David Zurabishvili
- “პროპაგანდა უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი, დღისითა და ღამით. ის არ უნდა წყდებოდეს, ვერავინ უნდა მოასწროს იმის გააზრება რას ეუბნებიან. ყველა გზავნილი პრიმიტიული უნდა იყოს, რათა ყველაზე ჩამორჩენილმაც უცებ აითვისოს და რაც უფრო ბევრი მოისმენს, მით უფრო იძულებული იქნება ყველა გაყვეს უმრავლესობას. პროპაგანდა უნდა იყოს მარტივი, ცხადი და ერთფეროვანი. ლოზუნგები უნდა იყოს ყოველი მხრიდან და მეორდებოდეს ყოველი პროპაგანდის ბოლოს. არანაირი ყოყმანი, არავითარი სხვადასხვა ვარიანტები და განსხვავებული აზრი, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, ამას მათ მაგივრად სხვები გააკეთებენ, მათ მხოლოდ ინფორმაციად უნდა მიიღონ თუ რა არის მათთვის კარგი, და დარწმუნდნენ რომ რაც ხდება, არის გარდაუვალი. პროპაგანდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გრძნობებზე და არა გონებაზე, მართვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ემოციებზე...”
- ჯიგარია, - მოიწონა შს მინისტრმა, - იტიმ დაწერა?
- რა იტი, გებელსია შეჩემა, - გაეცინა უშიშროების საბჭოს მდივანს.
- იტის დაწერილს ჰგავს, - იხტიბარი არ გაიტეხა შს მინისტრმა, - ისე, გებელსი ეძახე შენ და ესმოდა კაცს პიარი. ცოცხალი რომ იყოს, სტაპრაცენტი ტელევიზიების ნაჩალნიკად დაინიშნებოდა...
- იტი ვინ არის? - მორიდებით იკითხა ეკონომიკის მინისტრმა.
- ოოოოო, - ერთად აღმოხდათ შს მინისტრს, უშიშროების საბჭოს მდივანს, გენპროკურორს და დედაქალაქის მერს.
- გიგანტ მისლეი, ატეც გრუზინსკოი დემოკრატიი, - მიუგო უშიშროების საბჭოს მდივანმა
- სერი კარდინალ, - ჩაურთო დედაქალაქის მერმა.
- გუშინ დამირეკა და ტვინი წამიღო, ვიღაც ეპისკოპოსის დაჭერას მთხოვს, - თქვა შს მინისტრმა, - ვეუბნები: ბიჟო, შეიძლება ბნელია და ცუდი ტიპი, მაგრამ ასე არ გამოვა. ჰოდა, შეიყო და შეიყო, გინდა თუ არა დაიჭირეთო. არადა, ტელეფონში ხომ ვერ ვეტყოდი, თანამშრომელია და შეეშვი მეთქი.
- რატომ ვერ ეტყოდი, პატრიარქმა დაგიყენა ჟუჩოკი და გეშინია ზეციურ საქართველოში არ ჩაგიშვას? - დაინტერესდა გენპროკურორი.
- ჰო აბა, მეტი საქმე არა მაქვს ტელეფონზე ვიბაზრო. არ ვიცოდე მაინც რა ჩათლახები ხართ... - შენიშნა შს მინისტრმა.
ენდ ჰუ იზ იტი? - კიდევ ერთხელ იკითხა ეკონომიკის მინისტრმა,
- აუ, ამან ხო შე.. - ხელი აიქნია დედაქალაქის მერმა, მაგრამ სანამ ფრაზას დაასრულებდა, კარი ბრახუნით გაიღო, ჯერ ხასხასა მწვანე ქურთუკი შემოფრინდა, შუშის მრგვალ მაგიდას გადაცდა და იატაკზე დაეფინა. ქურთუკს ბეისბოლისტის ქუდი მოჰყვა, სკამზე მთვლემარე ეკონომიკის ექსმინისტრს სახეში მოხვდა და წამსვე გამოაფხიზლა, და ბოლოს ოთახში აჩქარებული ნაბიჯით შემოიჭრა თვით პრეზიდენტი, მწვანე ფერის სპორტული რეიტუზითა და მაისურით.
