http://liberali.ge/stumroba-oligarktan-0სტუმრობა ოლიგარქთან
თომ დე ვაალი
თბილისში, ჩემი სასტუმროს ფოიეში ვდგავარ. „თომას?" - შორიდან მეკითხება ახალგაზრდა წვერგაუპარსავი ქართველი და მიახლოვდება. მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. „ბიძინა", - მეუბნება ის ერთადერთ სიტყვას.
ასე დაიწყო ჩემი წინასწარ დანიშნული შეხვედრა ადამიანთან, რომლის შესახებაც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ საქართველოში.
"ლენდ კრუიზერში" ჩავსხედით, თბილისის ერთი ამაღლებული გორაკისკენ დავიძარით და პატარა, კერძო ხეივანი გავიარეთ. ელექტრონული ჭიშკარი ფრთხილად გაიღო და ჩვენ შუშისა და მეტალის კონსტრუქციის პირისპირ აღმოვჩნდით. ეს ფუტურისტული სასახლე, რომელსაც გარშემო თანამედროვე სკულპტურების პატარა ტყე აკრავს, იაპონელი არქიტექტორის, შინ ტაკამაცუს ნამუშევარია.
ის თავად შემოგვეგება. ივანიშვილი საკმაოდ დაბალია, ქონდრისკაცს წააგავს, უზადოდ აცვია და იღიმის. მილიარდერთან ინტერვიუ მანამდე არასოდეს მქონია, თუმცა მას ძალიან უშუალო მანერები აქვს. კედლებზე დაკიდებული ნახატების თვალიერებით ვიწყებთ: ეგონ შილე, კლოდ მონე, ლუსიენ ფროიდი. აღიარებს, რომ მაღალი დონის ასლებია, ორიგინალები ლონდონში ინახება. იგი საკმაოდ თავისუფლად, უბრალოდ საუბრობს, თუმცა იმასაც ვამჩნევ, რომ ამ სიმშვიდის უკან თავდაჯერებულობა და თვითკონტროლი იმალება.
ინტერვიუს ჩასაწერად ვსხდებით. ის - ლუსიენ ფროიდის პორტრეტის ქვეშ, მე - მის პირდაპირ. ვუსვამ კითხვას, რომელიც გასული თვის მანძილზე მისთვის ასჯერ მაინც დაუსვამთ: „რატომ წახვედით ქართულ პოლიტიკაში?"
გაზვიადებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ივანიშვილმა ქართული პოლიტიკა ერთ თვეში თავდაყირა დააყენა. ქვეყანამ მშფოთვარე 10 წელი გამოიარა. ჯერ 2003 წლის მშვიდობიანი "ვარდების რევოლუცია" იყო, რომელმაც ედუარდ შევარდნაძის გადაღლილ, მოძველებულ რეჟიმს დაუსვა წერტილი. შემდეგ, ქვეყნის სათავეში მოვიდა 36 წლის მიხეილ სააკაშვილი - ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი, რომელიც სერიოზულ რეფორმებს ჩაუდგა სათავეში. მერყევი სააკაშვილი არაღიარებული რეგიონების გამო რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაება, რაც 2008 წლის აგვისტოში სრულმასშტაბიანი კონფლიქტით დასრულდა.
ომში დამარცხების შემდეგ სააკაშვილის პოპულარობა დაეცა, თუმცა მან მაინც მოახერხა ხელისუფლების შენარჩუნება. მან და მისმა პარტიამ თანდათანობით პოზიციები აღიდგინეს. აღმასრულებელ, საპარლამენტო, ადგილობრივ ხელისუფლებებზე და მედიაზე ვირტუალური მონოპოლიის წყალობით ისინი 2012-13 წლების მოახლოებული არჩევნებისთვის კვლავ სხვებზე უპირატეს პოზიციაში აღმოჩდნენ.
