ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ბანკ "ქართუს" მიმართ ხელისუფლების მიერ ამოქმედებულ თაღლითურ სქემაზე საუბრობს.
თაღლითური სქემის დეტალებზე ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ამ სქემის ამოქმედების საფუძვლად, პარლამენტის მიერ 7 ნოემბერს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები დაასახელა.
აქამდე, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისას, პირველ რიგში საბანკო ვალდებულებები იფარებოდა, შემდეგ კი - სახელმწიფოსი. საკანონმდებლო ცვლილებებით, იპოთეკით დატვირთული ქონების რელიზაციისას პირველ რიგში იმ ინსტიტუტის ვალდებულება იქნება გასტუმრებული, რომლის წარმოშობის საფუძველიც უფრო ადრე არსებობდა.
რაც შეეხება კონკრეტულად "ქართუს" წინააღმდეგ ამოქმედებულ სქემას, ცაგარეიშვილის თქმით, "ქართუს" კრედიტორი იყო "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი", რომლის დამფუძნებლები არიან შპს "ბულიტები" და შპს "საჩოგბურთო კლუბი დინამო". თავის მხრივ, როგორც ცაგარეიშვილი ამბობს, საჩოგბურთო დინამოს 98%-ის მფლობელია ლაურა ღაჭავა, ხოლო "ბულიტების" მფლობელია იგივე ღაჭავა 100%-ით.
მისივე თქმით, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ძალაში შესვლისთანავე, "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა" გააფორმა თაღლითური და თვალთმაქცური გარიგება სააქციო საზოგადოება "პირიმზესთან", რომლის აქციების 49,99% ლაურა ღაჭავას ეკუთვნის, ხოლო 45,97% - მის მეუღლეს, ნოდარ კოდუას.
ცაგარეიშვილის განმარტებით, კანონმდებლობით, თაღლითური გარიგება გულისხმობს ქონების გადამალვას მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, რომელიც ჩადენილია მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით. ასეთი ქმედებისთვის სასჯელი არის 6-დან 9 წლამდე.
ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თვალთმაქცური გარიგებისთანავე, ამოქმედდა ახლებური წესი, რომლის მიხედვითაც, იპოთეკისა და გირავნობის მოთხოვნის უპირატესი უფლება აქვს სახელმწიფოს საგადასახადო ორგანოების სახით და პირველი რიგის იპოთეკარი, სწორედ საგადასახადო გახდა.
"ამით "ბანკმა ქართუმ" დაკარგა ის ქონება, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო 70 მილიონ ლარზე მეტი კრედიტი", – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის ცნობით, რაც შეეხება კონკრეტულად ქონებას, რომელიც ღაჭავას კუთვნილი "კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა" ისევ ღაჭავას შპს "პირიმზეს" გადასცა, ამ პროცესის დასრულებისთანავე ყადაღა დაედო და რეალიზება უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს. რეალიზაციისას კი, ახალი საკანონმდებლო რეგულაციით, პირველ რიგში სახელმწიფო დაკმაყოფილდება. ეს ქონებაა: "პირიმზის" შენობა; არაყიშვილის ქუჩაზე არსებული კომერციული ფართი; ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ყოფილი ექიმთა დახოლოვნების ინსტიტუტი; ჭავჭავაძის გამზირის #33-ში არსებული იგივე ინსტიტუტის კორპუსი; მელიქიშვილის #5-ში მდებარე ისტორიის ყოფილი ინსტიტუტი; მელიქიშვილი #10-ში მდებარე პედიატრიის ინსტიტუტის ყოფილი შენობა.
ასევე, ცაგარეიშვილმა დაასახელა სს "ეკრანი", რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის #60-ში, ქავთარაძის გამზირზე არსებული ე.წ ლეჩკომბინატის შენობა, "სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა", რომლებიც ასევე საჯარო აქუციონზე გავა და რომლების ბანკ "ქართუში" იყო იპოთეკით დატვირთული.
ამას გარდა, ცაგარეიშვილის განცხადებით, თაღლითური სქემა ამოქმედდა ბათუმში, შპს "ბათოილთან" მიმართებაშიც, რომელმაც უძრავ - მოძრავი ქონება იგივე წესით გადასცა შპს "ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსს". მათ შორის, 11 მილიონი ლარის ღირებულების მხოლოდ მოძრავი ქონება იყო.
ცაგარეიშვილის განმარტებითვე, შპს "ბათოილის" დამფუძნებელია შპს "ლემისე კომპანი", ხოლო "ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსიის დამფუძნებელი" შპს "ქავქასუს სირიალ კომპანი", რომლის დამფუძნებელი თავის მხრივ, შპს "ლემისე კომპანიაა", რომლის კვალიც პანამის ობშორში იკარგება. ასევე, ორივე კომპანიის დირექტორად ერთი და იგივე პირია დასახელებული – ვინმე სერგი კაკალაშვილი. სერგი კაკალაშვილი სავარაუდოდ, დეპუტატი უნდა იყოს.
ამას გარდა, ცაგარეიშვილის თქმით, იგივე კომპანიები მონაწილეობენ კიდევ რამდენიმე თვალთმაქცური სქემის განხორციელებაში – ქონება გადააფორმეს ერთმანეთზე.
ყველა აღნიშნულ ქონებას საგადასახადო ორგანომ და რიგ შემთხვევაში აღსრულების ბიურომ, ყადაღა 24, 29, 30 ნოემბერს დაადო.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...e-saubrobs.html7-novemberდა ვიღაცეები წუწუნებდნენ მეზობელ თემაში, კოდუას ავიაკომპანიას ახევენო