- ვარჯიში მოვრჩით, ვიწყებთ საქმეს, - თქვა მან და შს მინისტრს გახედა, - შენ რატომ არ დამყვები სავარჯიშოდ? ველასიპეტის ტარება არ იცი? აი მინ ბაისიქლ... ეს რა არის? - მაგიდაზე ფურცელს დასწვდა და თვალო გადაავლო.
- “რაც შეიძლება ბევრი, დღისითა და ღამით.. ვერავინ უნდა მოასწროს... ყველაზე ჩამორჩენილმაც უცებ აითვისოს... უნდა იყოს მარტივი, ცხადი და ერთფეროვანი... მეორდებოდეს ყოველი პროპაგანდის ბოლოს... არანაირი ყოყმანი... “ ვააა. აი, მესმის! ამას გეჩიჩინებით ამდენი ხანი და ვერ გაგაგებინეთ! იტიმ დაწერა?
- არა, მაგრამ შეიძლებოდა მასაც დაეწერა,- ჩაეღიმა გენპროკურორს., ყველას გაეცინა ეკონომიკის მინისტრის გარდა, რომელმაც რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ პრეზიდენტმა უცებ ხმას აუწია.
- მორჩით ახლა მასხარაობას და ავტორი მომიყვანეთ, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს.
- ეგ ცოტა რთული საქმეა, - შეიშმუშნა შს მინისტრი, მაგრამ სანამ განმარტავდა ამ სირთულეს, პრეზიდენტმა ფურცელი გვერდზე გადადო, დარბაზს თვალი მოავლო და გამოაცხადა:
- მოკლედ, ახალ ქალაქს ვაშენებთ!
- რაას? - უშიშროების საბჭოს მდივანს მოჭუტული თვალები უცებ გაუფართოვდა.
- ქალაქს ვაშენებთ. ახალს. ზღვის პირას, ჭაობში. მეორე იქნება სიდიდით ქვეყანაში... რას მომაშტერდით? გამოვაცხადე უკვე. ბევრი ვიფიქრეთ და ასე გადავწყვიტეთ!
- მაგარია, - არცთუ ყოჩაღად ამოღერღა შს მინისტრმა.
- ძაან მაგარია! - აიტაცა პრეზიდენტმა,- მთელი ქალაქი გაუხსნია აქამდე ვინმეს? ოპოზიცია დაიწყებს წივილ-კივილს - ეგენი ხომ დებილები არიან და ვერ ხვდებიან, ხალხისთვის ყველანაირი მშენებლობა რომ პოზიტივია, სულერთია რას აშენებ და როგორ და ვისი ფულით... ჰოდა ამ წიოკში ზედ არჩევნების წინ გავხსნი მშენებლობას, თავისი უცხოელი ინვესტორებით, ცათამბჯენების და შადრევნების მაკეტებით, კაფეები, რესტორნები, ესტაკადები, ხიდები და გვირაბები... აი, პიარი ეს იქნება!
- ბიჟო, მგონი მართლა მაგარია!, - გაყოჩაღდა შს მინისტრი.
- სახელიც დავარქვი უკვე, . - კმაყოფილებით შენიშნა პრეზიდენტმა.
- იტიმ დამიმესიჯა ახლა, ლაზიკა-სიტის დაუნთაუნში ბაისიქლით თუ არ გაივლი, რაა მამულიო - აღნიშნა გენპროკურორმა.
- ჰუ იზ ზის ფაქინ იტი? - ცოტა გაღიზიანებით იკითხა უკვე ეკონომიკის მინისტრმა.
