პოლიტიკა
05:10 / 14-11-2011
გოგა ჟვანია: "ეს ხელისუფლება არჩევნების გზით ძალაუფლებას არ დათმობს!''
რა საკითხები განიხილეს ერთსაათიანი შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა და ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, რატომ ფიქრობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმე სწრაფად გაიხსნება, როგორ აფასებს მიმდინარე მოვლენებს როგორც ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი და რა განსხვავებასა და მსგავსებას ხედავს ბიძინა ივანიშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის, ამ საკითხებზე "ვერსიას'' ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგა ჟვანია ესაუბრა:
- ვფიქრობ, საქართველოში ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ზურაბ ჟვანიას საქმე არ აინტერესებს. მით უმეტეს, ეს საკითხი მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში, პოლიტიკაში მნიშვნელოვანი განაცხადის გაკეთებას აპირებს. საქმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის საეჭვოდ დაღუპვას ეხება, ამიტომ, ბუნებრივია, ეს დღემდე იწვევს გარკვეული პოლიტიკოსებისა და მთლიანად საზოგადოების ინტერესს.
- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების საქმის გამოძიებას, რეალურად შეძლებს?
- დარწმუნებული ვარ, შეძლებს. როგორც კი საქართველოში მმართველი გუნდი შეიცვლება, არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებაში ვინ მოვა, ეს საქმე ძალიან სწრაფად გაიხსნება.
- ნინო ქადაგიძე, ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ამ საკითხთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა კიდეც. თუ იცით შეხვედრის დეტალები, რა საკითხებზე ისაუბრეს და რა პასუხები მიიღო ქალბატონმა ნინომ ივანიშვილისგან?
- ნინოს ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვესაუბრე. სიმართლე გითხრათ, ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ საზოგადოებასაც გავუმხილოთ, არაფერი ყოფილა. შეხვედრის დეტალებზე საუბარს არ ვერიდებით, უბრალოდ, არც არაფერია ამ შეხვედრაზე სათქმელი.
- ბატონო გოგა, ივანიშვილი წლების განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა, ასევე ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო. ბუნებრივია, ბატონ ზურაბს გარკვეული ურთიერთობა ივანიშვილთან ექნებოდა, თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
- მათი ურთიერთობის დეტალები ნამდვილად არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, ზურას ბიძინა ივანიშვილთან ინტენსიური ურთიერთობა არ ჰქონდა, მხოლოდ რამდენჯერმეა შენახვედრი. მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს თითოეული მოქალაქის პატივისცემას ყოველთვის იმსახურებდა, მისი საქველმოქმედო საქმიანობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვფიქრობ, არც ზურას ჰქონდა მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება. ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი იდუმალი პიროვნება იყო, რომლის სახელი მხოლოდ ლეგენდების დონეზე მესმოდა.
- იქიდან გამომდინარე, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქვეყნის პირველ პირებთან, არსებობს ალბათობა, რომ, შესაძლოა, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია ჰქონდეს ზურაბ ჟვანიას საქმეზე?
- გამორიცხულია.
- კარგით, თქვენს გეგმებზეც ვისაუბროთ. აპირებთ მიმდინარე, საკმაოდ აქტიურ პროცესებში ჩართვას, თუ ისევ შორიდან დააკვირდებით მოვლენების განვითარებას?
- ჩემი ცხოვრების მიზანი პოლიტიკაში ჩართვა არასოდეს ყოფილა. ჯერჯერობით, ველოდები, რა სცენარით განვითარდება მოვლენები. თუ საჭირო გახდება, პოლიტიკაში ჩავერთვები კიდეც. ჯერჯერობით, მხოლოდ განცხადებები კეთდება. შევხედოთ, კიდევ რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში.
- როგორც ჩანს, საკუთარ თავს, ბიძინა ივანიშვილის ფლანგზე მოიაზრებთ, თანამშრომლობის შემოთავაზება გქონდათ მისგან?
- არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა.
- თქვენ პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყავით. ალბათ, გსმენიათ, ივანიშვილ-პატარკაციშვილს შორის პარალელს ხშირად ავლებენ. თქვენ თუ ხედავთ რაიმე მსგავსებას?
