Doktor Niemand
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 10839
წევრი No.: 136963
რეგისტრ.: 14-October 11
|
#28353256 · 17 Nov 2011, 15:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
qutaiseli teroristi კაი კაცი ხარ შენ, ქონიან მიშისტებს ველოდები და მათ კომენტარებს
ეს ამბავიც, „ჩხიკვთა ქორწილისა“ არ იყოს, დიდ, შავ და დაბურულ ტყეში (ჩვენ რომ სამშობლოს ვუწოდებთ) მოხდა. გარემოებათა გამო ქვეყნის სათავეში მოსულმა უმწიფარმა ხალხმა ქართული ფეხბურთი მართლა „კამერა-აბალოჩკასავით“ გაიგდო და იმგვარად და იმდენი კენწლა, თქვენი მოწონებული. გამოხდომები მანამდეც იყო... თუმცა, რაღა გამოხდომები - მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოინდომა, ქართულ საფეხბურთო სამყაროს ხან ერთი პოლიტიკური ძალა წაეპოტინა, ხან - მეორე და მერე, როცა მოძლიერდნენ, კრიმინალურმა ელემენტებმაც გვარიანად ანჯღრიეს. ამის გამოცაა, ნებისმიერ საფეხბურთო არჩევნებში ერთმანეთს არა ახალკაცები, ჟორდანია, ჩივაძე, ნემსაძე ან სიჭინავა ეცილებიან, არამედ ეროვნული მოძრაობა, ტარიელ ონიანი, ბადრი პატარკაციშვილი, თავისუფლების ინსტიტუტი, მოძრაობა „კმარა“, „ნაცმო“ და ვინ იცის, კიდევ ვინ აღარ... მე მიწია იმ წყევლამ, რომლის პირველთქმასაც ჩინელებს აბრალებენ და საფეხბურთო თვალსაზრისით, მართლა საინტერესო დროში მომიხდა ცხოვრება. საბედნიეროდ, ფეხბურთი დღემდე რჩება ნომერ პირველ სანახაობად ჩვენში და რაკი დაახლოებით თხუთმეტი წელიწადია ვ-სპორტულჟურნალისტ-ობ, ბევრი რამ ვნახე, გავიგონე და შესაბამისად, მოსაყოლიც ბევრი მაქვს. გულშემატკივართა ახალი თაობის მხოლოდ მცირე ნაწილისათვის თუ იქნება ცნობილი იმ მოარული ხმების შესახებ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ნებისმიერ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვებოდა ხოლმე. ტყუილ-მართალი ამ გადასახედიდან ძნელი სარკვევია, რაკიღა მაშინ ჯერ კიდევ საბჭოური, ნაცრისფერი რკინის ფარდა ფარავდა საქმესაც და საფიქრალსაც. ადამიანთა ვიწრო წრე იმდენად „შინოურულად“ აგვარებდა ხოლმე ამა თუ იმ კომბინაციას, ძაან მაგარი ბიჭი უნდა ყოფილიყავი, რომ დანამდვილებით და ბოლომდე რამე გაგეგო. რამის სათანადოდ გაგებისა და გამოქვეყნების შანსს უნდობლობა, შიში და გარკვეული თვითცენზურაც ამცირებდნენ - ეს ახლა არ გვიჩანს ჩირად ავტორიტეტები, თორემ იყო დრო, ხალხი ვარსკვლავებზე ისევე ფიქრობდა, როგორც მასწავლებელზე (საშინაო ტანსაცმლითა და ლობიოს ჭამისას რომ ვერ წარმოგვედგინა). შესაბამისად, მოარული ხმები, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ამა თუ იმ საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვებოდა ხოლმე, დღემდე მოარულ ხმებად დარჩა, არავის დაუდასტურებია და უკვე იმდენად მოძველდა, ღირს თუ არა ჩაუღრმავდე, ნამდვილად საფიქრალია. არადა, მართლა რამდენ საინტერესოს ამოქექავდა დაინტერესებული კაცი - მარტო სუბიექტური სპორტული მიმომხილველი გიგა ბოკერია, მოსკოვის „სპარტაკის“ მგზნებარე ქომაგი, დამწყები სპორტული ჟურნალისტი ვასილ სანოძე, სფფ-ის ძველი შემადგენლობის მიერ მერაბ ჟორდანიას ჯგუფისთვის თბილისურ ბინად და ბენზინგასამართ სადგურად მიყიდული პრეზიდენტობა რად