ამ დროს გამოჩნდა მილიარდერი. რუსეთში ქონების დაგროვების შემდეგ, ივანიშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. მის ქონებას Fორბეს-ი 5,5 მილიარდ დოლარად აფასებს. ივანიშვილი წლების მანძილზე აქტიური ქველმოქმედებით იყო დაკავებული - არემონტებდა და აშენებდა სკოლებს, თეატრებს, ეკლესიებს, აფინანსებდა ხელოვნების წარმომადგენლებს. თუმცა, საჯაროდ არასოდეს გამოჩენილა. ის იმდენად გასაიდუმლოებულად ცხოვრობდა, რომ „გრაფი მონტე კრისტოც" კი შეარქვეს. თუმცა, ამ ისტორიაში ერთ ექსცენტრულ გადახვევას აქვს ადგილი: მისი ვაჟი, ბერა ლოს-ანჯელესში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოს ყველაზე ცნობილ რეპერად იქცა. რაღაც პერიოდში თავისი პოპულარობით საკუთარი მამაც კი დაჩრდილა.
2011 წლის 7 ოქტომბერს კი ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა და სააკაშვილს შეცვლიდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ ჩამოვედი, ქვეყანაში საუბრების ორი მესამედი კვლავაც ივანიშვილს ეთმობა.
ბოლო ერთი წლის მანძილზე 10-12 ადამიანი, რომელთაც თბილისში ვესაუბრები ხოლმე (ძველი მეგობრები, ჟურნალისტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, თბილისში მცხოვრები უცხოელები) დაახლოებით ამას მიმეორებდნენ: „სახელისუფლებო პარტიამ ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა ისინი იმდენად არიან ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფოკუსირებული, რომ ხალხთან კავშირი დაკარგეს. მათ პიარ მესიჯები რეალობაში ეშლებათ. ძალიან ბევრ ადამიანს ყელში ამოუვიდა ეს სიტუაცია, თბილისში, ძირითადად, დემოკრატიული პროცესების შენელება აშფოთებთ, რეგიონებში კი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი უმუშევრობაა. თუმცა, ოპოზიცია იმდენად მარგინალიზებულია, რომ სანდო ალტერნატივა არ ჩანს."
ამჯერად, ჩემი მეგობრები სტატუს კვოს შეცვლის პერსპექტივით მოხიბლულნი მომეჩვენნენ. თუმცა, თავად ივანიშვილისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა:
„მან თამაშის ახალი წესები შემოიტანა და ეს კარგია საქართველოსთვის".
„მისი მანერები არ მომწონს. ის მაშინებს".
„ხალხი უკვე ცინიკურად იყო განწყობილი მომავლის მიმართ. ახლა მათ იმედი გაუჩნდათ."
„ამ ეტაპზე ეს ერთი კაცის შოუა. ვნახოთ, მოახერხებს თუ არა გუნდის და პროგრამის ჩამოყალიბებას".
იმ რიგითი მოქალაქეების განწყობა, რომელთაც ვესაუბრე, შემაშფოთებლად ამაღლებულია. ჩემმა ძალზე არამეცნიერულმა გამოკითხვამ, რომელიც ტაქსის მძღოლებში და აპოლიტიკურად განწყობილ ნაცნობებში ჩავატარე, აჩვენა, რომ ათიდან ათი ადამიანი ბიზნესმენს უჭერს მხარს. განსაკუთრებით ხშირად ისმოდა შემდეგი ფრაზა: „მან ძალიან ბევრი გააკეთა საქართველოსთვის".
ივანიშვილის გამოჩენაზე ხელისუფლებას მტრული და თავდაცვითი რეაქცია ჰქონდა. საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების გამო, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, რითაც მისი პოლიტიკაში მონაწილეობა უნდა აღეკვეთათ. ქართული პასპორტი კიდევ უფრო არადამაჯერებელი არგუმენტით მის მეუღლესაც ჩამოართვეს. თუმცა, მოქალაქეობა დაუტოვეს ივანიშვილის შვილებს, რომლებიც ჯერ 21 წლისაც არ არიან და კანონის თანახმად პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.
ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა ივანიშვილმა მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით პირადად სააკაშვილს უნდა მიმართოს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მას არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მხარდაჭერა აქვს. კვირის ქადაგებისას ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ეს პატრიოტი კაცი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ღირსია.
ივანიშვილის "ქართუ ბანკის" საქმიანობის აგრესიული გამოძიება, რომელსაც კლიენტების დაფრთხობის აშკარა მიზანი ჰქონდა, ასევე უკურეაქციით დასრულდა. მაგნატისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, ბანკში ანგარიშის გახსნას რიგში მდგომი ათასობით ადამიანი ცდილობდა.
წარუმატებლად დასრულდა პრო-სახელისუფლებო მედიის მიერ ივანიშვილის პრესკონფერენციის ჩაშლის მცდელობაც. მისი განცხადებების განხილვისა და მიწასთან გასწორების ნაცვლად, პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები სანახაობის მთავარ გმირებად იქცნენ: ყვიროდნენ, მიკროფონისთვის იბრძოდნენ, ტელეფონებზე რედაქტორებისგან და პროდიუსერებისგან ინსტრუქციებს იღებდნენ და უტაქტო კითხვებს სვამდნენ. მომდევნო დღეს თბილისში ივანიშვილს კი არა, ჟურნალისტების საქციელს აკრიტიკებდნენ.
ამ ყველაფრის გამო თბილისში თვემ დრამატულად ჩაიარა. ქართულ საჯარო სივრცეში რაღაცის ნაკლებობა იყო და ის ივანიშვილმა შეავსო. თუმცა, როგორც აკადემიკოსმა გიორგი გოგსაძემ მითხრა: „საკითხი ივანიშვილის ფენომენს უფრო ეხება, ვიდრე მის პიროვნებას".
თუმცა, ადრე თუ გვიან მნიშვნელოვანი გახდება, თუ როგორი პიროვნებაა ის. კვლავ ივანიშვილთან ჩემს 90-წუთიან საუბარს ვუბრუნდები.
ერთი თვის წინ ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საინტერესო, თუმცა ჩამოუყალიბებელი იყო. ხმამაღლა ფიქრს უფრო წააგავდა, ვიდრე პოლიტიკურ პროგრამას. თუმცა, კაცი, რომელსაც მე შევხვდი, გაცილებით ჩამოყალიბებული და პოლიტიკურად საზრიანი მომეჩვენა. ერთ თვეში მან, როგორც პოლიტიკოსმა, დიდი ზრდა განიცადა.
კითხვას - „რატომ" - გრძელ პასუხს სცემს. ის ამჟამინდელ ხელისუფლებას ბევრ რამეში დაეხმარა და 2008 წლამდე სააკაშვილსაც ბევრჯერ შეხვედრია. ის აფინანსებდა ჯარს და სკოლებს, თუმცა ხელისუფლებას იმის გამო გამოეყო, რომ მისი აზრით, სააკაშვილმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა. ამის შემდეგ ივანიშვილმა ქართული ოპოზიციის „შესწავლა" დაიწყო. როდესაც დარწმუნდა, რომ ოპოზიციას ცვლილებების ძალა არ შესწევდა, სიტუაციაში ჩართვა თავად გადაწყვიტა. „რა თქმა უნდა, ოპოზიციას რომ მოეხერხებინა და ხელისუფლებაში ჩემი დახმარების გარეშე მოსულიყო, არ მოვიდოდი პოლიტიკაში. ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა უჩემოდ არ შეუძლია, მე მათ ამაში დავეხმარები".
