ექსპერტებისთვის საზღვრებზე მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება მოულოდნელი აღმოჩნდა
20:46 05.12.2011
[პირველი]
ეკონომიკის ექსპერტებისთვის მსო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში საზღვრებზე მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგის განხორციელება მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც "პირWელს" ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადურმა განუცხადა, "ქართულ მხარეს სერიოზული მუშაობა დასჭირდება იმისთვის, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდება, ყველა რისკი იქნას გათვალისწინებული".
"როგორც ჩანს, საზრღვრებზე არანაირი ცოცხალი ადამიანები არ იდგებიან. ამასთან, რუსეთმა კოდორის ხეობაში ახალი გზა გახსნა, სადაც არავინ იდგება და შესაბამისად, ის არ გაკონტროლდება. გარდა ამისა, რუსეთიდან აფხაზეთში ტვირთის შეტანა შესაძლებელია გემით. სოხუმის და ოჩამჩირეს პორტებსა და გაგრაში კი არავინ დგას და არავინ შეამოწმებს. როგორც ჩანს, ჩვენ სერიოზული მუშაობა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ხელშეკრულებაში, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდება, გათვალისწინებულ იქნას ყველა ის რისკი, რომელიც, როგორც ჩანს, იმ პერიოდში, როდესაც რუსეთს თანხმობა განვუცხადეთ, ბოლომდე გათვალისწინებული არ იყო", - აცხადებს ხადური.
"პირWელის" კითხვაზე, ხომ "არ დარჩა ქართული მხარე მოტყუებულ მდგომარეობაში, ექსპერტს პასუხის გაცემა უჭირს".
"არ ვიცი, იქნებ, ხელისუფლებას თავიდანვე უთხრეს ამის შესახებ, ჩვენ კი ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მოტყუებული მაშინ ხარ, როცა რაღაცას დაგპირდებიან და მეორე მხარე პირობას არ შეასრულებს, ანუ გეტყვიან ერთს და აკეთებენ მეორეს. ჩვენ უბრალოდ ფაქტი შეგვრჩა – საზღვრებზე არანაირი ცოცხალი მონიტორინგი არ იქნება", - აღნიშნა ხადურმა.
მის მსგავსად, საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსის განსაჯაროებამდე აღნიშნულ საკითხზე სრულყოფილი კომენტარის გაკეთება უჭირს ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დავით ნარმანიას.
"უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, რასთან გვაქვს საქმე, ანუ დოკუმენტში რეალურად რა პირობები იყო ჩადებული და რას მოიცავდა ის საქართველოსთვის. საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმიუწვდომელია, თუმცა ხელისუფლება პერიოდულად აკეთებდა სხვადასხვა განმარტებებს, რაც ჩვენთვის ინფორმაციის მთავარი წყარო იყო, ამიტომ თუ ხელისუფლება სხვა რამეს ავრცელებდა და დოკუმენტში სხვა ეწერა, არ ვიცით, მაგრამ თუ დოკუმენტში სხვა რამ ეწერა და შემდგომ სხვა რამეზე მოხდა შეთანხმება, ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის. ეს ამ შემთხვევაში შუამავლების პრობლემაც იქნება და დეტალების გარკვევის შემდეგ უფრო სრულყოფილი განცხადებების გაკეთებას შევძლებთ", - განაცხადა "პირWელთან" საუბრისას ნარმანიამ და იქვე დასძინა, რომ "საზღვრებზე მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგი საკმარისი არ იქნება, რადგან ელექტრონულ აპარატს შეუძლია, ფაქტები დააფიქსიროს, მაგრამ რეაგირებისთვის ადამიანური რესურსია მნიშვნელოვანი".
კოლეგებისგან განსხვავებით, საკითხის პოლიტიკურ სარჩულზე ამახვილებს ყურადღებას ექსპერტი შოთა მურღულია, რომლის აზრით, "საზღვრების როგორც ელექტრონული, ისე ფიზიკური პირების მიერ კონტროლი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც თავად ფაქტი – დოკუმენტში საზღვრების თუნდაც გეოგრაფიული კოორდინატებით აღნიშნვა".
"საზღვრებზე მონიტორინგის განხორციელების მოთხოვნის მთავარი აზრი ის იყო, რომ ჩვენ ირიბად მაინც მოგვეთხოვა რუსეთისთვის, რეალური საზღვარი დაეფიქსირებინა. დანარჩენი საკითხები, ანუ ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაცია იქნებოდა თუ არა ხელმისაწვდომი, ეს უკვე მეორადი მნიშვნელობისაა. ანუ პირველი ეფექტი იყო პოლიტიკური და არა ეკონომიკური. უბრალოდ, მსო-ში პოლიტიკური მოტივების დაყენება არ შეიძლებოდა და ამიტომ ეკონომიკურად "გადავთარგმნეთ". მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებაში ქვეყნების გეოგრაფიული კოორდინატები იქნა მითითებული, მაინც გარკვეულ მიღწევად გვეთვლება, რადგან ირიბად მაინც იქნა აღიარებული, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ტერიტორიებია. დანარჩენ საკითხებს კი, ვფიქრობ, დიდი ეფექტი და მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა მურღულიამ.
შეგახსენებთ, რომ მსო-ში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში საზღვრებზე მხოლოდ ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება და ადამიანები არ იქნებიან.
"ეს არ იქნებიან ადამიანები, რომლებიც იქ განთავსებიან, ეს იქნება ელექტრონული მონიტორინგი", - განაცხადა დღეს გამართულ ტრადიციუულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
მისივე ინფორმაციით, შვეიცარიულმა მხარემ საქართველოს გადმოსცა ნუსხა იმ კომპანიებისა, რომლებმაც შეიძლება, მონიტორინგი განახორციელონ, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება ჯერჯერობით არ მომხდარა.
კალანდაძე ასევე უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორემაციას იმის შესახებ, რომ უკვე გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს.
"ეს სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა გამორიცხული არ არის, მონიტორინგი სწორედ დასახელებულმა კომაპანიამ განახორციელოს" – დასძინა მან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ დრომდე საუბარი იყო იმაზე, რომ საზღვრებზე ელექტრონული მონიტორინგის გარდა, მონიტორების ფიზიკური ყოფნაც იყო გათვალისწინებილი.
http://www.presage.tv/?m=news&NID=21540ზარზეიმი:
რამე სხვას ვინმე ელოდა?