თემას ვერ ვხსნი და აქ დავდებ, თუ ვინმე ინებებს გახსნას..
წყარო:
http://foreignpress.ge/?p=18589ბიძინა ივანიშვილი თავის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს
ვლადიმერ სოკორი
ბიძინა ივანიშვილმა, რომლის ფინანსური აქტივები საქართველოს გარეთ $5,5 მილიარდს უდრის, რაც საქართველოს წლიური მშპ-ს ნახევარს შეადგენს, 1 ნოემბერს თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე საკუთარი პოლიტიკური გეგმები მიმოიხილა.
პრეს-კონფერენცია მოჰყვა 7 და 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მის საპროგრამო დოკუმენტებს, რომელთაც თვითონ „ღია წერილები“ (EDM, 14, 19 ოქტომბერი) უწოდა. პრეს-კონფერენცია თბილისში ($50 მილიონად შეფასებულ) მის რეზიდენციაში გაიმართა. პრესკონფერენციას რამდენიმე ასეული ქართველი ჟურნალისტი დაესწრო და ოთხსაათნახევარს გაგრძელდა. პრეს-კონფერენციაზე დადასტურდა, რომ ივანიშვილის მიზანი საქართველოში ხელისუფლების მოპოვებაა (Civil Georgia, 2, 3,4 ნოემბერი).
ივანიშვილს განზრახული აქვს საზოგადოებრივი მოძრაობის, „ქართული ოცნების”, დაფუძნება, ამ მოძრაობის ლიდერობა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ის დარწმუნებულია, რომ თავისი „საოცნებო” მოძრაობით პარლამენტში „სრულ უმრავლესობას” მოიპოვებს. ის ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებას გეგმავს, მაგრამ მმართველი პარტია იმდენად ცოტა ხმას მიიღებს, რომ გაყალბება უაზრო გახდება: „სააკაშვილი თავის გარემოცვასაც აღარ სჭირდება. მას საკუთარი დედაც კი არ მისცემს ხმას“.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ დაუყოვნებლივ, როგორც კი მიაღწევს სასურველ გამარჯვებას, „ოცნება”, 2012 წლის ოქტომბრისათვის პარლამენტში სააკაშვილის იმპიჩმენტს განახორციელებს, თუ ის თავად არ გადადგება მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე. ივანიშვილი იმედოვნებს, რომ მისი პარტია საკმარისად ძლიერი იქნება და ბლოკის ჩამოყალიბება არ დასჭირდება. გარდა ამისა, ის ითანამშრომლებს არსებული ოპოზიციის რამდენიმე „ჯანსაღ წარმომადგენელთან” და სამოკავშირეოდ მოიძიებს „მაქსიმალურად ბევრ ახალ სახეს”.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების, დაფინანსებისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ივანიშვილი კი რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეობის ვადა მას 2011 წლის 11 ოქტომბერს ამოეწურა, რადგან ქართული კანომდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას. არამოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ არაპოლიტიკური, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფუძნება, ასე უწოდებს ივანიშვილი თავის ”ოცნებას”. მას არ განუმარტავს და მხოლოდ მიანიშნა, თუ როგორ ჩამოაყალიბებს და დააფინანსებს მოძრაობას ”ოცნება” და როგორ მივა უმაღლეს თანამდებობამდე, საქართველოს კანონმდებლობის მიუხედავად. „საქართველოს მოსახლეობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აიძულებს (ეცდება) სააკაშვილს აღადგინოს ჩემი მოქალაქეობა. და თუ ეს ასე არ მოხდება, ჩვენ გვაქვს პარალელური გეგმები. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ძალაუფლებაში არჩევნებით მოვალთ“. და პირიქით, თუ ივანიშვილის მოძრაობას აუკრძალავენ არჩევნებში მონაწილეობას „არჩევნები არალეგიტიმური იქნება.”
