3000 წლის წინანდელ მასშტაბურ ნაგებობას შესაძლოა, ზემოდან ავეჯის სახლი დააშენონ
სალომე აფხაზიშვილი
(21.11.2011)
მიმდინარე წლის ივლისში აღმოჩენილი 3000 წლის წინანდელი ნაგებობა, რომელიც გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის გამორჩეული შენობის ნაშთს წარმოადგენს, გათხრების საბოლოოდ დასრულების შემდეგ მიწის ქვეშ მოექცევა და მის ადგილას ავეჯის სახლი აშენდება.
ამჟამად ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დროებით შეჩერებულია და იქ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ჯგუფის მონაწილეობით არქეოლოგიური პროცედურები მიმდინარეობს.
მოპოვებული მონაცმები ჯერ კიდევ მუშავდება. გათხრების დასრულებას დამატებითი თანხები სჭირდება, რომელიც კანონის მიხედვით, მიწის მეპატრონემ უნდა გამოყოს. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები სწორედ დაფინანსებისა და გათხრების პროცედურების ვადების დადგენის ეტაპზეა.
რა იპოვეს დიღომში
ეს აღმოჩენა დასავლეთის მხრიდან თბილისის შემოსასვლელში, ე.წ. თრელიგორების არქეოლოგიურ უბანზე გაკეთდა. თრელიგორები საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ობიექტს წარმოადგენს, რომლის გათხრები 1960-იანი წლებიდან მიმდინარეობს. შედეგად გათხრილია ბრინჯაოს ხანის მრავალი ნაგებობა და სამარხი.
90-ან წლებში ტერიტორია კერძო საკუთრებაში გადავიდა, რის შემდეგაც გათხრების წარმოებას მიწის მესაკუთრესთან მოლაპარაკების ხანგრძლივი პროცედურები დაემატა. სწორედ მიწის მესაკუთრის მიერ აღნიშნულ ტერიტორიაზე ავეჯის სახლის აშენების დაწყება გახდა გათხრების განახლების საბაბი, რამაც არქეოლოგები, როგორც თავად ამბობენ, უნიკალურ აღმოჩენამდე მიიყვანა, რომლის მნიშვნელობაზეც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი გიორგი ბედიანაშვილი საუბრობს:
"მიკვლეული ნაგებობა მიწის დაახლოებით 220 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და გამოყენებულია განსაკუთრებულად დიდი ზომის მასიური ქვები. ეს, სავარაუდოდ, ან სატაძრო ტიპის ნაგებობაა, ან რომელიმე ტომის ბელადის საცხოვრებელი დარბაზი, რაც გარკვეული სოციალური ფენებისა და წინასახელმწიფოებრივი პერიოდის არსებობაზე მიგვითითებს."აღმოჩენილი ნაგებობა უნიკალურია მთელ კავკასიაში. ამ აღმოჩენით შეიცვალა აქამდე ჩვენთვის ცნობილი წარმოდგენა საზოგადოების ორგანიზაციის შესახებ, რამაც მოგცვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ ცხოვრობდა იმ პერიოდის საზოგადოება. ამაზე ძალიან მწირი ცნობები გვქონდა, რასაც ამ ნაგეგობაბამ ახალი და საინტერსო ცოდნა შემატა".
არქეოლოგიური ძეგლი და მიწის მეპატრონე
არქეოლოგი მიხო აბრამიშვილი, რომელიც თრელიგორების გათხრებზე უკვე წლებია მუშაობს, ძეგლის სამომავლო მდგომარეობის შესახებ, მიწის მეპატრონესთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრობს:
"ჩვენ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ვცდილობდით, დაგვერწმუნებინა მიწის მფლობელი, რომ ძეგლი მის მიერ აგებულ შენობაში ყოფილიყო ექსპონირებული. ასეთი გზით იქ უფრო მეტი მყიდველი შევიდოდა, მით უმეტეს გვერდით 5 ავეჯის მაღაზიაა და ეს რაღაცით გამორჩეული იქნებოდა. თუმცა, მეპატრონე ამბობდა, რომ ასეთ შემთხვევაში ფართს დაკარგავდნენ და თან მისი შენახვა დიდი თანხა დაუჯდებოდა.
