფერი შეიცვლება. დასავლეთი ყველა ხონეს იხმარს, რომ საქართველოში გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდეს - არჩევნებით შეიჩვალოს ხელისუფლება. ჩამოფრინდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და ილაპარაკა დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე, ჩამოვა რასმუსენი და იტყვის იგივეს... ანუ დასავლეთი აიძულებს მიშას ჩაატაროს დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, ისეთი, როგორიც ჯერ არ ჩატარებულა. ასეთი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში კი, ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიისთვის სერიოზული კონკურენტი იქნება. რატომ აირჩევენ ბიძინა ივანიშვილს? იმიტომ, რომ ყველა პირადად ვინობთ? არა, იმიტომ, რომ წლების მანძილზე იქმნებოდა ლეგენდა სახელად ” ბიძინა ივანიშვილი”, კეთილი ჯადოქარი, რომლის მშობლიურ სოფელში წყაროსთან ზებრები ეთამაშებიან ბავშვებს და ონკანში კინაღამ შამპანური მოდის, რომ მისი სოფელი პატარა მიწიერი სამოთხეა საქართველოში. რომ ყველა სხვა სოფელს, ’’შურს” ჭორვილის - იქ, ხომ ნებისმიერ მოსახლეს ბიძინა ქორწილს უხდის და ყველა გაჭირვებაში მხარში უდგას. ხალხი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის მოსვლით საქართველოს სხვა მხარეებიცმ სოფლებიცმ ქალაქებიც ზღაპარში გადაინაცვლებს, რაც ცხადია, ასე არ იქნება. მისი უახლოესი მეგობრები ჰყვებიან და წერენ, რომ ბიძინა რთული კაცია. მას შეუძლია გაჩუქოს მილიონი, მაგრამ არ გაპატიოს ხუთლარიანი ტყუილი. ეჭვიანია, დიდხანს იდებს გულში წყენას და ცდილობს უპასუხოდ არ დატოვოს არცერთი შეკითხვა. თუმცა ხალხს იმედი მაინც აქვს, რადგან ის, რაც არ გვაქვს დღეს, შესაძლოა გვქონდეს ხვალ - ახალი დამოუკიდებელი სასამართლო, სოფლის მეურნეობის აღორძინება, კომუნალური ხარჯების გაიაფება და ბევრი სხვა საკითხის, რომლისგანაც შეგდება ადამიანების ცხოვრება. ივანიშვილი ინტერვიუში ამბობს - ნუ ეძებთ ჩემში იდეალს, მეც თქვენსავით ადამიანი ვარ... ჩვენსავით ის ნამდვილად არ არის, მაგრამ ამბობს, რომ არ აქვს პრეტენზია იყოს შეუცდომელი, თუმცა ბევრი საბაბი აქვს ეს თქვას. მას აქვს შეცდომები და პრობლემები საკადრო საკითხებში. ეს მცირედი შეცდომებია, მაგრამ გამოსასწორებელი. მთავარია, რომ ყინული დაიძრა.
|