ბათუმმა ტურიზმსა და მასპინძლობის სექტორში უმაღლესი ჯილდო მიიღო
10:32 08-12-2011
ბათუმმა ტურიზმსა და მასპინძლობის სექტორში უმაღლესი ჯილდო მიიღო. კანში, ამერიკის აკადემიის დაჯილდოებაზე, საქართველომ გამარჯვება სამ ნომინაციაში მოიპოვა.
ხუთვარსკვლავიანი ბრილიანტის ჯილდოს გადაცემის ცერემონია სასტუმრო "მარტინესში" გაიმართა.
ამერიკის აკადემიამ დააჯილდოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, როგორც ინვესტორებისთვის მეგობრული რეგიონი; ბათუმი, როგორც საუკეთესო ახალი კურორტი; ლევან ვარშალომიძეს კი ინოვაციური მმართველობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართელოს პრეზიდენტთან ერთად ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და აჭარის ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძეც ესწრებოდნენ.
როგორც საღამოს წამყვანმა აღნიშნა, ბათუმი შავიზღვისპირა რეგიონის, აჭარის დედაქალაქია, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ავტონომიური რესპუბლიკას წარმოადგენს.
"ის შავი ზღვის ყველაზე ახალ ტურისტულ ქალაქად დასახელდა. ბათუმი ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომ ჩინეთსაც სირცხვილით გააწითლებს, როგორც ამას ჟურნალი თიმე წერს. ეს მშვენიერი ქალაქი აერთიანებს ზღვისა და მზის არომატს, მაგნოლიებს და აკაციებს. ბათუმი მიმზიდველია წლის ნებისმიერ დროს. ის, ვინც ერთხელ მაინც ეწვევა ამ ქალაქს, საოცარი ენერგიით აივსება და მასზე სამუდამოდ შეყვარებული დარჩება", - განაცხადა საღამოს წამყვანმა.
მიხეილ სააკაშვილი - ბათუმი და ანაკლია ნიცას და კანის კომბინაციაა
10:30 08-12-2011
თუ რომელიმე ქალაქი ბათუმს მაგონებს, ეს, უპირველეს ყოვლისა, კანი და ნიცაა, - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა კანში, ამერიკის აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა , რომელზეც საქართველომ გამარჯვება სამ ნომინაციაში მოიპოვა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმი იმავე არქიტექტორის მიერ არის აშენებული, ვინც ნიცა ააგო.
"ის საქართველოში დარჩა და იქვე გარდაიცვალა. ამ ქალაქში შეგიძლიათ XIX საუკუნის ულამაზესი არქიტექტურა იხილოთ, მაგრამ იქ ასევე უამრავი თანამედროვე შენობაა. ქალაქის განვითარებაზე გამორჩეული იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ქართველი არქიტექტორები მუშაობენ. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთდროულად შეგიძლია ისრიალო და ზღვაში იბანაო. ბათუმში ჰაერის ტემპერატურა კანისგან ნახევარი გრადუსით განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სეზონი თითქმის ექვს თვეს გრძელდება. წყალიც თბილია და, ვფიქრობ, ერთადერთი ადგილია შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც პალმები და ასეთი ლამაზი პლაჟები გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბათუმი ასევე არის ქალაქი, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება მოხდა.
"მე რომ საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, მაშინ საქართველო წელიწადში 120 ათას ტურისტს იღებდა. გასულ წელს უკვე 2 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა, წელს კი - თითქმის 3 მილიონი. მომავალ წელს 4 მილიონ ტურისტს ველოდებით, შემდეგ წელს კი - 5 მილიონს. ქვეყნის ტურისტული პოტენციალი, მინიმუმ, 10 მილიონი ტურისტია. ეს დიდი ცვლილებაა და მიზეზი, რის გამოც აჭარა ასე განსაკუთრებულია ჩვენთვის, მისი უძველესი კულტურაა. ოქროს საწმისის წასაღებად არგონავტები ჩამოვიდნენ, როცა ის საბერძნეთის კონკურენტ ცივილიზაციას წარმოადგენდა. საინტერესოა ისიც, რომ ჩვენ გვაქვს IV, V, VI, VII საუკუნის ტაძრები. ჩვენთან ნახავთ უამრავ კულტურულ ძეგლს, რომელიც "იუნესკოს" მიერ არის დაცული. ნახავთ 6 კლიმატურ ზონას, ქვეყანას, რომელიც ინგლისურად საუბრობს. ამჟამად ჩვენ გვყავს 10 ათასი ინგლისურენოვანი მოწვეული მასწავლებელი. ისინი საქართველოში ინგლისურს ასწავლიან და ხალხი კარგად საუბრობს ამ ენაზე. მათ ასევე სხვა ენებიც იციან, ასე, რომ ეს არის ევროპული კულტურა. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობაც. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ახლა უფრო მეტი ქართული რესტორანია. ჩვენ განვავითარეთ ბათუმი, ქალაქი ანაკლია, სადაც ფართო, ქვიშიანი სანაპიროა. ეს არის ნიცას და კანის კომბინაცია, რადგან ერთმანეთისგან სწორედ იმდენივე მანძილის დაშორებით მდებარეობენ. ქალაქი, რომელიც ჰგავს ნიცას, გრძელდება კანის მსგავსი ბულვარით, თუმცა, ანაკლიის ბულვარი კანის ბულვარზე ცოტა გრძელიცაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, იწყება ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობაც, რომელიც საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაზრდას ისახავს მიზნად.
"მის მახლობლად კი განვავითარეთ მესტიის სათხილამურო კურორტი, სადაც თითქმის მთელი ზაფხული შესაძლოა თოვლზე სრიალი. იქ სასრიალოდ ალბერტო ტომბა აგვისტოში ავიყვანე და შემდეგ შავ ზღვაში იბანავა, რომელიც იმ დროს ძალიან თბილი იყო. ახლა იქ თავისი სახელობის სკოლას ხსნის. მესტიაში X-XI საუკუნეების დაახლოებით 400 კოშკია - ეს არის X-XI საუკუნეების დუბაი. სანახაობრივად და განვითარების კუთხით უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა ვართ და დღეს მიღებული ჯილდოები კარგი სტარტია. ყველას გელით ჩემს ქვეყანაში. თუ გსურთ ახალი ადგილის, ახალი საიდუმლოს აღმოჩენა, ან უბრალოდ, ძალიან განსაკუთრებული ადგილის დათვალიერება, რაც მთელი ცხოვრება სუვენირად გაგყვებათ, აუცილებლად ჩამოდით და გვეწვიეთ", - მიმართა პრეზიდენტმა დაჯილდოებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
მიდით ანთხიეთ ბოღმები