http://liberali.ge/giorgi-tskhadaia/ratom-unda-gamoრატომ უნდა გამოჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა
გიორგი ცხადაიას ბლოგი 3 თებერვალი, 2012
ბოლო დროს სამი პოლიტიკური პროცესი ვითარდება ერთდროულად: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბება, ახალგაზრდა სტუდენტური მოძრაობების გააქტიურება და „დაიკავე გუდიაშვილი“ . პირველი პროცესს ქართული ტელევიზიები აქტიურად აშუქებენ. დანარჩენი ორი მოძრაობა ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებს თავის მესიჯებს და სამოქალაქო, ქვემოდან წამოსული ინიციატივების სახე აქვს.
სანამ უშუალოდ ამ სამოქალაქო-პოლიტიკური მოძრაობების განხილვაზე გადავიდოდე, რამდენიმე სიტყვას ბიძინა ივანიშვილზე ვიტყვი, იმისთვის, რომ უფრო გასაგებად ჩამოვაყალიბო, თუ რატომ არ არის ივანიშვილის გამოჩენა ფუნდამენტური ცვლილების მომასწავებელი და რატომ უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება ქვემოდან წამოსულ მოძრაობებს და მესამე ძალის გამოჩენის შესაძლებლობას.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ივანიშვილის გამოჩენას თავიდანვე პოზიტიური თვალით შევხედე და ახლაც პოზიტიურად ვუყურებ. მიმაჩნია, რომ მეორე, ძლიერი, თვითმყოფადი პოლიტიკური ცენტრის გამოჩენა ქვეყანაში თავისუფალი სამოქალაქო და პოლიტიკური მოძრაობების გაძლიერებისთვის მეტ სივრცეს შექმნის (იმით, რომ ხელისუფლების გავლენას შედარებით შეასუსტებს).
ივანიშვილის გამოჩენამ ერთი ის შედეგი გამოიღო, რომ ხელისუფლება შედარებით ნაკლებად აროგანტული გახადა: თუ ადრე ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ „ჭეშმარიტებაზე“ ექსკლუზიური წვდომა მხოლოდ მას ჰქონდა, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების ბევრი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის პოზიცია შერბილდა და შედარებით კონსტრუქციული გახდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ „ტონს დაუწია.“
ამის მიუხედავად, ივანიშვილის გამოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესები განვითარდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს, ქართული პოლიტიკა თავის ელიტურ სახეს მაინც შეინარჩუნებს.
ალბათ ბევრი შემედავება და მეტყვის, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე ოპოზიციური მოძრაობა ელიტური სულაც არ იყო - მართალია მისი ლიდერები პოლიტიკური და კულტურული ელიტის წევრები იყვნენ, მაგრამ მოძრაობას ფართო სახალხო მხარდაჭერა მაინც ჰქონდა (ბოლო ბოლო, რუსთაველზე გამართულ მიტინგებზე ათეულობით ათასი ადამიანი გამოდიოდა და საერთო ჯამში, ოპოზიციამ საკმაოდ მასშტაბური სახალხო მხარდაჭერა შეიძინა).
როდესაც ვამბობ, რომ ქართული პოლიტიკა ელიტურია, არ ვგულისხმობ დაპირისპირებული მხარეების სახალხო მხარდაჭერის დონეს. პრინციპში, სახალხო მხარდაჭერა ორივე მხარეს აქვს ან გარკვეულ პერიოდში ჰქონდა - ნაციონალურ მოძრაობასაც და ოპოზიციურ ბლოკსაც (ე.წ. „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ვგულისხმობ).
ელიტურობა გამოიხატება იმით, რომ პოლიტიკური ძალების რიტორიკა დაცლილია სოციალური თემატიკისგან. არადა, მაგალითად, ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), 2011 წლის სექტემბრის მოსახლეობის დამოკიდებულებების გამოკითხვას რომ შევხედოთ, ყველაზე პრიორიტეტული თემების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: 1. უმუშევრობა (62 %), 2. გაზრდილი ფასები (42 %), 3. ტერიტორიული მთლიანობა (31 %), 4. სიღარიბე (31 %), 5. ჯანდაცვა (25 %), 6. პენსიები (20 %), 7. ხელფასები (12 %).
