უცხოური მედია რუსეთ-ამერიკის გადატვირთვის პოლიტიკაში ბზარის გაჩენაზე წერს
09:53 24-11-2011
გადატვირთვას ბზარი გაუჩნდა? - შეერთებული შტატები რუსეთთან ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების შესრულებას წყვეტს, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა Foreign Policy აქვეყნებს . როგორც სტატიის ავტორი ჯოშ როგინი წერს, აშშ ხელშეკრულების შესრულებას იმის საპასუხად წყვეტს, რომ 2007 წლიდან შეთანხმების პირობები რუსეთის მხრიდანაც იგნორირებულია.
"რუსეთსა და აშშ-ს შორის CFE -სთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარშან, მაისში მარცხით დასრულდა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ვიქტორია ნულანდის თქმით, შეერთებული შტატები შეთანხმების პირობების დაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართ განაგრძობს, გარდა რუსეთისა", - ნათქვამია სტატიაში.
ვიქტორია ნულანდი იმასაც აცხადებს, რომ აშშ მზად არის, რუსეთთან მიმართებაში შეთანხმებით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებების შესრულება კვლავ განაახლოს, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მის შესრულებას თავად მოსკოვი დაიწყებს.
შეთანხმება, რომელსაც ცივი ომის მიწურულს, 1990 წელს მოეწერა ხელი, მიზნად ისახავდა ევროპაში ნატო-სა და რუსეთის მიერ განთავსებული ჩვეულებრივი შეიარაღების საკვანძო კატეგორიებთან დაკავშირებით შეზღუდების შემოღებას, თუმცა რუსეთმა CFE-ის პირობების დაცვა 2007 წელს შეწყვიტა და განაცხადა, რომ აშშ-მა და ნატო-მ შეთანხმებაში დაფიქსირებული შეზღუდვები დაარღვიეს, ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები კი ცდილობდნენ, დოკუმენტი რუსეთის არმიის საქართველოსა და მოლდოვაში ყოფნასთან დაეკავშირებინათ. სტატიის ქართულ თარგმანს "ფორინპრესი" ავრცელებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსეთთან მიმართებაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარკვეული ვალდებულებების შესრულებას წყვეტს, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელ ვიქტორია ნულანდს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რა ვალდებულებების შესრულებას წყვეტს აშშ რუსეთთან მიმართებაში.
ნულანდის განცხადებას გუშინვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და აღნიშნა, რომ მოსკოვი, აუცილებლობის შემთხვევაში, ქვეყნის დასავლეთსა და სამხრეთში თანამედროვე შეიარაღების დარტყმით სისტემებს განალაგებს.
მისი თქმით, სისტემები ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საცეცხლე განადგურებას უზრუნველყოფს. "ამ მიმართულებით ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება კალინინგრადის ოლქში სარაკეტო კომპლექს "ისკანდერის" განთავსება. მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება: ჩემი დავალებით, თავდაცვის სამინისტრო დაუყოვნებლივ შეიყვანს კალინინგრადში სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების რადიოლოკაციური სისტემის სადგურის საბრძოლო შემადგენლობას", - აღნიშნა მედვედევმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის სისტემის შექმნის ფარგლებში, პირველ რიგში, გაძლიერდება სტრატეგიული ბირთვული ობიექტების დაცვა. მედვედევმა, ასევე, დაავალა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, შეიმუშაონ ზომები, რომლებიც, აუცილებლობის შემთხვევაში, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საინფორმაციო და სამართავ საშუალებებს გაანადგურებს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...naze-tsers.html