"შემდეგ ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ამ ადგილზე კონსერვატორების ჯგუფი გაიგზავნა, რათა შემოწმებულიყო, ექვემდებარებოდა თუ არა ნაგებობა კონსერვაციის პირობებს. გაირკვა, რომ ამ ძეგლის შენარჩუნება ტექნიკურად შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ნაგებობა მთების ფერდობზეა განფენილი და ის ღიადაც რომ დარჩენილიყო, კერძო პირის მიერ აშენებული შენობის მეორე ან მესამე სართულზე მოუწევდა "დაკიდება". ამიტომ ძეგლის შენარჩუნება მიზანშეწონილად აღარ მიიჩნიეს. გამოდიოდა, რომ ჰაერში უნდა გაემაგრებინათ, რის გაკეთებასაც მეპატრონის მიერ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები უბრალოდ შეუძლებელს გახდიდა.
"მის დანგრევასა და ახლიდან აშენებასაც აზრი არ ჰქონდა, ის სიძველის ეფექტს და ძეგლის სტატუსს დაკარგავდა. წარმოიდგინეთ, სვეტიცხოველი რომ დაანგრიო და ზუსტად ისეთივე, ოღონდ ახალი რომ ააშენო. ეს დაუშვებელია. მინისტრის მოადგილე მიწის მფლობელს რაღაც არქიტექტურული პროექტის გაკეთებას სთავაზობდა, მაგრამ ეს პროექტი არ გაკეთდა.
"განწყობა ყველას ისეთი აქვს, რომ ეს მნიშვნელოვანია და უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ პრაქტიკულად საკითხი მოუგვარებელი რჩება. ეს ძეგლი ღიადაც რომ დატოვონ, მე არ მაქვს ხელისუფლების იმედი, რომ მას სათანადოდ გაუფრთხილდებიან".
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის მიხედვით, კერძო პირს საკუთარი ფინანსებით შეძენილ მიწაზე მშენებლობა არ ეკრძალება. კანონი კულტურული მემკვიდრეობის მიწით დაფარვის უფლებას იმ შემთხვევაში იძლევა, თუ არსებობს არქეოლოგების დასკვნა იმის შესახებ, შეუქმნის თუ არა დამატებით საფრთხეს ამ ნაგებობას მისი ღიად შენარჩუნება.
"თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ეს ტერიტორია ძალიან მნიშვნელოვანია, დასაშვებია მეპატრონისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევაც, ოღონდ ამის გაკეთების უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს. ჩამორთმევა ნიშნავს კომპენსაციას, ანუ აღნიშნული მიწის ნაცვლად, სხვა ადგილას იმავე ფართობის მიწის ნაკვეთის გამოყოფას. თუკი მეპატრონეს ამ ტერიტორიას არ ჩამოართმევენ, მაშინ მას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდეს კულტურულ მემკვიდრეობას", - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი ლიკა წიკლაური.
მიწის მესაკუთრე მალხაზ შალამბერიძემ, "მთელს კვირასთან" საუბარში აღნიშნა, რომ სამუშაოები ამინდის გამოსვლისთანავე განახლდება, არქეოლოგები გათხრებს დაასრულებენ და შემდეგ თავის გეგმებს განახორცილებენ:
"როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ ადგილას არქეოლოგიური მუზეუმის აშენებას აზრი აღარ აქვს. კონსერვატორებმა თქვეს, ის მშენებლობის პროცესშივე დაიშლებაო, ამიტომ ჩემ მიერ შენობის აშენებას წინააღმდეგობები აღარ შეხვდება".
"არქეოლოგიური ობიექტების 90% საბოლოოდ იღუპება"
არქეოლოგიური მემკვიდრეობის მართვის ცენტრის ხელმძღვანელი იულონ გაგოშიძე აღნიშნულ ნაგებობას ისეთი მნიშვნელობის აღმოჩენად არ მიიჩნევს, რის გამოც საჭირო იქნებოდა კერძო პირისთვის მიწის ჩამორთმევა და მისი კომპენსაცია და იქვე იმასაც ამატებს, რომ კონსერვატორებმა ძეგლის შენარჩუნება ტექნიკურად შეუძლებლად მიიჩნიეს:
"არქეოლოგიური ობიექტების 90% საბოლოოდ იღუპება და მის შესახებ მხოლოდ ინფორმაცია გვრჩება. მთელ მსოფლიოში ასე ხდება. თბილისშიც ძალიან ბევრი ადგილია, სადაც კორპუსები დგას და ამავდროულად, მის ქვეშ ძველად რაიმე სახის აღმოჩენა მოხდა.
"კაცობრიობის არსებობის დღიდან ადამიანმა არ დატოვა წერტილი, სადაც არ დასახლდებოდა. ამიტომ, ჩვენ რომ ასეთი არქეოლოგიური ადგილები დავტოვოთ, საცხოვრებელი აღარ გვექნება. ამას გეუბნებათ არქეოლოგი, რომელსაც ყველაზე მეტად შესტკივა გული ძეგლების ბედზე. ამიტომ ყოველთვის უნდა მოვძებნოთ ბალანსი უტილიტარულ საჭიროებებსა და სულიერ საკვებს შორის. სხვა გამოსავალი არ არის".
არქეოლოგი გიორგი ბედიანაშვილი თრელიგორების ძეგლის გადარჩენაზე საუბრისას, გადარჩენითი არქეოლოგიის მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ და მიღებულ პრაქტიკას ეყრდნობა:
"თუ ძეგლი არ არის ერთადერთი, მაშინ ნებადართულია შესწავლის და ფიქსაციის შემდეგ მისი მიწით გადაფარვა და სხვა დანიშნულებისთვის გამოყენება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის სამეცნიერო ლიტერატურიდან ამოვარდება.
"გადარჩენითი არქეოლოგია ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი არქეოლოგიისაგან. გადარჩენითი არქეოლოგიისას უნდა გაითვალისწინო კერძო პირის ინტერესები და გათხრები ძალიან ექსტრემალურ ვადებში უნდა ჩაატარო, ჩვეულებრივ არქეოლოგიაში კი ასე არ ხდება".
სხვა პრეცედენტები - კერძო პირის "ტყვეობაში" არსებული არქეოლოგიური ძეგლების გადარჩენა-არგადარჩენის შემთხვევები საქართველოში არაერთია. როგორც არქეოლოგები ამბობენ, ასეთ შემთხვევებში მეპატრონეების შეგნებულ მოქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მიხო აბრამიშვილი იხსენებს შემთხვევას, როდესაც თბილისის შემოსასვლელში, ე.წ. ნაქულბაქევის არქეოლოგიური ძეგლის ადგილას, კერძო პირი კომერციული დანიშნულების შენობის აშენებას აპირებდა. მან სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე არქეოლოგებთან გაიარა კონსულტაცია. ამის შემდეგ მან თანხაც გამოყო არქეოლოგიური სამუშაოებისთვის და საბოლოოდ, იქ ამ ძეგლის ამსახველი ნივთიერი მასალებით საგამოფენო გალერეაც გაკეთდა.
"მან ამით მეტი ხალხი მიიზიდა. სწორედ მსგავსი გეგმის განხორციელება მინდოდა თრელიგორების ამ კონკრეტული აღმოჩენის ადგილას, რაც ტრადიციის სახით დამკვიდრდებოდა, ბიზნესმენები კი იმას გააცნობიერებდნენ, რომ კულტურული მემკვიდრეობა მათი საქმიანობის ხელშემწყობ ფაქტორებში შედის", - ამბობს მიხო აბრამიშვილი.