როგორც ხედავთ, ყველაზე პრიორიტეტული შვიდი თემიდან ექვსი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას უკავშირდება. ამ დროს, ყველა პოლიტიკოსი უფრთხის სიტყვა „სოციალურს“ და ცდილობს აქცენტის გადატანას ისეთ თემებზე, რომლებიც მათ სოციალური თემებიდან პასუხისმგებლობას აარიდებთ.
საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს ის, რომ პირველ რიგში, მისი სოციალური უფლებები იყოს დაცული. სოციალური უფლებები დაცვა არის იმისი მთავარი გარანტია, რომ პოლიტიკური უფლებების რეალურ ცხოვრებაში განხორციელება შესაძლებელი იყოს.
„ლაბორატორია 1918“-ის არსებობა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ორგანიზაცია აქცენტს უფასო და ხარისხიან განათლებასა და სოციალური უფლებების დაცვაზე აკეთებს. ეს არის ქვემოდან - ჩვეულებრივი სტუდენტებისგან წამოსული ინიციატივა. „ლაბორატორია 1918“ სწორედ იმ თემების წინ წამოწევას ცდილობს, რომელიც ახალგაზრდობას რეალურად აღელვებს და რომელ თემებსაც ქართული პოლიტიკური ელიტა ჯიუტად გაურბის.
რაც შეეხება გუდიაშვილის მოედნის დაცვისთის წარმოებულ კამპანიას, აქ ბრძოლა კულტურული თვითგამოხატვის უფლებისთვის მიმდინარეობს. მერია მოედნის სოციალური და კულტურული სახის შეცვლას აპირებს. ხელისუფლების მხრიდან, ეს არის დაგეგმილი კამპანია იმისთვის, რომ მოახდინოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის კომერციული შეფუთვა - მათი ტურისტული მოხმარების ობიექტებისთვის გადაქცევა. არადა, ირონიულია, რომ თავად უცხოელ ტურისტებს სწორედ ავთენტური ქართული კულტურული გარემოს ხილვა სურთ (რომელიც ზემოდან უხეში ჩარევის გარეშე განვითარდება) და არა გლამურული, კომერციული, სამომხმარებლო კიჩის.
გუდიაშვილის მოედნის დე-კონსტრუქციის უკან დგას ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას არა მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებით, არამედ ქვეყნის ტურისტული დანიშნულების ცენტრად გადაქცევით (რაც თავისთავად, არარეალურია) ცდილობს. აქედან გამომდინარე, გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილი ხალხის მოთხოვნაც არის ამ პოლიტიკის შეცვლა - კულტურული გარემოს შენარჩუნება და სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევის აკრძალვა. კულტურული პოლიტიკის საკითხი თავის მხრივ, სოციალურ პოლიტიკასთან არის კავშირში, რადგან კულტურული თვითგამოხატვა სოციალური და პოლიტიკური უფლებაა.
ქვემოდან წამოსული მოძრაობები - „დაიკავე გუდიაშვილი“ და „ლაბორატორია 1918“ დღეს იმდენად სუსტია, რომ ივანიშვილის ფიგურასთან ერთად მათი განხილვა შეიძლება ზოგიერთ მკითხველს არაადეკვატურად მოეჩვენოს კიდეც, მაგრამ ამით იმას მინდა ხაზი გავუსვა, რომ თვისობრივად, ასეთი მოძრაობები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მილიარდერის მიერ პოლიტიკაში მოსვლა.
თავის მხრივ, ივანიშვილის გამოჩენა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მეტ თავისუფალ სივრცეს გააჩენს იმისთვის, რომ მესამე ძალა გამოიკვეთოს და გაძლიერდეს. ეს ძალა აუცილებლად უნდა წამოვიდეს ქვემოდან და მთავარი აქცენტი სოციალური უფლებების დაცვაზე გააკეთოს
უახლოეს მომავალში საჭიროა, რომ უკვე არსებული მოძრაობები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ისე, რომ ერთი საერთო სამოქალაქო-პოლიტიკური პლატფორმა შექმნან (კოორდინაციისთვის და არა ცენტრალური მართვისთვის). გრძელვადიან პერსპექტივაში ამან იქამდე უნდა მიგვიყვანოს, რომ პოლიტიკა მოსახლეობის ინტერესებს დაუახლოვდეს და ელიტური ხასიათი დაკარგოს.
This post has been edited by bochormeli on 3 Feb 2012, 16:05