- პირველ რიგში, უნდა დავაკონკრეტო, რატომ ჩავერთე ბადრი პატარკაციშვილის დროს პოლიტიკაში. პირველი მიზეზი იყო - შემოთავაზება, პროცესებში მიმეღო აქტიური მონაწილეობა. მეორე მხრივ, მაშინ ვფიქრობდი, რომ ბადრი პატარკაციშვილი იყო ადამიანი, რომელსაც შეეძლო არსებული ვითარების შეჩერება და ქვეყნის კატასტროფისგან გადარჩენა. სამწუხაროდ, მაშინ ყველაფერი ძალიან ცუდი შედეგით დასრულდა. სიმართლე გითხრათ, პირადად მე, პატარკაციშვილსა და ივანიშვილს შორის პარალელს ვერ გავავლებ. მათ შორის მსგავსება, შეიძლება, მხოლოდ ის იყოს, რომ ორივე პოლიტიკაში დიდი ბიზნესიდან მოვიდა. ბადრი პატარკაციშვილი პოლიტიკაში, დღევანდელთან შედარებით, ბევრად რთულ ვითარებაში ჩაერთო. მის მიმართ, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ. მას არ ჰქონდა დასავლეთის მხარდაჭერა, ბადრი პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვას განსაკუთრებით მწვავედ შეხვდა აშშ-ც. იგივეს ვერ ვიტყვით ბატონ ბიძინაზე. პირიქით, იგი პოლიტიკაში ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ამ სივრცეში აბსოლუტური ვაკუუმი და სიცარიელე იყო. ოპოზიციურ სპექტრს, პრაქტიკულად, ამოწურული ჰქონდა თავისი შესაძლებლობები და ერთადერთი ბატონ-პატრონი პოლიტიკურ სივრცეში, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი იყო. მადლობა ღმერთს, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ, ჩვენს მეგობარ ქვეყნებშიც გამოიწვია დაინტერესება. ყველამ კარგად ვნახეთ მასთან შეხვედრაზე ენთუზიაზმით მისული ელჩები. არაფერს ვამბობ იმ აჟიოტაჟზე, რაც ქართულ საზოგადოებაში მისმა გამოჩენამ გამოიწვია. ასე რომ, ვინც ბადრი პატარკაციშვილსა და ივანიშვილს შორის პარალელს ავლებს, აბსოლუტურად, შორს არის რეალობისგან. ვფიქრობ, ბატონ ბიძინას ბევრად უკეთესი სასტარტო პოზიცია აქვს, ვიდრე ბადრი პატარკაციშვილს ჰქონდა.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს ბიძინა ივანიშვილი პატარკაციშვილის შეცდომების გათვალისწინებას, თუნდაც გარემოცვის შერჩევასთან დაკავშირებით?
- ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ბატონი ბიძინა ცაიტნოტშია, რადგან არჩევნებამდე ძალიან მცირე დროა დარჩენილი. მე მაინც, იმედს ვიტოვებ, რომ ბიძინა მოახერხებს და შეცდომებს გაითვალისწინებს. აქვე უნდა დავაზუსტო, რომ არათუ პოლიტიკაში, არც ერთ სფეროში ფული განმსაზღვრელი ფაქტორი არ არის. პირადად მე, ბიძინა ივანიშვილს ვუყურებ როგორც პიროვნებას, რომელმაც დიდი კაპიტალის დაგროვება შეძლო. მისთვის ფული არავის უჩუქებია, საკუთარი შრომით მოიპოვა იმ ადამიანებისაგან განსხვავებით, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხელისუფლებაში ჯიბეგამოფხეკილები მოვიდნენ, დღეს კი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ნაშოვნი ფულით, ისინი ივანიშვილსაც უწევენ კონკურენციას.
- გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ პატარკაციშვილსა და ივანიშვილს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ცოტა ხნის შემდეგ კი ივანიშვილმა უარყო ეს ფაქტი. თქვენ ხომ არ იცით, ვინ არის მართალი?
- სიმართლე გითხრათ, ბადრისთან ივანიშვილზე არასოდეს მისაუბრია, სულ სხვა საკითხებზე ვიყავით მაშინ ორიენტირებული. მოგეხსენებათ, ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარება იყო. ბადრი პატარკაციშვილის გვერდით აღმოვჩნდი მაშინ, როცა საარჩევნო პროცესი დაწყებული იყო, ამიტომ მიმდინარე პრობლემებით ვიყავით დაკავებული. ზოგადად, მეც ივანიშვილის შესახებ მინიმალური ინფორმაცია მაქვს, თანაც ყველა პოლიტიკოსის განცხადებაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ფაქტი ერთია - ისევე, როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს, მეც იმედი დამიბრუნდა, რომ ამ ქვეყანაში, უახლოეს მომავალში, ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვლება, თუმცა, არ მივეკუთვნები იმ ადამიანების ტიპს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არჩევნების გზით, ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია.
- ანუ, ივანიშვილის მიერ არჩეულ კურსს, გარკვეულწილად, ეწინააღმდეგებით და, ფიქრობთ, რომ რადიკალურ მოქმედებაზე გადასვლა აუცილებელია?
- არჩევნები არის გზა, მაგრამ ამით ხელისუფლება არ დასრულდება. ეს ჩემი, პირადი მოსაზრებაა. ბიძინა ივანიშვილის სურვილი, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ვფიქრობ, სწორი ნაბიჯია. პოლიტიკოსმა ბრძოლის აბსოლუტურად ყველა ხერხი უნდა სცადოს, მაგრამ ვიმეორებ, ეს ხელისუფლება არჩევნების გზით ძალაუფლებას არ დათმობს.
რუსუდან შელია
გაზეთი "ვერსია"
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/politika/44065-goga-z...l#ixzz1diCCsPU6