- ღადაობს ბიჭი? - პრეზიდენტი წამოწითლდა და ოდნავ ხმა აუკანკალდა, - თქვენ ვინ გგონიათ თქვენი თავი? ამ მშენებლობების პიარითაა რომ ვქაჩავ და თქვენც ამით ჭამთ პურს, სხვათა შორის. იტის რა ენაღვლება, ზის კომპიუტერთან, ჯღაბნის რაღაც სისულელეებს და იძლევა ინსტრუქციებს, ბოლო-ბოლო ვინაა ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ის თუ მე?
- კი არ ჯღაბნის, ლინკავს, წუთში სამოც ლინკს დებს ფეისბუქზე, - დავთარს ჩახედა შს მინისტრმა.
- რაა? - თვალები აუციმციმდა პრეზიდენტს,- ჩინჩლავს?
- არა, კაცო, ლინკავს, ლინკებს დებს, სულ როგორ უნდა იწვებოდე, რომ აზრზე არა ხარ კომპიუტერის. - უსაყვედურა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
- მაგას მაინც არავინ დაიჯერებს, - თავდაჯერებულად ჩაიცინა პრეზიდენტმა და ეკონომიკის მინისტრს გახედა, - ამ გოგოს მაინც ნუ აგიჟებთ, მართლა არ იცი იტი ვინაა?
- სპილბერგის ფილმში რომ ალიენია, ი-ტი, გაიხსენე ჩვენებიდან ვის ჰგავს და ეგრევე მიხვდები...- აუხსნა დედაქალაქის მერმა.
- ახ და, ვსპომნილა... - სახე დაემანჭა ეკონომიკის მინისტრს.
- ჰოდა ჩართეთ ეგეც, - ბრძანა პრეზიდენტმა, - დღეიდან ყველა ვაპიარებთ ახალ ქალაქს, ამაზე მაგარ რამეს ჩვენ ვერ მოვიფიქრებთ. რას ნიშნავს ახალი ქალაქი? რა თქმა უნდა ახალ ინვესტიციებს, ახალ გზებს, ახალ შენობებს, ახალ სამუშაო ადგილებს და ხალხის დასაქმებას! აქ დასაქმდება ათი ათასობით მუშახელი... არა ასი ათასზე მეტი...
- ასი ათასი ძალიან ბევრია, - მორიდებით შენიშნა შს მინისტრმა.
- რას ნიშნავს ბევრია, - აღშფოთდა პრეზიდენტი, - გითვლის ვინმე? აბა, არჩევნების წინ ამ ოპოზიციას ხომ უნდა შევთხარო რაღაც პირში?
- მანამდე მოვასწრებთ რამეს?- შეფიქრიანდა უშიშროების საბჭოს მდივანი
- ერთი ბეტონის ჩასხმა მოესწრება., ლენტას გავჭრი, სპიჩს დავარტყამ და მერე კიდევ ათი წელი გვაქვს დრო, - ხელები მოიფშვნიტა პრეზიდენტმა, - ახლა კი საქმე. ვმუშაობთ ქალაქის პიარზე, დაუძახეთ ყველას, იტიც ჩართეთ, - პრეზიდენტმა კვლავ აიღო მაგიდიდან ფურცელი, - და ამის ავტორიც. აუცილებლად. ჩვენ წავედით - ეკონომიკის მინისტრს ხელი ჩაავლო და გასასვლელისკენ გაიწია,- წამო, ახალი ველო უნდა განახო, ორადგილიანია....
ოთახში წამიერი პაუზა ჩამოვარდა.
- ავგუსტინეს “ღვთის ქალაქი” გაქვთ ვინმეს წაკითხული? - მოულოდნელად იკითხა აქამდე მთვლემარე ეკონომიკის ექსმინისტრმა, თუმცა მაშინვე მიხვდა რა უაზრო კითხვა დასვა და კვლავ თვალები მილულა.
“ეჰ, არ გამოვა ასე არაფერი, - გაიფიქრა მან, - სანამ დროა უნდა გავასწრო აქედან."
(დასარული იქნება)
http://www.facebook.com/#!/david.zurab...s/2827460050748