ქალის გამო მოკლა შუბლაძემ კრიხელი ?
უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობის გახმაურებული პროცესი გრძელდება
2000 წლის 20 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ გიორგი შუბლაძეს განაჩენი გამოუტანა - მას თავისუფლება 18 წლით აღეკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით. შუბლაძეს ბრალი ბოროტ ხულიგნობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა-ტარებაში, განზრახ მკვლელობაში და განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებაში ედება.
გუშინ გიორგი შუბლაძის საქმე უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ განიხილა. საქმეზე სამი საკასაციო საჩივარი იყო შემოსული. მსჯავრდადებულის ადვოკატის - დავით კორკოტაშვილის, დაზარალებულ ლიანა კრიხელის და სახელმწიფო ბრალმდებლის - ემზარ ღარიბაშვილის მიერ.
1999 წლის 13 მარტს გუდაურში ბარში "შინო-4" მომხდარმა ჩხუბმა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლამ გიორგი შავგულიძის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ეპიზოდში გიორგი შუბლაძეს ბრალი ბოროტ ხულიგნობაში მიუძღვის.
იმავე წლის დეკემბერში შუბლაძემ მეორე დანაშაული ჩაიდინა. 13 დეკემბერს უნივერსიტეტის სასადილოში გიორგი კრიხელი და შუბლაძის შეყვარებული თამარ გოგიაშვილი შელაპარაკდნენ. 22 დეკემბერს შუბლაძემ კრიხელს უნივერსიტეტში "საქმის გასარჩევად" მიაკითხა.
გიორგი შუბლაძემ გულ-მკერდის არეში ერთი გასროლით მოკლა გიორგი კრიხელი. გარდაცვლილის სხეულში გავლილი ტყვია მის მეგობარ ზვიად მელიაშვილს მოხვდა მარჯვენა მხარის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. გიორგი შუბლაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და მხოლოდ ორი კვირის შემდეგ აღიარებით გამოცხადდა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
გუშინდელ პროცესზე მსჯავრდადებულის დამცველი დავით კორკოტაშვილი მიიჩნევდა, გიორგი შუბლაძის მიმართ განაჩენი უსაფუძვლო და მეტად მკაცრია, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა შუბლაძის ასაკი, დახასიათება, მისი პოლიციაში აღიარებით გამოცხადება. ადვოკატმა ქმედების გადაკვალიფიცირება მოითხოვა.
გიორგი კრიხელის დედის - ლიანა კრიხელის ინტერესების დამცველი დავით აფციაური კი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სრულად შეისწავლა საქმის მასალები და მის მიერ გამოტანილი განაჩენი ობიექტურია.
რაც შეეხება თამარ გოგიაშვილს, წინასწარ გამოძიებაში გამოტანილი დადგენილება თამარ გოგიაშვილის მიმართ საქმის არაღძვრის შესახებ, ადვოკატს უკანონოდ მიაჩნია, ვინაიდან აღნიშნული დადგენილება მხოლოდ შუბლაძისა და გოგიაშვილის ჩვენებებზეა აგებული. ადვოკატის თქმით, წინასწარმა და სასამართლო გამოძიებამ არასწორი შეფასება მისცა თამარ გოგიაშვილის ქმედებას. საქმის მასალებიდან ნათლად ჩანს, რომ გოგიაშვილი ეძებდა შუბლაძეს და აქეზებდა მას. დამცველმა თამარ გოგიაშვილის მიმათ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვა.
დაზარალებული ლიანა კრიხელი, გიორგი კრიხელის დედა ეთანხმება ადვოკატს: "ვიცი, რომ საკასაციოა, პალატას სასჯელის დამძიმება არ შეუძლია. მართალია, ჩემს შვილს ეს არ უშველის, მაგრამ უვადო პატიმრობაზე უარს არ ვიტყოდი. ჩემდა სამწუხაროდ, მეც განაჩენის ძალაში დატოვებას, გოგიაშვილის საქმის ცალკე გამოყოფას და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ვითხოვ, - აღნიშნა მან.
დაზარალებულ მარინა შაქარაშვილს, გიორგი შავგულიძის დედას მიაჩნია, რომ სასამართლომ სამართლიანად დააბრუნა გუდაურის ეპიზოდის საქმე წინასწარ გამოძიებაში. "გიორგი შუბლაძეს ვერც ხულიგნობას და ვერც მკვლელობას დავაბრალებ. მინდა გაირკვეს, ვინ ჩაიდინა ჩემი შვილის მკვლელობა და ნამდვილი დამნაშავეები დაისაჯონ", - ითხოვს მარინა შაქარაშვილი.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ემზარ ღარიბაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება, გუდაურის ეპიზოდის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, ნაჩქარევად მიიჩნია. მისი თქმით, საქმე წინასწარ გამოძიებაში კი არა, ხელახალი სასამართლო განხილვისთვის უნდა დაბრუნდეს.
რაც შეეხება ქმედების გადაკვალიფიცირებას, მისი თქმით, გიორგი შუბლაძის ქმედებაში აფექტი არ ყოფილა. ბრალმდებელმა მიიჩნია, რომ სასამართლომ სწორი განაჩენი გამოიტანა და განაჩენის ძალაში დატოვება მოითხოვა.
საბოლოო გადაწყვეტილებას პალატა სამშაბათს მიიღებს.
http://www.opentext.org.ge/index.php?m=39&y=2001&art=1547თამარ გოგიაშვილი საიდღანაც მეცნობა ისაა თუ არა არ ვიცი