თავის პროგრამულ დოკუმენტებში ივანიშვილი პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვის წინადადებით გამოდის და თვითონ პარლამენტის, ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აპირებს კენჭისყრას (არჩევანის უფლებას ის თავისთვის იტოვებს), სადაც იმ ვადით დარჩება, რომელსაც თავად გადაწყვეტს. შემდგომ ინტერვიუში მან აღიარა, რომ პოლიტიკაში „მოუმზადებელი მოვიდა. მაგრამ სჯერა, რომ მისმა მოულოდნელმა გამოჩენამ პოლიტიკურ არენაზე შექმნა „ახალი რეალობა” საქართველოში და შეაშინა „ხელისუფლება” (Civil Georgia, 25 ოქტომბერი).
ივანიშვილმა უამრავ ოპოზიციურ დაჯგუფებას საქართველოში „უსარგებლო” უწოდა. მას, „ჯანსაღ ძალად“ ოპოზიციაში მიაჩნია მხოლოდ ირაკლი ალასანიას „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” (რომელმაც ამას წინათ ოპოზციური დაჯგუფებების გახლეჩვისა და გაერთიანების მთელ სერიაში კიდევ ერთი ასეთი გახლეჩვა განახორციელა) და რესპუბლიკური პარტია (ორი მანდატი პარლამენტში). 1 ნოემბერს ივანიშვილმა კიდევ შესთავაზა ამ ორ ჯგუფს თანამშრომლობა. ეს ორი ჯგუფი თავის უახლოეს მიზნად რეჟიმის ცვლილებას ასახელებს ისე, რომ არ სთავაზობს საზოგადოებას მმართველობის ალტერნატიულ პროგრამებს. მაგრამ მათ, იმის გამო, რომ (ყოყმანის შემდეგ) გადაწყვეტილი აქვთ რეჟიმი არჩევნებით და საკონსტიტუციო ვადებში შეცვალონ, ზომიერ ოპოზიციად მიიჩნევენ. აგრესიული ოპოზიციური ჯგუფები ამ პროცესს არ მისდევენ.
თავის თავდაპირველ საპროგრამო დოკუმენტებში ოქტომბერში, ივანიშვილმა აღიარა, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ „უპრეცედენტო აგრესია” განახორციელა, მაგრამ განაცხადა, რომ სააკაშვილმა თავისი „უგუნური” საგარეო პოლიტიკით, კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. 1 ნოემბრის მარათონში, ის კიდევ უფრო შორს წავიდა და სააკაშვილს ომის დაწყებაში დასდო ბრალი. ორივე შემთხვევაში, მან ვერ ახსენა საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა. ის ახლა შვეიცარელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის 2009 წლის ანგარიშს თავისი შეხედულებების საფუძვლად აღიარებს.
რეალურად კი, ტალიავინის ანგარიში (კოლექტიური ნამუშევარი და პოლიტიკურად არაერთგვაროვანი) განზრახ ორაზროვანია და ბევრი, უფრო პროფესიონალი ექსპერტისთვისაც, ვიდრე ივანიშვილია, ანალიზითვის და ინტერპრეტირებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. ერთადერთი, კვაზი-დამაჯერებელი ამ ანგარიშში იყო ის, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ის რუს მაღალჩინოსნებს ამ დოკუმენტის ექსპლუატაციის საშუალებას უქმნიდა.
56 წლის ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში მოულოდნელი იყო თავად მისთვისვე. ეს მისთვის პირველი დილეტანტური აქტივობა არ არის. 25 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ თბილისში ხელოვნების მუზეუმის გახსნას გეგმავს და ეს მუზეუმი ასეულობით მილიონი დოლარი ჯდება. იმის ნაცვლად, რომ იმპრესიონისტების ნამუშევრები აგროვოს, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, ივანიშვილმა ამიერიდან მოისურვა ამ მუზეუმში თანამედროვე (ე.წ. კონტემპორარი) ხელოვნების ექსპოზიცია მოაწყოს. სახელმწიფო ხელისუფლების შესყიდვის მისეული სურვილი, შეიძლება საქართველოს ბევრად უფრო ძვირი დაუჯდეს, ვიდრე მისი ძღვენი სახელოვნებო კოლექციის სახით.
This post has been edited by ggela on 8 Nov 2011, 18:04