ღირს... მაგრამ წავიდა, ჰეეე - სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული და ბუნებრივია, ამ ჟრიამულმა და დრომ ახალი ინტერესები, მოარული ხმები, პიროვნებები მოიტან-მოიყვანა. მე მინახავს დავით პეტრიაშვილის მოულოდნელი გაოპოზიციონერებით შეცბუნებული და გაკვირვებული მერაბ ჟორდანია, სასტუმრო „მეტეხის“ საპრესკონფერენციო დარბაზში სიტყვიერი ფარიკაობა კახი ასათიანსა და იმავე დავით პეტრიაშვილს შორის (რომელიც ისევე, როგორც ის არჩევნები, აწ განსვენებულის გამარჯვებით დასრულდა)... - ვინა ხარ, შვილო, და საიდან მოდი?! - დედამიწისხელა სარკაზმი და ირონია გააყოლა „პეტროსადმი“ დასმულ ამ შეკითხვას ასათიანმა და მთელი ყრილობა იმწამსვე მიხვდა, რომ არჩევნები მორჩა: დემოკრატი შევარდნაძის სასახლის კარზე კანონიერმა ქურდმა ტარიელ ონიანმა მორიგი პარტია მოიგო - ამჯერად პატარკაციშვილი დააშამათა. რასაკვირველია, კახი ასათიანმა ძალიან კარგად იცოდა, ვისი შვილი იყო და საიდან მოვიდა დავით პეტრიაშვილი, მაგრამ მისი ეს მოკლე ფრაზა ხმის მქონე სუბიექტებს უნდა გაეგონათ. ცოტა არ იყოს, აგდებული ტონი ერთგვარ პაროლად იქცა - მისახვედრს ყველა მიხვდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ყრილობის ბოლოს ერთი ლაწანიც გაისმა - პატარკაციშვილის ჯგუფის მიერ გადაბირებულმა ერთ-ერთმა სუბიექტმა ვისლან მელაშვილმა უშუალო გადამბირებელს იქვე, ყრილობის დარბაზში გააწნა სილა - ეგ არის, მოგებული გვაქვსო?! გაგრძელებაც ვნახეთ - საკუთარ ოფისში გაილახა მინი-ფეხბურთის განყოფილების შეფი, რომელმაც ხმის მიცემის სანაცვლოდ, გარკვეული თანხა კი აიღო პატარკაციშვილის მხარისგან, მაგრამ უშუალოდ ყრილობის წინ, ფედერაციის მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ სულაბერიძესთან „გასაუბრების“ შემდეგ, მოულოდნელად ავად გახდა და დაპირებული ხმა ვერ მისცა. მიმხვედრი მიხვდება - ეს ფაქტები იმ ოპერიდან იყო, რომლის ლიბრეტოს თანახმად, ცნობილი ქართველი მსაჯი გუნთაძე ზედ ყრილობის წინ მანქანის საბარგულში მოათავსეს და წინასაარჩევნო პროფილაქტიკისთვის ტყეში წაიყვანეს. რეგიონალური მსვლელობებიც საკმაოდ მოეწყო - ის კი არა, გურიის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარეს, დურმიშხან ჩხაიძეს სახლში მიართვეს რამდენიმე ათასი დოლარით „გასიმპათიურებული“ ჩანთა, მაგრამ ფეხბურთისგან დაღარიბებულმა ამ კაცმა, შუამავლებს მერაბ ჟორდანიას მამა-პაპისეული სახლი დაანახვა - მარტო მერაბს კი არა, ამ კარ-მიდამოსაც ვერ ვუღალატებო (მოგვიანებით, დურუ-ბატონმა ერთხელაც დაამტკიცა ჟორდანიასადმი ერთგულება და გურიაში წინასაარჩევნოდ ჩასულ ახალკაცი-ჯუნიორს, წინამორბედისა და კონკურენტის სადღეგრძელო განსხვავებულითა და ფეხზე დგომით დაალევინა). ერთი სიტყვით, მოსახდენი ხდებოდა და ზოგჯერ იმგვარად უცნაურიც, ბარეორი დააღებდა პირს, მაგრამ... ის, რაც 13 მაისის არჩევნების დროს დატრიალდა, ყველაფერს ფარავს, რადგან ეს არც კომბინაცია გახლდათ, არც ჩანაფიქრი - ადამიანთა ვიწრო ჯგუფმა ფეხებზე დაიკიდა მორალიც და ზნეობაც, კანონიც და ჩარჩოც, ფეხბურთიც და საზოგადოებაც, ქართულად რომ ვთქვათ, „ააგდო“ ახალგაღვიძებული უსტაბაში და ვითომ პრეზიდენტის ხუშტურზე, სინამდვილეში