,, ტოჟე მნე ლელთ ღუნია!'' ტელევიზორის ხმაში ხათრიანი კაკუნი თითქოს შემომესმა კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, იმდენი მათხოვარი დადის ამ ქალაქის ბოლოში დილაადრიან, რომ ვერ ავუდივარ და გინდათ, დამძრახეთ, კარს ყველას არ ვუღებ.
კაკუნი ბრახუნში გადაიზარდა. გავაღე - ჩემი მემაწვნე:
- გამარჯობა, შვილო! მე კიდე ვიფიქრე, შინ არ იყავ.
- გაგიმარჯოთ! მაპატიეთ, ინფორმაციას ვუსმენდი პოლიტიკაზე და ტელევიზორის ხმაურში ვერ გავიგონე.
- იი-იიი, ეგ პოლიტიკოსები სუ ერთიანად გასაწყვეტები არიან, ჩვენიცა და სხვისიც, რო პატიოსანმა ხალხმა შვებით ამაისუნთქოი. ვინც გინდა მოიდეი, ვინც გინდა წავიდეი, სუ ტყუილია, ჩვენი შველა არ იქნება. ხარი დაკლეი - ზედ დაგვაკლეი, ცხვარი დაკლეი - ზედ დაგვაკლეი....
- არა, რატომ, უკეთესის იმედი არ უნდა დავკარგოთ.
- იმედი არა და ისა კიდე! ხო იცი, შვილო, ეხლა უკვე ზამთრი ფასზე გადავდივარ, ნედლი ბალახი მაილია, იგრე კიდე - ძვირი ჯდება ძროხის შანახვა. ეგე - ჩემი იმედი, მანამ მაიწველის, მაიწველის, აღარ მაიწველის და რაღას ვიზამთ, დავკლამთ, ხორცი ხორცად მაინც შაგვერგება. რასაც ჩვენ არ გავტოკდებით, რასაც ჩვენ არ ვიქამთ, ვინ რას მოგვცემს?
რა ვუპასუხე?! - არაფერი. გავიფიქრე: ,, ტოჟე მნე ლელთ ღუნია!'' , ხურდა გამოვართვი, ღიმილით გავისტუმრე.
ვზივარ კომპის წინ პურჩაყრილი ქილით და ჩემთვის მაწონსა ვჭამ.
გვიანშემოდგომის დილაუზმოზე, ცოტა არ იყოს, ცივი კია, მაგრამ ამაზე მარგებელი არაფერი ყოფილა.
(,, ჩემი დილაუზმოს ჩანაწერები") ,,მე როგორც ვიყიდე, ისე ვყიდი'' კი ძალიან გაძვირდა, მაგრამ თუ არ გეჩქარება, მაინც კარგია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა, თან ფული გეზოგება, თანაც, სად - ყველა ტაქსის შოფრისგან იმის მოსმენა, როგორ უდევს ორი წითელი დიპლომი შინ და ყველანი როგორ ედგნენ ,,სმირნაზე'', დირექტორობისას კაბინეტიდან რომ გამოვიდოდა და სად - უკიდეგანო ქართული ხალხური ფანტაზია - ცინცხალი და ჭრელი ჭორები! აი, მაგალითად ეს, გუშინდელი:
,, -გოგო, ივანიშვილი პატრიარქთან მოსალაპარაკებლად რომ მიდის, გაიგე? იცი, რაზე?
- ალბათ, მხარი რომ დაუჭიროს.
- იცი, როგორ? ბაგრატიონმა ის ახალი ბავშვი ტახტის მემკვიდრედ ხომ არ აღიარა, ეხლა ივანიშვილის ბიჭს ბაგრატიონის სხვა გოგო უნდა მიათხოვონ, მგონი შვილიშვილი. იმათ რომ ეყოლებათ, ის იქნება ტახტის მემკვიდრე. ერთი მხრივ კარგია, ჩვენი შესანახი არ იქნება მეფე...
- სისულელეა. დედ-მამა სამეფო დინასტიას უნდა ეკუთვნოდეს, რომ ბავშვს მეფეობის უფლება ჰქონდეს. სად -ივანიშვილი, სად - ბაგრატიონი.
- კარგი, რა! დასვამს ვინმე ისტორიკოსს და დააწერინებს, ივანიშვილები ბაგრატიონების შთამომავლები არიანო. არ დაუჯერებენ თუ რა! შენ ფული თქვი, თორემ!
- გეუბნები, სისულელეს ამბობ.
- მე რა! მე როგორც ვიყიდე, ისე ვყიდი...''
თან ვუსმენ, თან რითმებით ვერთობი:
პოლიტიკაში ასეა,
მინდა იცოდე, უტა, რო,
ავგიას თავლას ვერ დახვეტს,
ცოცხი თუ არის უტარო.
( ,,ჩემი დილაუზმოს ჩანაწერები'') This post has been edited by nino darbaiseli on 8 Nov 2011, 11:01
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004