http://opinion.ge/?p=8868შეიარაღებული სამეგრელო – „თითო სოფელში 50-60-კაციანი დაჯგუფებაა“
March 21, 2012,
Uncategorized
კომენტარი
-A +A
ადგილობრივი ჟურნალისტები სამეგრელოში სამხედრო ფორმირებების შესახებ
„სამეგრელოს ძალიან ახლო წარსულიდან ახსოვს, რისთვის იქმნებოდა ფორმირებები და თუკი ეს დაჯგუფებები ოფიციალურია, რატომ იმალებიან?“ – „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს „მაესტროსა“ და „PRESAGETV“ -ს ზუგდიდის რეგიონული ჟურნალისტი ნანა ფაჟავა.
ჟურნალისტი ყვება, რომ მან გუშინ ზუგდიდის ცენტრში ის სახლები დაიარა, სადაც ე.წ. რეზერვისტები არიან განლაგებულნი და აქვს კადრები, სადაც ჩანს ყაზარმებად გადაკეთებული კერძო სახლები და იქ მცხოვრები სამხედროფორმიანი პირები.
„მთელი გულით შემეცოდა ეს ხალხი, ვინც დღეს სახლებში ვნახე. ეს ადამიანები ძალოვანი სტრუქტურების მარწუხებიდან არიან გამოსახსნელები. ეს ადამიანები ამ ფორმირებებში ნებაყოფლობით არ გაწევრიანებულან. მე ძალიან ბევრი საქმე ვიცი. ამ ადამიანებზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული ახლო წარსულში, ეს საქმეები შეჩერებულია და სწორედ ამ საქმეებით ხდება ამ ადამიანებზე ზეწოლა“ – აცხადებს ფაჟავა.
ფაჟავას თქმით, დეკემბერში დაიწყო რეზერვისტთა მობილიზაცია. მობილიზაციის და მათი სამხედრო ბაზებზე გაყვანის პროცესი გასაიდუმლოებული იყო, რეზერვისტთა ჯგუფში ბევრი ისეთი სახეც შენიშნა, რომლებიც ადრე სხვადასხვა ფორმირებების წევრები იყვნენ.
ჟურნალისტი „რეზონანსს“ უამბობს იმ სახლების შესახებ, სადაც სამხედრო პირები არიან განლაგებული.
„ჯერ რუსთაველის ქუჩაზე გადავიღე კადრები. შემდეგ მივედი ერთ-ერთ სახლთან… ახლოს რომ მივედი, კამერით მინდოდა გადამეღო, მაგრამ უარი მითხრეს. ვუთხარი, მალის სამოქალაქო დაპირისპირების პროგნოზები კეთდება და იქნებ თქვათ ვინ ხართ და ამით ეჭვებიც გაქარწყლდეს-მეთქი. ერთმა მითხრა, მეორე სამმართველო ვართო, მეორემ, ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა, მაგის დედა…ო, საბოლოოდ ჭიშკარი მომიხურეს, კამერის დამტვრევითაც კი დამემუქრნენ.“
ფაჟავა ინაშვილის ქუჩაზე სამხედრო პირთან შეხვედრას იხსენებს, რომელიც ერთ-ერთ სახლში შევიდა და ჟურნალისტს უთხრა, რომ ეს მისი სახლი იყო და არა შტაბი. „ცოტა ხანში ეს პიროვნება გოგონასთან ერთად გამოვიდა და განმიმარტა, რომ ჩემი შვილია და აქ ვცხოვრობო. მეზობლებმა მითხრეს, რომ ეს იყო ვინმე ქარდავას სახლი, სახლში მეპატრონეები ამჟამად არ ცხოვრობდნენ…“ „გვერდით სახლში სამხედრომაისურიანი ბიჭი გამოვიდა. გარეთ სამხედრო ფეხსაცმელებიც ეწყო, ოთახში შეხედვისას დავინახე, რომ ორსართულიანი რკინის საწოლები, სამხედრო ტომრები და სხვა სამხედრო ნივთებიც ელაგა, როგორც გავიგე, ეს სახლი ვინმე ნუგზარ ზარანდიასი ყოფილა, მაგრამ ამ სახლიდან გამოსულ ბიჭს რომ დაველაპარაკე, კილოზე ეტყობოდა, რომ მეგრელი არ იყო. დედასა და დასთან ერთად ვცხოვრობ და სამხედრო ნივთებიც მე მეკუთვნისო, ამიხსნა. მეზობლებმა კი მითხრეს, რომ ამ შტაბში აჭარის წარმომადგენლები ყოფილან“. ჟურნალისტმა ასეთივე რკინის საწოლები აღმოაჩინა ღურწკაიას ქუჩაზე.