კი როგორც თავად სურდა, ისე მოაკვარახჭინა საქმე. ამ ყრილობაზე უამრავი ითქვა, დაიწერა და სხვათა შორის, ტელევიზიებმაც ბევრი რამე აჩვენეს. როგორც ჩვენში ხდება ხოლმე, მომხდარს მხარდამჭერი და „გამპრავებელიც“ საკმაოდ გამოუჩნდა (ძირითადი არგუმენტი ასეთია - მეორე მხარე რა, წმინდა მამათა ლავრა იყოო?!), მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია მეთოდი, დროის მონაკვეთი და იერარქია, რომელთა კომბინაციამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა: ჩვენ მშენებარე ან განვითარებად ქვეყანაში კი არა, დიდ, შავ, დაბურულ ტყეში ვცხოვრობთ - თუ ჭკვიანად არ იქნები, მოვა გუდიანი კაცი და შეგჭამს! საკითხი მეტად პოლიტიკურია - იმდენი და იმ დონის პოლიტიკოსი ჩაერია საქმეში, ყრილობის პოლიტიზირებას ვერაფრით გაექცევი, მაგრამ... ქართული ოპოსპექტრის მთელი არსებობის განმავლობაში, მგონი ერთადერთი სიტუაციაა, როცა ოპოზიციურმა ძალებმა შეცდომა არ და ვერ დაუშვეს! გასაგები მიზეზის გამოც - სფფ-ზე გავლენის სფეროებს ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა ერთთმანეთთან ბრძოლაში ინაწილებდა და ოპოზიცია ფეხბურთამდე არავინ მიუშვა. ნოდარ ახალკაცი რომ სამთავრობო სტრუქტურებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის ფავორიტი იყო, ეს ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციის გარიჟრაჟზე გაცხადდა. მანამდე კი, იმ პერიოდში, როცა პატივცემული მიხეილი თბილისის საკრებულოს პირველკაცობდა, ახალკაცი უმცროსის ხსენებაც არ ყოფილა. უფრო ჟვანიების ოჯახთან დაკავშირებული გაიოზ დარსაძე და ცნობილი ვეტერანი, ნაციონალური მოძრაობის სპორტული სახე ვლადიმერ გუცაევი მოიაზრებოდნენ სფფ-ის მორიგ ხელმძღვანელად. ამის შესახებ ბევრგან დაიწერა და ჩემი სტატია კი ჯერ „ქრონიკაში“, მოგვიანებით (ვარდების რევოლუციის მერე) „სპორტშიც“ გამოქვეყნდა. სტატიები, ჩემიც და სხვისიც, საკმაოდ მწვავე და ინფორმაციული გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, იმ დონემდე მაინც, რომ მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა: ყველაფერს როგორ მაბრალებენ, ახლა აღმოჩნდა, რომ ფეხბურთშიც ინტერესი მქონიაო... ალალად უნდა ითქვას, რევოლუციამდე ფეხბურთზე ფიქრით ნამდვილად არ იკლავდა თავს შევარდნაძის ახალგაზრდა ფავორიტი - საფეხბურთო ამბიციები მერმინდელმა მდგომარეობამ და მისივე გუნდის „შეჩხიკინებამ“ გაუჩინა. დასტური? ინებეთ: სწორედ ამ პერიოდში დავბეჭდეთ მიხეილ სააკაშვილთან ორი ინტერვიუ გაზეთ „ოლიმპში“ (ორივეჯერ მარიკა ვერულაშვილი დაგვეხმარა) და ახლანდელისგან მეტისმეტად განსხვავებულმა, გამორჩეულად კეთილგანწყობილმა პოლიტიკოსმა ორივეჯერ სიმართლე თქვა: მინი-მოედნებს საკრებულო აკეთებს იმიტომ, რომ ქალაქს ჭირდება ასე, თორემ მე ფეხბურთის დიდი მცოდნე და მოყვარული ნამდვილად არა ვარ, ეგებ, ედუჩას დედისგან ჰოლანდიური გენები გამოყვეს და ეგ მაინც დაინტერესდეს სათანადოდო... ეს ვარდების რევოლუციის მერე გახდა ბატონი პრეზიდენტი დედულეთის სოფლის გუნდის ბომბარდირი და მორაგბეების ნაკრების ზედმეტი ინდივიდუალიზმიც პრეზიდენტის პოსტიდან „გააანალიზა“, თორემ, ერთხელაც ვიმეორებ, მაშინ (საკრებულოს თავმჯდომარეობისას) ეგზომ სპორტული ნამდვილად არ ჩანდა. ახალკაცის პირველად არჩევას წინ რაც უძღოდა, თავად ნოდარ ახალკაცმა დაადასტურა ტელეკომპანია „მზის“ პირდაპირ ეთერში - ირაკლი იმნაიშვილის საავტორო გადაცემაში მონაწილეობა ახალკაცმა, მამუკა კვარაცხელიამ, სანდრო ცნობილაძემ, მიხეილ აბაიშვილმა და მე მივიღეთ. საუბარი მაქვს პრეზიდენტის ახალკაცებთან სტუმრობაზე - სწორედ მაშინ დაითანხმა ქვეყნის პირველმა პირმა ქალბატონი ნელი ახალკაცი, რომ მისი შვილი მისივე ქმრის გზას გაჰყოლოდა. ეს ამბავი პირველმა ნოდარ კობერიძემ გაახმიანა და ბუნებრივია, მას ძალიან ბევრმა არ დაუჯერა. როგორღაც ისე მოხდა, ხალხმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ უჩვეულო ვიზიტს და აქედან გამომდინარე იყო, როცა ნოდარს პირდაპირ ეთერში კითხვას ვუსვამდი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ უარყოფდა. არ უარყო - ოჯახურ სადილზე გვეწვია, რა არის ამაში უჩვეულოო და დანარჩენი ირაკლი იმნაიშვილმა „შეასრულა“ - აღმოჩნდა, რომ გადაცემის წამყვანს საერთოდ არაფერი სცოდნია ამ ფაქტის შესახებ და რაკი მას „ჩაავლო“, „გადაცემისწინა მოთელვა“ ერთიანად დაივიწყა ანუ სრულიად სხვა მხარეს წაიყვანა საუბარი. იმ გადაცემის დროს, უფრო სწორად ხუთწუთიანი სარეკლამო გაჭრისას, როცა სიგარეტის მწეველები სტუდიიდან ფოიეში გალაგდნენ, პირველად ვიეჭვე, რომ ნოდარ ახალკაცი უფრო გარემოებათა ტყვე იყო, ვიდრე მამის კვალზე იდეურად მავალი კარიერისტი. ხალხი სიგარეტის მოსაწევად რომ გავიდა, მეგონა, მარტო დავრჩი და რაკი ჩვევად ფურცელზე ხელმოწერის ათასნაირად ჯღაბნა მაქვს, მაშინაც არ მიღალატია ჩვეულებისთვის. შუა ჩხაპნაში ვარ და მზერა ვიგრძენი - თავზე ნოდარ ახალკაცი წამომდგომია და მიყურებს. არც ღიმილით, არც გაბრაზებული - ჩვეულებრივად, როგორც მას ახასიათებს, სათვალის მიღმა. „თქვენ ნიჭიერი ჟურნალისტი ხართ... ვიცნობდეთ ერთმანეთს...“ დღემდე მგონია, რომ ეს არ იყო ევროპაში ნაცხოვრები ახალგაზრდა კაცის ცხოვრების წესიდან გამომდინარე საწესდებო კომპლიმენტი. დავარქვათ ამას წამიერი სისუსტე, შინაგანი ბუნების გამოვლინება ან სხვა რამ, მაგრამ მეორედ ამგვარი ახალკაცი მაშინ ვნახე, როცა ჟორდანიასთან ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ლექსი წაიკითხა - უბრალოდ, იქ გოჩა თანდარაშვილის უადგილო დემარშმა (არც ვიცი, რა დავარქვა მის მაშინდელ საქციელს) გააფუჭა ყველაფერი. ყველა სხვა შემთხვევაში, როცა ნოდარი მოჩანდა ისეთი, როგორსაც ხალხი იცნობს, იგი ხელისუფლების, გარემოებისა და დიდი მამის აჩრდილის ტყვე იყო - მას უნდა ეკამათა, ეჩვენებინა უხასიათობა, სიმკაცრე, სიჯიუტე და ემტკიცებინა ის, რაც თავად არ სჯეროდა. ბუნებრივია, ახსნა სჭირია იმ ამბავს, თუ რამ გამოიწვია ნოდარ ახალკაცზე ამდენი ლაპარაკი. მიზეზი უბრალოა: რაკი 13 მაისის არჩევნებზეა საუბარი, აქედანვე გამოვრიცხოთ, რომ უმცროს ახალკაცს ფეხბურთის ფედერაციაში დარჩენა სურდა. არა, იგი გაცილებით ბედნიერი იქნებოდა, თუკი არჩევნებამდე გაუშვებდნენ და მუშაობა გააგრძელა მხოლოდ მის უკან მდგომი გავლენიანი კლანის ხათრით და შიშით. ეს ხომ პირველთანრიგოსნის ამოცანაა - მაფიასთან ქორწინება ყველას შეუძლია, მასთან განქორწინება კი არავის. ახალკაცი