ელინისტური ხანის სასახლე აღმოჩნდა 3 წლის წინ კახეთში, სოფელ საბათლოში, ერთ-ერთი კერძო პირის საზამთროს პლანტაციებში. ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების ჩარევით, მეურნეს მიწა სხვა ადგილას მისცეს და ეს აღმოჩენა ბუნებრივი სახით დატოვეს.
ამ შემთხვევას არქეოლოგი კოტე ფიცხელაური იხსენებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის შენახვა და მოვლა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, სახელმწიფო ვალდებულია, მოუაროს ყველა მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს.
თრელიგორების ბედი
თრელიგორების შემთხვევაში ყოველივე ზემოთქმულს ისიც ემატება, რომ მას, 2007 წელს მიღებული კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ნაგებობის ხელახალი აღწერა და დოკუმენტაცია მისი მნიშვნელობის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2006 წელს გადაეცა, ძეგლის სტატუსი დღემდე გაურკვეველია.
"დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელიც 2006 წელს გავაკეთე, თრელიგორების დაცულ ზონად აღიარება კიდევ ერთხელ უნდა მომხდარიყო. კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების ჩატარება ევალებოდა, რათა ძეგლს საბოლოო სტატუსი მიეღო.
ამ ეტაპზე ძეგლს სტატუსი არ აქვს, იმის გამო, რომ ძველი კანონმდებლობა გაუქმდა, ახალი კანონმდებლობით, დაცული ზონის სტატუსი უნდა დამტკიცებულიყო", - აცხადებს არქეოლოგი მიხო აბრამიშვილი "მთელ კვირასთან" საუბარში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია მურაჩაშვილის თქმით კი, ძეგლისთვის სტატუსის მინიჭებაზე მოლაპარაკებები არქეოლოგებთან და შესაბამის სამსახურებთან დღესაც მიმდინარეობს და შედეგები მალე გახდება ცნობილი:
"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ასეთი ობიექტების მნიშვნელობა და სამომავლო გადაწყვეტილება ძეგლის ოპტიმალურ ბედზე იქნება მორგებული. ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები მარტივი და ხანმოკლე არ არის.
შეიძლება ის უკეთეს მდგომარეობაშიც აღმოჩნდეს. პროექტები ჯერ კიდევ არ არის დახურული და თრელიგორების სამომავლო მდგომარეობის შესახებ მოლაპარაკებები ყოველდღიურად მიმდინარეობს. ამიტომ სიახლეს საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს".
არქეოლოგები ამბობენ, რომ ძეგლის მიწით დაფარვის შემთხვევაში, ის მაინც მოხერხდება, რომ კერძო პირის მიერ აშენებულ კომერციულ შენობაში მიმანიშნებელი დაფა გაკეთდეს, სადაც, გიორგი ბედიანაშვლის თქმით, იქ არსებული არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ იქნება ინფორმაცია.
ეს იქნება ნაგებობის 3ვ რეკონსტრუქცია, რომელიც შენობაში განთავსდება და შენობაში შესული მყიდველი ასეთი გზით მაინც მიიღებს ინფორმაციას ძეგლის არსებობის შესახებ.
რა უბედურებაა - რა ქვეყანაში ვცხოვრობთ!
ასეთი უპატრონობა შეიძლება?? ასეთი ძეგლი მეორე არა დგას საქართველოში! საკულტო ნაგებობაა სავარაუდოდ დიდი ტაძარი! მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა როცა ვნახე ეს ნანგრევები...
თავი და თავი ამ უბედურების ისაა, რომ არ უნდა გაყიდულიყო ეს მიწა!!!!!!!!!!!!!!