მან ქართულ საზოგადოებას დაღლა შეატყო: „ეს რეფორმები ხალხისთვის შოკისმომგვრელია. თითოეული რეფორმა, თითოეული ნაბიჯი მოსახლეობას შოკში აგდებს". მისი თქმით, ხელისუფლებამ „ფასადური ეკონომიკა, ყველაფერი ფასადური, პოტიომკინის სოფელი" შექმნა. მისი მტკიცებით, ბიზნესი დღეს ნაკლებად თავისუფალია, ვიდრე შევარდნაძის პერიოდში იყო და ამას ხელისუფლებამ შემოსავლებზე, მედიაზე და სასამართლო სისტემაზე მკაცრი კონტროლით მიაღწია.
ვეუბნები, რომ ქართველები რადიკალური ცვლილებებისგან გადაიღალნენ და გარანტია სჭირდებათ, რომ თუ რეჟიმი შეიცვლება, ყველაფრის შენება ისევ ნულიდან არ დაიწყება. ის მეთანხმება და ამბობს, რომ მართლაც ბევრ ადამიანს, რომელიც თავის საქმეში პროფესიონალია, სურს სამსახური შეინარჩუნოს, უკეთესი კარიერა გაიკეთოს. ივანიშვილი სამ რეფორმას ახსენებს, რომლებიც მხოლოდ ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი: პოლიცია, ჯარის რეფორმირება და განათლების სისტემაში კორუფციის მოსპობა.
ის, რაც ადამიანებს ყველაზე მეტად აშფოთებთ, ივანიშვილის ზედმეტად თავდაჯერებული ტონია. მილიარდერი ხშირად იმეორებს: „ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში!"
ვეუბნები, რომ საქართველოს კიდევ ერთი მესია არ სჭირდება. ქვეყნის სამივე პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი, რიგ-რიგობით სარგებლობდნენ საქართველოს მხსნელის სტატუსით, რაც არასდროს მართლდებოდა ხოლმე და ხალხი იმედგაცრუებული რჩებოდა.
ივანიშვილი ამ კითხვას ელოდება. „ჩემს მხარდამჭერებს სულ ამას ვთხოვ, რომ ჩემგან კერპი არ შექმნან!" - ამბობს სიცილით. შემდეგ კი საკუთარი სიტყვების გასამყარებლად დასძენს, რომ მოკავშირედ ორი დამოუკიდებელი და გამოცდილი ოპოზიციური პარტია შეარჩია. მათ შორის, ერთ-ერთი ირაკლი ალასანიას, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის პარტიაა.
ყველაფრის მიუხედავად, მისი გეგმა ძალიან რადიკალურია და მასში მთავარი მოქმედი გმირი თავადაა. წარმატების მიღწევას იგი საქართველოს ახალი ხელისუფლების ფორმირებითა და სისტემის შეცვლით გეგმავს. შემდეგ კი, პოლიტიკიდან წავა. „გარანტიას გაძლევთ, რომ ძალაუფლებას სწრაფად დავთმობ. ორი წლის შემდეგ, ან ოდნავ მოგვიანებით კიდევ შევხვდებით და დარწმუნდებით, რომ ძალაუფლებას არ ვებღაუჭები".
შემდეგ რუსეთზე კითხვის ჯერიც დგება. ეს ის საკითხია, რომელმაც 2008 წლის შემდეგ საქართველოს პოლარიზაცია მოახერხა. ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებაზე საუბრობს, დგება იმ საფრთხის წინაშე, რომ პროსახელისუფლებო მედია არაპატრიოტის იარლიყს მოარგებს. ეს დანაღმული ველია და ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ აქედან უსაფრთხოდ გამოვიდეს.
„საქართველო აგვისტოს ომის დროს ძალიან დაზარალდა. ვინც უნდა იყოს პასუხისმგებელი ომის წამოწყებაზე, საქართველოს მიმართ აგრესიით რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა. მეორე მხრივ, კარგად მესმის, რომ სიტუაციის დრამატიზება არ არის საჭირო. ჩვენ ისინი არ უნდა ვწყევლოთ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებს. ამ სტაგნაციიდან თავის დასაღწევად ჩემს გუნდს და მე რუსეთის ხელისუფლებასთან საუბრის დაწყება მოგვიწევს", - ამბობს ის.