„თუ ეს ადამიანები მართლა ნებაყოფლობითი რეზერვის წევრები არიან, ვერ გავიგე, რა უნდათ დაქირავებულ კერძო სახლებში?! რეზერვისთვის ხალხი 5 დღიან სწავლებას „დაიცავი შენი სახლის“ პროექტის ფარგლებში გადიან, ბრუნდებიან სახლებში და ბაზებზე მყოფ ადამიანებს სახლებში იარაღს და სამხედრო ფორმას არავინ არ ატანს“ – აცხადებს ნანა ფაჟავა.
ჟურნალისტ ილია ჩაჩიბაიას თქმით, ასეთი შეიარაღებული ფორმირებები სოფლებშიც უხვადაა. ჯგუფები 50-60 კაციანია და მასში ძირითადად თავმოყრილნი არიან კრიმინალები.
„ეს წვრთნები ისეთ ადგილებში ხორციელდება, სადაც ადამიანის მისვლა შეუძლებელია, მეორეც, ამ დაჯგუფებებში გაწევრიანებულნი არიან ბანდიტები, კრიმინალები, ციხიდან ახლადგამოსული ხალხი. ეს ადამიანები ციხეში მძიმე დანაშაულის მუხლით ისხდნენ და დიდი ნაწილი ვადაზე ადრეც კი გაათავისუფლეს ამ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად“ – ამბობს ჩაჩიბაია.
გამოცემა წერს, რომ ჩაჩიბაია მოსახლეობას ჯიხასკარსა და განმუხურში შეხვდა და ამბობს, რომ მოსახლეობას ეშინია, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ეს დაჯგუფებები შიდა დაპირისპირებისთვის მზადდება.
ილია ჩაჩიბაიას თქმით, ხალხი დარწმუნებულია, რომ ეს არის ბანდფორმირებები, რომელიც სააკაშვილმა საკუთარი ხელისუფლების დასაცავად შექმნა… ეს დაჯგუფებები ასევე განთავსებულია ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიებზე, აფხაზეთის საზღვართან, ასევე წალენჯიხის სხვადასხვა სოფელშიც, უფრო მაღალმთიან სოფელებში, მაგალითად სოფელ სქურში.
„ხალხი ამბობს, თუკი თბილისში დიდი საპროტესტო მუხტი იქნება, სააკაშვილს სამეგრელოში გააძევებენ და სწორედ ამისთვის აგროვებს ხალხს, რომ სამეგრელოდან შეეცადოს ხელისუფლების დაბრუნებასო – ამბობს ჩაჩიბაია. მისი განმარტებით, რაც ამ „ბანდფორმირებების“ ამბავი გახმაურდა, ახალაია მიხვდა, რომ ამ ფორმირებების პარალელურად, სხვების დასანახავად რეზერვი მართლა უნდა შეექმნა და ამიტომაც ნებაყოფლობითი რეზერვის მხირე ჯგუფები მართლაც გაკეთდა, სადაც, როგორც კანონი მოითხოვს, ყველაფერი ისე ხდება.
ჩაჩიბაია აცხადებს, რომ ამ პროცესს სათავეში ბაჩო, დათა და როლანდ ახალაიები უდგანან, ასევე სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ადამიანის წამებით. ჟურნალისტის თქმით, ამაზე საუბარი პირველად „დაიცავი საქართველოს“ წევრმა კახა მიქავამ დაიწყო საუბარი, მაგრამ არცერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ აუბა მხარი, შემდეგ ნანა ფაჟავა და თავად დაინტერესედნენ ამ თემით და დაიწყეს ამბის გაშუქება, მაგრამ არც მაშინ მოხდა დაინტერესება.
„კარგია, რომ დღეს ამაზე ალასანია ალაპარაკდა, მაგრამ ვთვლი, რომ უკვე დაგვიანებულია, ყველას იარაღი აქვს დარიგებული და დავალება მიცემული. მათ უკვე ეს სწავლებაც გაიარეს, ამ ხალხს ეს დარიგებული სახლებში აქვთ და როცა დასჭირდებათ, ნებისმიერი ჩინოვნიკის დაძახების შემთხვევაში ამ ხელისუფლების დასაცავად გამოვლენ“ – მიიჩნევს ჩაჩიბაია.
მოამზადა თაია მახარაშვილმა გაზეთ “რეზონანსის” მიხედვით
რაიო????
ჩოხა And when I leave, you will finally understand, why storms are named after people.