კახა ლომაია: “მეორე ომის საფრთხე არსებობს, მაგრამ არა იმ ხარისხით, როგორითაც აგვისტოში არსებობდა”
სიახლე — თავფურცელი
12:00 22.12.2008[ნინო ლურსმანაშვილი, ”ვერსია”]
ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კახა ლომაია მალე ნიუ-იორკში გაემგზავრება და დიპლომატიურ საქმიანობას შეუდგება. გაერო-ში საქართველოს მომავალი მუდმივი წარმომადგენელი “ვერსიასთან” საუბრისას აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოში ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, ამ სფეროში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა და მისი გათავისუფლება საქმიანობაში აღმოჩენილ რაიმე ხარვეზებს არ უკავშირდება. კახა ლომაიასთან ინტერვიუ იმ პერიოდის შეფასებით დავიწყეთ, როცა იგი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
- უშიშროების საბჭოში შარშან, ნოემბერში მივედი. მას შემდეგ, ქვეყანაშიUორი არჩევნები ჩატარდა და საკმაოდ ბევრი პოლიტიკური სირთულე იყო. ამას მოჰყვა რუსული სამხედრო აგრესია.
ყველა ამ სირთულესა და შემდეგ აგრესიაზე, საქართველოს მთავრობის საპასუხო ნაბიჯების მოფიქრების, დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, უშიშროების საბჭო საკმაოდ აქტიურობდა და პრეზიდენტის დავალებით, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას შორის, მაკოორდინებელ როლს ასრულებდა. მთლიანობაში, მან ნამდვილად შეასრულა ის ფუნქცია, რაც კანონმდებლობით ევალებოდა.
მთავარია, რამდენად კარგად შეასრულა. თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლება ხომ არ მიუთითებს, რომ თქვენი მუშაობით ხელისუფლება არც ისე კმაყოფილი იყო?- არა, ეს მხოლოდ მიუთითებს ჩემს პირად სურვილზე, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ გამიჩნდა, პრეზიდენტს გავაცანი და ისიც სრული გაგებით შეხვდა.
ჩავთვალე, რომ ერთწლიანი მუშაობის პროცესში, პრაქტიკულად, მივაღწიე მაქსიმუმს, რისი გაკეთებაც ამ პოსტზე შემეძლო. ეს არ ნიშნავს, რომ მუშაობით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ - გარკვეული ხარვეზები ნებისმიერი ადამიანის საქმიანობას ახლავს და ხარვეზებისგან თავისუფალი, ალბათ, არც უშიშროების საბჭოს მუშაობა იყო.
თანამდებობიდან თქვენი გათავისუფლებისთანავე შევიტყვეთ, კახა ლომაიას ყველაზე მეტად დიპლომატიური საქმიანობის დაწყება სურსო. გაერო-ში დანიშვნაც თქვენი სურვილით მოხდა?
- ეს პრეზიდენტის შემოთავაზება იყო და მე ეს შეთავაზება მივიღე, როგორც დიდი პატივი და დიდი ნდობის გამოხატვა.
დიპლომატიური საქმიანობა, ალბათ, არ გაგიჭირდებათ. ზვიად გამსახურდიას დროს, რუსეთის საელჩოში მუშაობისას, საკმაო გამოცდილებას მიიღებდით.
- რუსეთში, საქართველოს საელჩოში მართლაც ვმუშაობდი - საქართველოს პირველი ელჩი ვიყავი რუსეთში. რაც შეეხება გამოცდილებას, უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მაქვს მცირე დიპლომატიური გამოცდილება. მოგვიანებით, დაახლოებით 10 წელი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი. ასე რომ, საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება საკმაოდ ხანგრძლივი მაქვს.
საინტერესოა, ამ გამოცდილებას გაერო-ში როგორ გამოიყენებთ?
- მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ში ჩვენი მისიის ქმედუნარიანობის მიმართ საზოგადოებაში გარკვეული კითხვები არსებობს, გაერო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიპლომატიური ცენტრი და ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნაა. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა, ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი კარგი - ყველა კონტაქტი, ყველა კავშირი, რაც დაგროვდა საქართველოს მისიაში. ეს კონტაქტები უნდა შევინარჩუნოთ, განვამტკიცოთ და გავზარდოთ. რაც შეეხება კონკრეტულ ინსტრუქციებს, თქვენ იცით, რომ დიპლომატიური სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რეგულარულად შემუშავებული ინსტრუქციებით მუშაობს. ეს არ გახლავთ თვითშემოქმედების სფერო. გაერო-ში მისიის კიდევ უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება, გაეროს წევრ-ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაღვივება. ხოლო ისეთებთან, ვისთანაც ამგვარი ურთიერთობები ჯერ არ გვაქვს, მნიშვნელოვანი იქნება დიპლომატიური ურთიერთობის დაწყება.