თავისით ვეღარსად წავიდოდა, იგი წავიდა მხოლოდ მაშინ, როცა ხელისუფლებამ ჩათვალა საჭიროდ. სამწუხაროა, მაგრამ რეალურ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანთა უდიდესი უმრავლესობა ასე იქცევა: სისტემის, ნათელი მომავლის, კონკრეტული პროექტის სახელით ისე გამოიყენებს და მოისვრის ვისაც გნებავთ, თითქოს აქ არაფერი. შესაბამისად, ქართული პოლიტიკის ლომებმა უმცროსი ახალკაციც ლიმონივით გამოწურეს და „დანაშაულში გაიყვანეს“. ნოდარს ჭკუა და სიფრთხილე ეყო, ის მილიონები მარტოს და უნებართვოდ არ დაუხარჯავს და ფეხბურთის ფედერაციის პირველკაცის სავარძელი ციხის ნარით რომ არ შეუცვალეს, სწორედ ამას უნდა უმადლოდეს. ვინც იმ არჩევნებს დაესწრო, კარგად ემახსოვრება, ნოდარ ახალკაცი ნერვიულობას უცნაურად გამოხატავდა - „თბილისი-მერიოტის“ საპრესკონფერენციო დარბაზის კუთხეში იდგა და ლამის მთელი საათის განმავლობაში კედელს ზურგით ეხლებოდა. მეორე უცნაურობა იყო ის, რომ დარბაზიდან ფოიეში უწყვეტ ჯაჭვად გადი-გამოდიოდნენ ნაციონალური მოძრაობის სახეები და მათი ნათესავ-მეგობრები: ძმები გაბაშვილები, დავით ნამგალაური, ვალერი გიორგობიანი, კახა გეწაძე, გიორგი ნაცვლიშვილი, გიორგი არევაძე... და მაინც, ყველაზე საინტერესო სანახავი კობა სუბელიანი იყო, რომელმაც თანაპარტიელებისაგან განსხვავებით, ერთხელაც არ შემოიხედა დარბაზში, სამაგიეროდ ყრილობის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში ფოიეში იდგა და კოვბოური ფილმის გმირის სიმარჯვით, ჯიბიდან მონაცვლეობით „აძრობდა“ მობილურ ტელეფონებს. (მერე, როცა გასარკვევი გაირკვა და არჩევნების მიმდინარეობით გიგი უგულავას დაინტერესების შესახებ გაცხადდა, სუბელიანის სატელეფონო გადაძახილებსაც მოეძებნა ახსნა - იგი ხომ თბილისის მერის ძმა და პირის ზიარება იყო და არის). გამომდინარე აქედან, მართებული იქნება, ვივარაუდოთ, სუბელიანი იქ, იმ ადგილას სწორედ ბატონ უგულავას წარმოადგენდა. კიდევ ერთი უცნაურობა - მას შემდეგ, რაც ჩვეულებრივ მონოტონურმა ახალკაცმა ბოლო წამამდე გამოიყენა რეგლამენტი და დარბაზთან ერთად, ევროპელი ემისარიც, წარმოშობით მალტელი ბატონი მიფსუდი მიაძინა, მამუკა კვარაცხელია და გიორგი ნემსაძე, შესაბამისად, ათ და ხუთ წუთში ჩაეტივნენ. ღმერთმანი, გასაკვირი იყო და მეტადრე კვარაცხელიასაგან - მამუკას ხომ მთელი ტომეულები გააჩნდა, სადაც ახალკაცის ფორმაციის საგმირო საქმეები მისხალ-მისხალ ჩამოეწიკწიკებინა და სავარაუდოდ, ათი კი არა, საპრეზიდენტო კანდიდატისთვის რეგლამენტით განსაზღვრული 45 წუთი არ უნდა ჰყოფნოდა. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი ათ წუთს დასჯერდა. რაც შეეხება ნემსაძისეულ 5-წუთიან გამოსვლას, აქ ეჭვის საფუძველი არც არსებობდა - გიორგის არასოდეს ახასიათებდა ციცერონული მიდრეკილებები. თურმე ჭურში ზიხარ და თავზე ორშიმო გახურავს - რა რეგლამენტი, რის საარჩევნო პროგრამა... ვერსია, რომელსაც აქ გაგაცნობთ, ვიწრო წრეში გახმიანდა და პირადად მე, მას შემდეგ გავიგე, რაც ნაარჩევნებს, მინი-ფეხბურთის ტურნირზე სამონაწილეოდ კუს ტბაზე ავედით „ოლიმპელები“ (არჩევნებში გამარჯვებული გიორგი ნემსაძის პრესკონფერენცია მომავალი გენმდივნის, ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, დღის