გუშინდელი „ელ კლასიკო“, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, გამორჩეული არ ყოფილა ფეხბურთელების მხრიდან არც ზღვარსგადასული სიმულაციით და არც უხეშობით. რიგით 216-ე „კლასიკოში“, გუნდებმა ფეხბურთი ითამაშებს და როგორც ბოლო დროს უფრო ხშირად ხდება ხოლმე, ფეხბურთში ამჯერადაც „ბარსელონამ“ იმარჯვა.
ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრას „რეალი“ ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა. თუ ესპანეთის ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებს გავითვალისწინებთ, მადრიდელებს ბოლო 15 თამაში მოგებული ჰქონდათ, რაც „სამეფო კლუბისთვის“ სარეკორდო მაჩვენებელია. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ჩატარებული ბოლო 12 თამაშიდან, „რეალს“ 11 მოგებული ჰქონდა. ის ერთადერთი მატჩი, რომელშიც მადრიდელებმა ვერ იმარჯვეს, მოურინიოს გუნდმა „ბარსელონასთან“ გამართა. თუ ასეთ ფორმაში მყოფი „რეალის“ შეჩერება ვინმეს შეეძლო, ეს უპირველესად სწორედ „ბარსა“ იყო და კატალონიელებმა ეს მოახერხეს კიდეც.
ძირითადი შემადგენლობების გამოცხადებისთანავე ცხადი გახდა, რომ ჟოზე მოურინიო დაცვითი ფეხბურთის თამაშს არ აპირებდა. ეს მატჩის პირველივე წუთებში დადასტურდა, როდესაც მადრიდელებმა ბინა მეტოქის საჯარიმოსთან დაიდეს და სტუმრებს შეტევების დაწყების საშუალებას არ აძლევდნენ. მოურინიოს ამ ტაქტიკამ შედეგი უკვე 21-ე წამზე გამოიღო - ვალდესმა შეცდომა დაუშვა და ბურთი საჯარიმოს წინ მდგომ დი მარიას ჩააბარა. მართალია, არგენტინელის პასი ბუსკეტსმა ჩაჭრა, მაგრამ იოზილის დარტყმისა და რიკოშეტის შემდეგ, ბურთი ბენზემას მიუვიდა, რომელმაც 6 მეტრიდან დარტყმით, „კლასიკოების“ ისტორიაში უსწრაფესი გოლი გაიტანა.
„რეალი“ მეტოქის მისსავე საჯარიმოსთან შეწუხებას არც ანგარიშის გახსნის შემდეგ მორიდებია, მაგრამ მალევე, სტუმრებმა სახიფათო მომენტი მაინც შექმნეს. მე-7 წუთზე, მესიმ რამოსის შეცდომით ისარგებლა, ბურთი მოიპოვა, საჯარიმოში შეჭრილმა პეპე მოატყუა და დაარტყა, მაგრამ კასილიასმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა და რთული ბურთი მოიგერია.
25-ე წუთზე, მადრიდელებს მე-2 გოლის გატანა მართებდათ, მაგრამ საჯარიმოს წინა ხაზთან მყოფმა რონალდუმ უმეთვალყურეოდ დატოვებული დი მარიასთვის გადაცემის გაკეთებას დარტყმა ამჯობინა და ბურთი კარს ააცილა.
ოთხ წუთში, გოლი მაინც გავიდა, მაგრამ „რეალის“ კარში. მესიმ ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, 3 მეტოქე მოატყუა და სანჩესს უპასა. ჩილელმა დაახლოებით 10 მეტრი ირბინა და საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით, „ელ კლასიკოში“ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
პეპ გვარდიოლას, როგორც მწვრთნელის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კატალონიელი ძალიან კარგად იყენებს ტაიმებს შორის არსებულ შესვენებას. მართალია, გუშინდელი შეხვედრის მე-2 ნახევარი კვლავ „რეალის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, გვარდიოლამ მოურინიო მე-2 ტაიმში კიდევ ერთხელ დაჩაგრა.
შესვენების შემდეგ შექმნილი პირველივე სახიფათო მომენტი გოლის გატანით დასრულდა. 52-ე წუთზე, მადრიდელებმა ბურთი საჯარიმოდან კარგად ვერ გამოიტანეს, რასაც ჩავის შორეული დარტყმა, რიკოშეტი და კატალონიელთა მე-6 ნომრის მიერ, კლუბის მაისურით ჩატარებულ მე-600 მატჩში გოლის გატანა მოჰყვა.
