ქართული ენის საზღვარი სამტრედიაში მთავრდება /აუდიო/
როგორც "პრესა გე ტვ" "პირველზე" დაყრდნობით იუწყება, "მსოფლიოს ენათა რეესტრის" ავტორის, ცნობილი რუსი ენათმეცნიერის იური კორიაკოვის აზრით, "ქართული ენის საზღვარი სამტრედიაში მთავრდება".
ამის შესახებ რადიო "ამერიკის ხმის" ქართული სამსახურის
ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში ვკითხულობთ, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის პირველ სართაშორისო კონფერენციას ეძღვნება.
ცენტრის ხელმძღვანელის ტარიელ ფუტკარაძის თქმით, "საქართველო მრავალწახნაგოვანი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების გზაჯვარადინზეა და დაინტერესებული მხარეები ისწრაფვიან, საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს თეორიული საფუძველი შეუქმნან და ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ისტორია და აწმყო შესაბამისად წარმოაჩინონ".
"ბოლო წლებში მსოფლიოს ენათა რეესტრი შეიქმნა, რომლის ავტორი ცნობილი რუსი ენათმეცნიერი იური კორიაკოვი. მან შესაბამის რუკაზე ქართული ენობრივი სამყარო არასწორად ასახა და აცხადებს, რომ ზემო სვანეთი თურმე, სხვა ეთნიკური ჯგუფია, ქვემო სვანეთი - სხვა, მეგრელი - სხვა, ქართლელი - სხვა, აჭარელიც - სხვა. მან ქართული ენის საზღვარი სამტრედიაში გაავლო, თითქოს ქართული ენა სამეგრელოში, სვანეთში და ა.შ. არ არსებობს. ეს შეგნებული მცდელობაა და როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, "საქართველო პატარა იმპერიაა". მათ სურთ, ამ იდეოლოგიის მეცნიერული დასაბუთება მოხდეს. ჩვენ კი გვსურს, რომ აკადემიურად ეს არასწორი კვალიფიკაციები გავაანალიზოთ და მსოფლიოს სწორი, ობიექტური ინფიორმაცია მივაწოდოთ", - აცხადებს ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.
ქართული ენის მიმართ აღნიშნულ მიდგომებთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიოარქი ილია მეორე აცხადებს, რომ "საქართველოსთვის გარეშე ძალების მიერ თავსმოხვეული შიდა კონფლიქტები, რომელსაც არასწორად ეთნოკონფლიქტებსაც უწოდებენ, 200 წლის მანძილზე მტრული ძალების მიერ წარმოებული ინფორმაციული ომის შედეგია".
"მავანნი დღესაც ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა შეუქმნან, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის მხარე ისტორიულად არაქართული ტერიტორიებია. მსოფლიოში ვრცელდება რუკები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას ჩვენ-ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. აქედან სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია. ეს არ უნდა დავუშვათ", - აცხადებს უწმინდესი.
ქართული ენის მიმართ აღნიშნულ მიდგომებთან დაკავშირებით საუბრობს კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძეც.
"თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თურქეთში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს ეკლესია-მონასტრები დაუბრუნოს. სამწუხაროდ, ამ ნუსხაში მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ მოხვდა. ამის გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თურქეთის ხელისუფლებას წერილობით მიმართა, რათა ეს კანონი, რომელიც ყველა რელიგიურ უმცირესობას შეეხო, გარდა ჩვენი ეკლესიისა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზეც გავრცელებულიყო. ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი ერთი თვის წინ მსოფლიოს პატრიარქის მიწვევით თურქეთში ბრძანდებოდა და იქ ყოფნის პერიოდში თურქეთის ხელისუფლებას ჩვენი ეკლესიის მიერ დაყენებულ საკითხზე პასუხის გაცემა უკვე სიტყვიერად, ხელმეორედ სთხოვა. სამწუხაროდ, დღემდე ეს საკითხი ღიად რჩება და დღემდე მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი და ეკლესია-მონასტრების საკუთრების საკითხია თურქეთის სახელმწიფოში გაურკვეველი", - აცხადებს ანდრიაძე.
მისივე თქმით, ქართულმა უნივერსიტეტმა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უცხოეთში მცხოვრები ისტორიული ქართული დიასპორისთვის (ლაზები, გურჯები, ჰერები და ფერეიდნელები) თემაზე კონკურსი "ესსე საქართველოზე" გამოაცხადა. კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი ნაშრომები ქართულ უნივერსიტეტში მომავალი წლის 21 მაისამდე უნდა ჩააბარონ. გამარჯვებულთა დაჯილდოება 26 მაისს გაიმართება. ნაწარმოები იმ ქვეყნის ენაზე უნდა დაიწეროს, რომლის მოქალაქეები ისინი არიან და ასევე ქართულზე. კონკურსში გამარჯვებულთათვის საპატრიარქომ პრემიები დააწესა.
იყოს ეს თემის გაგრძელება
ვისაც სურს ორიგინალში რადიო ინტერვის მოსმენა
http://www.informmedianews.org/index.php?o...48-27&Itemid=60