სამის ნახევარზე გაიმართებოდა და ერთი შეხვედრის თამაშს თავისუფლად მოვასწრებდით). კუს ტბაზე ნემსაძის გადადგომის შესახებ პირველმა კახა მგელაძემ თქვა - სახლიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ გიორგი ტელევიზიით გამოვიდა და გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ეს არა მარტო სენსაცია, შოკი იყო - ვიღას ეფეხბურთებოდა, ხალხი პირდაღებული დააბოტებდა და უსიტყვოდ შესცქეროდა ერთმანეთს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელი ჟურნალისტი ვის უჭერდა მხარს (აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად გახლდათ) - პოზიცია და სუბიექტურობა აზროვნებიდან გაკვირვებამ და მოულოდნელობამ გადადენა. და ახლა ვერსიაც: არჩევნებამდე, ახალკაცის გუნდის წარუმატებლობითა და პროექტ „ტოპმიოლერის“ ჩავარდნით გაწბილებულმა მიხეილ სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის ორ ფრთას (რომელთაც ბევრ სხვა რამესთან ერთად, საფეხბურთო შეხედულებებიც აშორიშორებდა) მოუწოდა, რომ საფეხბურთო სამყარო თვითდინებაზე მიეშვათ და არ ჩარეულიყვნენ. ბოკერია-ლომაია-გაბაშვილები-უგულავა-მერაბიშვილის ჯგუფი თავდაპირველად დაემორჩილა პრეზიდენტის განკარგულებას. ამ ადამიანებმა იფიქრეს, რომ მათ პროტეჟეს და მითუმეტეს, პროექტს შესაბამისი ოპონენტი ან კონტრგეგმა არ გამოუჩნდებოდა. სულ სხვა აზრზე გახლდნენ გიორგი არველაძე, დავით ნამგალაური, კოტე კემულარია, დავით კირკიტაძე, კახა გეწაძე და ვალერი გიორგობიანი. ვინ-ვინ და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რითი სუნთქავს საფეხბურთო სამყარო, რამდენად არასტაბილური, უპრინციპო და მშიშარაა იგი. გარდა ამისა, კირკიტაძე და არველაძე უშუალოდ საფეხბურთო წრიდან გამოსული ადამიანები არიან (გაბაშვილზე ან ბოკერიაზე უკეთ ნამდვილად აგორებენ ბურთს), კოტე კემულარია რუსთავულ და ზუგდიდურ კლუბებთან, ამავე დროს „გაგრასთან“ მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ჩინოსანი გახლდათ, ვალერი გიორგობიანი კი ერთმანეთს უნაცვლებდა სკანდალურ ინტერვიუებს სპორტულ გაზეთებში და ამით ეწეოდა საწილო ჭაპანს... სხვათა შორის, ამავე ჯგუფთან ტრიალებდა შალვა რამიშვილთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ როგორღაც გაუჩინარებული კობა ბექაურიც, მაგრამ გასაგები მიზეზის გამო, არ აქტიურობდა - სადაც გამოჩნდებოდა, მხოლოდ ვიწრო წრეში და ხმადაბლა საუბრობდა. მოკლედ, მეორე ჯგუფმა გადაწყვიტა, „გაეტარებინა“ იმპულსური პრეზიდენტის ზეპირი განკარგულება და თავისას ეცადა. ყველაზე წარმატებული კოტე კემულარია აღმოჩნდა, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად ოთხი ხმა „გააჩალიჩა“ და ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც არჩევნების ბედი. პირველმა ჯგუფმა, მართალია გვიან, მაგრამ მაინც „გაიღვიძა“ და მიხვდა, მეტოქეს გვარიანად და შედეგიანად ემუშავა. როგორც მაშინ თქვეს, მათმა ორმა-სამმა მომხრემ პანიკა კი ატეხა, მაგრამ „ბოსები“ იმდენად იყვნენ დარწმუნებული საკუთარ გავლენაში, ბოლო წუთამდე არ გაინძრნენ და როცა დაფაცურდნენ, გვიანი იყო - ნოდარ ახალკაცი უკვე ტელეკამერების თვალწინ ულოცავდა გია ნემსაძეს. ფედერაციის