"ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" IRI-ის კვლევებში ბევრი სიმპტომატური და გასათვალისწინებელი სიახლე დაინახა
15:21 07-12-2011
"ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" IRI-ის კვლევებში ბევრი სიმპტომატური და გასათვალისწინებელი სიახლე დაინახა.
როგორც "ინტეპრესნიუსთან" საუბრისას ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, კვლევებიდან ჩანს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად სამი სუბიექტი დარჩა, რომელსაც შანსი აქვს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის 5%-იანი ბარიერი გადალახოს – "ნაციონალური მოძრაობა", ბიძინა ივანიშვილი და "ქრისტიან-დემოკრატები".
გიორგი ახვლედიანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა პოლიტიკური სპექტრის პოლარიზებას და მან ეს მართალც მოახდინა. თუმცა, ახვლედიანის შეფასებით, ეს მოხდა ოპოზიციური პარტიებში შესრუტვის ხარჯზე. ამ "შესრუტულ პოლიტიკურ" პარტიებში კი გიორგი ახვლედიანმა ის პარტიები დაასახელა, რომლებიც დღეს ბიძინა ივანიშვილთან არიან გაერთიანებული.
გიორგი ახვლედიანმა მნიშვნელოვანი უწოდა ნდობის რეიტინგსაც და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ოპოზიცურ ლიდერებს შორის ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძეა.
"ეს შედეგი სერიოზულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. რაც შეეხება პარტიულ რეიტინგს, პირველი და მეორე არჩევანის ჯამი 27%-ია, რაც იმის მანიშნებელია, რომ "ქრისტიან-დემოკრატებს" სერიოზული რესურსი აქვთ მხარდაჭერის მოსაპოვებლად",-აღნიშნა ახვლედიანმა.
საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგის შედეგი – "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის პირველი ადგილი გიორგი ახვლედიანს არ გაკვირვებია და ამბობს, რომ სრულიად ნათელია, როგორ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება მთელი საქართველო, აქვე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ თბილისში ეს რეიტინგი ასე არ არის.
გიორგი ახველდიანს მნიშვნელოვან გარემოებად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამოკითხულთა 75% აპირებს მისვლას. მისი თქმით, ეს ციფრი სერიოზულად გაზრდილია წინა კვლევებთან განსხვავებით, რაც ნიშნავს, რომ ხალხი ცვილელების ცივილური გზით მომხრეა და ნაკლებად ფიქრობს კომბალზე, ნაჯახსა და რევოლუციაზე.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები დღეს გახდა ცნობილი.
ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს?, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" 42%; ბიძინა ივანიშვილის პარტია: 18%; "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" - 8%.
"იმედის" ინფორმაციით, გამოკითხვის მიხედვით პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში მიხეილ სააკაშვილი 74%-ით ლიდერობს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას (საქართველოს მასშტაბით), პასუხები ასე გადანაწილდა: 32 პროცენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი; 27 პროცენტი - ბიძინა ივანიშვილი; 10 პროცენტი - გიორგი თარგამაძე, 2 პროცენტი - შალვა ნათელაშვილი და 2 პროცენტი - ირაკლი ალასანია.
კითხვაზე, ვინ არის ყველაზე სანდო ოპოზიციონერი ლიდერი (საქართველოს მასშტაბით), პასუხები ასეთია: გიორგი თარგამაძე - 22 პროცენტი; ბიძინა ივანიშვილი 21 პროცენტი; შალვა ნათელაშვილი 4 პროცენტი; ირაკლი ალასანია - 3 პროცენტი.
არსებული ინფორმაციით, გამოკითხვა 27 ოქტმბრიდან 11 ნოემბრამდე ჩატარდა. გამოიკითხა 4 ათასი რესპონდენტი 18 წელს ზემოთ.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...e-dainakha.htmlwossapy