და რა მოელის მის ბიზნესს რუსეთში, რომელიც მისი მთლიანი კაპიტალის მესამედს შეადგენს? მაგნატი ამბობს, რომ უკვე დაიწყო რუსეთში თავისი ბიზნესის გაყიდვის პროცესი. ამ ბიზნესის მთლიანი ღირებულება, ივანიშვილის თქმით, 1,25-დან ორ მილიარდამდე მერყეობს. იგი იმედოვნებს, რომ 1,5 მილიარდს მაინც მიიღებს (ამას მშვიდად ვუსმენ, ისე, რომ ვერც ვაცნობიერებ, რას ნიშნავს რეალურად ეს რიცხვები). „ეს პროცესი დაწყებულია და უკვე არსებობს ინტერესი. ჩემს ბიზნესებს იმისთვის ვყიდი, რომ შემდგომში ეს კითხვა აღარ გაჩნდეს და თავისუფალ ადამიანად ვიქცე".
საუბრის შემდეგ შენობა და ხელოვნების გალერეა დამათვალიერებინა. ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოთახში სრული სიცარიელეა, მხოლოდ სტეინვეის პიანინო დგას ცენტრში („პიანინოზე მთელი ოჯახი უკრავს," - ამბობს ის). შუშის უზარმაზარი ფანჯრიდან თანამედროვე სკულპტურებით სავსე ტერასა ჩანს, შემდეგ ხედი სააკაშვილის ახალ საპრეზიდენტო შენობაზე, ბოლოს კი სამების ტაძარზე იშლება, რომლის მშენებლობაც ივანიშვილმა დააფინანსა. ამ მომენტში თავში ერთმა აზრმა გამიელვა: ვისურვე, საქართველო ასეთი დამოკიდებული არ ყოფილიყო დიდ პერსონალიებზე: სააკაშვილზე, პატრიარქზე და მილიარდერზე, რომლის გვერდითაც ვიდექი.
ის შთამბეჭდავ და ენიგმურ მიქს გვთავაზობს: ლუსიან ფროიდი და მართლმადიდებელი ეკლესია, ლოს-ანჯელესელი რეპერი და პატრიარქი, ბიზნეს კარიერა რუსეთში და პროდასავლური მოკავშირეები, თავშეკავებული და რკინასავით მტკიცე. ამ ახალ ქართულ ფენომენთან გატარებული 90 წუთის შემდეგ დავასკვენი, რომ ის გულწრფელია და არავისი პროექტი არ არის, საკუთარი თავის გარდა. შევნიშნე ისიც, რომ პრობლემის გადაჭრა - ამ შემთხვევაში მთავრობის შეცვლაც - ფულით წარმოუდგენია. მისი პროგრამა ახლა იწერება. მიუხედავად იმისა, რომ მგონია ქართულ პოლიტიკას შენჯღრევა სჭირდება, გამიჩნდა შიშიც, რომ ქართველები ამ ახალ ფენომემს მხოლოდ მისი ფულის გამო ირჩევენ და კიდევ იმიტომაც, რომ მასში ახალ მხსნელს ხედავენ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, პრობლემა იმდენად არა ივანიშვილი, არამედ თავად ქართველები და მათი მოლოდინია. ეს იქნება დიდი ტესტი პატარა ქვეყნისთვის - გაუძლოს ივანიშვილისთანა მნიშვნელოვანი ფიგურის ქარიზმას, რაც უნდა გულწრფელი მიზნები ამოძრავებდეს მას.
This post has been edited by BEKO on 1 Dec 2011, 15:18
Кто делает, тот не понимает. Кто понимает, тот не делает. Он занимается пониманием.
А. П.