გაერო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია რუსეთიც. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ამ ქვეყანასთან რამდენად მოსალოდნელია დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა?- რუსეთთან მოლაპარაკება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარეობს. ჩვენ ასევე, შეიძლება, გვქონდეს კონტაქტები რუსეთის წარმომადგენლებთან. როგორც ვიცი, არაფორმალური კონტაქტები არსებობდა და უნდა იარსებოს, რათა ერთმანეთთან ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა გვქონდეს. თუმცა ამ ურთიერთობების ერთადერთი ოფიციალური ფორმატი დღეს, ჟენევის მოლაპარაკებებია.
ფორმალური თუ არაფორმალური ურთიერთობების მიუხედავად, რუსეთში არ მალავენ “მეორე ომისთვის” მზადებას. აგრესიის ახალ ტალღას რუსეთისგან მართლაც უნდა ველოდოთ?
- როცა ჩვენს ორ რეგიონში აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო შენაერთებია განთავსებული, ეს თავისთავად არის საფრთხის შემცველი. ამ კონკრეტული ეტაპისთვის, საფრთხე არ არის ისეთი მაღალი, როგორიც აგვისტოში იყო, მაგრამ ფაქტია - საფრთხე არსებობს. ამიტომაც ახდენს საქართველოს მთავრობა მუდმივად ჩვენი პარტნიორების, კოლეგების ინფორმირებას. ამ საფრთხის, მისი კონკრეტული პარამეტრების, რუსეთის შეიარაღებული ძალების საოკუპაციო ნაწილების რიცხოვნობის, მათი განთავსების შესახებ ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციები სისტემატურად მიეწოდება. ბევრი რამ, მათ საკუთარი თვალით ნახეს. ამის მაგალითი იყო რამდენიმე დღის წინ პერევში მომხდარი ინციდენტი - რუსული აგრესიის ამ გამოვლინებას ხომ მთელი ჩვენი ევროპელი ელჩების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები უყურებდნენ. დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაწვრილებით და სრულ ინფორმაციას ფლობენ ევროპის დედაქალაქებში, აშშ-ში. თუმცა, ვიმეორებ,
საფრთხის დონე არ არის ისეთი მაღალი, როგორიც აგვისტოში იყო.ალბათ, ეს დონე კიდევ უფრო დაიწევს მას შემდეგ, რაც საქართველო ამერიკასთან ორმხრივ ხელშეკრულებას გააფორმებს...
- ამერიკასა თუ ევროკავშირთან დადებული ორმხრივი ხელშეკრულება, ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან და დასავლეთზე ორიენტირებული ღირებულებებიდან გამომდინარე. თუმცა მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ნუ ვიმსჯელებთ, რამდენად სწრაფად გაფორმდება მსგავსი ხელშეკრულება. ერთი რამ ეჭვგარეშეა - საქართველოს არჩევანი დემოკრატიული სამყაროს სასარგებლოდ, ეს არის სტრატეგიული არჩევანი. ეს ერის არჩევანია და მას ვერავინ შეცვლის. ამასთანავე, ეს არჩევანი არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთთან კონფრონტაცია ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის. სამართლის ელემენტარული ნორმების შესრულების პირობებში, რაც საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას გულისხმობს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, შეიძლება, ჰქონდეს ძალიან კარგი პერსპექტივა.
დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, ეს წარმოუდგენელია?
- რამდენადაც მძიმე უნდა იყოს დღეს ურთიერთობები, ჩვენ გვჯერა, რომ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, საქართველო-რუსეთს შორის, სულ მცირე, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებაზე. ყოველმხრივ მოვუწოდებთ რუსეთს, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესრულების პირობებში, საქართველოს სახით რუსეთს ეყოლება საიმედო კეთილგანწყობილი მეზობელი, რომელსაც კარგად ესმის და მზად არის, გაითვალისწინოს რუსეთის ეკონომიკური, პოლიტიკური, ფინანსური ინტერესები. თუმცა, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოებრიობის ხარჯზე.