ჩინოსანთაგან მხოლოდ გოგი ქავთარაძემ გამოხატა უკმაყოფილება და თქვა, რომ ფეხბურთში ბნელი ძალა მოვიდა. რაც შეეხება სახელისუფლებო ჩინოსნებს... კობა სუბელიანმა კიდევ ერთხელ დააძრო რომელიღაც მობილური და ძალიან მშვიდად ამცნო მავანს - წავაგეთ! სამაგიეროდ, დუღდა და გადადუღდა გოკა გაბაშვილი: მან ერთი ხმამაღლა შეიგინა, ყველას მოგეთხოვებათო, სიტყვა დააგდო და კიბეზე ისე ჩასრიალდა, ჭრიჭინა (მარინე ფერაძე) შურით გასკდებოდა. გამარჯვებული მხრიდან, მხოლოდ დავით ნამგალაურმა გამოხატა მოზომილი სიხარული და ვიღაცას გადაურეკა - აი, ძმაო, ასე უნდა დაივალო და შეასრულოო... აქ ყრილობის დარბაზი არაფერ შუაშია. ეს ყოველივე გარეთ, ფოიეში ხდებოდა და ფოიეში კი ჟურნალისტთაგან ჩემს გარდა მხოლოდ ლევან სალუქვაძე იყო. პირველმა სწორედ მან მოიძია გოკა გაბაშვილი და მეც კიბისკენ მივუთითე, მაგრამ რაკი ბატონი გიორგი დაბლა კოსმოსური სიჩქარით დაეშვა, იმ დროისათვის, სავარაუდოდ, პრეზიდენტის მისაღებში იქნებოდა. იმ პრეზიდენტისა, რომელსაც დაახლოებით ისე აინტერესებდა იმდღევანდელი არჩევნები, როგორც მონაკოს პრინც ალბერტს და ღრმა ძილით ეძინა (როგორც ითქვა, წინა დღით ბობოყვათში ნაქეიფარს). ძაღლის თავიც აქ ყოფილა დამარხული - ახალკაცის მეტისმეტი მონოტონურობაც და დანარჩენი ორი კანდიდატის სიჩქარეც სააკაშვილის ძილთან იყო კავშირში. ნოდარი წელავდა იმიტომ, რომ პრეზიდენტის გაღვიძების შემდეგ, მისი მხარდამჭერი ჯგუფი პირველკაცს ყველაფერს მოახსენებდა, მისი განკარგულების მიყურისძირების შესახებაც გადაუკრავდა „ერთი-ორ სმეშნოი რამეს“ და დანარჩენი პირველკლასელის ამოცანა იყო - მიშა იმდენ პენალს დაარტყამდა, იმდენ წითელს ააფრიალებდა, შვილზე გაცილებით ადრე მოხვდებოდა გინესის წიგნში... მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდა მეორე მხარეც, მაგრამ მათ დიდი იმედი ჰქონდათ, რომ „პირველი“ ყრილობის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და „ერთ გინებას როგორმე გავუძლებთო“ - ასე დახატა ბიზნეს-გეგმა კირკიტაძემ. უბრალოდ, მათ ერთი რამე ვერ გაითვალისწინეს, საფეხბურთოსი რა გითხრათ, მაგრამ ათას პოლიტიკურ მოედანზე გადამხტარი მოწინააღმდეგეები პრეზიდენტს სურათს დაუხატავდნენ არა - ახალკაცი ვს ნემსაძე კონტექსტში, არამედ სულ სხვაგვარად - აგერ, თქვენი დავალება და განკარგულება გააბიაბრუესო... ასეც მოხდა და თავისუფლების ინსტიტუტის კედლებში გამოზრდილმა ბიჭებმა ათიანში ისროლეს: სააკაშვილმა ტელეფონთან გიორგი ნემსაძე იხმო და დანარჩენი უკვე თვითმხილველი ჟურნალისტისგან ვიცი - „ნემსას ხმა არ ამოუღია, ეგ არის, ჯერ გათეთრდა, მერე განაცისფრდა, ბოლოს გალურჯდაო“ - ბუნებრივიცააა, ელდას და მოულოდნელობას სხვა რა სიკეთე უნდა დაეყარა. პრეზიდენტის ისტერიკის მოკლე შინაარსი კი ასეთი იყო: „შენ რას ბედავ... შენი გულისთვის საკადრო კრიზისი მეწყება, ახლავე გადადექიო“... გია ნემსაძეც გადადგა - მას შემდეგ, რაც ტექსტი გაუმზადეს და ფონად „ლოკომოტივის“ სტადიონი შეურჩიეს. ... - ეს დღე თუ ასე დამიღამდებოდა, ნამდვილად არ მეგონა - ვაჟა ნემსაძემ ეს ფრაზა რესტორან „მონოპოლის“ წინ მითხრა, სადაც ჯერ კიდევ სრულ გაურკვევლობაში მყოფი გია ნემსაძის მხარდამჭერები