თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოქალაქე ზაზა ხუხუას სამსახურიდან გათავისუფლების გამო წუხილი გამოთქვა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ხუხუა ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მლესავად მუშაობდა და ის სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვეს, რაც ხუხუებთან ოჯახში სტუმრად გიგი უგულავა მივიდა.
„თბილისის მერი პროექტ „დაგეგმე ბიუჯეტი მერიასთან ერთად“ ფარგლებში, 11 ნოემბერს სტუმრად იმყოფებოდა ხუხუების ოჯახში. პროექტის მიხედვით, თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ყოველდღიურად შეხვედრებს მართავდნენ მოსახლეობასთან, რათა მათთან ერთად სწორედ განესაზღვრათ 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სახის შეხვედრა შედგა თბილისის მერსა და ზაზა ხუხუას ოჯახს შორის, რაც ტელევიზიით გაშუქდა. შეხვედრიდან რამოდენიმე დღეში ზაზა ხუხუა გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. ეს ფაქტი ჩვენთვის მხოლოდ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი. თბილისის მერი წუხილს გამოთქვამს, რომ ზაზა ხუხუას სამსახურიდან გათავისუფლება ამ ოჯახში მის ვიზიტს მოჰყვა. გიგი უგულავა ესაუბრა დაზარალებულს, გაამხნევა, მხარდაჭერა და მორალური თანადგომა აღუთქვა მას. მიგვაჩნია, რომ ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების ამგვარი ფორმა სცილდება ადამიანურ სტანდარტებს, რაც ძალიან დასანანია. ჩვენი აზრით, სამსახურში აყვანა და გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდეს. ჩვენთვის ნებისმიერი სამუშაო ადგილი ძვირფასია და დაუშვებლად მიგვაჩნია რომ ადამიანს, რომელსაც ოჯახი და შვილები ჰყავს ამგვარად მოექცნენ. იმედი გვაქვს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განხორციელდება, ხოლო ზაზა ხუხუას მხარდაჭერასა და თანადგომას ვუცხადებთ“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
„მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანაო“, უგულავაზე და „რუსთავი 2“-ზეა ნათქვამი. რაღა ხუხუების ოჯახს ეწვია უგულავა? და „რუსთავი 2“-იც რომ დაინტერესდა რა ბედი ეწია თბილისის მერის სტუმრობის შემდეგ ხუხუების ოჯახს? ამას იქით ფანტაზია აღარ გყოფნით?

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ირწმუნება, რომ ზაზა ხუხუა დღემდე „ქართუ ჯგუფში“ შემავალ ასოციაცია „ატუს“ თანამშრომელია: „იგი მონაწილეობდა ოპერის თეატრის მშენებლობის პროცესში. ზაზა ხუხუა დაქირავებულ მუშად „ატუში“ 2011 წლის 5 მაისიდან ირიცხება. ოქტომბერში მას თვიური ანაზღაურება და ნოემბრის თვეში ავანსის სახით 140 ლარი აქვს აღებული. ზაზა ხუხუა სამსახურში თითქმის ერთი თვეა აღარ გამოჩენილა, თუმცა ოფიციალურად კონტრაქტი „ქართუ ჯგუფს“ მასთან არ შეუწყვეტია და ის დღემდე „ატუს“ თანამშრომლად ითვლება“.
სინამდვილეში, ნაციონალებთან შეხვედრის გამო არა, მაგრამ ივანიშვილის მიმართ დადებითი აზრის გამოთქმის გამოც კი უკვე არაერთ ადამიანს შეექმნა პრობლემა. აი, მაგალითად: ახმეტის საკრებულოს რიგითი წევრი ზაქარია ქინქლაძე, რომელსაც კომერციული საქმიანობისთვის ქალაქის ცენტრში ფართი ჰქონდა ნაქირავები, ოფისიდან გამოაგდეს მას შემდეგ, რაც ინტერნეტში ივანიშვილის ახმეტელი მხარდამჭერების განცხადება გაავრცელა; მეორე დღესვე მოისროლეს სამსახურიდან მისი შვილი ლევან ქინქლაძეც, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში სპეციალისტად მუშაობდა. თანაც, განცხადება თავისივე ხელით დააწერინეს, სამსახური აღარ მინდაო. ამითაც არ დაკმაყოფილდნენ და ფართის მეპატრონეს, სადაც ზაქარია ქინქლაძეს საკანცელარიო მაღაზია ჰქონდა გახსნილი, სასამართლოში სარჩელი შეატანინეს. ფართის მეპატრონე პოლიციის თანამშრომელი გიორგი ქისიშვილია. ის ზაქარია ქინქლაძისგან 1500 დოლარს ითხოვს, იჯარის გადასახადი არ გადაუხდიაო. არც ამას დასჯერდნენ და ზაქარია ქინქლაძეს საქმეს უკერავენ, გადასახადების გადაუხდელობის მიზეზით რომ დაიჭირონ. უნდათ სანიმუშოდ დასაჯონ, რათა სხვამ ვეღარავინ გაბედოს აზრის თავისუფლად გამოთქმა.
ასევე, დაიჭირეს კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი. დაკავების დროს მისი მანქანიდან იარაღი ამოიღეს; თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის ირაკლის ღარიბაშვილის სიმამრია. სამსახურიდან, პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვეს ირაკლი ღარიბაშვილის მამაც, ტარიელ ღარიბაშვილი. ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტად მუშაობდა. ამას მოჰყვა ხანძარი, რომლის შედეგადაც სოფელ ლენინოვკაში მდებარე თამაზ თამაზაშვილის სახლი დაიწვა. ეს ხანძარიც საეჭვო ვითარებაში გაჩნდა.
ეს ფაქტები ადამიანური სტანდარტების რომელ ფორმებში ჯდება?