“ქრისტიან-დემოკრატების” ინიციატივით, უშიშროების საბჭო უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს და, გარკვეულწილად, ანალიტიკურ ცენტრად გადაკეთდეს. ამ იდეას როგორ შეაფასებთ?
- სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით დაწერილი რაიმე პროგრამა არ მინახავს. ეროვნული საბჭოს ფუნქციები კანონითაა განსაზღვრული. თუ არის იდეები მისი ფუნქციების შეცვლასთან დაკავშირებით, ამას დიდი დაფიქრება სჭირდება. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური არჩევანის თემა, რომელიც შემდეგ, შესაბამის საკანონმდებლო აქტში უნდა გაფორმდეს. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით, ნებისმიერი ცვლილება უნდა განვიხილოთ ფართო კონტექსტში - თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, დაზვერვის სხვადასხვა სამსახურების ფუნქციების, შსს-ს ფუნქციების გადახედვით. სამწუხაროდ, არ მქონია შესაძლებლობა, გავცნობოდი რაიმე დოკუმენტს, ან პროგრამას. ამ ინიციატივის შესახებ მხოლოდ განცხადებით შევიტყვე. ბუნებრივია, ინიციატივის სიღრმისეულად გაცნობა ძალიან საინტერესო იქნება.
საინტერესოა ისიც, რომ თქვენ გაერო-ში ირაკლი ალასანიას შეცვლა მოგიწევთ. კულუარული ინფორმაციით, მასთან მოლაპარაკებებს, სხვა პოლიტიკური ძალების პარალელურად, “ნაციონალებიც” აწარმოებენ. არ არის გამორიცხული, ალასანია სამომავლოდ, რამდენიმე ნაწილად დაშლილი “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ფრთის ლიდერი იყოს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ლომაია-ალასანია ერთმანეთს ადგილებს უცვლიან. რა თქმა უნდა, თანამდებობებს არ ვგულისხმობ.
- მართლაც, ორიგინალური მოსაზრებაა. ამ საქმეში კომენტატორად ნამდვილად ვერ გამოვდგები. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქის პოლიტიკური გეგმები. დაინტერესებულ ადამიანებს, ალბათ, მიეცემათ შესაძლებლობა, ამის შესახებ თავად ირაკლი ალასანიასგან შეიტყონ, თუ ეს ადამიანი ამაზე საუბარს საჭიროდ ჩათვლის. მე რაც შემეხება - უახლოეს დღეებში, ალასანიას საქართველოში ჩამოსვლისთანავე, მასთან შეხვედრას ვგეგმავ. ასეთი პროცედურაა - ყველა ყოფილი ელჩი მომავალ ელჩს ხვდება და საქმეს გადაიბარებს. შევხვდებით და ვიცი, რომ მასთან პროფესიული საუბარი მექნება - არსებულ მდგომარეობაზე, მისიის სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელებთ და ნიუ-იორკში ამის შემდეგ გავემგზავრები.
აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნის შესახებ რას იტყვით? ალბათ, იქ უშიშროების საბჭოს კრიტიკა იქნება?
- ამ კომისიის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ვფიქრობ, მასში კრიტიკული ასპექტებიც იქნება საქართველოს მთავრობის მიმართ და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ესეც ჯანსაღი და ჯანმრთელი პროცესია. ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართ გამოთქმულ ყველა შენიშვნას ყურადღებით გავეცნობი და კონკრეტული რეკომენდაციები თუ იქნება, დარწმუნებული ვარ, უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი ყურადღებით შეისწავლის და აუცილებლად გაითვალისწინებს სამომავლოდ.
* * *
კახა ლომაია - მამუკა ყურაშვილის განცხადება ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე არასანქცირებული იყო
ქართული სამშვიდობოების სარდალის, მამუკა ყურაშვილის განცხადება ცხინვალში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე არასანქცირებული იყო.
ამის შესახებ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ განაცხადა, რომელზეც დეპუტატები ყურაშვილის ცნობილი განცხადებით დაინტერესდნენ.
ლომაიას თქმით, ყურაშვილს არც მსგავსი განცხადები უფლებამოსილება არ ჰქონია და შინაარსითაც განცხადება არასწორი იყო.
უშიშროების საბჭოს მდივანმა დასძინა, რომ მამუკა ყურაშვილმა ამ ცნობილი განცხადების გამო თავდაცვის სამინისტროსგან ზეპირი გაფრთხილებაც მიიღო.