ხელისუფლების წარმომადგენლების მოსვლას ელოდებოდნენ. სხვათა შორის, იქ მყოფთა შორის, ბევრი იყო ისეთი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა წაგებული საქმის სასიკეთოდ შემოტრიალების იმედი, მაგრამ უფროსი ნემსაძე მათ ოპტიმიზმს ნამდვილად არ იზიარებდა. ინფორმაცია, რომელიც ნემსაძის მომხრეთა მხოლოდ ვიწრო წრემ შეიტყო, შოკისმომგვრელი იყო. გამარჯვებული კანდიდატისგან შესაძლო ექსცესისა და გაჯიუტების თავიდან ასაცილებლად, მოწინააღმდეგე ჯგუფის გავლენიანმა წარმომადგენლებმა ნემსაძეს ანახვეს მისი უახლოესი ადამიანებისა და პარტნიორებისაგან შედგენილი ორმოცკაციანი სია და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე „დაპირდნენ“, რომ ბრძოლის გაგრძელების შემთხვევაში, მათ ციხე ემუქრებოდათ. ბრძოლა, როგორც ასეთი, ფიფასა და უეფაში გაპროტესტებაში გამოიხატებოდა და წესით, ახალი პრეზიდენტი ასეც უნდა მოქცეულიყო, მაგრამ... ვისაც ახსოვს, რამდენი ხნით გაუჩინარდა იმ დღეებში გიორგი ნემსაძე, ადვილად მიხვდება, რა დღეები გადაიტანა მან (ამბობდნენ, რომ ერთ-ერთ კაზინოში იჯდა და განუწყვეტლივ სვამდა - გემბლინგი პლუს ალკოჰოლი და პლუს განმარტოება - ამას ათოსის სინდრომი ჰქვია). საღამოს, როცა „მონოპოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ჟურნალისტებისა და სეირის მოყვარულთა უმრავლესობა გაიკრიფა, პირველი კახა გეწაძე, მეორე კოტე კემულარია გამოჩნდნენ და მათი ნირწამხდარი სახეებიდან აშკარად ჩანდა, რომ ჯგუფმა ბრძოლა წააგო. მერე და მერე სხვებიც მოვიდნენ, თუმცა სამასკაციანი სუფრის მეხუთედიც არ შეივსო და ჩაშლილი ბანკეტი კი მხოლოდ ერთხელ, დავით კირკიტაძის მიკროფონში ნათქვამის მერე გამოცოცხლდა: „გია ნემსაძის ოფლს არავის შევარჩენო“ - ლაკონური, მაგრამ კატეგორიული იყო ბატონი მომავალი გუბერნატორი. ის მუქარანარევი სადღეგრძელო ნაციონალური მოძრაობის მორიგი წარმომადგენლის მორიგი მუცლით ნაზღაპრები აღმოჩნდა: შურისძიებასა და სამართლიანობის აღდგენას ვინ დაეძებს, დღემდე შეფასებაც კი არავის მიუცია იმ სიბინძურისათვის, რაც მაშინ ქართულ ფეხბურთს დამართეს. ის კი არა, სიტუაციის სრული კონტროლისა და ყოველგვარი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად, აღმასკომი, უკაცრავად პასუხია და, მაქსიმალურად დააკომპლექტეს ეგრეთ წოდებული „ცირკის დათვებით“, რომელთაც ნებისმიერ „ინოვაციაზე“ თათის (ანუ ხელის) აწევის გარდა, სხვა არც არაფერი ევალებოდათ, არც არაფერი ეკითხებოდათ. ...მას მერე საკმაო დრო გავიდა და ახლა ამ გადასახედიდან, როცა პროექტი „ახალკაცი, ტოპმიოლერი და კომპანია“ საბოლოოდ ჩავარდა, როცა მავანი ლონდონური ფირმის მიერ ნახლაფორთები და „ბრენდ ნეიმზე“ დაფუძნებული ბიზნეს-გეგმა ყველამ მიივიწყა, სინდისი საათის გუგულივით გამოხტება ხოლმე და ერთსიტყვიან კითხვას სვამს: ღირდა? ავტორი: კოტე გოგიშვილი
This post has been edited by Doktor Niemand on 17 Nov 2011, 15:20
--------------------
Немцы и Инопланетяне, Немцы и Тибет, Немцы и динозавры, Немцы и машина времени....Надо создать министерство по изучению немцев....ибо НЕМЦЫ это что то темное и таинственное....
-гендальф, а мордор ето направо или налево? -налево
|