„ბარსა“ ანგარიშში წინ გავიდა და ბუნებრივია, კატალონიელებმა ხელი იმ საქმეს მიჰყვეს, რაშიც მათ მსოფლიოში ბადალი არ ჰყავთ - გვარდიოლას შეგირდებმა ბურთის მშვიდად გორება დაიწყეს, რისი წყალობითაც, „რეალის“ შეტევების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა 3 ძალიან სახიფათო იერიში მაინც განახორციელეს. 65-ე წუთზე, ალონსომ ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც უმეთვალყურეოდ დატოვებულმა რონალდუმ თავით დაარტყა, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. ათ წუთში, საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან შეჭრილმა ბენზემამ სცადა გოლის გატანა, მაგრამ მიზანმა მასაც უმტყუნა. 83-ე წუთზე კი, შეცვლაზე შესულ კაკას შეეძლო გატანა, მაგრამ ვალდესმა იყოჩაღა.
ბენზემასა და კაკას მომენტების დროს, „ბარსა“ წინ უკვე 2 ბურთით იყო. 66-ე წუთზე, მესიმ მორიგი სოლორეიდი განახორციელა, რასაც ბურთის მარჯვენა ფლანგზე გადატანა, ალვეშის ჩაწოდება და სესკ ფაბრეგასის ზუსტი თავური მოჰყვა. შეხვედრის დარჩენილ წუთებში, ალვეშმა მარჯვენა ფლანგიდან სახიფათოდ კიდევ ერთხელ ჩააწოდა, მაგრამ ფაბრეგასის ნაცვლად საჯარიმოში აღმოჩენილმა ჩავიმ არაზუსტად დაარტყა.
გუშინდელი მოგებით, „ბარსამ“ ჩემპიონობის შენარჩუნების რეალური შანსები დაიბრუნა. ამჟამად, ესპანურ გრანდებს ქულების თანაბარი რაოდენობა აქვთ და მართალია, ბურთების უკეთესი შეფარდებისა და ურთიერთშეხვედრაში მოპოვებული უპირატესობის წყალობით, წინ კატალონიელები არიან, მაგრამ „რეალს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ფავორიტებად კვლავ მადრიდელები რჩებიან.
ბოლოს კი, შემოგთავაზებთ გუშინდელ „ელ კლასიკოში“ დაფიქსირებული საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს: • ბენზემამ „კლასიკოების“ ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა;
• ჩავიმ „ბარსელონას“ მაისურით მე-600 მატჩი ჩაატარა;
• ლა ლიგის ბოლო 72 მატჩში პირველად მოხდა, რომ „რეალმა“ ანგარიში გახსნა და ვერ მოიგო;
• მიმდინარე სეზონში პირველად მოხდა, რომ „ბარსა“ პირველი ტაიმის შემდეგ არ იგებდა, მაგრამ კატალონიელებმა საბოლოოდ მაინც იმარჯვეს;
• როდესაც „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა მე-3 ყვითელი ბარათი მიიღეს, კატალონიელებს თამაშის წესები დარღვეული მხოლოდ 5-ჯერ ჰქონდათ;
• სესკ ფაბრეგასმა „ბარსას“ მაისურით მე-10 გოლი გაიტანა. კატალონიელთა მე-4 ნომერს 5 გოლი თავით აქვს გატანილი;
• „რეალმა“ „ბერნაბეუზე“ ზედიზედ მე-4 მოუგებელი „კლასიკო“ ჩაატარა. ამაზე ცუდი შედეგი მადრიდელებს 1969-74 წლებში ჰქონდათ;
• ლა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში, „ბარსელონას“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 93 გოლი აქვს გატანილი, რაც ბილბაოს „ატლეტიკის“ აქამდე სარეკორდო მაჩვენებელს ერთი ბურთით აღემატება;
• ჟოზე მოურინიოს „ბარსელონასთან“ 8 წაგება დაუგროვდა. კატალონიური კლუბი პორტუგალიელისთვის ყველაზე უხერხული მეტოქეა. „განსაკუთრებულის“ „მტრებში“ მე-2 ადგილზე „ლივერპულია“ 5 მოგებით;
• მწვრთნელობის დროს, გვარდიოლამ „რეალს“ მერვედ მოუგო, რაც კატალონიელის საუკეთესო შედეგია (გვარდიოლას ასეთივე შედეგი აქვს „ბილბაოსთანაც“);
• ვიქტორ ვალდესმა ზედიზედ მე-11 წაუგებელი „კლასიკო“ ჩაატარა, პუიოლმა - მე-9, ხოლო აბიდალმა მე-8;
• „ბარსელონა“ ზედიზედ 221-ე მატჩში ფლობდა ბურთს უფრო ხშირად, ვიდრე მეტოქე;
• კასილიასმა „ბარსელონასგან“ 49-ე გოლი გაუშვა, რაც „კლასიკოების“ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. აქამდე, ანტირეკორდი „ბარსელონას“ მეკარეს, ანტონი რამალიეტსს ეკუთვნოდა (47 გოლი).
http://worldsport.ge/Read.aspx?news=28649&...s=show#comments * * *